რუსეთში დარწმუნებული არიან, რომ კი.
ამასთან, რუსეთი პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების მხარდამჭერია და „ჰამასის“ დელეგაციას სხვადასხვა დროს მოსკოვში ოფიციალურ დონეზეც მასპინძლობდნენ.
უკრაინის გამოწვევა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს ნატოს ქვეყნებს, რომ გაერთიანდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ. ის ვერ ხედავს განსხვავებას რუსეთსა და „ჰამასს“ შორის, რომელიც აშშ-მა და ევროკავშირმა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს.
„ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ისრაელს თავს დაესხა ტერორისტული ორგანიზაცია ["ჰამასი"], ხოლო უკრაინას - ტერორისტული სახელმწიფო [რუსეთი]“, - მიმართა ზელენსკიმ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, 9 ოქტომბერს, ონლაინჩართვისას. მან ასევე ილაპარაკა რუსეთის მოკავშირე ირანის როლზე, როგორც უკრაინაში მიმდინარე ომთან, ასევე ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმასთან მიმართებით.
მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, ღაზის სექტორის მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა და ასობით ადამიანი დახოცა, რუსეთის სოციალურ ქსელებს კმაყოფილების ტალღამ გადაუარა. აღნიშნავდნენ, რომ - ამიერიდან უკრაინა დასავლეთის დახმარებას უნდა დაემშვიდობოს, რადგან აშშ-ისთვის ისრაელის დახმარება გაცილებით უფრო პრიორიტეტული გახდება.
იმავეს იმეორებენ ბელარუსულ არხებზეც.
„უკრაინული საკითხი ჩრდილში გადაინაცვლებს და განსაკუთრებით იმ შემთხვევში, თუკი დაიწყება დიდი ომი ირანთან. შეერთებული შტატებისთვის ისრაელი უკრაინა არ არის. აშშ-ში ისრაელის ლობისთან ახლოსაც ვერ მივა პოლონური და მით უმეტეს - უკრაინული ლობი“, - ამბობს ბელარუსულ „ბელტას“ ეთერში პოლიტოლოგი იური შევცოვი.
არავის გაუკვირდა, რომ მტკიცე მოკავშირე აშშ-მა ისრაელს დახმარების ხელი უკვე გაუწოდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფის გაგზავნის შესახებ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ისიც განაცხადა, რომ ასევე გადაიდგა ნაბიჯები „რეგიონში საჰაერო ძალების F-35, F-15, F-16 და A-10 გამანადგურებლების ესკადრილიების გასაძლიერებლად“.
არაფერი თქმულა სამომავლოდ უკრაინისთვის დახმარების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ. ექსპერტების დიდი ნაწილი შეუძლებლად მიიჩნევს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინას ზურგი შეაქციონ.
„ეს იქნება ევროპის დასასრული, თუკი უკრაინა დამარცხდება“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინულ Forbes-თან.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი უკრაინის დისკრედიტაციას ცდილობს - უკრაინაში, ბრძოლის ველზე ნაალაფარი [აშშ-სა და ევროპაში წარმოებული] იარაღის პალესტინელებისთვის გადაცემით.
ოფიციალური ტექსტის თანახმად, „ჰამასისთვის“ იარაღი უკვე გადაცემულია და რუსეთის „მასშტაბური პროვოკაციის“ მიზანია „უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია, რათა მას დასავლელმა პარტნიორებმა შეიარაღების მიწოდება სრულად შეუწყვიტონ“.
მსგავსი შინაარსის პუბლიკაციები უკვე გამოჩნდა რუსეთის სახელმწიფო მედიაში.
აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით შეკითხვები ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმამდე გაჩნდა, როდესაც აშშ-ის კონგრესის მიერ 30 სექტემბერს დამტკიცებულ დროებით ბიუჯეტში უკრაინის დახმარება არ იქნა გათვალისწინებული.
„ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელმა, უკრაინაში აშშ-ის ელჩმა 2003-2006 წლებში, ჯონ ჰერბსტმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აშშ 2023 წელს მოაწერს ხელს კიევისათვის მნიშვნელოვანი დახმარების გამოყოფას. კიევს ვაშინგტონის სამხედრო და ფინანსური დახმარება კვლავაც ექნება, - თვლის ამერიკული ექსპერტების დიდი ნაწილი. თუმცა ბევრი რამ მომავალ არჩევნებზეც იქნება დამოკიდებული.
THE HILL-ის თანახმად, აშშ-ის ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში - თავდასხმა არც უკრაინაზე იქნებოდა და არც ისრაელზე. ის აღნიშნავს, რომ ეს ორი თავდასხმა „ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს“.
„რუსეთი ფიქრობს, რომ რაც უფრო გაიფანტება მსოფლიოს ყურადღება, მით უფრო გაეხსნება მას ხელ-ფეხი უკრაინაში... ღია წყაროებით რასაც ვხედავთ, ეს არის რუსი პროპაგანდისტების ღია მხარდაჭერა "ჰამასის" ქმედებების მიმართ და ვხედავთ იმასაც, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს, მსოფლიოს ყურადღება, გადაწყვეტილების მიმღებთა ყურადღება უკრაინიდან სხვა საკითხებზე გადაიტანოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტიკის ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.
მისთვის ძნელი სათქმელია, რამდენად შეიძლება გამწვავდეს ვითარება და მივა თუ არა საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებაში დიდი მოთამაშეების ჩართვამდე, მაგრამ, როგორც გვეუბნება, ვითარების გამწვავების შემთხვევაშიც კი, „შეერთებულ შტატებს ორ ფრონტზე მოქმედება არ გაუჭირდება და შეძლებს, რომ შესაბამისი ყურადღება გამოიჩინოს როგორც უკრაინის, ასევე ისრაელის მიმართ“.
ექსპერტებისთვის ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რა როლს თამაშობს რუსეთი სისხლისმღვრელ სცენარში, რომელიც ისრაელში განვითარდა. მაგრამ მათთვის ნათელია რუსეთის კავშირები როგორც „ჰამასთან“, ასევე „ჰამასის“ მთავარ მოკავშირე - ირანთან.
გერმანელი ანალიტიკოსი, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პოლიტიკის ექსპერტი ჰანა ნოტე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სისხლისღვრელ პროცესებში რუსეთი პირდაპირ არის ჩართული.
მისი შეფასებით:
- არ გამოაშკარავებულა ფაქტები, რუსეთის მიერ „ჰამასისთვის“ იარაღის მსხვილი პარტიების მიწოდებისა თუ მისი მებრძოლების წვრთნის შესახებ;
- რუსული იარაღის გამოყენება არ დადასტურებულა არც ამ ბოლო სისხლისმღვრელი მოვლენების დროს, როცა „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე მოულოდნელად შეიჭრნენ;
- რუსეთისთვის არ არის სახარბიელო ურთიერთობების გაწყვეტა ისრაელთან - რაც ამ დრომდე მტრული არ იყო.
თუმცა გერმანელი ანალიტიკოსი ირიბ ჩარევაზე ლაპარაკობს.
უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღით დახმარების სანაცვლოდ, ჰანა ნოტეს თქმით, რუსეთმა ირანს რეგიონში თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა მისცა და „ეს შესაძლოა თამაშობს როლს იმაში, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აუცილებელია დიალოგის დაწყება „ორი სახელმწიფოს ფორმულით“ და „დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა გაააქტიურონ კონსოლიდირებული ძალისხმევა“ კონფლიქტის „სამართლიანად და საიმედოდ“ მოსაგვარებლად.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ეს საკითხი სერგეი ლავროვმა ტელეფონით ეგვიპტის პრეზიდენტთანაც განიხილა და პროცესში საერთაშორისო სამართლის და გაეროს უშიშროების საბჭოს მექანიზმების ჩართულობის აუცილებლობა დაასახელა.
რა შეიძლება მოხდეს?
„ჰამასის“ თავდასხმას ისრაელმა მძლავრი სარაკეტო დარტყმებით უპასუხა. 8 ოქტომბერს საომარი მდგომარეობის შემდეგ, 9 ოქტომბერს ისრაელმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ. ისრაელი აკონტროლებს ღაზის სექტორის საჰაერო სივრცეს, სანაპიროს და ისრაელის სასაზღვრო პუნქტების მხრიდან საქონლის შეტანას.
ისრაელის არმიამ ორ დღეში კონტროლი აღადგინა ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორთან მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე.
მიუხედავად ამისა, ვითარება ექსპერტებისთვის კვლავ სახიფათოდ გამოიყურება და მოიცავს რისკს, რომ შეიარაღებული დაპირისპირება მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდეს.
ამ ეტაპზე არსებულ საფრთხეებს შორის ზურაბ ბატიაშვილი ასახელებს, მაგალითად - ისრაელისთვის შესაძლო მეორე ფრონტის გახსნას ლიბანში მოქმედი პროირანული დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ მიერ და ვითარების გამწვავებას სირიაში, „სადაც ასევე პროირანული ძალები არიან წარმოდგენილი“.
ექსპერტები მიუთითებენ, რომ თუკი შეიარაღებული დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი გახდება, ეს ბევრ პრობლემას მოუტანს თავად რუსეთსაც, მათ შორის - სირიაში.
ჰანა ნოტე აღნიშნავს, რომ რუსეთს ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ მოზომილი ესკალაცია აძლევს ხელს და გაუჭირდება თავისი ინტერესების დაცვა, თუკი ისრაელი ირანს დაუპირისპირდება და ესკალაცია ლიბანსა და სირიასაც მოედება.
ამ ეტაპზე, „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.