Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბლინკენის გაფრთხილება“ - შეიძლება კავკასიაში ახალი ომი დაიწყოს?


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „არაზუსტს“ უწოდებს ცნობებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამერიკელი კანონმდებლების მცირე ჯგუფი გააფრთხილა, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრეს. ბაქოც უარყოფს ასეთ გეგმას. თუმცა სომხეთში შიში არ განელებიათ.

„ყარაბაღი აზერბაიჯანია“ - წინა კვირას, 15 ოქტომბერს ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის მთავარ, დაცარიელებულ ქალაქში აზერბაიჯანის დროშა აღმართა. და დემონსტრაციულად გათელა დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა.

ალიევის ბოლოდროინდელ რიტორიკაში სომხეთი აგრესიას გრძნობს და შიშობს, რომ ყარაბაღზე კონტროლის დამყარების შემდეგ აზერბაიჯანი ახლა უკვე სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე გაიწევს, და შეეცდება „ზანგეზურის დერეფნის“ იდეას ხორცი შეასხას.

მარტივად აგიხსნით:

  • რა არის „ზანგეზურის დერეფანი“, რის გამოც ახალი ომის დაწყებაზე ლაპარაკობენ;
  • რატომ ეწინააღმდეგება სომხეთი ამ პროექტს;
  • როგორია რეგიონული ძალების პოზიცია.

„ბლინკენის გაფრთხილება დახურულ შეხვედრაზე“

გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამერიკელი კანონმდებლების მცირე ჯგუფი გააფრთხილა, რომ აზერბაიჯანი შესაძლოა უახლოეს კვირებში სომხეთში - სომხეთის სამხრეთ ნაწილში - შეიჭრეს.

ამერიკულმა გამოცემამ 14 ოქტომბერს დაწერა, რომ ინფორმაცია მიაწოდა „ორმა ადამიანმა, რომლებიც საუბრის შინაარსს იცნობენ და რომელთაც დართეს ნება, ანონიმურად ესაუბრათ“. მაგრამ არ დაუსახელებია ისინი.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად. 2023 წლის 27 ივნისი
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად. 2023 წლის 27 ივნისი

„პოლიტიკოს“ თანახმად, ბლინკენმა წარმომადგენელთა პალატის წევრებთან დახურული სატელეფონო ზარისას ასევე განიხილა ყარაბაღში აზერბაიჯანის „სამხედრო ოპერაციის“ საპასუხოდ შესაძლო სადამსჯელო ზომები - იქნება ეს სამხედრო დახმარების შეჩერება თუ პოტენციური სანქციები, თუკი სომეხი მოსახლეობის უფლებების დარღვევები გაგრძელდება.

ამავე მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ბლინკენსა და წარმომადგენელთა პალატის წევრებს, მათ შორის ნენსი პელოსის, შორის შედგა ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს, - ყარაბაღის დაბრუნებიდან ორიოდე კვირაში.

ილჰამ ალიევის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჰიკმეთ ჰაჯიევმა „პოლიტიკოს“ უთხრა, რომ ახალი კონფლიქტის რისკი არ არსებობს.

„აზერბაიჯანმა აღიდგინა, რაც ლეგალურად, ისტორიულად და მორალურად ჩვენი იყო, და არ აქვს სურვილი, დე იურე სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრას“, - თქვა მან.

ჰიკმეთ ჰაჯიევი, ალიევის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში
ჰიკმეთ ჰაჯიევი, ალიევის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში

ცნობის გამოქვეყნების შემდეგ, 16 ოქტომბერს, სომხურ გამოცემა „არმენპრესს“ სახელმწიფო დეპარტამენტმა მიაწოდა პრესსპიკერ მეთიუ მილერის კომენტარი, რომლის თანახმადაც „პოლიტიკოში“ გამოქვეყნებული „სტატია არაზუსტია და არანაირად არ ასახავს იმას, რაც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა უთხრა კანონმდებლებს“. მაგრამ იქვე წერია, რომ:

„შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ აქამდეც აღგვინიშნავს, რომ სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი სახით დარღვევა სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“.

სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ხაზგასმა ბოლო 2-3 წელია, თანდათანობით ჩნდება სომხეთის დასავლელი პარტნიორების რიტორიკაში. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 24 სექტემბერს თქვა, რომ საფრანგეთი „ძალიან ფხიზლადაა და შეშფოთებულია სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის [შესაძლო ხელყოფასთან] დაკავშირებით“.

ილჰამ ალიევს 2022 წელს ასევე ნათქვამი აქვს, რომ არ აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, თუკი სომხეთი „სამშვიდობო შეთანხმებას“ არ მოაწერს ხელს. სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა მხარეებმა ფორმალურ შეთანხმებას ჯერჯერობით ვერც მოსკოვისა და ვერც დასავლეთის მედიაციით ვერ მიაღწიეს.

შიშის საფუძველი - „დერეფანი“ და მუქარა

მთიანი ყარაბაღი არ არის ერთადერთი საკითხი, რაზეც ორი მხარე ვერ თანხმდებოდა. მოუგვარებელია საზღვრის დელიმიტაციის საკითხი - ბაქო ამბობს, რომ ზუსტი საზღვრები დაუდგენელია და ამ საბაბით 2021-22 წლებში სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე მიიტანა იერიში.

სასაზღვრო დავის გარდა, კიდევ ერთი საკითხი, რაც ბოლო 3 წელია, ბაქოს დღის წესრიგშია, არის „ზანგეზურის დერეფანი“. ბაქო ამ „დერეფნის“ ამოქმედებას ითხოვს, მაგრამ ინიციატივას იმ სახით, როგორც ალიევს წარმოუდგენია, ერევანი მწვავედ ეწინააღმდეგება.

სომხეთს მოსვენებას არ აძლევს ალიევის რიტორიკა, მისი მუქარა, რომ თუ სომხეთი არ დათანხმდება, ძალის გამოყენებით გაჭრის დერეფანს. 2021 წელს აზერბაიჯანის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა:

„ზანგეზურის დერეფნის შექმნა სრულად ექცევა ჩვენს ეროვნულ, ისტორიულ და სამომავლო ინტერესებში. ჩვენ განვახორციელებთ ზანგეზურის დერეფანს, სურს ეს სომხეთს თუ არა. თუკი სურს, უფრო მარტივად მოვაგვარებთ, თუ არა და, ძალით გადავწყვეტთ“.

ილჰამ ალიევი ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას მიმართავს აზერბაიჯანელ ხალხს
ილჰამ ალიევი ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას მიმართავს აზერბაიჯანელ ხალხს

რა არის „ზანგეზურის დერეფანი“?

„ზანგეზურის დერეფანი“ არის პოტენციური სახმელეთო გზა, რომელიც აზერბაიჯანის ავტონომიურ რესპუბლიკა ნახიჩევანს თავის დანარჩენ ტერიტორიასთან დააკავშირებდა.

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა თურქეთსა და სომხეთს შორისაა მოქცეული და მას არ აქვს სახმელეთო კავშირი აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიასთან. რეგიონი, სადაც აზერბაიჯანის ნახევარი მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, წლებია, თურქეთიდან მარაგდება. ალიევს დანარჩენი აზერბაიჯანის ნახიჩევანთან პირდაპირი დაკავშირება სურს.

ამისთვის კი უმოკლესი სახმელეთო გზა სომხეთის ტერიტორიაზე გადის. „დერეფანმა“, - საავტომობილო გზის, ხიდების, გვირაბებისა და ახალი სარკინიგზო ხაზის ერთობლიობამ, - სომხეთის სამხრეთ ნაწილზე, სიუნიქის პროვინციაზე უნდა გაიაროს. ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რაზეც, „პოლიტიკოს“ თქმით, ბლინკენმა გააფრთხილა კანონმდებლები.

„ზანგეზურის დერეფანი“
„ზანგეზურის დერეფანი“
„ზანგეზურის დერეფანი“
„ზანგეზურის დერეფანი“

„ზანგეზურის დერეფანი“ აზერბაიჯანისა და მისი მოკავშირეებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია:

  1. „დერეფანი“ ბაქოს აძლევს პირდაპირ წვდომას თავის სრულ ტერიტორიასთან;
  2. ეს სატრანსპორტო ხაზი აზერბაიჯანს თავის უახლოეს მეგობარს, უმტკიცეს პარტნიორსა და მოძმეს, თურქეთს საქართველოსა და ირანის გვერდის ავლით დააკავშირებს;
  3. „დერეფანი“ საქართველოსა და ირანის გვერდის ავლით დააკავშირებს თურქეთს ცენტრალურ აზიასთან.

სწორედ ამიტომაც, რეფეჯ თაიფ ერდოანმა 26 სექტემბერს იმედი გამოთქვა, რომ დერეფანი რაც შეიძლება მალე ჩაეშვება: „იმედია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ზანგეზურის დერეფნის რეალიზება და ჩვენი საგზაო და სარკინიგზო კომუნიკაციები ჩვენს მეგობართან, ჩვენს ძმასთან, აზერბაიჯანთან, ნახიჩევანის გავლით, შეუფერხებელი იქნება“.

ილჰამ ალიევი, თავის მხრივ, დიდ იმედებს ამყარებს ამ პროექტზე: აცხადებს, რომ იგი კავკასიას მნიშვნელოვან სავაჭრო ჰაბად აქცევს; ის ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ „ძალიან აქტიურად“ მუშაობს ამ პროექტზე, რომელიც იქნება „დამატებითი გზა აზერბაიჯანიდან თურქეთის და ევროპის მიმართულებით“:

„ასე რომ, აზერბაიჯანის გავლით, მხოლოდ ერთი გზა, ბაქო-თბილისი-ყარსი კი არ იქნება, არამედ ზანგეზურის დერეფანიც, რაც ტვირთბრუნვის შესაძლებლობებს გაზრდის“, - ამბობს ის და დასძენს, რომ ევროპა-ჩინეთის დამაკავშირებელი „შუა დერეფანი“, აზერბაიჯანის გავლით, გაივლის საქართველოს პორტებზეც. „განვიხილავთ ინვესტირების შესაძლებლობებს ამ მიმართულებითაც“, - ამბობს ის.

რატომ ეწინააღმდეგება სომხეთი?

სომხეთი პრინციპის დონეზე არ ეწინააღმდეგება იმას, რომ მოლაპარაკებების შედეგად აზერბაიჯანს ნახიჩევანთან წვდომის შესაძლებლობა მისცეს, თუმცა ეწინააღმდეგება „ზეტერიტორიულობის“ პრინციპს.

საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანს სურს, „ზანგეზურის დერეფანი“ ტვირთებმა გაიაროს სომხური ბლოკპოსტების, სასაზღვრო კონტროლის, შესაბამისად, გადასახადების, საბაჟო კონტროლის გარეშე.

ამ სცენარს კი, სომხეთი, - რომლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშიც ექცევა მაგისტრალის ტერიტორია, - ამას თავისი სუვერენიტეტის შებღალვად აღიქვამს. მას სურს, ტვირთბრუნვა და გადაადგილება თავად აკონტროლოს.

სომხეთის შიშს, გარდა ალიევის მუქარისა, - უნდათ ეს თუ არა, დერეფანს მაინც გავაკეთებთო, - განაპირობებს აზერბაიჯანის ტერიტორიული ამბიციების ექო ილჰამ ალიევის რიტორიკაში.

აზერბაიჯანელების ნაწილის გადმოსახედიდან, სომხეთის დღევანდელი სიუნიქის პროვინცია აზერბაიჯანის ისტორიული კუთვნილებაა. მე-20 საუკუნეში, დამოუკიდებლობის პერიოდში, სომხეთსა და აზერბაიჯანს, სხვა რეგიონებთან ერთად, ამ ტერიტორიაზეც ჰქონდათ კონფლიქტი.

ილჰამ ალიევმა წელს 16 მარტს განაცხადა, რომ „საბჭოთა მთავრობის 1920 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებით, გამოეყო რა დასავლეთი ზანგეზური, ჩვენი ისტორიული მიწა, და გადაეცა სომხეთს, თურქული სამყარო გეოგრაფიულად გაიყო“.

2022 წლის 19 ოქტომბერს კი ილჰამ ალიევმა ანკარაში განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტია ოკუპაციისგან გათავისუფლებული ტერიტორიების აღორძინება და „ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის ქცევა ქვეყნის განვითარებულ კუთხედ“.

თავის მხრივ, დერეფანზე ბაქოს ინიციატივას, ტერიტორიული ამბიციების გარდა, 2020 წლის შეთანხმების ბაქოსეული წაკითხვა განაპირობებს.

კონფლიქტი, მეორე ომი და სამმხრივი შეთანხმება

სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის უახლეს ისტორიას რამდენიმე ძირითადი ფაზა ჰქონდა:

  1. პირველი ომი - რომელიც 1988 წელს დაიწყო და 1994 წელს სომხური ძალების მიერ მთიანი ყარაბაღისა და გარშემო 7 რაიონის ოკუპაციით დასრულდა. აზერბაიჯანი დამარცხდა;
  2. მოგვიანებით იყო მედიაციის წარუმატებელი მცდელობები, მათ შორის ეუთოს ეგიდით, პარალელურად კი, სასაზღვრო შეტაკებები, რაც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა;
  3. მეორე ომი: 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო 44-დღიანი სამხედრო მოქმედებები, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის სახელით არის ცნობილი. ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის მნიშვნელოვან ნაწილსა და მის გარშემო შვიდივე მოსაზღვრე რაიონზე. ამჯერად სომხური ძალები დამარცხდნენ.

2020 წლის ომი დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი შეთანხმებით ბაქოს, ერევანსა და მოსკოვს შორის - მოსკოვის მედიაციით.

ყარაბაღის მეორე ომში სომხური ძლები დამარცხდნენ
ყარაბაღის მეორე ომში სომხური ძლები დამარცხდნენ

ილჰამ ალიევი, როდესაც სომხეთს ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებისკენ მოუწოდებს, სწორედ ამ შეთანხმების მე-9, ბოლო პუნქტზე მიუთითებს.

კრემლის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ამ პუნქტში წერია, რომ „რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო ხაზი განიბლოკება“. კერძოდ:

  • სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო ხაზების უსაფრთხოებას, რათა მოახდინოს მოქალაქეების, ავტომობილებისა და ტვირთის შეუფერხებელი მოძრაობა ორივე მიმართულებით“;
  • „სატრანსპორტო კომუნიკაციის კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო დაცვის სამსახური“;
  • „მხარეთა შეთანხმებით, იწყება ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა“.

ერევანი მოსკოვის წინააღმდეგ

ფაშიანინმა 2023 წლის 10 ოქტომბერს ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, გაუხსნას გზა თურქეთსა და აზერბაიჯანს, თუმცა ხაზი გაუსვა სომხეთის სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობას და თქვა:

„არცერთ მესამე ძალას არ უნდა ჰქონდეს სომხეთის რომელიმე ტერიტორიაზე კონტროლი“.

16 ოქტომბერს ბიბისის რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში ალიევის მრჩეველმა ელჩინ ამირბეკოვმა თქვა, რომ „ეს [სიუნიქი] სომხეთის სუვერენული ტერიტორიაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ უზრუნველყოფს მეორე მხარე დერეფნით გადაადგილების უსაფრთხოებას“.

„გვეუბნებიან, რომ სამმხრივ შეთანხმებაში წერია, რომ უსაფრთხოება რუსეთმა უნდა უზრუნველყოს. მე ვამბობ, რომ ასეთი ჩანაწერი არ არსებობს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი თურქემენეთში 2019 წელს
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი თურქემენეთში 2019 წელს

რუსეთი, თავის მხრივ, ამბობს, რომ მხარეებმა პატივი უნდა სცენ სამმხრივ შეთანხმებას. მაგრამ აქ შემდეგი სირთულე იჩენს თავს: აზერბაიჯანი სომხეთს სდებს ბრალს შეთანხმების სხვა პუნქტების შეუსრულებლობაში; სომხეთი კი რუსეთსა და აზერბაიჯანს უყენებს ასეთსავე პრეტენზიებს.

როდესაც 2023 წლის 25 მაისს მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრების შეხვედრა გაიმართა, ფაშინიანმა და ალიევმა ვლადიმირ პუტინის თანდასწრებით სწორედ ამ საკითხზე იკამათეს:

  • ალიევმა „ზანგეზურის დერეფანი“ ახსენა;
  • ფაშინიანმა ალიევს შეუსწორა, სწორი ფორმულირება „ზანგეზურის გზა“ არისო;
  • ალიევმა უპასუხა, ამის ინიციირება ჩვენი უფლებაა და რუსეთის ფედერაციაც მხარს გვიჭერსო;
  • ფაშინიანმა გაიკვირვა, - ამ იდეისადმი რუსეთის მხარდაჭერა ჩემთვის სიახლეაო.
  • პუტინმა, ლიდერების 20-წუთიანი კამათის შემდეგ ამ საკითხს „მეორეხარისხოვანი“ უწოდა და საუბრის თემა შეცვალა.

ბოლო პერიოდში ერევანსა და მოსკოვს შორის პოლიტიკური დაპირისპირება გაზრდილია. ფაშინიანი ახლა „სტრატეგიულ შეცდომად“ აფასებს სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებას და მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის უმოქმედობას აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში - როგორც ყარაბაღის, ასევე სასაზღვრო საკითხში.

17 ოქტომბერს ფაშინიანი ევროპარლამენტში გამოვიდა სიტყვით და მწვავედ გააკრიტიკა თავისი „პარტნიორები“, რის შემდეგაც მოსკოვში თქვეს, რომ „ფაშინიანი ზელენსკის გზას დაადგა“.

ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ესწრება 9 მაისის აღლუმს. 2023 წლის ფოტო
ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ესწრება 9 მაისის აღლუმს. 2023 წლის ფოტო

რეგიონული ძალების ხედვა

„ზანგეზურის დერეფანზე“ სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამ დიდ ძალას ასეთი პოზიციები აქვს:

  • თურქეთი სრულად უჭერს მხარს ალიევის იდეას; დერეფანი მას არა მარტო ბაქოს დაუკავშირებს, არამედ კასპიის ზღვის გავლით ცენტრალურ აზიასაც, სადაც თურქეთის ინტერესები მზარდია;
  • რუსეთი, ერთი მხრივ, დაინტერესებულია ეკონომიკური სარგებლით, - შეუძლია დამატებით ეს გზა (რუსეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი) გამოიყენოს თურქეთთან სავაჭროდ. მეორე მხრივ კი, დერეფნის ზედამხედველობა პოლიტიკური და უსაფრთხოების გავლენის შენარჩუნებას ნიშნავს;
  • ირანი, რომელიც 2020 წლის ომის შემდეგ პროსომხურ პოზიციებს იკავებს, დერეფნის იდეას ეწინააღმდეგება. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 2022 წლის ივლისში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ირანი არ დაუშვებს სომხეთთან საზღვრის ჩაკეტვას.
    • ირანის თავდაცვის მინისტრმა მოჰამედ რეზა აშტიანიმ რუს კოლეგა სერგეი შოიგუსთან საუბრისას თქვა, რომ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ირანის ერთ-ერთი „წითელი ხაზია“.

ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები 2023 წლის რამდენიმე თვის განმავლობაში უკიდურესად დაძაბული იყო. თუმცა 6 ოქტომბერს ორმა ქვეყანამ საფუძველი ჩაუყარა ახალი ხიდის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანის ზანგილანის პროვინციას ირანთან, იქიდან კი ნახიჩევანს.

აზერბაიჯანელი ანალიტიკოსების ნაწილი წერს, რომ ეს მოულოდნელი შეთანხმება სომხეთის, ირანისა და დასავლური ქვეყნების ნაწილის შიშს „სიუნიქის შესაძლო ინტერვენციის“ შესახებ გაანეიტრალებს.

თუმცა ამ სცენარში აზერბაიჯანი ირანის ტერიტორიაზე ხდება დამოკიდებული, - რასაც ვერ აკონტროლებს.

საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე თავისი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. ზოგადად, საქართველო მხარს უჭერს სომხეთ-აზერბაიჯანის შერიგებას და მიესალმება რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. თუმცა „ზანგეზურის დერეფნის“ გაჩენის შემდეგ მას, როგორც „შუა დერეფანში“ ჩინეთ-ცენტრალური აზიისა და თურქეთის დამაკავშირებელ რგოლს, კონკურენტი უჩნდება.

XS
SM
MD
LG