გუშინ, 21 ივნისს ტელეარხმა FREEДOM-მა უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილ ნოდარ ბახტურიძესთან ჩაწერილი ინტერვიუ გაავრცელა. ვიდეოში ის ამბობს:„თავიდანვე მქონდა ეს იდეა: ჩავბარებოდი [ტყვედ უკრაინას] და ჩემს სამშობლოში, საქართველოში თავშესაფარი მომეთხოვა“.
ნოდარ ბახტურიძის ამ ვერსიის ნამდვილობაში დარწმუნებულია მისი ბავშვობის მეგობარი ზვიად ნადირაშვილი, რომელიც ნოდარს ბოლოს 6 მაისს ესაუბრა რუსეთის კოლონიაში.
„ჩვენ რამდენიმე სცენარი დეტალურად გავიარეთ - თუ შენ გაწევრიანდები და მოგიწევს წასვლა და თუ პირველივე ცდაზე მოახერხებ გადასვლას უკრაინის მხარეს, ეს სცენარი შეგიძლია განიხილო-მეთქი. ყველა სცენარი ძალიან სარიკოა, მაგრამ იმდენად ავად იყო, ეგ დარჩენილ 6 წელს ციხეში ვეღარ გადაიტანდა“, - ამბობს ზვიად ნადირაშვილი, რომელიც აზუსტებს, რომ ნოდარი კოლონიაში არალეგალურად სარგებლობდა მობილური ტელეფონით.
ამ საუბრის მომენტისთვის უკრაინის ომში მონაწილეობისთვის პატიმრების რეკრუტირება უკვე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსაც ჰქონდა დაწყებული.
უკრაინულ FREEДOM-თან საუბარში ტყვეობაში მყოფი ნოდარ ბახტურიძე ჰყვება, რომ კოლონიიდან ბახმუტში ჩაყვანამდე ორკვირიანი სამხედრო სწავლება გაატარეს სამხედრო პოლიციის ზედამხედველობით. თუმცა, სწავლებას უფრო პროპაგანდისტული მიზანი ჰქონდა, ვიდრე საბრძოლო მომზადებისა - „ხეიბარი ხალხი იყო, რა ბრძოლა?!“, - ნოდარ ბახტურიძე ჰყვება, რომ მასთან ერთად ომში ყავარჯნიანი და ხელჯოხიანი ხალხი წაიყვანეს კოლონიიდან. მიზანი „მათი უტილიზაცია და ამოწყვეტა იყო“, - ამბობს ტყვეობაში მყოფი ბახტურიძე.
ზვიად ნადირაშვილი ვარაუდობს, რომ ნოდარმა საპატიმრო 25 მაისს დატოვა. ნოდარის დისშვილმა დავით მერებაშვილმა, ბიძის სამხედრო წვრთნაში მონაწილეობის შესახებ ბიძაშვილისგან შეიტყო. „შვილისთვის დაურეკავს და უთქვამს წვრთნაზე წამიყვანესო“, - დავითი ამბობს, რომ არ გაჰკვირვებია, ვინაიდან უკრაინის ომში წასვლით ციხიდან თავის დახსნის გეგმა ნოდარს შარშანდლიდან ჰქონდა.
„მძიმედ იყო ავად, C ჰეპატიტი და მხედველობის პრობლემა ჰქონდა. კოლონიაში წამლებსაც არ აძლევდნენ, ეგ დიდხანს ვერ იცოცხლებდა“, - ამბობს დავითი.
50 წლის ნოდარ ბახტურიძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ აფხაზეთის ომში იბრძოდა, ახალციხის ბატალიონში ირიცხებოდა.
ომის დასრულებიდან მალე, დაახლოებით 2 წელიწადში, ნათესავის დახმარებით ჯერ მოსკოვში მშენებლობაზე დასაქმდა, მოგვიანებით შორეული აღმოსავლეთის, ამურის ოლქის ქალაქ ტინდაში გადავიდა, შექმნა ოჯახი, ჰყავს ორი ვაჟი.
ზვიად ნადირაშვილის ინფორმაციით, ნოდარს ავტომობილები ჩამოჰყავდა იაპონიიდან. საქართველოშიც გზავნიდა. სამშობლოში დაბრუნებასაც გეგმავდა. მაგრამ ამ დროს „მკლელობის ბრალდებით გაასამართლეს“. 10-წლიან პატიმრობას ის ამურის ოლქის ბლაგოვეშჩენსკის კოლონიაში იხდიდა. FREEДOM-ისთვის მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, რომ ბახტურიძე დანაშაულთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.
4-წლიანი პატიმრობის თავზე ნოდარ ბახტურიძე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს აფორმებს და კერძო სამხედრო კომპანია „ვეტერანებში“ ირიცხდება. მისი ინტერვიუს მიხედვით, ფრონტის ხაზზე მოხვედრიდან ორ დღეში განზრახ ჩაბარდა ტყვედ კიდევ 5 ადამიანთან ერთად.
„ეს იყო თავის გადარჩენის გზა, ადამიანმა თავზე დაამხო რუსულ სპეცსამსახურებს ყველაფერი“, - ამბობს ზვიად ნადირაშვილი.
ნოდარ ბახტურიძე რუსეთის მოქალაქეა და 30 წელია რუსეთში ცხოვრობს. საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს. FREEДOM-თან ინტერვიუში ამბობს, რომ სურს საქართველოს ან „ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას“ პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს.
ზვიად ნადირაშვილის თქმით, მისი მეგობარი „ფაქტობრივად, რუსეთში იყო ტყვეობაში და ტყვეობიდან დაიხსნა თავი“.
თვითონ ნოდარ ბახტურიძე უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ დიდი ხანია თვალს ადევნებს და გულშემატკივრობს უკრაინას, რადგან მისი სამშობლო, „საქართველო იგივე უბედურებაშია“.
დავით მერებაშვილის თქმით, მისი ბიძის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საკონსულო და საქართველოში უკრაინის საელჩო. „ჯერჯერობით რაიმე იურიდიული ნაბიჯების გადადგმას არ ვჩქარობთ. მგონია, რომ ნოდარი უკრაინაში დარჩება“.
უცნობია, შეძლებს თუ არა ტყვეობაში მყოფი ნოდარ ბახტურიძე საქართველოსთვის თავშესაფრის თხოვნით მიმართვას. ამგარი შესაძლებლობის მიცემისა და მისი სურვილის შემთხვევაში მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვა მოუწევს.