საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი გოჩა ჯეირანაშვილი ამბობს, რომ სასამართლო სწორად ვითარდება და მისი დამოუკიდებლობა არანაირი გამოწვევის წინაშე არ დგას. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას კითხვაზე, ვითარდება თუ არა სწორად სასამართლო სისტემა, ჯეირანაშვილმა უპასუხა, რომ კონკრეტულად მას არასდროს არავისი ზეგავლენა არ უგრძვნია:
„მე, როგორც ერთი ინდივიდუალური მოსამართლე, ვთვლი, რომ კლანური მმართველობა სასამართლოში არ არსებობს, არანაირი ზეგავლენა და ზემოქმედების მოხდენა სხვა გავლენიანი ჯგუფების მხრიდან, რასაც თვლიან, რომ არსებობს სასამართლოში, ეს მე არ მიგრძვნია... აქედან გამომდინარე, ჩემთვის შურაცხმყოფელია, რომ მე ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ ვასრულებ, ვმუშაობ და ვაკეთებ ჩემს საქმეს... მე, როგორც ინდივიდუალური მოსამართლე, ვფიქრობ, რომ ვითარდება სასამართლო სწორად“, - განაცხადა გოჩა ჯეირანაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში დღეს, 8 ნოემბერს, დასრულდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საკომიტეტო მოსმენა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ ბოლო, მეოცე კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ.
გოჩა ჯეირანაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეა. 2009-2018 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2002-2009 წლებში, სხვადასხვა დროს მუშაობდა ახალციხის კრიმინალურ პოლიციაში, სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამმართველოსა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბერს დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა. საკომიტეტო განხილვის დასრულების შემდეგ, კანდიდატებს კენჭს პარლამენტის სხდომაზე უყრიან.