საუდის არაბეთში რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა: „იქ დიდი ხანია არჩევნები არ გამართულა. ეს რუსული თემა არ არის, ის არის, რაც ჩემგან მოდის, სხვა ქვეყნებისგან... ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც უკრაინაში არჩევნები არ გამართულა, როდესაც უკრაინაში რეალურად საომარი მდგომარეობაა. როდესაც უკრაინის ლიდერი - მხედველობაში მაქვს, არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ მისი რეიტინგი 4 პროცენტია“.
ვოლოდიმირ ზელენსკი - რომელმაც ადრე თქვა, რომ კიევი არ აღიარებს არანაირ შეთანხმებას ერ-რიადის შეხვედრიდან - რამდენიმე საათის შემდეგ ტრამპის ნათქვამს გამოეხმაურა: „ჩემ მიმართ ნდობა დღეს 57 პროცენტს აქვს, ეს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით. თუ ვინმეს უნდა ახლავე შემცვალოს, არ გამოუვა“. გამოკითხვის თანახმად, ზელენსკის უკრაინელების 57% ენდობა, 37% კი - არა.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი უკვე მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს ასახელებს. ზელენსკის მთავარ პოტენციურ მოწინააღმდეგედ ვალერი ზალუჟნი მიაჩნიათ, უკრაინული ჯარის ყოფილი მთავარსარდალი. ამჯერად ის უკრაინის ელჩია დიდ ბრიტანეთში. თავად ზალუჟნის საჯაროდ არასდროს გამოუხატავს, რომ პრეზიდენტობის ამბიცია აქვს.
ყველაზე ახალი კვლევა საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებზე 2024 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. ამ კვლევის მიხედვით, ზალუჟნი 27 პროცენტს აიღებდა, ზელენსკი - 16 პროცენტს, ხოლო ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო - 7 პროცენტს. თავად პოროშენკო დარწმუნებულია, რომ არჩევნები წელს ჩატარდება. მან ეს უკრაინულ გამოცემას „ცენზორ.ნეტ“-თან რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
„ვფიქრობ, არჩევნები წლის ბოლოს იქნება. რას უნდა მიებას ისინი? კონსტიტუციის მიხედვით, წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუმცა, ეს არჩევნები ორი წლის წინ უნდა გამართულიყო. ოქტომბრის ბოლოსაც უნდა გვქონოდა ადგილობრივი არჩევნები“.
პოროშენკო თავის წყაროებზე დაყრდნობით, არჩევნების შესაძლო თარიღსაც ასახელებს - 26 ოქტომბერი.
ანალიტიკოსებმა შეამჩნიეს, რომ ძველი თაობის პოლიტიკოსები ბოლო დროს ისე გააქტიურდნენ, თითქოს არჩევნებისთვის ემზადებიან. მაგალითად ავიღოთ, იულია ტიმოშენკო და იური ბოიკო. ბოიკომ ორი თვის წინ ტიკტოკზე არხი გახსნა, რასაც მისი პარლამენტარი კოლეგებიც კი არჩევნებისთვის მზადებად მიიჩნევენ. ლოზუნგები ძველია: „ჩანს, ჩვენმა რადიკალებმა იგივე კურსი აიღეს. ქალაქებისთვის სახელების გადარქმევა დაიწყეს, ძეგლების აღება. ხალხს მშობლიურ ენაზე ლაპარაკი აუკრძალეს“...
ამ ვიდეოს შემდეგ ბოიკო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევა - ეს პუტინის ერთ-ერთი არგუმენტია, რომელსაც ჯერ კიდევ 2014 წლიდან იყენებს უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.
საჯარო სექტორში მოულოდნელად გამოჩნდა ევგენი მურაევიც, უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელსაც ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინის ოკუპაციის შემთხვევაში რუსეთი მარიონეტული მთავრობის ხელმძღვანელად განიხილავდა. მურაევი უკრაინაში სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.
პრორუსული შეხედულებების პოლიტიკოსების გააქტიურება შემთხვევითი შესაძლოა სულაც არ იყოს. ევროპარლამენტის დეპუტატმა გერმანიიდან, სერგეი ლაგოდინსკიმ ამ დღეებში დაწერა, რომ პუტინი შეეცდება ჩანერგოს თავისი კანდიდატი, რომელიც შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულებას კრემლის პირობებით მოაწერს ხელს.
„განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც არჩევნებს ეხება - ეს ტრამპის საჩუქარია პუტინისათვის. პუტინს ზელენსკი ეჯავრება, რადგან მან ჩაშალა მისი გეგმები - უკრაინის დამორჩილება. ოცნებობს გამთანგველი ომის შემდეგ პრორუსი კანდიდატი ჰყავდეს“ , - დაწერა ლაგოდინსკიმ.
უკრაინელი პოლიტოლოგი ოლეგ სააკიანი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრორუს კანდიდატებს არანაირი შანსი არა აქვთ. მას ასევე მიაჩნია, რომ თავად არჩევნების გამართვაც არ არის ქვეყნის მომავლისთვის სახარბიელო:
„სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანიის დღის წესრიგი შესაძლოა დესტრუქციული იყოს. სწორედ ამის გამოა, რომ დღეს ხალხი არჩევნების წინააღმდეგია. იმ არჩევნების ჩატარება, რომელსაც საზოგადოება ნდობას გამოუცხადებს, ძალიან რთულია. მთელი რიგი სტანდარტებია საჭირო. მათი დაცვა შეუძლებელი გახდება, თუ ეს ვადამდელი არჩევნები იქნა, ომის დასრულების გარეშე.
გარდა ამისა, დღის წესრიგი იქნება ასეთი: ყველა ერთმანეთის დადანაშაულებას დაიწყებს, გარჩევას, ვისი ბრალია, რუსეთი რომ უკრაინაში შემოიჭრა. ეს არ იქნება ანგელოზების დაპირისპირება დემონებთან. ეს იქნება ბრძოლა საკუთარი ელექტორატის შიგნით, ვეტერანების ვეტერანებთან, სამხედროების სამხედროებთან, პოლიტიკოსების პოლიტიკოსებთან - ყველასი ყველასთან. ახლა პრეზიდენტის სავარძელი ელექტრო სკამია. არავის ენდომებოდა მასზე დაჯდომა და მთელი ნეგატივის ზურგზე წამოკიდება. ამიტომ აუცილებელია, ყველაფერი ოპონენტებს დააბრალო“.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ოლეგ დიდენკომ თქვა, რომ „თეორიულად შესაძლებელია არჩევნები წელს გაიმართოს“, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ამისთვის საომარი მდგომარეობის გაუქმებაა საჭირო, თანაც ცესკო არაფერს აკეთებს არჩევნების მოსამზადებლად.
ომის ჟურნალისტი და „ცენზორ.ნეტ“-ის მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი, რომელიც ხშირად ფრონტზეა, „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ამბობს, რომ ახლა არჩევნების გამართვის ვერანაირ საშუალებას ვერ ხედავს.
„არ ვფიქრობ, რომ ახლა არჩევნები რეალურია. ამიტომ არანაირი საჭიროება არ არსებობს ჰიპოთეზური სცენარები განვიხილო. ახლა მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენას ახდენს სიტუაცია ფრონტზე, თუ რამდენად ეფექტიანად აკავებს უკრაინა რუსეთის შემოტევას. ამაზეა დამოკიდებული თითოეული იმ ქვეყნის პოზიციის ფორმულირება, რომელიც ომში ამა თუ იმ მხარესაა. ამაზე მინდა კონცენტრირება.
ეს ისაა, რაც ამ ვითარებაში ჩვენზეა დამოკიდებული, ტრამპის განცხადებები ჩვენზე არაა. ამასთან არანაირი შეხება არ გვაქვს. იქ მათი ინტერესებია. ისინი იმისდა მიხედვით იმოქმედებენ, თუ რა სიტუაცია იქნება უკრაინის ფრონტზე“, - ამბობს იური ბუტუსოვი.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინას 2019 წლიდან მართავს. ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ქვეყნის კანონმდებლობა საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების გამართვას კრძალავს.
ფორუმი