„ჩვენ ვიბრძვით ბოროტების ღერძის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ ისრაელის ბრძოლა, არამედ ეს არის ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროსა და თანამედროვე არაბული ქვეყნების ბრძოლაც. მეორე მხარეს არის ბოროტების ღერძი, რომელშიც შედიან „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და ირანი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მანამდე, 16 ოქტომბერს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მრჩეველმა, ალი აკბარ ველაიათიმ, თეირანში, „ჰამასის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას, თქვა, რომ „ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს პალესტინის ჩაგრულ ხალხს" და აგრძელებს "სულიერად მათ თანადგომას“.
მაგრამ ეს თანადგომა არ არის მხოლოდ "სულიერი". ირანის ოფიციალური პირები თავიანთ მოკავშირეებს რეგიონში უწოდებენ „წინააღმდეგობის ღერძს“, რომელიც აერთიანებს პროირანულ დაჯგუფებებს პალესტინის ტერიტორიაზე, ლიბანში, სირიაში, ერაყსა და იემენში.
ექსპერტების თქმით, „წინააღმდეგობის ღერძი“ შეეცდება მიზანში ამოიღოს ისრაელი და ფარული მოქმედებებით გამოიწვიოს ქაოსი ახლო აღმოსავლეთში, რაც ირანს შესაძლებლობას მისცემს დამალოს თავისი პირდაპირი მონაწილეობა.
საზღვარგარეთ ფარული ოპერაციების ორგანიზატორად ითვლება ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური „ყუდსის ძალები“, რომლის სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს ამერიკული დრონიდან გაშვებული რაკეტებით ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან მოკლეს.
რა არის „წინააღმდეგობის ღერძი“ ?
ექსპერტების თანახმად, ტერმინი „წინააღმდეგობის ღერძი“ საკმაოდ ძველია და იხმარება იმ პირთა თუ ჯგუფებთან მიმართებით, რომლებსაც გარკვეული დაფინანსებისა თუ იარაღის მიღების, სამხედრო მომზადებისა თუ სადაზვერვო მხარდაჭერის ფასად ირანის მიერ წარმოებულ ომებში მონაწილეობა სურთ.
ამ ცალკეულ პირებსა თუ ჯგუფებს, ზოგჯერ, შესაძლოა ჰქონდეთ საკუთარი მიზნები და დღის წესრიგი, რომელიც შესაძლოა დაემთხვეს ირანის სახელმწიფოს ინტერესებს. მაგრამ შესაძლოა, ისინი ყოველგვარი მიზნის გარეშეც მოქმედებდნენ, როგორც დაქირავებულები, ამბობს ბეჰნამ ბენ ტალებლუ, ვაშინგტონში არსებული დემოკრატიების თავდაცვის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
„თანამედროვე ფორმით, ომის წარმოების ამ მეთოდის ფორმირება მოახდინა ფეჰლევის (ირანის შაჰი რეზა ფეჰლევი - რედ.) რეჟიმის საიდუმლო სამსახურმა „სავაქმა“, რომელიც ისრაელის „მოსადთან“ თანამშრომლობით მხარს უჭერდა ერაყელი ქურთების, 1960-1970 წლების აჯანყებას ბაღდადის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. ერაყის წინააღმდეგ „სავაქის“ ამ მარიონეტების მიერ წარმოებული ომის თვალისმომჭრელი შედეგის წყალობით, ასეთი „პროქსი ომები“ გახდა ირანის სამხედრო დოქტრინის ნაწილი და იგი კიდევ უფრო დაიხვეწა ისლამურ რესპუბლიკაში, რომელმაც 1980-იან წლებში აღადგინა ერაყელი მეამბოხე (მასუდ ბარზანისა და ჯალალ თალაბანის) ტომების მხარდაჭერა სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბეჰნამ ბენ ტალებლუმ.
წლების განმავლობაში ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ გააფართოვა ასევე „წინააღმდეგობის ღერძი“ და მასში ჩართო სანდო დაჯგუფებები ავღანეთიდან, ერაყიდან, ლიბანიდან, იემენიდან და ასევე გეოგრაფიულად მოშორებულ რეგიონებში მოქმედი მცირე ჯგუფები. დღესდღეობით „წინააღმდეგობის ღერძი“ აერთიანებს ავღანეთში, ერაყში, ლიბანსა და იემენში მოქმედ ირანის მარიონეტულ ძალებს.
ამ დაჯგუფებებში არსებულ მეომართა რიცხვის შეფასება რთულია. ამასთან, ამ დაჯგუფებებს შესწევთ უნარი, იერიში განახორციელონ ფართო ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ობიექტებზე ისე, რომ ამ თავდასხმებისთვის პირდაპირი პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლებელი იყოს ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებაზე.
ერთ-ერთი ასეთი მარიონეტული, პროირანული ორგანიზაცია „ქათაებ ჰიზბოლა“ 2019 წლის დეკემბერში, თავს დაესხა ერაყის სამხედრო ბაზას, რომელშიც აშშ-ის სამხედროები იმყოფებოდნენ. ამას მოჰყვა ამერიკელების მიერ 29 დეკემბერს განხორციელებული საჰაერო იერიში, რომლის შედეგადაც „ქათაებ ჰიზბოლას“ 25 წევრი დაიღუპა.
რამდენიმე დღეში, 2020 წლის 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის დრონიდან გაშვებული რაკეტით მოკლულ იქნა ირანის ძლევამოსილი გენერალი - ისლამური რესპუბლიკური გვარდიის კორპუსის ელიტური ნაწილის, „ყუდსის ძალების“ სარდალი, ყასემ სოლეიმანი.
აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, სოლეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედრო პერსონალზე. ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის „ყუდსის ძალების“ სარდალი, ყასემ სოლეიმანი 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს.
და მართლაც 62 წლის ყასემ სოლეიმანი პასუხისმგებელი იყო ირანის მოქმედებებზე საზღვარგარეთ. ის საკვანძო როლს თამაშობდა პროირანული გასამხედროებული ორგანიზაციების მეშვეობით ისლამური რესპუბლიკის გავლენის სფეროს გაფართოებაში სირიაში, ერაყში, ლიბანსა და იემენში.
„სოლეიმანი ირანის მთავარი ადამიანი იყო ახლო აღმოსავლეთში, არა მხოლოდ სამხედრო ოპერაციების კუთხით, არამედ თეირანის პოლიტიკური სტრატეგიის განხორციელების თვალსაზრისითაც“, ამბობს სკოტ ლუკასი, ირანის სპეციალისტი ბრიტანეთის ბირმინგემის უნივერსიტეტიდან.
ისლამის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) ქოლგა ორგანიზაცია
აშშ-ის საავიაციო დარტყმის შედეგად ბაღდადის აეროპორტში მოკლული გენერალ ყასემ სოლეიმანის ნაცვლად, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ელიტური „ყუდსის ძალების“ ახალ სარდლად გენერალი ისმაილ ღაანი დანიშნა.
მეთაური შეიცვალა, მაგრამ ამოცანა და სტრუქტურა იგივე დარჩა.
ქაღალდზე „ყუდსის ძალები“ ისლამის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) ერთ-ერთი სახეობაა, ისევე როგორც სამხედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო ავიაცია, სახმელეთო ძალები და ბასიჯების (წინააღმდეგობის სამობილიზაციო რეზერვი) დაჯგუფება.
მაგრამ რეალობაში „ყუდსის ძალების“ სარდალი უშუალოდ ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს სასულიერო ლიდერს.
როგორც ისლამური რესპუბლიკის ექსტერიტორიულ სამხედრო ოპერაციებზე პასუხისმგებელი სტრუქტურის, „ყუდსის ძალების“ სპეციალიზაციას წარმოადგენს სამხედრო დაზვერვა და არაკონვენციური საომარი მოქმედებების წარმოება.
აქედან გამომდინარე, „ყუდსის ძალები“ მხარს უჭერენ არაოფიციალურ სამხედრო დაჯგუფებებს, მათ შორის „ჰამასს“, ლიბანურ „ჰეზბოლას“, პალესტინურ „ისლამურ ჯიჰადს“, იემენელ „ჰუთიტებს“ და ასევე ერაყში, სირიაში, ბაჰრეინსა და ავღანეთში მოქმედ შიიტურ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს.
ამ ორგანიზაციების უმრავლესობას ვაშინგტონი ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევს.
„ყუდსის ძალებმა“ თავისი გავლენა ახლახან გაავრცელეს ასევე ზოგიერთ სამხრეთაფრიკულ სახელმწიფოში. ამ საქმიანობის გამო აშშ-მა „ყუდსის ძალები“ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცების სიაში შეიტანა.
ისლამის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) დანაყოფი, „ყუდსის ძალები“, არის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც ირანის გარეთ მოქმედ აქტიურ პროირანულ გასამხედროებულ ორგანიზაციებს აერთიანებს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ეს დანაყოფი 1988 წელს.
2020 წლის იანვარში, როდესაც ყასემ სოლეიმანი აშშ-მა მოკლა, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ფარსმა“ გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელშიც ღიად იყო ნათქვამი, რომ „ყუდსის“ ძალები საიდუმლოდ მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მიმდინარე კონფლიქტებში, რაზეც თეირანი მანამდე დუმილს ამჯობინებდა.
ამ კონფლიქტებს განეკუთვნება 1992-1995 წლების ბოსნია-ჰერცეგოვინის ომი, რომელსაც ირანის ოფიციოზმა „ყუდსის“ პირველი სერიოზული ბრძოლის ველი“ უწოდა.
მაგრამ თავად „ყუდსის ძალების“ ლიდერი გაურბოდა მედიაში გამოჩენას. მისმა სახელმა პირველად სირიაში 2011 წლის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ გაიჟღერა,
სირიაში, რომელსაც სოლეიმანი უწოდებდა ირანის ისლამური რესპუბლიკის „სტრატეგიულ სიმაღლეს“, „ყუდსის ძალების“ სპეციალისტებმა დაიწყეს ავღანელი და პაკისტანელი შიიტების გადამზადება სამოქალაქო ომში ბაშარ ალ ასადის მხარეზე საბრძოლველად.
სირიის სამოქალაქო ომს ირანის „წინააღმდეგობის ღერძის“ გაძლიერების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანს უწოდებს ბეჰნამ ბენ ტალებლუ.
„სირიის სამოქალაქო ომი, ირანისთვის აღმოჩნდა იდეალური ლაბორატორია ერთობლივ ოპერაციებში სხვადასხვა მარიონეტული პირის ჩართვის თვალსაზრისით. და ჩვენ ვხედავთ მჭიდრო თანამშრომლობას და სადაზვერვო მონაცემების გაცვლას არა მხოლოდ ირანსა და მის მარიონეტებს, არამედ ასევე სირიის სამხედროებსა და რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს შორის. მაგრამ ერთობლივი ოპერაციებისა და სადაზვერვო მონაცემების გავლის მხრივ ამჟამინდელი ვითარების შესახებ ჩემთვის უცნობია“, - დასძენს ტალებლუ.
აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, 15 ოქტომბერს CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირანის ჩარევას ისრაელის და ღაზის ომში.
„უნდა მოვემზადოთ ყველა გაუთვალისწინებელი სიტუაციისთვის“, - თქვა მან ინტერვიუში.
- ისრაელმა ომი გამოუცხადა „ჰამასს“ მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ 7 ოქტომბერს შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც თავდაპირველად 1300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
- 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. ნახევარზე მეტი - ღაზის სექტორში.
- ისრაელის არმიის ინფორმაციით, რომელიც 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.
- გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
- საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სურსათის, წყლის, საწვავისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.
- 18 ოქტომბერს, აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.