Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ვინც გონზე იყო, ხელყუმბარები მოითხოვა და თავი აიფეთქა“ - ბახმუტში დაჭრილი ბელარუსი მოხალისის ნაამბობი


კალინოვსკის სახელობის პოლკის ბატალიონ „ვოლატის“ მებრძოლი დენის ურბანოვიჩი.
კალინოვსკის სახელობის პოლკის ბატალიონ „ვოლატის“ მებრძოლი დენის ურბანოვიჩი.

მაისის თვეში უკრაინის ქალაქ ბახმუტისათვის მიმდინარე გადამწყვეტ ბრძოლებში ხუთი ბელარუსი მოხალისე, მათ შორის ბატალიონ „ვოლატის“ მეთაური მიროსლავ ლოზოვსკი დაიღუპა.

49 წლის ლოზოვსკის, რომელმაც თავის დროზე ბელარუსში ანტისამთავრობო პატრიოტული ორგანიზაცია „თეთრი ლეგიონი“ დააარსა, კიევში 26 მაისს გამოეთხოვნენ.

მისი და სხვა ბელარუსი მოხალისეების სიცოცხლის ბოლო წუთების შესახებ არაფერი იყო ცნობილი მანამდე, სანამ ბატალიონ „ვოლატის“ ერთ-ერთმა გადარჩენილმა წევრმა, დენის ურბანოვიჩმა, ჭრილობების მოშუშების შემდეგ რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს არ უამბო თავისი თანამებრძოლების თავგანწირვის ამბავი.

დოსიე: დენის ურბანოვიჩი ბელარუსი აქტივისტია. ჯერ კიდევ 2015 წელს მას და მის ძმას ორი წელი მიუსაჯეს იმ შენობის სახურავიდან ეროვნული დროშის ჩამოხსნის გამო, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს კენჭისყრა მიმდინარეობდა. 2018 წელს დენის ურბანოვიჩი ყოველდღიურად მონაწილეობდა კუროპატების ტყეში მდებარე მემორიალის დაცვაში, სადაც საბჭოთა „ენ-კა-ვე-დეს“ ოფიცრებმა 30-იან წლებში რეპრესირებული ადამიანები დახვრიტეს. 2018 წლიდან იგი ოპოზიციური ორგანიზაციის „ახალგაზრდა ფრონტის“ ლიდერია.

2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ისევე როგორც 2021 წლის მარტ-აპრილში, ურბანოვიჩს რამდენჯერმე მიუსაჯეს 15 დღით პატიმრობა (სულ შვიდი თვე გაატარა ციხეში), სასჯელს იხდიდა ჟოდინოსა და მინსკის გარეუბნებში არსებული იზოლატორების საკნებში. მრავალრიცხოვანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ აქტივისტს და მის თანამოაზრეებს საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დასდეს ბრალი და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

2021 წელს დენის ურბანოვიჩი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც შეუერთდა კალინოვსკის პოლკს, და მის რიგებში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან იბრძოდა. ეს ომი, ურბანოვიჩის აზრით, არის „პირველი ნაბიჯი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ბელარუსის განთავისუფლებისთვის“.

დენის ურბანოვიჩი ფრონტზე
დენის ურბანოვიჩი ფრონტზე

„რუსები შეტევაზე ტალღებად, ჯავშანჟილეტების გარეშე გადმოდიოდნენ“

დენის ურბანოვიჩი მაისის ბოლოს დაიჭრა, ზუსტად რამდენიმე დღით ადრე მანამდე, სანამ უკრაინის არმია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს დატოვებდა. იმავე ბრძოლაში ბატალიონ „ვოლატის“ მეთაური მიროსლავ ლოზოვსკი და ურბანოვიჩის საბრძოლო ჯგუფის 4 წევრი დაიღუპნენ.

ურბანოვიჩმა ბახმუტის შენარჩუნებისთვის გამართულ ბრძოლებს უწოდა ყველაზე სასტიკი და სისხლიანი, რომელშიც მას მონაწილეობა მიუღია.

ბელარუსი მოხალისის თქმით, ამ ბრძოლებში ორივე მეომარმა მხარემ აჩვენა გამძლეობა და გამარჯვების სურვილი.

მისი თქმით, შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ რომელ სამხედრო ნაწილს ეკუთვნოდნენ რუსულ უნიფორმაში მყოფი სამხედროები, რომელთა ცხედრებით მოფენილი იყო ბრძოლის მოწინავე ხაზი.

ურბანოვიჩის თქმით, „ვოლატის“ ბატალიონის ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძოდა ბევრი უკრაინელი, რომელთაგან ზოგიერთი ბრძოლაში დაიღუპა.

„ერთ ღამეს ჩვენს პოზიციებთან მოაღწია უკრაინელების დიდმა ჯგუფმა. მათ შორის ბევრი იყო დაჭრილი, საშინლად დაღლილები. ისინი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ ზომბებივით დადიოდნენ. იქ ყველამ დიდი გასაჭირი გადაიტანა“, - ამბობს დენის ურბანოვიჩი, რომელიც ასე იხსენებს ბოლო საბრძოლო ეპიზოდს:

„რუსები შეტევაზე ტალღისებურად გადმოდიოდნენ. იყო შეტევა, როდესაც ისინი იერიშზე გადმოვიდნენ ჯავშანჟილეტების გარეშეც კი.

ჩვენ მესამე დღე იყო რაც პოზიციებზე ვიდექით: უკვე შეუძლებელიც კი იყო წასვლა, ფაქტობრივად ალყაში ვიყავით. ჩვენს პოზიციებზე ჯოჯოხეთური ცეცხლი მოდიოდა - გვესროდნენ ყველაფრიდან, რაც კი შეიძლებოდა.

თავდაპირველად ერთ სახლში ვიცავდით თავს, რომელიც დაიწვა. კინაღამ ცოცხლად დავიფერფლეთ, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხეთ გვერდით მდგარ, სამსართულიან სახლში გადასვლა.

ამ შენობამ თავიდან გვიშველა, მაგრამ შემდგე ფაქტობრივად ჩვენი ჯგუფის ნახევრის სასაფლაოდ იქცა. ძლიერი ჭურვის მოხვედრის შემდეგ სახლი ჩამოინგრა. დანარჩენი უკვე ალაგ-ალაგ მახსოვს“, - ჰყვება დენის ურბანოვიჩი.

გამოთხოვებისას გვითხრა: „არაფერია, მე ჩემი ვიცხოვრეო“

დენის ურბანოვიჩს ახსოვს, თუ როგორ დააღწია ნანგრევებიდან თავი. გული ერეოდა, რადგან თავში ქვები ჰქონდა მოხვედრილი. ახსოვს, როგორ განაგრძობდა გარკვეული დროის განმავლობაში სროლას. ამ დროს რუსი სამხედროები უახლოვდებოდნენ, შემდეგ კი დადგა მომენტი, როცა გადაწყვიტა, რომ გადარჩენას ვერ შეძლებს, ტყვედ ჩავარდნა კი არ შეიძლება.

ხელყუმბარა გამზადებული ჰქონდა. მოხალისის თქმით, მას გაუმართლა: მოულოდნელად მოუსწრო დასახმარებლად და დაჭრილთა საევაკუაციოდ გამოგზავნილმა ჯგუფმა. ურბანოვიჩი დაბომბილი სახლიდან მოშორებით გაიყვანეს და საბავშვო ბაღის შენობის უკან დააწვინეს. სამსართულიანი სახლის სხვა დამცველებს კი ნაკლებად გაუმართლათ.

„ზოგიერთის გამოყვანა შეუძლებელი იყო. როგორ გამოიყვანდი, როდესაც ფეხები რამდენიმეტონიანი ბეტონის ფილებში მოყვათ? ვინც გონზე იყო, ხელყუმბარა ითხოვა - თავი აიფეთქეს.

მხოლოდ ერთი გამოვიყვანეთ ნანგრევებიდან, მაგრამ არც ის იძვროდა. როგორც ჩანს, ხერხემალი ჰქონდა გადამსხვრეული. ამ მებრძოლმა ევაკუაციაზე უარი თქვა: „არ მინდა, ვიყო უმოძრაო ინვალიდიო“. და გამოთხოვებისას გვითხრა: „არაფერია, მე ჩემი ვიცხოვრეო“. ის 50 წელზე ცოტა მეტის იყო.

ჯგუფის ყველა დანარჩენი მებრძოლი მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩნენ და ამჟამად ყველა განაგრძობს გამოჯანმრთელებას“, - ამბობს დენის ურბანოვიჩი.

„ლოზოვსკი ცოტა ხანს გაჩუმდა და შემდეგ ჩუმად დაამატა: „ღმერთი შენკენ“

როგორც ურბანოვიჩი ამბობს, საევაკუაციო ჯგუფი, რომელმაც დანგრეული სამსართულიანი შენობიდან ის და სხვა მისი დაჭრილი თანამებრძოლი სამშვიდობოს გაიყვანა, მათმა მეთაურმა მიროსლავ ლოზოვსკიმ მიიყვანა.

ურბანოვიჩი და ლოზოვსკი მინსკის საპროტესტო გამოსვლებიდან იცნობდნენ ერთმანეთს. ურბანოვიჩის მსგავსად ლოზოვსკიც ბელარუსში ცნობილი აქტივისტი იყო.

მიროსლავ ლოზოვსკი
მიროსლავ ლოზოვსკი

დოსიე: მიროსლავ ლოზოვსკი დაიბადა მინსკში, 1995 წელს შეუერთდა ნიკოლაი სტატკევიჩის მიერ დაარსებულ ბელარუსის სამხედროთა ასოციაციას, იმავე წელს გახდა გასამხედროებული პატრიოტული ორგანიზაცია „თეთრი ლეგიონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის მიზანი იყო წვევამდელი ახალგაზრდების არმიამდელი მომზადება.

„თეთრი ლეგიონის“ წევრები 1996-1999 წლებში აქციებსა და მსვლელობების აქტიური მონაწილეები იყვნენ. ორგანიზაციამ არსებობა შეწყვიტა 2000-იანი წლების დასაწყისში.

თავად ლოზოვსკი მინსკის რეჟიმმა რამდენჯერმე დააპატიმრა საპროტესტო მსვლელობებში მონაწილეობის გამო.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მიროსლავ ლოზოვსკი უკრაინაში გადავიდა. სრულმასშტაბიანი რუსული აგრესიის დაწყებისთანავე, ის შეუერთდა ბელარუს მოხალისეებს. საომარ მოქმედებებში თავისი მონაწილეობის აფიშირებას თავს არიდებდა.

ბახმუტში მიროსლავ ლოზოვსკის დაღუპვის მომენტი ურბანოვიჩს არ დაუნახავს, რადგან ის უკვე ბრძოლის ხაზს მიღმა იყო ევაკუირებული. მაგრამ ახსოვს საბრძოლო დავალებაზე გასვლის წინ, მეთაურის და თანამებრძოლის ბოლო სიტყვები.

„როგორი იქნება ბრძანება?“ - ვკითხე. მან მიბრძანა, რომ გავმაგრებულიყავი, გამაფრთხილა საფრთხის შესახებ და მირჩია მემოქმედა გარემოებისდა მიხედვით. შემდეგ კი, ცოტა ხანს გაჩუმდა და ასე ჩუმად დაამატა: „ღმერთი შენკენ“. ის ადრე არასოდეს ასე არ ლაპარაკობდა, ღმერთს არასოდეს ახსენებდა, მაგრამ სულ ბოლოს ახსენა“, - ამბობს ურბანოვიჩი.

ურბანოვიჩის ინფორმაციით, მათი მეთაური სნაიპერმა იმ დროს მოკლა, როდესაც დაჭრილი თანამებრძოლების ევაკუაციის შემდეგ მოწინააღმდეგის მიერ აღებული საბრძოლო პოზიციიდან უკან იარაღასხმული ბრუნდებოდა.

„ჩვენი იარაღი მოჰქონდა. ამ ტვირთის გარეშე რომ ყოფილიყო, იქნებ უფრო სწრაფად გასცლოდა ზონას, რომელიც ცეცხლის ალში იყო მოქცეული. არადა, ის კიდევ ტყვიამფრქვევსაც მოათრევდა. რუსებმა მოასწრეს სნაიპერის ჩასმა იმ სახლში, რომელშიც ჩვენ ვიცავდით თავს. ის [სნაიპერი] კი იქიდან ყველა ჩვენგანზე ნადირობდა. მე ასე მიამბეს“, - ამბობს ურბანოვიჩი, რომელმაც ბახმუტის დაცვისას მიღებული ჭრილობა თითქმის მოიშუშა და, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა, არ კარგავს იმედს, რომ მალე კვლავ დაბრუნდება ქალაქ ბახმუტის გათავისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლებში.

უკრაინელი ჯარისკაცები ტანკით. ბახმუტის სიახლოვეს. 2023 წლის 17 ივნისი
უკრაინელი ჯარისკაცები ტანკით. ბახმუტის სიახლოვეს. 2023 წლის 17 ივნისი

დენის ურბანოვიჩის თქმით, ბახმუტში ახლა დიდძალი რუსული სამხედრო ძალაა, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა იქვე დაიკავეს პოზიციები და თანდათანობით ავიწროებენ რკალს.

„იქ ახლა იბრძვიან „აზოველები“ [ბატალიონი „აზოვი“ მარიუპოლის ბრძოლების შემდეგ კვლავ აღორძინდა - რედ.] და, როგორც ამბობენ, ძალიან წარმატებით. მათ მიაღწიეს მნიშვნელოვან სიმაღლეებს, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქს, ზოგიერთი პოზიციიდან კი რუსები უკუაგდეს, როგორც ჩანს, იქ ბრძოლა ცოტა დაცხრა. ყველა ახალი ეტაპისთვის ემზადება. ვნახოთ, რა მოხდება და სად გადაისვრიან ჩვენს ნაწილს. ომი გრძელდება“, - ამბობს დენის ურბანოვიჩი.

დენის ურბანოვიჩი თებერვლის თვეში უკრაინის ხელისუფლებამ დააჯილდოვა მედლით „საბრძოლო დამსახურებისთვის“. ბელარუსი მოხალისის თქმით, მას წინ ელოდება სამედიცინო კომისიის გავლა, რომელიც გადაწყვეტს, შეუძლია თუ არა თავისი ჯანმრთელობით ფრონტის ხაზზე დაბრუნება ბატალიონ „ვოლატის“ რიგებში.

  • ბელარუსი მოხალისეები სხვადასხვა ქვედანაყოფში უკრაინის მხარეზე 2014 წლიდან იბრძვიან პრორუსულად განწყობილი დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ. 2022 წლის 9 მარტს ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ინტერვენციის შემდეგ ბელარუსი მოხალისეები ერთ ქვედანაყოფში - კასტუს კალინოვსკის სახელობის ბატალიონში გაერთიანდნენ.
  • ხოლო 25 მარტს ბატალიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში გაერთიანდა. მალევე, 21 მაისს, ბატალიონი უკვე კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსულ პოლკად გარდაიქმნა, მის შემადგენლობაში შევიდა ბატალიონები „ლიტვინი“ და „ვოლატი“, რომელსაც ივან მარჩუკი, მეტსახელად „ბრესტი“ ხელმძღვანელობდა.
  • ბატალიონ „ვოლატის“ მეთაური ივან „ბრესტი“, ივან მარჩუკი, რუსეთის არმიასთან ბრძოლაში 2022 წლის 26 ივნისს დაიღუპა.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის მიხედვით მოამზადა კობა ლიკლიკაძემ

XS
SM
MD
LG