Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს სიკვდილია, ბიჭებო, მშვიდობით, - ვინ არიან ტიგრანი და ნიკიტა, რომლებიც ბერდიანსკში მოკლეს


ფოტოილუსტრაცია: ნიკიტა (მარცხნივ) და ტიგრანი
ფოტოილუსტრაცია: ნიკიტა (მარცხნივ) და ტიგრანი

რუსული შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში ორი უკრაინელი არასრულწლოვნის, ტიგრან ოგანესიანისა და ნიკიტა ხანგანოვის მკვლელობა 25 ივნისს დაადასტურა ბერდიანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ. მოზარდების ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია დაადასტურა უმაღლესი რადის კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ომბუდსმენმა დმიტრი ლუბინეცმაც.

მანამდე, 24 ივნისს, რუსული მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ „ორმა მოზარდმა, რომლებიც ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი, ცეცხლი გახსნეს“, დაჭრეს ორი ადამიანი, ადგილზე მისულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა და სამხედრო პოლიციამ „დამსვენებლებისგან გაათავისუფლეს სანაპირო და შეძლეს თავდამსხმელების განეიტრალება“.

მოზარდების „განეიტრალების“ შესახებ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, სოციალური ქსელი მოიცვა ვიდეომ. 10-წამიან, ე.წ. სელფ-ვიდეოს, ტიგრან ოგანესიანი იღებს: „ორი ნამდვილად. მორჩა, ეს სიკვდილია, ბიჭებო, მშვიდობით, დიდება უკრაინას!“ - ამბობს ბიჭი, რომელსაც ხელში ავტომატი უჭირავს. ბიჭი ტელეფონის წინა კამერაში იყურება, ვიდეოს ბოლოში ზევით გაიხედავს და ჩანაწერი წყდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა ვიდეო სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე გადაიღო.

უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრი ლუბინეცი საკუთარ ტელეგრამ არხზე ეხმაურება მოზარდების მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და წერს:

„დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში ოკუპანტებმა ორი არასრულწლოვანი მოკლეს მათი პროუკრაინული პოზიციის გამო. 24 ივნისს, 2006 წელს დაბადებული მოზარდები, ტიგრან ოგანესიანი და ნიკიტა ხანგანოვი ოკუპანტებთან ბრძოლაში ჩაერთვნენ. როგორც ცნობილია, მათ გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო და კოლაბორანტი-პოლიციელი. სროლის შემდეგ, დამპყრობლებმა ბავშვების „ლიკვიდაციის“ შესახებ განაცხადეს. დღეს ორი 16 წლის უკრაინელი გმირად იქცა. ერთ-ერთი მათგანის უკანასკნელი სიტყვები იყო, „დიდება უკრაინას“. სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე ის სიამაყე, რომელსაც ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი მოზარდების გამო განვიცდი“, - წერს ის.

ევროპარლამენტის რეზოლუცია ტიგრანისა და ნიკიტას დასაცავად

2023 წლის 24 მაისს, რუსული საოკუპაციო ძალების გამომძიებლებმა, მოზარდებს ბრალი წაუყენეს რკინიგზაზე დივერსის მოწყობის მცდელობისთვის (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 281-ე მუხლი), რაც 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების რწმუნებით, 2022 წლის სექტემბრის დასაწყისში, მოზარდები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კონსპირაციულად ეხმარებოდნენ. გამომძიებელი აცხადებდა, რომ მათ ერთად დააზიანეს სარკინიგზო ლიანდაგი, რათა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ვერ მიეღოთ სხვადასხვა სახის დახმარება.

მოგვიანებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გავრცელებული ცნობებით, მოზარდების სისხლის სამართლის საქმე გაიყო და ნიკიტას ქურდობა, ტიგრანს კი დივერსიის მოწყობა დაედო ბრალად.

მალევე, 15 ივნისს, უკრაინელი არასრულწლოვნების მიმართ წაყენებულ ბრალს რეზოლუციით გამოეხმაურა ევროპარლამენტი. „რუსეთის ფედერაციის მიერ არასრულწლოვანი უკრაინელების, ტიგრან ოგანესიანისა და ნიკიტა ხანგანოვის წამება და სისხლის სამართლის დევნა“, - ასე დაასათაურეს ევროპარლამენტარებმა რეზოლუცია და რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ბავშვების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე და მიეცა მათთვის უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება.

ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ხელი შეეწყო მოზარდების უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

რეზოლუციის თანახმადვე, ევროპარლამენტარებმა მიმართეს გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელს წამებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებში, აღნიშნულ საკითხზე ჩაეტარებინა დეტალური გამოძიება.

ვინ არიან ტიგრანი და ნიკიტა?

კლასელების, ტიგრანისა და ნიკიტას ამბავი, გასული წლის 30 სექტემბრიდან იწყება.

ბიჭების საქმეზე 9 თვეა მუშაობს უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ინიციატივა ადამიანის უფლებებისათვის“.

ორგანიზაცია ივნისის დასაწყისში დაუკავშირდა ტიგრანის დედას, ოკსანა სტაროვეროვას, რომელიც მათ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შვილის დევნის შესახებ ესაუბრა.

ტიგრანის ოჯახი, მშობლები და უმცროსი და-ძმები, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, გერმანიაში წავიდნენ. ოჯახი მოგვიანებით ტიგრანის წაყვანასაც გეგმავდა, თუმცა, უმცროსი შვილის ავადმყოფობის გამო, მათი გეგმები დროებით შეიცვალა. გარდა ამისა, ბიჭი წინააღმდეგი იყო დაეტოვებინა უკრაინა და ამბობდა, რომ მას ბებიასთან სურდა დარჩენა.

2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 16 წლის ტიგრანი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. იმ დროს ის დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში, ბებიასთან ერთად, მარტო იყო სახლში.

ღამით მათ სახლთან „კამაზი“ და რვა ჯიპის ტიპის ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც რუსეთის შეიარაღებული ძალების 20-მდე ჯარისკაცი და ძაღლები გადმოვიდნენ. კაცები რუსულად ლაპარაკობდნენ, მათ ნაწილს კავკასიური აქცენტი ჰქონდა.

„ღამის 2 საათიდან დილის 4:50-მდე რუსები სახლს ჩხრეკდნენ, დედაჩემი და ჩემი შვილი ავტომატით სცემეს“, - უყვება „მედია ინიციატივა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელს ოკსანა სტაროვეროვა, - „სახლიდან წაიღეს კომპიუტერი, ლეპტოპი, ტელეფონები და საჭმელი. რაც არ წაუღიათ, დალეწეს“.

რუსმა სამხედროებმა ტიგრანის ბებიას უთხრეს, რომ მათი ინფორმაციით, ამ მისამართზე ცხოვრობდა საშიში კრიმინალი. ვინ - არ აუხსნიათ. ტიგრანს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და მანქანაში შეტენეს. თქვეს, რომ მოზარდი იზოლატორში გადაჰყავდათ.

თავდაპირველად ბიჭი საკანში სხვა პირებთან ერთად მოათავსეს, თუმცა, მოგვიანებით, სამარტოო საკანში გადაიყვანეს. ტიგრანის ბებია ყოველ დღე მიდიოდა პოლიციის განყოფილებაში და შვილიშვილის გათავისუფლებას ითხოვდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მას არ აძლევდნენ ტიგრანის ნახვის უფლებას. 2022 წლის 2 ოქტომბერს, დაკავების მესამე დღეს, ბებიას სამხედრო პირმა უთხრა, რომ ბიჭს სიცხე ჰქონდა და მისთვის მაისურის მიტანის უფლება მისცა:

„სამხედრო პირმა, რომელსაც დედაჩემმა ტიგრანის ნივთები გადასცა, ტელეფონში აჩვენა დედას ჩემი შვილის ფოტო, რომელიც იჯდა კუთხეში, კედელთან, პლედში გახვეული და გვერდით, ბებიის შეგზავნილი პარკი ედო. კაცმა უთხრა დედაჩემს: „ნუ დარდობ, მოსწონს ჩვენთან“, - ყვება ოკსანა.

5 ოქტომბერს ბიჭი მოულოდნელად გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ტიგრანის ბებიამ შვილიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მედიას მიაწოდა. სახლში დაბრუნების შემდეგ, ოჯახმა შეიტყო, რომ გამოკითხვების დროს ბიჭს რუსები აწამებდნენ:

„ჩემს შვილს აწამებდნენ ელექტრო შოკით. გაჰყავდათ მინდორში და სიმულაციას აწყობდნენ, თითქოს უნდა დაეხვრიტათ. რუსები ეკითხებოდნენ: „აბა, პარტიზანობა გადაწყვიტე?“ და უბრძანებდნენ, რომ დამშვიდობებოდა სიცოცხლეს“, - ამბობს ტიგრანის დედა.

იმავე დღეს, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს ტიგრანი ​, მათ ბიჭის კლასელს, 16 წლის ნიკიტა ხანგანოვსაც მიაკითხეს. ოჯახი სახლში არ დახვდათ. თუმცა, ორ კვირაში სამხედროები კვლავ დაბრუნდნენ. ნიკიტა და მამამისი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, გამოკითხეს და მალევე გაათავისუფლეს.

იმ დღიდან მოყოლებული, საოკუპაციო ძალები ტიგრანსა და ნიკიტას პერმანენტულად იბარებდნენ გამოკითხვაზე და პერიოდულად, მათ სახლებში ატარებდნენ ჩხრეკას. ბავშვები ვალდებულნი იყვნენ, ყოველ დღე გამოცხადებულიყვნენ პოლიციის განყოფილებაში.

2023 წლის იანვარში, ოკსანა სტაროვეროვა ქმართან და უმცროს შვილებთან ერთად ბერდიანსკში, ტიგრანის წასაყვანად დაბრუნდა:

„მანქანით წამოვედით ბერდიანსკიდან. მე, ჩემი ქმარი, ტიგრანი და ორი უმცროსი შვილი“, - იხსენებს ოკსანა. ოჯახმა თავდაპირველად, მანგუშში (მარიუპოლთან მდებარე ქალაქი) გაიარა საფილტრაციო ბანაკი. შემდეგ გადაკვეთეს როსტოვის საზღვარი: „თუმცა, ტაგანროგში რუსეთის საგზაო პოლიციამ გაგვაჩერა. ტიგრანი მანქანიდან გადაიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც 5 საათის განმავლობაში ჰყავდათ გამოკითხვაზე. ამის შემდეგ, მე და ტიგრანი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტში, სოფელ პოკროვსკეში (ბახმუტთან) გადაგვიყვანეს. რამდენიმე ხანში სამხედროები მოვიდნენ კრასნოდარიდან. როცა დაგვინახეს, გაუკვირდათ. გვითხრეს, შეტყობინება მივიღეთ, რომ საშიში კრიმინალი ცდილობს ტერიტორიის დატოვებასო. მე და ტიგრანი სამხედრო მანქანაში ჩაგვსვეს“.

ოჯახი ჯერ მარიუპოლში გადაიყვანეს, ამის შემდეგ კი კვლავ ბერდიანსკში დააბრუნეს: „უმცროსი ბავშვები ბებიასთან ერთად გაუშვეს. მე, ჩემი ქმარი და ტიგრანი ერთი დღე იზოლატორში ვიყავით, შემდეგ ხელწერილი დაგვაწერინეს, რომ ტერიტორიას არ დავტოვებდით და გამოგვიშვეს სახლში“.

ოკსანა და მისი ქმარი ყოველ დღე მიდიოდნენ კომისარიატში და ბერდიანსკის დატოვების უფლებას ითხოვდნენ. საბოლოოდ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ტიგრანის მშობლებს უმცროს შვილებთან ერთად ბერდიანსკის დატოვების უფლება მისცეს, თუმცა, ტიგრანს ტერიტორიიდან გასვლა აეკრძალა.

ტიგრანი და ნიკიტა დე ფაქტო შინა პატიმრობაში დარჩნენ.

„ტიგრანი და ნიკიტა დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებოდნენ“ - უფლებადამცველი

ოლჰა რეშეტილოვა, „მედია ინიციატივა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მოზარდების მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და წერს, რომ არასრულწლოვნების მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, ისინი საოკუპაციო ძალების პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ:

„შუადღისას, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ისინი პოლიციის განყოფილებაში დაფიქსირდნენ. საათნახევრით ადრე, ვიდრე მშობლებს გამომძიებელი დაუკავშირდებოდა და ბიჭების სიკვდილს შეატყობინებდა, ტიგრანს დედა ტელეფონით ელაპარაკა. ტიგრანი მშვიდად იყო, დედას უთხრა, რომ ნიკიტასთან ერთად სეირნობდა და ფიქრობდნენ, როგორ აღენიშნათ ნიკიტას დაბადების დღე, რომელიც იმ დღეს 17 წლის გახდა“.

ოლჰა რეშეტილოვას თქმით, ტიგრანისა და ნიკიტას მშობლები ფიქრობენ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ტიგრანის მიერ გადაღებული ვიდეო, დადგმულია, რათა რუსეთის საოკუპაციო ძალებს მოზარდები მოეკლათ და შემდეგ ეს მკვლელობა გაემართლებინათ.

ოლჰა რეშეტილოვას ინფორმაციითვე, უკრაინის საგამოძიებო ორგანოებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე მოზარდების მკვლელობის ფაქტზე.

ზაპოროჟიეს ოლქის, აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი ბერდიანსკი, რუსეთის ჯარებმა ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 28 თებერვალს დაიკავეს. სამთავრობო შენობები საოკუპაციო ძალებმა მალევე აქციეს საკუთარ შტაბებად.

ბერდიანსკის ოკუპაციის პირველ დღეებში არაერთი მიტინგი ჩატარდა ქალაქში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის გასაპროტესტებლად. 2022 წლის მარტის შუა რიცხვებში დემონსტრაციები შეწყდა - რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს. გაუჩინარდა აქციების რამდენიმე ორგანიზატორი და აქტივისტი. დააკავეს არაერთი ადამიანი. მოგვიანებით, როდესაც რამდენიმე დაკავებული გაათავისუფლეს, ისინი ყვებოდნენ, რომ მათ სცემდნენ და ელექტროშოკით აწამებდნენ.

XS
SM
MD
LG