Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს მოუსმინა - ნახეთ, ვინ არიან ისინი


საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოქმედი მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი, ბადრი შონია და გიზო უბილავა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოქმედი მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი, ბადრი შონია და გიზო უბილავა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს მოუსმინა. მათი არჩევის საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

ქვედა ინსტანციების სამი მოქმედი მოსამართლის

  • გიზო უბილავას
  • ბადრი შონიას
  • გოჩა ჯეირანაშვილის

კანდიდატურები პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.

გიზო უბილავა

2019 წლამდე, 16 წლის განმავლობაში პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2020 წლიდან კი ის არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

გიზო უბილავა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე.
გიზო უბილავა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე.

გიზო უბილავამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სასამართლოში არანაირი კლანი არ არსებობს.

კომიტეტის თავმჯდომარის შეკითხვაზე, რომელიც 2012 წლამდე და მის შემდეგ, სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებას ეხებოდა, უბილავამ უპასუხა [სტილი დაცულია]:

„ვფიქრობ, რომ მაშინაც დამოუკიდებელი იყო სასამართლო და დღესაც იმ პიკს არის მიღწეული, რომ დღევანდელი დღე[ს], უფრო მეტად დამოუკიდებელია სასამართლო.

მე პოლიტიკურ ჭრილში ვერ შევაფასებ, 2012 წლამდე და მას შემდეგ არსებულ ვითარებას, რადგან ვარ მოქმედი მოსამართლე. ზოგადად, ინფორმაციულ დონეზე ვერ ვიტყვი დღევანდელი გადასახედიდან, დღევანდელი ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, რა ხდებოდა სასამართლოში 2012 წლამდე და მას შემდეგ“.

მოსამართლის პასუხით, სავარაუდოდ, უკმაყოფილო ანრი ოხანაშვილმა მას დამაზუსტებელი შეკითხვა დაუსვა: „თქვენ ამბობთ, რომ [სასამართლო] 2012 წლამდე იგივე დოზით იყო დამოუკიდებელი?“

- „იგივე დოზით არა, რა თქმა უნდა, - თქვა მოსამართლემ და პასუხი ასე ჩამოაყალიბა, - იყო ბევრი პრობლემა კანონებიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლამდე არსებობდა ე.წ. გაიდლაინები, როგორც სასამართლოს ასევე პროკურატურაში. მე პრობლემურ საკითხად ჩავთვლი თუნდაც იმ გაიდლაინებს... გაიდლაინების განსაზღვრა რაღაც ჭრილში ჩემთვის, ვთქვათ, მოსამართლის საქმიანობაში ჩარევად რაღაც კუთხით შეიძლება ჩაითვალოს“.

- რეალურად სარეკომენდაციო იყო თუ ფურცელზე?“ - შეაწყვეტინა ოხანაშვილმა.

- „ოფიციალურად სარეკომენდაციო იყო, თუმცა ალბათ მოსამართლეები ხელმძღვანელობდნენ… იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომ არსებითი განხილვის დროს ხშირად, ვთქვათ, ემთხვეოდა ის სასჯელები [ე.წ. გაიდლაინებს], აქედან გამომდინარე…“ - დაასრულა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა.

კომიტეტის სხდომაზე, ერთ-ერთი ადვოკატის შეკითხვაზე - რამდენად გრძნობთ თქვენს პირად პასუხისმგებლობას, როგორც პროკურორი, 2012 წლამდე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო? - უბილავამ უპასუხა, რომ 2012 წლამდეც და მას შემდეგაც გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად, კანონის შესაბამისად, მტკიცებულებების ერთობლიობიდან გამომდინარე იღებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მოსმენაზე თქვა, რომ არ აქვს აკადემიური ნაშრომები.

უარი აშშ-ში ვიზიტზე

გიზო უბილავამ 2022 წლის ივლისში მხარდაჭერა გამოუცხადა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეს, რომელიც აცხადებდა, რომ საელჩომ ამოშალა აშშ-ში სასწავლო ვიზიტით მიწვეულ მოსამართლეთა სიიდან.

უბილავამ მიიჩნია, რომ ამ ფაქტის გამო, მასაც არ ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების „მორალური უფლება“ და უარი განაცხადა ვიზიტზე.

ბადრი შონია

კიდევ ერთი კანდიდატი, ბადრი შონია 2011 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე. 2021-2023 წლებში ის იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი. 2006-2010 წლებში კი საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა.

ბადრი შონია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოქმედი თავმჯდომარე.
ბადრი შონია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოქმედი თავმჯდომარე.

შონიამ შარშან მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის მიერ სანქცირებულ საქართველოს მოსამართლეებს. მან სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეწოლად შეაფასა.

„მე ამას დავარქმევდი სპეცოპერაციას. ამ სპეცოპერაციის სცენარი ისეთია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება. ამის შემდეგ უკვე მოქმედებენ ოპოზიციური ძალები სინქრონულად. ოპოზიციონერებისა და აშშ-ის ელჩის განცხადებები, მოქმედებები თანხვედრაშია ერთმანეთთან. ეს ორკესტრირებული ქმედებები კანონის ჩარჩოშია შენიღბული. ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოს მიმართ.

სასამართლო დღეს არის ისეთი დამოუკიდებელი, არასდროს რომ არ ყოფილა და რომ ვერ შემოაღწიეს შიგნით, ახლა ცდილობენ, შური იძიონ ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ“, - თქვა მან სანქციების დაწესების შემდეგ.

ბადრი შონია, რომელიც სხვადასხვა წლებში განიხილავდა „ბირჟა მაფიის“ და სხვა გახმაურებულ საქმეებს, უძღვებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასასამართლო სხდომას, რომელიც სხვადასხვა მოტივით დახურა მაშინ, როცა თავად ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველები საქმის მაქსიმალურ საჯაროობას მოითხოვდნენ.

2011 წლამდე ბადრი შონია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მუშაობდა პროკურორად. „თავისუფლების მონიტორის“ გამოძიების მიხედვით, მას მოქალაქეები ადანაშაულებდნენ ქონების იძულებით დათმობაში, მაშინ, როცა ის პროკურორად მუშაობდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ საკითხზე 2013 წელს, გამოძიებაც დაიწყო. დაკითხეს ბადრი შონიაც, რომელსაც ამ პერიოდში უკვე მოსამართლის თანამდებობა ეკავა, თუმცა საბოლოოდ გამოძიება შეწყდა.

გოჩა ჯეირანაშვილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გოჩა ჯეირანაშვილი 2021 წლის აგვისტოდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2009-2018 წლებში ის იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2012-2018 წლებში ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2018 წლის იანვრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ.

2002-2007 წლებში ჯეირანაშვილი სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა შსს-ში; 2007-2009 წლებში იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი.

გოჩა ჯეირანაშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე.
გოჩა ჯეირანაშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე.

შესაძლო გაუპატიურების საქმე

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ მასალებში იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „გოჩა ჯეირანაშვილმა პირველ ინსტანციაში მუშაობის დროს განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ბრალდების მხარის მტკიცებით, 2009 წლის 1 იანვარს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში პოლიციის თანამშრომლებმა დაზარალებულს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“.

ამავე ცნობაში ნათქვამია, რომ ბორჯომის პოლიციის უფროსის ბრძანებით, ორმა პოლიციელმა დაზარალებული გააუპატიურა.

2013 წლის 3 ივლისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის თავმჯდომარეობით, ბრალდებულები უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტებმა სასამართლოს შენობას ცოცხები და კვერცხები დაუშინეს, ისინი პოლიციელების ხელახალ დაპატიმრებას ითხოვდნენ.

მოგვიანებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი, მისი ინიციატივით, არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორს, გივი პაპუაშვილს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება მათი გათავისუფლების მოთხოვნით. მოსამართლის სიტყვებით, „ეს ყველასთვის კარგი გამოსავალი იქნებოდა“. პროკურორმა მის ამ შეთავაზებას უარით უპასუხა“, - აცხადებდა საქართველოს მთავარი პროკურატურის იმდროინდელი პრესსამსახური.

ამის საპასუხოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა განმარტება, სადაც უთითებდა, რომ მთავარი პროკურატურა „სიცრუის ტირაჟირებას ახდენდა“.

ახალციხის რაიონული სასამართლოს იმდროინდელი მოსამართლის, გოჩა ჯეირანაშვილის განაჩენი პროკურატურამ გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა; უზენაესმა სასამართლომ კი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია.

კომიტეტის სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ, ისინი პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.

იურიდიული კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა დაადგინა, რომ კანდიდატები შეესაბამებიან კანონის მოთხოვნებს. მათ კანდიდატურებს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან. გადაწყვეტილების მისაღებად 76 ხმა არის საჭირო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG