Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ზელენსკი კიევში შეხვდა კელოგს, მაგრამ ამერიკული მხარის თხოვნით ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა

ზელენსკი კიევში შეხვდა კელოგს, მაგრამ ამერიკული მხარის თხოვნით ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა


კით კელოგი, ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში (მარჯვნივ) უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის (მარცხნივ) ესაუბრება კიევში. 20 თებერვალი, 2025 წელი
კით კელოგი, ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში (მარჯვნივ) უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის (მარცხნივ) ესაუბრება კიევში. 20 თებერვალი, 2025 წელი

20 თებერვალს კიევში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრა გამართა ტრამპის საგანგებო წარმომადგენელთან უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, კით კელოგთან.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იუწყება, რომ ზელენსკის ოფისს ამ შეხვედრის დეტალების შესახებ ცნობები არ გაუვრცელებია.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონის სურვილით გაუქმდა შეხვედრის შედეგებისადმი მიძღვნილი ერთობლივი პრესკონფერენცია.

კით კელოგი, ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, 19 თებერვალს ჩავიდა კიევში. ჟურნალისტებთან თავისი ვიზიტის კომენტირებისას კელოგმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ესმის უსაფრთხოების გარანტიის აუცილებლობა. "ჩემი მისიის ნაწილია მოსმენა. შემდეგ მე დავბრუნდები აშშ-ში, დაველაპარაკები პრეზიდენტ ტრამპს", - უთხრა კით კელოგმა ჟურნალისტებს.

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ტრამპის საგანგებო წარმომადგენლის მოსალოდნელ ვიზიტს გასულ კვირაში მაღალი შეფასება მისცა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკისთან გამართულ შეხვედრამდე კით კელოგი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიგას ესაუბრა.

უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის ვიზიტის ფონია საუდის არაბეთში უკრაინაში ომის შეწყვეტის თაობაზე რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა, რომელზეც უკრაინა არ იყო მიწვეული. უკრაინის მონაწილეობის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებამ უკმაყოფილო დატოვა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

„ის ფაქტი, რომ ისინი საუდის არაბეთში ორმხრივ საკითხებს განიხილავენ, მათი უფლებაა. თუმცა მიმაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში“, - შენიშნა ზელენსკიმ.

იმავე დღეს, ფლორიდის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა უკმაყოფილოა, რომ შეხვედრაზე არ მიიწვიეს. მაგრამ სამი წელი ჰქონდათ ადგილი (მოლაპარაკების მაგიდასთან), შეეძლოთ გარიგებისთვის მიეღწიათ და ომი არ დაეწყოთო, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG