Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აშშ-ის სასამართლო განიხილავს რადიო თავისუფლების სარჩელს USAGM-ის "დამაზიანებელ" ნაბიჯებზე

აშშ-ის სასამართლო განიხილავს რადიო თავისუფლების სარჩელს USAGM-ის "დამაზიანებელ" ნაბიჯებზე


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) შტაბ-ბინის ფასადი პრაღაში
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) შტაბ-ბინის ფასადი პრაღაში

24 მარტს აშშ-ის სასამართლომ უნდა განიხილოს აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს წინააღმდეგ რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების (რთე/რთ) სარჩელი „გამოუსწორებელი ზიანის თავიდან ასაცილებლად“, მაუწყებლისთვის კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტის შეჩერების გამო. ეს ზიანი დადგება რთე/რთ-სთვის კონგრესის მიერ განსაზღვრული გრანტის შეჩერებით - რაც ნაწილია სააგენტოს ძალისხმევისა, მაუწყებელს დაფინანსება შეუწყდეს.

აშშ-ის კოლუმბიის საოლქო სასამართლო მხარეთა არგუმენტებს ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან მოისმენს. (თბილისის დროით ღამის 10 საათი).

RFE/RL-ი პირველ ეტაპზე ითხოვს USAGM-მა - რომელიც ზედამხედველობს აშშ-ის ხელისუფლების მხარდაჭერით მოქმედ მედიასაშუალებებს, მათ შორის რადიო თავისუფლებასა და "ამერიკის ხმას" (VOA) - გაათავისუფლოს რადიო თავისუფლებისთვის განკუთვნილი 7,5 მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც ფარავს 1 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით პერიოდს - USAGM-მა 15 მარტს გამოაცხადა, რომ რადიო თავისუფლებას შეუწყვიტა კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი.

სარჩელში ნათქვამია, რომ RFE/RL-სთვის კონგრესის მიერ განსაზღვრული გრანტის შეჩერება არღვევს ფედერალურ კანონებს და აშშ-ის კონსტიტუციას, რომლებიც კონგრესს ანიჭებენ საბოლოო უფლებამოსილებას ფედერალური ხარჯების გარშემო. სარჩელი ასევე მოიცავს სასამართლოსადმი თხოვნას დროებითი შემაკავებელი ორდერის (TRO) გაცემაზე, რათა გაიცეს მარტის დაფინანსება და შემცირდეს მაუწყებლისთვის მიყენებული ზიანი.

RFE-ის სამართლებრივი ნაბიჯები ასევე ითვალისწინებს მთელი 2025 წლის საბიუჯეტო თანხების მოპოვებას - რომლებიც 30 სექტემბრამდეა განსაზღვრული. ამ ბალანსის თაობაზე წინასწარი მოსმენა აპრილის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

"ჩვენი ფრილანსერებისთვის კონტრაქტების შეწყვეტა და ჩვენი თანამშრომლების უხელფასო შვებულებებში გაშვება მნიშვნელოვნად შეზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, ცენზურის გარეშე ინფორმაცია მივაწოდოთ იმ 23 ქვეყანას, რომლებსაც ვემსახურებით", - ამბობს RFE/RL-ის პრეზიდენტი სტივენ კაპუსი სასამართლო სარჩელში, რომლითაც კომპანიისთვის დაფინანსების შეჩერების შედეგებია აღწერილი.

RFE/RL-ის სარჩელი დასძენს: "სასამართლომ უნდა გასცეს RFE/RL-ის მიერ მოთხოვნილი, ზომიერი შემაკავებელი ორდერი, რათა თავიდან იყოს აცილებული გამოუსწორებელი ზიანის დადგომა პირველ წინასწარ განხილვამდეც".

თავის მხრივ, USAGM განცხადებაში ამბობს, რომ საოლქო სასამართლო ამ საქმის განსახილველად არასწორი უწყებაა, და რომ კონგრესმა USAGM-ს მიანიჭა "ფართო უფლებამოსილება გრანტის მიმღებთა ზედამხედველობისთვის. მაშინაც კი, თუკი სასამართლოს ექნებოდა USAGM-ის შეხედულების გადაწონის იურისდიქცია, ეს არ მოემსახურებოდა საჯარო ინტერესს".

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მიერ რადიო თავისუფლების დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე საათით ადრე ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება, შვიდი ფედერალური სააგენტოს, მათ შორის USAGM-ის შემცირებაზე მხოლოდ კანონით და საწესდებო დებულებებით მოთხოვნილ დონემდე.

RFE/RL-ს გრანტი შეუწყდა წერილით, რომელსაც ხელს აწერდა კერი ლეიკი, როგორც " USAGM-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარი მრჩეველი, რომელსაც უფლებამოსილება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან აქვს მინიჭებული". წერილში ნათქვამი იყო, რომ გრანტი აღარ წარმოადგენდა USAGM-ის პრიორიტეტებს. სხვა ახსნა-განმარტება წერილში არ ყოფილა მითითებული.

ყოფილი ტელეწამყვანი და არიზონის სენატორობის კანდიდატი კერი ლეიკი პრეზიდენტმა ტრამპმა გასული წლის დეკემბერში წარადგინა "ამერიკის ხმის" (VOA) დირექტორად, თუმცა მისი კანდიდატურა საერთაშორისო მაუწყებლობის მრჩეველთა საბჭომ (IBAB) უნდა დაამტკიცოს.

ეს საბჭო კონგრესის მიერაა შექმნილი, და მას USAGM-ის ზედამხედველობა ევალება. IBAB-ის წევრები აშშ-ის ადმინისტრაციამ იანვარში გაათავისუფლა, თუმცა მათი შემცვლელები ჯერ არ დაუნიშნავთ.

USAGM-მა თებერვალში გამოაცხადა რომ კერი ლეიკი ამ სააგენტოს სპეციალური მრჩეველი გახდა.

USAGM და "ამერიკის ხმა" ფედერალური სააგენტოებია, ხოლო რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო, არაკომერციული კორპორაცია, რომლის დაფინანსების წყარო აშშ-ის კონგრესის მიერ გამოყოფილი ყოველწლიური გრანტია. ამერიკის ხმისგან განსხვავებით რადიო თავისუფლების ჟურნალისტები არ არიან აშშ-ის ფედერალური ხელისუფლების მუშაკები.

ტრამპს, რომელმაც იანვარში მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა სამთავრობო ხარჯების შესამცირებლად - პრეზიდენტობის პირველ ვადაში USAGM-თან კონფლიქტი ჰქონდა სარედაქციო დამოუკიდებლობის და პროგრამული პრიორიტეტების გარშემო.

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კონგრესმა დაიცვას USAGM, უზრუნველყოს მათთან დაკავშირებული ჟურნალისტების უსაფრთხოება და კიდევ ერთხელ განაცხადოს, რომ აშშ-ის ხელისუფლება ერთგულია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიისა, შინაც და საზღვრებს გარეთაც", - წერენ პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების დამცველი 28 ჯგუფის წარმომადგენლები აშშ-ის კანონმდებლებისადმი 19 მარტს მიწერილ წერილში.

RFE/RL-ის დაფინანსების სამომავლო პერსპექტივის ბუნდოვანების ფონზე, რადიო თავისუფლების მხარდაჭერის შესაძლებლობაზე ფიქრი დაიწყეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსებმა.

USAGM არის აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს ახალი ამბებისა და ინფორმაციის მაუწყებლობას 50-მდე ენაზე, კვირაში 361 მილიონამდე ადამიანისთვის.

2025 ფისკალური წლისთვის USAGM-სგან მოთხოვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა 950 მილიონ დოლარს, რითაც უნდა დაფინანსებულიყო თავად USAGM, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL), "ამერიკის ხმა", რადიო თავისუფალი აზია, კუბის მაუწყებლობა (Radio Marti), ახლო აღმოსავლეთის მაუწყებლობის ქსელი (MBN) და ღია ტექნოლოგიის ფონდი.

საკუთრივ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, USAGM-ის დოკუმენტების თანახმად, 2025 წლისთვის შეადგენდა 153 მილიონამდე დოლარს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG