Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სტივ უიტკოფი: უკრაინის ხელისუფლება დათანხმდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

სტივ უიტკოფი: უკრაინის ხელისუფლება დათანხმდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას


სტივ უიტკოფი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი
სტივ უიტკოფი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება დათანხმდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. ამის შესახებ მან ისაუბრა ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, რომელიც ეთერში 22 მარტს ღამით გავიდა.

„რუსეთის პოზიციაა, რომ ის [ვოლოდიმირ ზელენსკი] არ არის არჩეული და, შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია მასთან რაიმე ხელშეკრულების გაფორმება. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა არჩევნები უკრაინაში?“ - იკითხა გადაცემის წამყვანმა.

„დიახ, იქნება. ისინი დათანხმდნენ ამას. გაიმართება არჩევნები უკრაინაში” - განაცხადა სტივ უიტკოფმა.

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებით ეთანხმება თანამოსაუბრეს. მისი თქმით, ზელენსკი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, რადგან მას უპირისპირდება ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა, რომლის მოსახლეობა ოთხჯერ აღემატება უკრაინას.

უკრაინულ მხარეს უიტკოფის განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მაისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არ ჩატარდა საომარი მდგომარეობის გამო, რომლის დროსაც, უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი ხმის მიცემა აკრძალულია. საომარი მდგომარეობა ძალაშია 2025 წლის 9 მაისამდე.

უკრაინაში პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეის პედალირებას ახდენს კრემლი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის „არალეგიტიმურს“ უწოდებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ გადადგება ომის დასრულებამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას ნატოში მიიღებენ.



ფორუმი

XS
SM
MD
LG