ახალი საგნის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან როგორც რუსეთის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, ასევე შეისწავლიან დრონების მართვასა და საერთო-საჯარისო ბრძოლების საფუძვლებს.
ახალი საგნის დამატების გარდა, ბავშვთა უფლებების დამცველებს ასევე აშფოთებთ რუსეთში ბავშვობის მილიტარიზაციის მაღალი დონე, რაც გამოიხატება ასობით სამხედრო სკოლა-ინტერნატის არსებობასა და საყმაწვილო მილიტარისტული ორგანიზაციების მომრავლებაში.
ბავშვთა ფსიქოლოგების თქმით, რუსეთის ხელისუფლების ამგვარ ძალისხმევას არაფერი აქვს საერთო პატრიოტულ აღზრდასთან. მათი აზრით, ხდება ბავშვების ინსტრუმენტალიზაცია და დაგეშვა სისხლზე.
რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა ახალი საგნის მარეგულირებელი პროექტი. როგორც ირკვევა, „სიცოცხლის უსაფრთხოების“ ძველ კურსს ემატება „სამხედრო და პატრიოტული“ საკითხები.
საქმე ისაა, რომ უკრაინის ომის ფონზე, 2022 წლის შემოდგომაზე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა საბჭოთა გამოცდილება გაიხსენეს და სკოლებში სამხედრო მომზადების დაბრუნება მოითხოვეს.
1991 წლამდე საშუალო სკოლებში მართლაც ისწავლებოდა „დაწყებითი სამხედრო მომზადება“.
2022 წელსვე ირინა აბანკინამ, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის განათლების ინსტიტუტის პროფესორმა, რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას განუცხადა, რომ სრულიად ახალი სასკოლო საგნის შემოღება მოითხოვდა სერიოზულ ცვლილებებს ფედერალურ სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტში, რომ საჭირო გახდებოდა სკოლის მთელი სასწავლო გეგმის გადაწერა.
რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ოლეგ სმოლინმა სასკოლო პროგრამაში „სამშობლოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საფუძვლების“ დანერგვას კომპრომისული გადაწყვეტილება უწოდა, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოითხოვდა ცალკე სასკოლო საგნის შემოღებას და არა „სიცოცხლის უსაფრთხოების საფუძვლებისათვის“ სამხედრო კომპონენტის დამატებას.
2023 წლის ნოემბერში რუსეთის განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა ბრძანების პროექტი, რომელიც არეგულირებს „სამშობლოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საფუძვლების“ შინაარსს.
საგნის სწავლება 2024 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგანი დაყოფილია 15 ბლოკად, რომლებიც მოიცავენ პარაგრაფებს რუსეთის წინააღმდეგ ტერორიზმისა და სამხედრო საფრთხეების შესახებ, საგზაო უსაფრთხოებასა და საგანგებო სიტუაციებში ქცევაზე; სამედიცინო დახმარების გაწევის უნარებზე, სახანძრო მომზადებაზე, დრონების მართვასა და საერთო-საჯარისო ბრძოლების საფუძვლებზე.
რუსეთის განათლების მინისტრის სერგეი კრავცოვის თქმით, განათლების სახელმწიფო უნივერსიტეტში (ყოფილი მოსკოვის რეგიონული პედაგოგიური უნივერსიტეტი) გაიხსნა ცენტრი, რომელიც პედაგოგებად მოამზადებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანებს, რათა მათ ახალი საგნის სკოლებში სწავლება შეძლონ“.
რუსეთის სამთავრობო შესყიდვების ვებსაიტზე მილიონობით რუბლის საკმაოდ ბევრი კონტრაქტია საშუალო სკოლებისთვის იარაღის მოდელების, დრონების და სხვა აღჭურვილობის შესაძენად. როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, სკოლების გარდა, ამ აღჭურვილობის გამოყენებას ასევე შეძლებენ „ახალგაზრდული არმიის“ („Юнармия“) ადგილობრივი ორგანიზაციები და კადეტთა (იუნკერთა) სასწავლებლები.
რუსეთის სკოლების მასწავლებელთა დამოუკიდებელ პროფკავშირში აღნიშნავენ, რომ რუსეთის არცერთ სკოლას არ აქვს რესურსი, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სრულფასოვანი სამხედრო წვრთნების ორგანიზება.
რადიო თავისუფლების რესპონდენტს, მოსკოვის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს, რომელიც გატაცებულია დრონებითა და აეროგადაღებებით, ეჭვი ეპარება იმაში, რომ ბავშვები სასწავლო გეგმის ფარგლებში სრულფასოვნად გაივლიან ტრენინგებს დრონების მართვაში:
„თუნდაც იმიტომ, რომ უკრაინის მხრიდან გახშირებული თავდასხმების გამო, რუსეთში მოქალაქეებს ახლა თითქმის არსად აქვთ დრონების გაშვების უფლება. ასეთ პირობებში როგორ ვივარჯიშებთ? მასწავლებელი გაკვეთილზე მოუყვება ბავშვებს, რომ არსებობენ უპილოტო საფრენი აპარატები და, რომ მათ იყენებენ ომში? ასეთ მეცადინეობას ისეთივე ეფექტი ექნება, როგორც ადრე ჰქონდა ავტომატიდან სროლის სწავლებას, როცა ტირში მივყავდით, გვაძლევდნენ ავტომატს და სამ ვაზნას. რა თქმა უნდა, ასე ვერც სროლას ისწავლი და ვერც დრონის მართვას".
რუსეთის სკოლის პედაგოგთა დამოუკიდებელი პროფკავშირის „მასწავლებელთა ალიანსის“ ხელმძღვანელის, დანიილ კენის თქმით, სკოლებში „სიცოცხლის უსაფრთხოებას“ ასწავლიან ან ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, ან ფიზკულტურის მასწავლებელი. მისივე თქმით, ისეც ხდება, რომ სიცოცხლის უსაფრთხოების გაკვეთილები საერთოდ არ ისწავლება და ფიქციური ანგარიშები იგზავნება განათლების რეგიონულ სამმართველოში.
„სიცოცხლის უსაფრთხოების გაკვეთილები ათწლეულების განმავლობაში უფრო ხუმრობის საგანს წარმოადგენდა, ვიდრე მნიშვნელოვან დისციპლინას. ახლა კი, მილიტარისტული კომპონენტის დამატებით, საგანი ხდება პროპაგანდის მნიშვნელოვანი ნაწილი.
განათლების სამინისტრო პირდაპირ აყალიბებს კურსის მიზნებს - ასწავლოს მოსწავლეებს იამაყონ რუსეთით, იცოდნენ მისი ადგილი მსოფლიოში, ესმოდეთ ჯარის მნიშვნელობა და ა.შ. აშკარაა, რომ „სამშობლოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საფუძვლების“ პედაგოგებად შეირჩევიან ხელისუფლებისადმი ლოიალური ადამიანები, რომლებიც თავად უჭერენ მხარს „პატრიოტულ“ მიკერძოებას.
მასწავლებელთა დეფიციტი არ იქნება, ამ საგნის პედაგოგი შეიძლება იყოს ადამიანი სპეციალური პედაგოგიური განათლების გარეშე, რომელიც გაივლის სამოქალაქო თავდაცვის კურსებს“, - ამბობს „მასწავლებელთა ალიანსის“ ხელმძღვანელი დანიილ კენი.
2024 წლის იანვარში რუსეთში არსებული ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა უნდა განიხილოს.
რუსი ბავშვების გარდა რუსეთის ხელისუფლებას სამიზნეში ჰყავს ამოღებული უკრაინელი ბავშვებიც. უკრაინიდან წაყვანილ ბავშვებთან დაკავშირებით კომიტეტი რუსეთისგან მოითხოვს პასუხებს: ბავშვების რაოდენობაზე; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საწინააღმდეგოდ მათთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებაზე; ბავშვების დაბრუნებისა და მათი იდენტობის, მოქალაქეობისა და ოჯახური კავშირების შენარჩუნების გარანტიებთან დაკავშირებით; ასევე გაშვილებულ უკრაინელ ბავშვებზე...
რუსეთი უარყოფს დანაშაულს. მოსკოვი ცდილობს, უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია გაასაღოს სიცოცხლისთვის სახიფათო ტერიტორიებიდან „ევაკუაციად“. არადა, როგორც ოლგა აბრამენკო - ანტიდისკრიმინაციული ცენტრ "მემორიალის" ექსპერტი ამბობს, ბავშვობის წინააღმდეგ დანაშაულს მიეკუთვნება არა მხოლოდ ბავშვების იძულებით გაყვანა, სამშობლოსთან მათი კავშირის გაწყვეტა, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება და ყველაფერი, რაც გაწერილია ჟენევის IV კონვენციის 49-50 მუხლებში, არამედ მილიტარისტული პროპაგანდაც, რომლის მიზანს და ინსტრუმენტსაც უკრაინელები ბავშვები წარმოადგენენ.
„საკმარისია რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას საჯარო ისტორიები შვილად აყვანილი ბიჭის აღზრდის შესახებ. ასევე ცნობილია რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანერგილი "სამხედრო-პატრიოტული აღზრდის" პროგრამები (სკოლებსა და საზაფხულო ბანაკებში), რომლებშიც უკრაინელი ბავშვებიც არიან ჩართული. ასეთი ღონისძიებების ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანან 12 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც საბრძოლო იარაღი უჭირავთ ხელში“, - ამბობს ოლგა აბრამენკო.
მისი თქმით, ჯერჯერობით საქმე არ მისულა რუსეთის ხელისუფლების მიერ ბავშვების ომში მონაწილეობის ოფიციალურ სანქცირებამდე (თუ არ ჩავთვლით კადიროვის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს, რომლებშიც მისი არასრულწლოვანი ვაჟები სხედან თხრილში და ავტომატიდან ისვრიან), თუმცა, როგორც აბრამენკო ამბობს, 2011 წელს გაეროს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებების კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებზე, რომ არსებობს სამხედრო ფორმირებებში მათი ჩართვის საშიშროება, ხოლო გაეროს ბავშვმა კომიტეტმა 2014 წელს მოითხოვა ჩეჩნეთში საომარ მოქმედებებში ბავშვების ჩართვის შემთხვევების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.
რუსეთში ბავშვობის მილიტარიზაცია არც დღეს დაწყებულა და არც - გუშინ, ადამიანის უფლებების დამცველებმა დიდი ხნის წინ - სკოლებში სამხედრო მომზადების აღდგენამდე და ე.წ. საყმაწვილო არმიის, მოძრაობა „პირველების“ შექმნამდე ატეხეს განგაში განათლების სისტემაში ჯარის კომპონენტების შეტანის გამო.
როგორც ოლგა აბრამენკო ამბობს, ბავშვთა სამხედრო სასწავლებლებზე დიდი მოთხოვნაა არა მხოლოდ იდეოლოგიური პროპაგანდისა და მშობლების მიერ „წესრიგისა და დისციპლინისადმი“ ერთგულების, არამედ პრაქტიკული სარგებლის გამოც: სკოლა-ინტერნატებში ბავშვები სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე არიან, განათლების ხარისხი იუნკერთა კლასებში ხშირად უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ საშუალო სკოლებში. ბევრისთვის ეს არის პრესტიჟი, სოციალური ლიფტი, მიზნობრივი ადგილები და დამატებითი ქულები უნივერსიტეტში შესასვლელად, სამომავლო დასაქმების გარანტიები სახელმწიფო სამსახურში და ა.შ.
„ალბათ ასე ფიქრობენ მშობლები, როცა შვილს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის სპეციალიზებულ სკოლაში აგზავნიან. სახელმწიფო თავისთვის ქმნის ახალ, ერთგულ კასტას ყველა სამართალდამცავი უწყებისთვის, ოჯახს ანაცვლებს „კადეტთა საძმოთი“, არჩევს იმათ, ვინც მზად არიან იცხოვრონ ყაზარმებში, იარონ მწყობრში, ატარონ უნიფორმა, დაივარცხნონ თმა მკაცრად განსაზღვრული წესით, სიხარულით და ოსტატურად იხმარონ იარაღი. ეს არის ბავშვთა საერთაშორისო კონვენციის დარღვევა და სახელმწიფო დანაშაული ბავშვების წინააღმდეგ. უკრაინაში დახოცილი ბევრი რუსი მებრძოლი, ცხადია, სრულწლოვანია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ კრიმინალურ ომში მონაწილეობისთვის მათ დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ - ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიწამლნენ სამხედრო პროპაგანდით, რამაც განსაზღვრა კიდეც მათი ბედი“, - ამბობს რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციასთან საუბარში ოლგა აბრამენკო - ანტიდისკრიმინაციული ცენტრ "მემორიალის" ექსპერტი.
ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუაც მიიჩნევს, რომ ის, რასაც რუსეთის ხელისუფლება აკეთებს, არის არა პატრიოტული აღზრდა, არამედ დაგეშვა ერთი ადამიანისა მეორეზე.
„პატრიოტი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც იცავს თავის ქვეყანას, ებრძვის მტერს, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში სხვა მოტივაციები უფრო იკვეთება. ჩვენ დავინახეთ უკრაინის ომში, რომ ტერორისტების აღზრდა უფრო ხდება, ვიდრე პატრიოტებისა, რომლებმაც ქვეყანა უნდა დაიცვან. ხდება ბავშვის ინსტრუმენტალიზაცია, ძალადობა ბავშვის ფსიქიკაზე და მისგან რაღაც განსაკუთრებული სახეობის - მეომარსაც ვერ დავარქმევ - გამოყვანა, რომელიც ყველაზე უფრო სასტიკ დანაშაულზე შეიძლება წავიდეს ომის დროს. დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ უხეშად არღვევს რუსეთი მიღებულ საერთაშორისო ნორმებს, არ ინდობს ბავშვებს, ბომბავს ქალაქებს, დასახლებულ პუნქტებს და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. სწორედ ფსევდოპატრიოტული მოტივებით ხდება ამგვარი სამხედროების აღზრდა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაია ცირამუა, რომლის თქმითაც, ამგვარი აღზრდაც დანაშაულია, რადგან მახინჯდება ბავშვის ფსიქიკა:
„ბავშვი არ არის ის მასალა, რომლისგანაც ყველაფერი შეიძლება გამოძერწო. ბავშვებს სამართლიანობის განცდაც აქვთ და ემპათიურობისაც. აგრესიული, მილიტარისტული აღზრდით მათ უკლავენ ამ ყველაფერს და მათგან ქმნიან მექანიკურ არსებებს, რომლებსაც გეშავენ სისხლზე, სხვა ადამიანებზე. ეს არის სასტიკი დანაშაული, რომელსაც სახელმწიფო სჩადის ბავშვის მიმართ“.