Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგი კაპანაძე: გვიხარია კანდიდატის სტატუსი, მაგრამ წელიწად-ნახევრით დაგვიანებულია


სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

ევროკავშირის ლიდერებმა 14 დეკემბერს მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას, მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს, და მოლაპარაკებების დაწყებას მოლდოვისა და უკრაინისთვის.

გერმანული მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ლიდერების შეხვედრამდე უკრაინის საკითხისთვის ვეტოს დადებით იმუქრებოდა, კანცლერ შოლცის რჩევით, დარბაზი კენჭისყრამდე დატოვა.

„მთავარია, არავინ არ ეწინააღმდეგებოდეს. შესაბამისად, თუკი ევროპულ საბჭოში ვინმე არ ეწინააღმდეგება და ვეტოს არ გამოთქვამს, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა, სერგი კაპანაძემ, რომელიც ამჟამად „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარეა, - ეს არის მარტივი პრინციპი, შესაბამისად, იქ ვინმე არის და ხმას არ იღებს თუ უბრალოდ არ მონაწილეობს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ, გადაწყვეტილება ჩვეულებრივად ლეგიტიმურია. მთავარი არის, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს, რომელიმე ქვეყანამ არ თქვას უარი და არ გატეხოს კონსენსუსი“.

კაპანაძე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე საუბრისას ამბობს, რომ ისტორიული გადაწყვეტილება წელიწად-ნახევრითაა დაგვიანებული.

- რეალურად, სიმბოლური თვალსაზრისით, კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი საქმე არის მოლაპარაკებები, როდესაც ხდება გაწევრიანების ხელშეკრულებაზე შეთანხმება. ამიტომ, ეს არის შემდეგი გაჩერება და უნდა მოხდეს, რაც შეიძლება მალე. წესით და რიგით, ამბიცია უნდა გვქონდეს, რომ 2024 წელს, შემდეგი გადაწყვეტილება როდესაც იქნება მიღებული, საქართველოსთან გაიხსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები. ეს არის შემდეგი ამოცანა და ამისთვის საჭიროა, რომ ეს პირობები, რომლებიც ახლა გვაქვს [ცხრა დათქმა], შესრულდეს. არანაირი კითხვები არ არსებობდეს, რომ საქართველო მოწადინებული არის და მართლა ახორციელებს რეფორმებს.

Რადიო თავისუფლება: ცხრა ნაბიჯი, როგორც მას ევროკომისია უწოდებს, მოიცავს თემებს, რომლებიც ხელისუფლებისთვის მარტივი დასათმობი არ იქნება...

Სერგი კაპანაძე: გულწრფელად რომ გითხრათ, გამომდინარე იქიდან, რომ რასაც ვხედავდით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში როგორ ასრულებდნენ მტკივნეულ რეფორმებს, მე არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება საარჩევნო წელს, არჩევნებამდე, მით უმეტეს, რეფორმებს სწრაფი ტემპით განახორციელებს. პირიქით მგონია - ძალიან ბევრ რამეს გააფუჭებს, იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებულია და შემდეგ ნაბიჯზე (2024 წელს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე) არც ფიქრობენ. ჩემი შეფასებით, ახლა უნდა ველოდოთ ყველაზე არადემოკრატიულ ნაბიჯებს. იმედია, რომ ვცდები, მაგრამ ასეთი განცდა მაქვს.

ეს რეფორმები აუცილებელია, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ცუდ მდგომარეობაში აყენებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნების კუთხით. ისინი შეეცდებიან, მცირედი ნაბიჯები გადადგან, „გაყიდონ“ როგორც პროგრესი და ასევე, იმედი ექნებათ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა.

Რადიო თავისუფლება: 2024 წლის არჩევნები როგორ გავლენას მოახდენს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე?

Სერგი კაპანაძე: ჩემი აზრით, [გავლენას მოახდენს] არჩევნების შედეგებიც, მაგრამ, მთავარია, როგორ ჩატარდება არჩევნები - ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. არჩევნები თუ არ ჩატარდა დემოკრატიულად, თუ კითხვები იქნება არჩევნების შემდგომი ხელისუფლების, ვინც არ უნდა იყოს ის, ლეგიტიმურობაზე, მძიმე ზიანს მიაყენებს ჩვენს შანსებს, რომ მოლაპარაკებები გავხსნათ. ამიტომ, არჩევნების ჩატარების მაღალი დემოკრატიულობა ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა - ეს ნათქვამი აქვს ევროკავშირს. [მოლაპარაკებების დასაწყებად] ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ტესტი და კრიტერიუმი, რომელსაც შეხედავს ევროკავშირი.

Რადიო თავისუფლება: სწორი ნაბიჯების შემთხვევაში, გვქონდა თუ არა შანსი, რომ 2023 წელს საქართველოს შესახებაც მიეღოთ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება?

Სერგი კაპანაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება რომ კარგად მოქცეულიყო, შარშან მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს. ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო, გვარამიას დაპატიმრების გამო, უკრაინასთან დამოკიდებულების გამო ვერ მივიღეთ შარშან კანდიდატის სტატუსი. ახლა ჩვენც მოლდოვისნაირად ვიქნებოდით, [მაგრამ] მათ ჩათვალეს, რომ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, უფრო მნიშვნელოვანი იყო, გვარამია დაეჭირათ და უკრაინისთვის მხარის არდაჭერა და პრორუსული ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ, შანსი გავუშვით ხელიდან. ახლა ყველას გვიხარია კანდიდატის სტატუსი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ წელიწად-ნახევრით არის დაგვიანებული. შანსი გვაქვს, რომ დავეწიოთ გაისად. უკან მაინც ვიქნებით, მაგრამ იგივე ეტაპზე რომ გადავიდეთ. ფაქტია, დრო დაკარგული გვაქვს.

Რადიო თავისუფლება: ხელისუფლება სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების აღნიშვნას გეგმავს. უნდა ველოდოთ თუ არა ევროსტრუქტურების მიმართ „ქართული ოცნების“ რიტორიკის ცვლილებას?

Სერგი კაპანაძე: ახლა ზეიმი გაცილებით ლეგიტიმურია, ვიდრე ევროსაბჭოში თავმჯდომარეობა რომ მოგვიწია ანბანის მიხედვით, მაშინ რომ აზეიმეს ხალხი. თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლების რიტორიკამ და ნაბიჯებმა საფრთხე შეუქმნა კანდიდატის სტატუსის მიღებას, ხელი კი არ შეუწყო. ევროკავშირის ლიდერებს პოზიცია ქართველი ხალხის ძალიან პროევროპულმა განწყობებმა შეაცვლევინა. ამიტომ, „ქართული ოცნების“ ამ ანტიევროპულმა რიტორიკამ ხელის შეშლის გარდა არაფერი მოიტანა. ახლა, როცა გარანტირებული აქვთ კანდიდატის სტატუსი, როგორ მოიქცევიან, ჩემი აზრით, არ არის ადვილი გამოსაცნობი. მე მგონია, რომ ისინი მაინც გამოვლენ თავისი წინასაარჩევნო ინტერესებიდან, იმიტომ რომ აქამდე მათი დამოკიდებულება ასეთი იყო. თუ „ქართულ ოცნებაში“ ჩათვლიან, რომ ანტიევროპული რიტორიკით რაღაც პოლიტიკურ ქულებს შეიძენენ, შეიძლება, ასევე, გააგრძელონ. მალე ვნახავთ.

  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

XS
SM
MD
LG