Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ხალხის ნებამ თავისი სიტყვა თქვა - ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ამბობს, რომ "ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა".

“დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა. საქართველოს ევროპულ ოჯახთან ხელახლა გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა!” - წერს სალომე ზურაბიშვილი.

კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს მიულოცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე - ევროკავშირის ელჩმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა საქართველოში.

მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაიხსნა გაწევრიანების მოლაპარაკებები.

"ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მარტამდე მოამზადოს ანგარიში".

ბრიუსელში დღეს, 14 დეკემბერს, დაიწყო ევროპული საბჭოს სამიტი, რომელზეც ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში შემდგომ ნაბიჯებს. ასევე - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საკითხებს, უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას.

ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მინიჭებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო დათქმებით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.

საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.

ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე.

ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.

ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.

XS
SM
MD
LG