Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპულმა პარტიებმა გაიაზრეს, რომ რუსეთთან მოზომილი სტრატეგია არ ჭრის“ - დენიელ ფობერი ევროარჩევნებზე


დენიელ ფობერი, ვარშავის გეოეკონომიკური ინიციატივის დამფუძნებელი
დენიელ ფობერი, ვარშავის გეოეკონომიკური ინიციატივის დამფუძნებელი

„ორი სავარაუდო სცენარია: პირველი, ცენტრისტული პარტიები უფრო გაამძაფრებენ ბრძოლას რუსული გავლენებისა და, მათ შორის, ჩანერგილი აგენტურის წინააღმდეგ, და მეორე: ისინი რადიკალებთან პოლიტიკურ არშიყს დაიწყებენ საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად, რისი ლოგიკური შედეგიც იქნება ამ ქვეყნების (მოლდოვა და საქართველო) მიმართ ნაკლები ყურადღება და მხარდაჭერა. მაგრამ ვფიქრობ, პროევროპულ პარტიებს თვალი აეხილათ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დენიელ ფობერი, პოლონელ-ფრანგი გეოეკონომისტი, ვარშავის გეოეკონომიკური ინიციატივის დამფუძნებელი. ვაჟა თავბერიძე მას ევროპარლამენტის არჩევნების ძირითად შედეგებზე ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: დავიწყოთ - ვინ მოიგო და ვინ წააგო ევროპარლამენტის არჩევნებში? რადიკალი მემარჯვენეები ირწმუნებიან, რომ ეს მათი გამარჯვებაა, მაგრამ მაინც რა მასშტაბის ტრიუმფზეა საუბარი?

დენიელ ფობერი: თუ პარლამენტში მოპოვებულ მანდატებს გადავხედავთ, გარდამტეხ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. მათი მთავარი მონაპოვარია ID ჯგუფის, რომლის წევრიცაა მარინ ლე პენი, + 20 მანდატი, მაგრამ ეს არაა საკმარისი რაიმე განსაკუთრებული უპირატესობის მოსაპოვებლად. ფონ დერ ლაიენი ალბათ პოსტს შეინარჩუნებს, მას მხარს დაუჭერს ECR, მელონის მეთაურობით, რადგან მელონი რეალურად არცაა რადიკალი მემარჯვენე, ის კლასიკური კონსერვატორია და, ამავდროულად, ე.წ. Kingmaker-ი - მეფეების ხელდამსხმელი, მის გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ, ის ყველა მიმდინარე პროცესის შუაგულშია და ერთობ ოსტატურად თამაშობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მემარჯვენეებს შეუძლიათ, გამარჯვება დაიჩემონ, მაგრამ ეს ძირეულად არაფერს შეცვლის, უბრალოდ მეტი წონა ექნებათ მოლაპარაკებებისას.

ევროპარლამენტის არჩევნებმა საფრანგეთში ჭეშმარიტი პოლიტიკური ცუნამი გამოიწვია, რომელიც, ვფიქრობ, მაკრონის მთავრობის აღსასრულამდე მიგვიყვანს.

რადიო თავისუფლება: EPP ისევ მთავარ ძალად რჩება, მაგრამ მათაც მოუწევთ ალიანსისთვის ახალი პარტნიორების მოძიება. რა გავლენა ექნება მათ საბოლოო არჩევანს?

დენიელ ფობერი: ვფიქრობ, ყველაზე სავარაუდოა EPP-ს ალიანსი ECR-თან და მელონისთან, რადგან მათი პოზიციები ბევრ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს.

მაგრამ თქვენი ნებართვით, პირველ კითხვას დავუბრუნდები - მთავარი ცვლილება, რაც ევროპარლამენტის არჩევნებს მოჰყვა, ეს საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებია. ევროპარლამენტის არჩევნებმა საფრანგეთში ჭეშმარიტი პოლიტიკური ცუნამი გამოიწვია, რომელიც, ვფიქრობ, მაკრონის მთავრობის აღსასრულამდე მიგვიყვანს. ყველა გამოკითხვის მიხედვით, მათი პოზიციები დღითი დღე უარესდება და საუკეთესო შემთხვევაში მოუწევთ ალიანსი შექმნან ან მემარცხენეებთან, ანაც რადიკალური მემარჯვენეების ფრთასთან. და მიჭირს წარმოვიდგინო, როგორ მოახერხებდა ასეთი მთავრობა ფუნქციონირებას. ეს ასევე დიდ გავლენას მოახდენს მთლიანად ევროკავშირზე, განსაკუთრებით, როდესაც საგარეო პოლიტიკაზე მიდგება საქმე. უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში აღმოცენდება ახალი, დიდი იქს-ფაქტორი - მარინ ლე პენი და მისი პრორუსული განწყობები. და დიახ, მახსოვს, რომ ლე პენმა რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია ამ საკითხზე - პოზიციები შეარბილა, მაგრამ ახლახან განაცხადა, რომ მაკრონს სურს, საფრანგეთი რუსეთთან ომში ჩაითრიოს. არანაკლებ კატასტროფულია მეორე სცენარიც - მაკრონის მთავრობისა და მემარცხენეების ალიანსი - საფრანგეთში რადიკალური მემარცხენე ფრთა უკიდურესად პრორუსულია, ლე პენზე მეტადაც კი. ესაა ხალხი, რომელიც ქადაგებს „ანტიიმპერიალიზმს“, მაგრამ ამ ტერმინის ერთობ სპეციფიკური გაგებით. მათთვის ეს ნიშნავს ანტიამერიკულ, ანტი-ნატო, ანტიდასავლურ პოლიტიკას. დასავლური კოლონიალიზმი ცუდია, აი, რუსულ კოლონიალიზმს არა უშავს, ამაზე თვალის დახუჭვა შეიძლება - ამ აღქმაში დიდ როლს თამაშობს კომუნისტური ტრადიციებიც საფრანგეთში, რომელიც მრავალ ათწლეულს ითვლის.

მაკრონი მათ „დიდსულოვნად“ გადასცემს ქვეყნის გასაღებს, შემდეგ კი დაჯდება და უყურებს, როგორ დააყენებენ ყველაფერს თავდაყირა.

რადიო თავისუფლება: ამ ყველაფრის პასუხად მაკრონმა პარლამენტი დაშალა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა - რატომ? რისი მიღწევა სურს ამით?

დენიელ ფობერი: იმის, რასაც შირაკმა მიაღწია 1997 წელს. მას სურს მთავრობა დათმოს - ხელები დაიბანოს პრობლემებზე, პასუხისმგებლობაზე და კრიტიკისა და ბრალდებების სამიზნედ მთავრობის ნაცვლად ოპოზიცია აქციოს. პრეზიდენტობის მეორე ვადაშია, მესამედ გასვლის უფლებას კონსტიტუცია არ აძლევს, მაგრამ 3 წელი კიდევ აქვს დარჩენილი და საკმაოდ ჭკვიანია, ამ სამ წელს პროდუქტიულად გამოიყენებს - იცის, რომ ეს საკმარისზე მეტი დროა ოპოზიციის რეპუტაციის გასანადგურებლად, ოპოზიციისა, რომელსაც, არ დაგავიწყდეთ, ქვეყნის მართვის არანაირი გამოცდილება არ აქვს, არასოდეს ყოფილან ხელისუფლებაში. მაკრონი მათ „დიდსულოვნად“ გადასცემს ქვეყნის გასაღებს, შემდეგ კი დაჯდება და უყურებს, როგორ დააყენებენ ყველაფერს თავდაყირა. მერე კი - ყოველ შემთხვევაში, მაკრონი ალბათ ამაზე აკეთებს გათვლას - ხალხი იტყვის: იცი, არც ისეთი ცუდი დრო იყო, როდესაც მაკრონი და მისი გუნდი იყვნენ ხელისუფლებაში, ამათზე (ოპოზიციაზე) კომპეტენტურები ნამდვილად იყვნენ. მაგრამ ეს საშინაო პოლიტიკური ცუნამი ევროკავშირსაც თავდაყირა დააყენებს, ვნახავთ ახალ საფრანგეთს, რომლის მზერაც მხოლოდ ქვეყნის შიგნით იქნება მიპყრობილი. ეს იქნება დაწვრილმანებული საფრანგეთი, საშინაო ინტერესები საერთაშორისო კოოპერაციის ხარჯზე. მაკრონი შეიძლება ან მოგწონდეს, ან არა, მაგრამ ვერ უარყოფ, რომ მას თავისი კურსი ჰქონდა, იცოდა, როგორ გამოეყენებინა საფრანგეთის რესურსები და წონა ევროპულ ასპარეზზე. მას ჰქონდა ევროპული პროექტის ხედვა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ლე პენი ამით იქნება დაინტერესებული.

შოლცმა უკვე დაკარგა წონა, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, მას არ აღიქვამენ, როგორც გერმანიის სახეს.

რადიო თავისუფლება: საფრანგეთიდან გერმანიისკენ გადავინაცვლოთ, სადაც ოლაფ შოლცის პარტიამ, სოციალ-დემოკრატებმა, გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს. რა გავლენას მოახდენს ეს გერმანიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე?

დენიელ ფობერი: შოლცს თავის ტკივილი აქამდეც არ აკლდა, ახლა კი უზარმაზარი პრობლემები შეექმნება, რადგან მისი კოალიცია სუსტია და დღითი დღე კიდევ უფრო სუსტდება. საგარეო პოლიტიკის გადმოსახედიდან, შოლცმა უკვე დაკარგა წონა, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, მას არ აღიქვამენ, როგორც გერმანიის სახეს. ყველაფერში, რაც სცადა, ხელი მოეცარა - ძალიან არ უნდოდა უკრაინის მხარდაჭერა, ყველა ღონეს ხმარობდა, რათა უკრაინისთვის საჭირო შეიარაღება არ გაეგზავნა, და დღემდე, ყოველ ჯერზე მეთოდურად ითრევს ფეხს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სახლში გერმანელების და საგარეო ასპარეზზე მოკავშირეების ზეწოლას თავისი გააქვს და დათმობაზე წასვლა უწევს.

რადიო თავისუფლება: უკრაინა ზემოთაც ვახსენეთ, ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ - რას მოასწავებს ეს არჩევნები უკრაინის ომისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელსაც უკრაინა ევროპისგან იღებს?

დენიელ ფობერი: ისევ და ისევ, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რა მოხდება საფრანგეთში. როგორ მოიქცევა ლე პენი? შოლცივით მოიქცევა - თავიდან უარს იტყვის, მერე იყოყმანებს, საბოლოოდ კი დათანხმდება? თუ მისი უარი ისეთივე მტკიცე იქნება, როგორც უნგრეთისა და ორბანის? გამოცნობას თუ მომთხოვთ, ვიტყოდი, რომ პირველი ვარიანტი უფრო მოსალოდნელია. რადგან როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ, პასუხისმგებლობებიც იცვლება, იცვლება სტრატეგიებიც. როდესაც ოპოზიციაში ხარ, მთავრობას აკრიტიკებ, ეს ბევრად უფრო ადვილია, ამის ფასის გადახდა არ გიწევს. მაგრამ როდესაც ლე პენი უშუალოდ გახდება პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და მოუწევს იტვირთოს პასუხისმგებლობა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მაშინ, ვვარაუდობ, რომ სხვანაირად დაიწყებს ჭიკჭიკს.

რუსეთთან პოზიციების დღეს დათმობა ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოგიწევს, მეტი დათმო.

რადიო თავისუფლება: ბოლოს უნდა გკითხოთ, რას მოასწავებს ეს არჩევნები მოლდოვისა და საქართველოსთვის, ქვეყნებისთვის, სადაც ხალხის გარკვეული ნაწილი ევროპარლამენტს აღიქვამს, როგორც დემოკრატიის ერთგვარ გუშაგსა და ბარომეტრს. რას უნდა ველოდოთ მემარჯვენეების აღზევებისგან? ნაკლებ მხარდაჭერას დემოკრატიზაციისადმი და პარალელურად, ნაკლებ კრიტიკას ავტორიტარული, ანტიდასავლური ნარატივების გამო, როგორსაც დღეს, მაგალითად, საქართველოს მთავრობისგან ვისმენთ?

დენიელ ფობერი: ორი სავარაუდო სცენარია: პირველი, ცენტრისტული პარტიები პირიქით, უფრო გაამძაფრებენ ბრძოლას რუსული გავლენებისა და, მათ შორის, ჩანერგილი აგენტურის წინააღმდეგ, და მეორე: ისინი რადიკალებთან პოლიტიკურ არშიყს დაიწყებენ საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად, რისი ლოგიკური შედეგიც იქნება ამ ქვეყნების (მოლდოვა და საქართველო) მიმართ ნაკლები ყურადღება და მხარდაჭერა. მაგრამ ვფიქრობ, პროევროპულ პარტიებს უკვე თვალი აეხილათ და გაიაზრეს, რომ არავითარი მოზომილი სტრატეგია რუსეთთან არ ჭრის, რომ რუსეთთან პოზიციების დღეს დათმობა ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოგიწევს, მეტი დათმო, რადგან რუსეთი დაუცხრომლად იბრძვის მათ წინააღმდეგ. ეს, სხვათა შორის, გაიაზრა მაკრონმაც, თუმცა კარგა ხანი კი დასჭირდა ამის გასააზრებლად.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG