Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ღაზის სექტორის ბლოკირება დაიწყო


პალესტინელები ტოვებენ სახლებს ისრაელის საავიაციო შეტევის ფონზე
პალესტინელები ტოვებენ სახლებს ისრაელის საავიაციო შეტევის ფონზე

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა დღეს, 9 ოქტომბერს, გამოაცხადა, რომ გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. როგორც გალანტმა თქვა, „ებრძვიან ბარბაროსებს“, ამიტომ პასუხიც „შესაბამისი იქნება“. ისრაელი აკონტროლებს ღაზის სექტორის საჰაერო სივრცეს და სანაპიროს და ისრაელის სასაზღვრო პუნქტების მხრიდან საქონლის შეტანას. მეორე მხრიდან ღაზის სექტორი, სადაც 2 მილიონ 300 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, ეგვიპტეს ესაზღვრება. გაეროს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 123 ათასზე მეტმა ადამიანმა.

ისრაელის არმიამ კონტროლი აღადგინა ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორთან მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე.

7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ხმელეთიდან შეიჭრა ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ისრაელის არმია საავიაციო და საარტილერიო შეტევას განაგრძობს ღაზის სექტორზე.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორ დღეში, ისრაელში 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. ისრაელის საზოგადოებრივი ორგანიზაცია ZAKA, რომლის მოხალისე მაშველები ხელისუფლებას ეხმარებიან, იუწყება, რომ სულ მცირე 250 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს ისრაელის ტერიტორიაზე, ღაზის სექტორის მახლობლად, სადაც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის მომენტში, მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა.

პალესტინის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 9 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაიღუპა 436 ადამიანი, მათ შორის 80-ზე მეტი ბავშვი. დაჭრილია - 2 271.

2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.

„ჰამასის“ თავდასხმა დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა არაერთმა ქვეყანამ.

ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს და „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.

XS
SM
MD
LG