რადიო თავისუფლება: ებრაელებისა და პალესტინელების კონფლიქტი ძველი და მრავალმხრივია. რელიგიური ასპექტი აქ წამყვანი არ არის, მაგრამ მაინც, რომელი სარწმუნოებრივი საკითხებია ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი?
მალხაზ სონღულაშვილი: ეს კონფლიქტი არც ისეთი ძველია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დაპირისპირება დაიწყო მე-20 საუკუნის დამდეგს, როდესაც პალესტინაში ებრაელების რაოდენობამ იმატა, ისინი იქ დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ჩადიოდნენ.
როდესაც ოსმალეთის იმპერია დაიქცა და პალესტინა ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ გადავიდა, კონფლიქტი კიდევ უფრო გაძლიერდა. ორივე მხრიდან იყო ძალადობა. 1948 წელს ჩამოყალიბდა ისრაელის სახელმწიფო, ოღონდ ამას მშვიდობა არ მოუტანია.
თუმცა, ეს პოლიტიკური კონფლიქტია. სიონისტებს, რომლებსაც ისრაელის სახელმწიფოს აღდგენა სურდათ, რელიგიური მოტივი არ ჰქონიათ. ვერ ვიტყვით, რომ ეს არის რელიგიური კონფლიქტი, თუმცა, როგორც ყველა კონფლიქტს, ამასაც აქვს რელიგიური სარჩული.
რადიო თავისუფლება: ვინ იყვნენ სიონისტები?
მალხაზ სონღულაშვილი: მე-19 საუკუნის ინტელექტუალები, სეკულარული ებრაელები. ისინი მიიჩნევდნენ, რომ რადგან ებრაელობა ეთნოსია, ხალხია, მათ სახელმწიფოც სჭირდებათ. მათი იდეა იყო, აღდგენილიყო ებრაელების ისტორიული სახელმწიფო, ისრაელი. მანამდე სხვა ადგილებზეც ფიქრობდნენ, სადაც შეიძლებოდა ახალი ქვეყანა დაეარსებინათ, მათ შორის განიხილებოდა ტერიტორიები აფრიკაში. მაგრამ ამ იდეას განხორციელება არ ეწერა, რადგან ებრაელებს ყოველთვის ჰქონდათ მიზიდულობა ისტორიული სამშობლოსადმი.
ირონიაა ის, რომ ებრაელები და პალესტინელები „ბიძაშვილები“ არიან. ორივენი თავიანთ წარმომავლობას უკავშირებენ აბრაამს (ისლამური ტრადიციით, მას იბრაჰიმი ეწოდება). აბრაამს ჰყავდა ორი ვაჟი: ისმაილი, რომელიც სუროგაციის მეშვეობით შეეძინა და იცხაკი (იგივე ისააკი - რ.თ.), რომელიც მეუღლემ, სარამ გაუჩინა სიბერეში.
რადიო თავისუფლება: რომ დავაზუსტოთ, რა იგულისხმება სუროგაციაში?
მალხაზ სონღულაშვილი: სუროგაცია იმდროინდელ აღმოსავლეთში გავრცელებული ტრადიცია იყო. თუ ქალს ბავშვი არ უჩნდებოდა (უშვილობა კი ძალიან დიდ ტრაგედიად მიიჩნეოდა), მას შეეძლო თავისი მოახლე „მიერთმია“ მეუღლისთვის და ბავშვი, რომელიც მოახლეს გაუჩნდებოდა, მის შვილად ჩაითვლებოდა.
ებრაელებიც და პალესტინელებიც აღიარებენ, რომ ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები, ორივენი აბრაამის შთამომავლები არიან, პალესტინელები ისმაილის, ებრაელები - იცხაკის.
რადიო თავისუფლება: ვინ არიან დღევანდელი პალესტინელები?
მალხაზ სონღულაშვილი: პალესტინელები არიან არაბები, რომლებიც წმინდა მიწაზე არსებული ძველი ტრადიციის გამგრძელებლებად აღიქვამენ თავს. პალესტინელები თავიანთ სახელს უკავშირებენ უძველეს ტომს, ფილისტიმელებს. მათი წარმომავლობის შესახებ ძალიან ბევრი კვლევა არსებობს. თუმცა, დაზუსტებით დღემდე არავინ იცის, ვინ არიან ისინი: ფილისტიმელებისა და არაბების შერწყმის შედეგად წარმოშობილი ხალხი თუ ფილისტიმელების, არაბებისა და ებრაელების შერწმის შედეგად შექმნილი მოსახლეობა. მაგრამ კულტურულად ისინი არაბული სამყაროს ნაწილად მიიჩნევენ თავს, მათი ენა არაბულია.
რადიო თავისუფლება: მათი სარწმუნოება კი ისლამი.
მალხაზ სონღულაშვილი: თავდაპირველად, პირველ ინტიფადამდე (არაბთა განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს ტერიტორიების გათავისუფლებას ან მმართველობის წინააღმდეგ აჯანყებას. ამჟამად, სიტყვა „ინტიფადა“ ყველაზე ხშირად გაგებულია, როგორც პალესტინელი არაბების შეიარაღებული ბრძოლა დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში ისრაელის წინააღმდეგ. პირველი ინტიფადა დაიწყო 1987 წელს და დასრულდა 1993 წელს. მეორე ინტიფადა მიმდინარეობდა 2000-2005 წლებში - რ.თ.) პალესტინელების სარწმუნოება არ იყო ერთგვაროვანი, არც დღესაა. პალესტინელების დიდი ნაწილი მუსლიმი იყო, ნაწილი კი - ქრისტიანი.
პირველი ინტიფადას შემდეგ ქრისტიანი პალესტინელები თანდათან ტოვებდნენ პალესტინას და ცოტანი დარჩნენ, მაგრამ ვინც არიან, ისინიც, განსაკუთრებით პირველ ინტიფადამდე, აქტიურად იღვწოდნენ და იღვწიან პალესტინის დამოუკიდებლობისთვის.
ისინი განაწილებულები არიან რამდენიმე მიმდინარეობად, არიან პალესტინელი მართლმადიდებლები, პალესტინელი ანგლიკანები და პალესტინელი პროტესტანტები. ნაზარეთში, ხაიფაში, ბეთლემის ნაწილში დღემდე ძალიან ბევრი პალესტინელი ქრისტიანია.
რადიო თავისუფლება: პალესტინელებს ისრაელის ტერიტორიის მიღმა, კიდევ აქვთ სამშობლო?
მალხაზ სონღულაშვილი: არა, ისინი საუკუნეების განმავლობაში იქ ცხოვრობდნენ. კონფლიქტის, განსაკუთრებით 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ, პალესტინელების დიდი ნაწილი ლტოლვილად იქცა. ზოგი იორდანიაში წავიდა, ზოგი - ერაყში. ისინი დღემდე თავს პალესტინელებად, ლტოლვილებად მიიჩნევენ და სამშობლოში დაბრუნებას ელიან. მათი ინტეგრაცია სხვა არაბულ სამყაროში არ მომხდარა, მიზეზი სწორედ მათივე ძლიერი პალესტინური ფესვები იყო.
რადიო თავისუფლება: იერუსალიმი, რომელიც ორად არის გაყოფილი, პალესტინურ და ებრაულ ნაწილად... ეს ქალაქი ბევრი რელიგიური მიმდინარეობისთვის არის წმინდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მას კონკრეტულად ებრაელებისთვის და პალესტინელებისთვის?
მალხაზ სონღულაშვილი: რატომ არის იერუსალიმი მნიშვნელოვანი ებრაელებისთვის? ერთი, რომ აქ მდებარეობდა დავითისა და სოლომონის დედაქალაქი, მაშინ, როდესაც ისრაელი გაერთიანებული, დიდი სახელმწიფო იყო.
გარდა ამისა, მას გამოკვეთილად რელიგიური მნიშვნელობა აქვს. როდესაც ებრაელები ამ მიწაზე დამკვიდრდნენ, მათ ჰქონდათ მოძრავი კარავი, მოძრავი ტაძარი. სოლომონ მეფემ დღევანდელი იერუსალიმის გულში, კლდეზე, ქვის დიდი ტაძარი ააშენა. ეს ე.წ. საძირკვლის კლდეა. ებრაული მითოსის თანახმად, როდესაც ღმერთი სამყაროს ქმნიდა, მან სამყარო სწორედ ამ ქვაზე დააშენა.
ტაძარი რამდენჯერმე დაინგრა. საბოლოოდ განადგურდა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, იმპერატორ ვესპასიანეს დროს, რომაელი მხედარმთავრის უშუალო ბრძანებით. მას შემდეგ ებრაელებს სალოცავი არ გააჩნდათ.
მეშვიდე საუკუნეში, ისლამის გავრცელების კვალდაკვალ, იერუსალიმი მუსლიმებმა დაიკავეს. ნატაძრალის ადგილას ხალიფა ომარმა მეჩეთი „კლდის გუმბათი“ ააშენა. ეს არის ადგილი, სადაც აბრაამს ღვთისთვის თავისი ვაჟი უნდა შეეწირა. ქრისტიანული და იუდაველი ტრადიციის მიხედვით, ეს ვაჟი იცხაკი იყო, ისლამის მიხედვით - ისმაილი.
იქვე არის ალ-აქსას მეჩეთიც.
დიდი ხნის განმავლობაში ებრაელებს ამ ადგილას მისვლაც კი ეკრძალებოდათ. ექვსდღიანი ომის შემდეგ ებრაელებმა მიიღეს უფლება, ელოცათ ტაძრის გალავნის იმ კედელთან, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
რადიო თავისუფლება: იგივე გოდების კედელთან?
მალხაზ სონღულაშვილი: მართალია, მუსლიმების ნაწილი უარყოფს, რომ ეს იერუსალიმის ტაძრის კედელია, მაგრამ არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ ეს არის იმ ტაძრის ფრაგმენტი, რომელიც ჰეროდე დიდმა აღადგინა. მაგრამ იქ, სადაც უშუალოდ „კლდის გუმბათი“ და ალ-აქსას მეჩეთია, ებრაელებს ეკრძალებათ ლოცვა.
არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მუსლიმებისთვის ალ-კუდსი (ისინი ასე უწოდებენ იერუსალიმს, ეს სიტყვა არაბულად ნიშნავს „წმინდას“ - რ.თ.) სიწმინდით მესამე ქალაქია მექასა და მედინას შემდეგ. ერთი წლით ადრე, ვიდრე მუჰამედი იძულებული გახდებოდა მექადან გაქცეულიყი, ანუ 621 წელს, მუჰამედი სასწაულებრივად მექადან ალ-კუდსში იქნა გადმოყვანილი. ეს ორი ქალაქი დაახლოებით 800 კილომეტრით არის დაშორებული ერთმანეთისგან. ამ მოგზაურობისას მას თან ახლდა ორი მთავარანგელოზი: ჯიბრილი და მიქალი (ქრისტიანული და იუდევური ტრადიციით: გაბრიელი და მიქაელი), იმ ადგილას, სადაც ახლა „კლდის გუმბათია“, მუჰამედი ზეცად ამაღლდა და უზენაესს ესაუბრა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ღირებულია მუსლიმებისთვის.
თუმცა, ეს ადგილი იურიდიულად არც ისრაელს ეკუთვნის და არც პალესტინას. მას მართავს დამოუკიდებელი ფონდი, რომელსაც იორდანიის სამეფო აფინანსებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია იორდანიას ეკუთვნის. აი, ასეთი უცნაური გარიგებაა დადებული ამ ადგილთან დაკავშირებით.
რადიო თავისუფლება: მუდმივად საუბრობენ იერუსალიმის ტაძრის აღდგენაზე, მაგრამ ამ ადგილას უკვე არის მუსლიმური სიწმინდე. როგორ შეიძლება ეს საკითხი გადაიჭრას?
მალხაზ სონღულაშვილი: ფუნდამენტალური იუდაიზმის წარმომადგენლები მართალაც ფიქრობენ, რომ ტაძარი უნდა აღდგეს. ეს იქ არსებული სხვა რელიგიური სიწმინდეების დანგრევას გულისხმობს, რაც, რა თქმა უნდა, პროვოკაციულია. ამ ჯგუფის წარმომადგენლებს უკვე გამზადებულიც კი აქვთ ნივთები ტაძრის მოსაწყობად. როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, ძალიან რთული სათქმელია. მართლაც უნდა აღდგეს ტაძარი თუ არა? ან თუ აღდგეს, რომელი უნდა აღდგეს, რომელიც სოლომონის დროს იყო თუ რომელიც ჰეროდე დიდის დროს იყო?
რადიო თავისუფლება: კიდევ რა არის ისრაელში ისეთი, რაც რელიგიური დავის საგანი შეიძლება გახდეს? მე მახსენდება ბეთლემი, რომელიც ახლა პალესტინელების ხელშია.
მალხაზ სონღულაშვილი: ბეთლემი ქრისტიანი პალესტინელების ხელშია, თუმცა იქ მუსლიმებიც ცხოვრობენ, იგივე შეიძლება ითქვას ნაზარეთზეც, სადაც ქრისტე დაიბადა და ბავშვობა გაატარა. აქაც მოსახლეობის უმეტესობა პალესტინელები არიან. მაგრამ არცერთი სხვა ადგილი და სიწმინდე ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც იერუსალიმი.
კიდევ ერთი ადგილი, რომელთან დაკავშირებითაც დაძაბულობაა, არის ქალაქი ჰებრონი. ჰებრონში ძირითადად პალესტინელები სახლობენ.
ქალაქის მთავარი სალოცავი ებრაულ და ისლამურ ნაწილებად არის გაყოფილი. სალოცავი მდებარეობს ებრაელი და მუსლიმი პატრიარქებისა და მატრიარქების საფლავებზე. აქ არიან დაკრძალულები აბრაამი და სარა, იცხაკი და რებეკა, ისააკი და ლეა. იაკობის ერთ-ერთი მეუღლის რახილის საფლავი კი არის ბეთლემში. ესეც საერთო მოსალოცი ადგილია. აქ სალოცავად ის ქალები მიდიან, რომლებსაც შვილები არა ჰყავთ.