200-მდე “ელფი” ყოველდღე ტოვებს ასეულობით პოსტსა და კომენტარს რუსულ სოციალურ ქსელ “ვკონტაქტეში”. ისინი ყალბი ანგარიშებით ეკამათებიან პუტინის მხარდამჭერებს და ცდილობენ დაარწმუნონ, რომ რუსულმა ჯარმა უკრაინა უნდა დატოვოს.
“ელფები” კრემლის მიერ დაქირავებული ტროლების საპირწონედ დაირქვეს. რუსეთში საზოგადოებრივი აზრით ისინიც მანიპულირებენ, ოღონდ სხვა მხარის სასარგებლოდ.
ამის შესახებ რუსულმა გამოცემა “ესვეტევემ” 15 ნოემბერს დაწერა.
მასალა ყოფილი “ელფის” მონათხრობს ეყრდნობა, რომელმაც ქარხანა სამუშაო პირობებით უკმაყოფილების გამო დატოვა.
წყარო ჰყვება, რომ ელფები სამ ცვლაში მუშაობენ, ოფისებში დადიან და დღეში, სულ ცოტა, 120 კომენტარი უნდა დატოვონ. “ელფების” შენახვა წელიწადში დაახლოებით 4 მილიონი დოლარი ჯდება.
“ესვეტევეს” სტატიას თან ახლდა გუგლ დრაივზე ატვირთული 19-გიგაბაიტიანი არქივი.
რადიო თავისუფლებამ ეს არქივი შეისწავლა და მასში აღმოაჩინა პოსტებისა და კომენტარების სქრინები (დაახლოებით 114 ათასი), სამუშაო გეგმა, ანგარიშების შექმნისა და კომენტარების დატოვების ინსტრუქციები.
ასევე სახელმძღვანელო და იმ თემების აღწერა, რომლებზეც “ელფებმა” უნდა პოსტონ.
სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიას “ელფები” სხვადასხვა მესიჯით არწმუნებენ: კაცებს - ჯარში გაწვევით აშინებენ, ქალებს - ქმრების დაკარგვით. პატრიოტებს შეახსენებენ, რომ რუსები და უკრაინელები მეორე მსოფლიო ომში მხარდამხარ იბრძოდნენ.
არქივის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კრიტიკა “ელფების” მთავარი ამოცანაა.
“ინტუიტიურად გასაგები სამუშაოა. პუტინზე თუ გვხვდება ამბავი, ვწერთ, რომ პუტინი ქურდია, მკვლელი და ეგეთები. თუ რაიმე კანონპროექტზეა, რომელსაც პარლამენტი იღებს, ვაკრიტიკებთ კანონპროექტს. ნარატივებს არც კი ვუყურებ, ჩემს აზრს ვაკომენტარებ ხოლმე", - უთხრა გამოცემა “მედიაზონას” ერთმა თბილისელმა “ელფმა”.
ქართველების ქება
“ელფების” სახელმძღვანელოში საქართველოზეც ბევრი წერია. იქ ახსნილია, რა უნდა დაწერონ საქართველოში ანტირუსულ განწყობებზე, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და საქართველოს ოკუპაციაზე.
მარტის დასაწყისში, როდესაც ათასობით ადამიანი თბილისში ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებდა, “ელფები” რუსებს ამუნათებდნენ და წერდნენ, რომ მათგან განსხვავებით, ქართველები ქუჩაში გავიდნენ საკუთარი უფლებების დასაცავად.
ცალკე ინსტრუქციები ჰქონდათ “ელფებს” იმაზე, თუ რა უნდა დაეწერათ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე.
რუსები უნდა დაერწმუნებინათ, რომ ქვეყანას კრემლისკენ პირი არ უბრუნებია და ეკონომიკური სიახლოვის მიუხედავად, მოსკოვს პოლიტიკურად არასდროს დაუახლოვდება.
“მთელმა თბილისმა იცის”
“ესვეტევეს” თანახმად, ქარხანას მართავს რუსული ორგანიზაციები, “კორუფციასთან ბრძოლის ფონდი”, რომლის შემქმნელიცაა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და ფონდი "თავისუფალი რუსეთი”, რომელსაც წარმომადგენლობა თბილისში აქვს გახსნილი.
“თავისუფალი რუსეთის” დირექტორი, ეგორ კუროპტევი აღიარებს, რომ მის ორგანიზაციას ნამდვილად აქვს პროექტი “ელფების ლეგიონი” და მისი მთავარი ამოცანაა, თვალი აუხილონ პროპაგანდით მოტყუებულ რუსებს.
პროექტი ცდილობს “მიაწოდოს სიმართლე უკრაინაში ომსა და პუტინის რეჟიმის სხვა დანაშაულებსა და მათ შედეგებზე მათ, ვინც იუთუბზე ოპოზიციურ ეთერებს არ უყურებს და ტვიტერს არ კითხულობს. დარწმუნება და გადარწმუნება ეფუძნება მხოლოდ ფაქტებს”, - დაწერა კუროპტევმა სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
რადიო თავისუფლებასთან საუბარში კუროპტევი იმასაც ამბობს, რომ მისი “ელფები” მხოლოდ თბილისიდან კი არა, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუშაობენ.
რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი, მარკ ზახაროვი კი ირწმუნება, რომ მისი წყაროების თანახმად, ეს ქარხანა დიდია და მის შესახებ “მთელმა თბილისმა იცის”.
რაც შეეხება “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” ჩართულობას, მას უარყოფენ როგორც კუროპტევი, ისე თავად ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.
მისმა დირექტორმა, ივან ჟდანოვმა დაწერა, რომ “ელფებთან” არავითარი კავშირი არ აქვს.
“მზად ვარ ეს სასამართლოში დავადასტურო. მთელ ამ ამბავს ცუდი სუნი ასდის და უბრალოდ ჟურნალისტური შეცდომა არ უნდა იყოს”, - დაწერა ჟდანოვმა X-ზე.
“ზღვარს გადააბიჯეს”
“ესვეტევე” ამტკიცებს, რომ ომისა და პუტინის ხელისუფლების კრიტიკის გარდა, “ელფები” სხვა ოპოზიციონერებსაც აშავებენ.
თუმცა მასალაზე თანდართულ არქივში რუსული ოპოზიციის კრიტიკული კომენტარები თითქმის არ იძებნება.
“ელფების ქარხნის” გამოაშკარავებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია რუს ოპოზიციონერებში.
“მთავარი პრობლემა ის კი არაა, ვინ შექმნა ბოტების ფერმა… [არამედ ის], რომ თბილისსა და ვილნიუსში სხედან ადამიანები, რომლებიც ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით, ყალბი ანგარიშების მეშვეობით აყალბებენ რუსეთში საზოგადოებრივ აზრს ომსა და პუტინზე”, - დაწერა ტელეგრამზე ბლოგერმა და პოლიტიკოსმა მაქსიმ კაცმა.
ლატვიიდან მომუშავე გამოცემის, “ნოვაია გაზეტა ევროპის” მთავარმა რედაქტორმა, კირილ მარტინოვმა თქვა, რომ “ელფების ქარხნის” შემქმნელებმა “ზღვარს გადააბიჯეს”.
“თუკი პუტინის წინააღმდეგ გამოიყენებ ყველა იმ მეთოდს, რომელსაც ის იყენებს, შეიძლება ძალიან მალე თავადვე გადაიქცე პუტინად”, - თქვა მარტინოვმა საკუთარ საავტორო გადაცემაში.