პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ბრიფინგით გამოეხმაურა. მან მოქალაქეებს მიულოცა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და თქვა, რომ "ეს არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად და ხალხისთვის მოიპოვა".
"ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ", - თქვა ღარიბაშვილმა და მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებს, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის.
ღარიბაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს და პარლამენტს. პრემიერმა დღევანდელი დღე მიულოცა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს:
"განსაკუთრებულად მინდა მივულოცო დღევანდელი ისტორიული გამარჯვება ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ათასობით საჯარო მოხელეს, პარლამენტს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ამ ისტორიული გამარჯვების მიღწევაში. მინდა მივულოცო ეს დღე პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა დღევანდელი დღე, ეს გამარჯვება და ეს წარმატება. ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა მიაღწია მაქსიმუმს. დღევანდელი დღე არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი წარმატებული მმართველობისა".
მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაიხსნა გაწევრიანების მოლაპარაკებები.
"ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მარტამდე მოამზადოს ანგარიში".
ბრიუსელში დღეს, 14 დეკემბერს, დაიწყო ევროპული საბჭოს სამიტი, რომელზეც ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში შემდგომ ნაბიჯებს. ასევე - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საკითხებს, უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მინიჭებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო დათქმებით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.
ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე.
ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.
ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.