დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული სადავო კანონპროექტი „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, 13 ივნისს, დღის ბოლოს, მეორე მოსმენით დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ მას კანონპროექტზე სრულად უარის თქმა ურჩია.
გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, ეს რჩევა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რეალურ საფრთხეებს ეფუძნება.
ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციაში, რომლის შესრულებაც აუცილებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასეთი კანონის მიღება არ არის მოთხოვნილი.
არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციის დიდი ნაწილის მსგავსად, თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს და ხელისუფლებას ალტერნატიულ გზას სთავაზობდნენ. ეს გზაა გამოკვეთილი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაშიც.
ოპოზიციაში თვლიან, რომ ამ კანონის საბოლოო დამტკიცებით „ქართული ოცნება“ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს წაართმევს.
"ოცნება" ევროკომისიას დროს აძლევს
ხელისუფლება აპირებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი დაამტკიცოს, მაგრამ აამოქმედოს არა დაუყოვნებლივ, არამედ - 2024 წლის 1 მარტიდან; იმის მიხედვით - შეასრულებს თუ არა ევროკომისია მათ მიერ წამოყენებულ ახალ პირობას - ამოიღოს დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა [#5 პუნქტი] რეკომენადაციების 12-პუნქტიანი სიიდან.
„როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 13 ივნისს.
მოსაფიქრებელ დროს „ოცნება“ ევროკომისიას წლის ბოლომდე აძლევს.
„თუ ევროკომისია დეკემბერში გაიზიარებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში, თებერვალში გაუქმდება ჩვენ მიერ მიღებული კანონი“, - ამბობს კობახიძე, რომლიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ ვენეციის კომისიის მიერ მოთხოვნილი „სისტემური მიდგომა“ ეწინააღმდეგება ევროკომისიის მოთხოვნას, რადგან „თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალურ მიდგომას“.
2022 წლის ივნისში განსაზღვრულ 12 პუნქტში, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიას საერთოდ არ მოუთხოვია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის დამტკიცება.
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება „ქართულმა ოცნებამ“ თავად გადაწყვიტა და პროექტი მცირედი ცვლილებებით, პირდაპირ უკრაინულიდან თარგმნა.
თუკი „ოცნებას“ მანამდე ოპონენტები ეუბნებოდნენ, ახლა „ვენეციის კომისიამაც“ განუმარტა, რომ საქართველოს უკრაინის მაგალითი არ გამოადგება.
- ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ „ე.წ. ოლიგარქების არაგამჭვირვალე ზეგავლენა“ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოსა და მოლდოვაში;
- თუმცა არ არსებობს ოლიგარქიასთან ბრძოლის „უნივერსალური გადაწყვეტილებები ყველასათვის“ და თითოეული ქვეყნის სისტემური მიდგომები უნდა შეესაბამებოდეს „ისტორიულ, სამართლებრივ, პოლიტიკურ და კონტექსტუალურ სიტუაციას“.
- ვენეციის კომისიის შეფასებით, რუსეთთან ომის ფონზე, უკრაინაში სრულიად განსხვავებული ვითარება შეიქმნა და ეს მაგალითი არ გამოადგება საქართველოსა და მოლდოვას, რუსეთის მიერ მათი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის მიუხედავად.
"ულტიმატუმის ენა", "საბოტაჟი"
„ხელისუფლებას უნდა მოვუწოდოთ, რომ შეწყვიტოს მსგავსი ტიპის ულტიმატუმების ენით საუბარი ევროკომისიასთან. ეს არც გასაგები იქნება და არც მისაღები ევროკომისიისთვის“, - გვეუბნება „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, თამარ ხიდაშელი და განმარტავს, რომ „ხელისუფლების რიტორიკა დამაზიანებელია“, მით უფრო ახლა, როდესაც „კანდიდატის სტატუსის მიღება ისედაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“.
თამარ ხიდაშელი ვერ იხსენებს სხვა მსგავს შემთხვევას, როდესაც ვენეციის კომისია პირდაპირ გასცემს რეკომენდაციას კანონის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.
„ძალიან კარგია, რომ ვენეციის კომისიამ ასეთი მკაფიო დასკვნა გამოაქვეყნა... ვფიქრობ, თავის შეცდომებზეც ისწავლა. არა მხოლოდ ამ, არამედ წინა ხელისუფლების დროსაც, როდესაც კანონპროექტის დიდ ნაწილზე მიუთითებდნენ ხოლმე, რომ არ ვარგა და სხვა ნაწილებზე წერდნენ, რომ კარგია, ხელისუფლებები, როგორც წესი, ეჭიდებოდნენ „აი, ეს კარგია“-ს. ახლა ვენეციის კომისია თავის შეფასებაში იმდენად მკაფიოა, რომ არ ტოვებს ადგილს საპირისპირო არგუმენტებისთვის“, - ამბობს ხიდაშელი.
არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის დამტკიცებას და უპირატესობას სწორედ „სისტემურ მიდგომას“ ანიჭებდა. ხშირად კეთდებოდა განცხადებები იმის შესახებ, რომ ოლიგარქიასთან ბრძოლა ევროკომისიის ყველა სხვა დანარჩენი რეკომენდაციის შემთხვევაშიც იქნებოდა შესაძლებელი. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმირებაზე კეთდებოდა.
ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა 13 ივნისს, პარლამენტის სხდომაზეც.
„ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ ვიდრე ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული აქვს ისეთი ინსტიტუტები, როგორიც არის სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი, დეოლიგარქიზაცია საქართველოში ვერ განხორციელდება და ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სავარაუდოდ ვერ შესრულდება“, - თქვა „ლელოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა. ის თვლის, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცება იქნება „ოცნების“ ხელისუფლების საბოტაჟი კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ.
„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ მიმართ საგანგებოდ ლოიალურმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის სხდომაზე, 13 ივნისს თქვა, რომ ვენეციის კომისიის მიერ კანონის დაწუნება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული გეგმის ჩავარდნას უკავშირდება.
„ამ კანონმა ვერ შექმნა, ვერ იქნა გამოგონილი ის მექანიზმი, რომ როგორმე ივანიშვილი დასჯილიყო და კანონში მოხვედრილიყო... ივანიშვილზე იყო აქ საქმე... როცა მიხვდნენ, რომ ეს კანონი არ ასრულებს იმ მოთხოვნებს, რაც ჰქონდათ ჩვენს მეგობრებს „კავიჩკებში“ [ბრჭყალებში - რუსულ ენაზე - რ.თ.] - ევროპიდან, ახლა გადაწყვიტეს, რომ ეს დეოლიგარქიზაციის კანონი არ არის მისაღები“, - და საერთოდაც, ინჯია ისევ თვლის, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია საქართველოს „ხელისუფლების შეცვლის“ მიზნით გადაეცა.
რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში?
„ვენეციის კომისია აცხადებს, რომ განხილული კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ არ უნდა დამტკიცდეს“ და ამ მოწოდებას ტვიტერზეც აქვეყნებს, საქართველოს დროშის ფოტოსა და დასკვნის ტექსტის ბმულთან ერთად.
საბოლოო დასკვნის ტექსტის თანახმად, ვენეციის კომისია ამ ეტაპზე თვლის, რომ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა ვერ აღმოფხვრის „უცილობელ შეუსაბამობებს ევროსაბჭოს სტანდარტებთან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში“ და სწორედ ამიტომ არის საჭირო სრულად უარის თქმა - კანონპროექტის დამტკიცებაზე.
დასკვნაში წერია, რომ:
- შესწორებული კანონპროექტი არ წარმოადგენს დემოკრატიულ პასუხს ოლიგარქიზაციასთან ბრძოლაში და არც ეფექტიანია;
- მსგავსი კანონი შესაძლოა იქცეს „სახიფათო იარაღად“ ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
ვენეციის კომისიისთვის მიუღებელია კანონპროექტის მიზანი, რომ ოლიგარქების იდენტიფიცირება მოხდეს „კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, როგორიც არის, მაგალითად - სიმდიდრე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფლობა და მათთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება“.
დასკვნის თანახმად:
- „პერსონალური მიდგომა“ უნდა წარმოადგენდეს გამონაკლისს, უნდა იყოს „სისტემური მიდგომის“ დამატება და არა ალტერნატივა;
- „პირადი ხასიათის ზოგიერთი რადიკალური ზომა“ შესაძლოა გამართლებული იყოს „უკიდურესად კრიტიკულ“ დროს, მაგალითად, „სახელმწიფოს მიტაცების“ შემთხვევაში და ისიც იმ პირობებში, როდესაც არსებობს - დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების გარანტიები და სანდო სამართლებრივი პროცედურები.
კანონის დამტკიცების სანაცვლოდ, ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას „სისტემურ მიდგომას“ ურჩევს:
- „ღრმად და ყოვლისმომცველად“ გაანალიზდეს „არსებული სისტემური ზომები, მათი ნაკლოვანებები - სტრუქტურის, უფლებამოსილებებისა და კოორდინაციის თვალსაზრისით“;
- „შემუშავდეს მაკორექტირებელი, დამატებითი ანდა ერთმანეთის შემავსებელი კანონმდებლობა ანდა ზომები“, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს: ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას კონკურენციის სფეროში; მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას; გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში; მედიაპლურალიზმის განმტკიცებასა და მედიამფლობელების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას; ფულის გათეთრებასთან პოლიტიკური ბრძოლის შემდგომ დახვეწას; პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესებისა და კონტროლის არსებული მექანიზმების გაძლიერებას და სხვა;
- გაძლიერდეს ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა;
- შეფასდეს, თუ როგორ შეძლებენ ერთმანეთთან უკეთ თანამშრომლობას ინსტიტუციები (ანტიკორუფციული, ანტიმონოპოლიური სტრუქტურები, აუდიტის სამსახური, საბანკო ზედამხედველობის ორგანოები და სხვა) ქვეყნის ცხოვრებაში „ოლიგარქების“ ზეგავლენების აღმოსაფხვრელად.
ვენეციის კომისია თვლის, რომ სისტემური მიდგომის ეფექტიანობისთვის აუცილებელია სასამართლოს სისტემის „კომპლექსური რეფორმა“, რომელიც მიმართული იქნება მისი „დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფისკენ“ და მოიცავს - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც.
ვენეციის კომისიის შეფასებით, თეორიულად ყველა ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს საფრთხე, რომ „კერძო პირის ხელში აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის ბერკეტი ქვეყნის ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე - გამჭვირვალობის, ლეგიტიმაციისა და ანგარიშვალდებულების გარეშე“; მაგრამ ქვეყნების უმრავლესობამ შეიმუშავა და აამოქმედა ერთმანეთთან დაკავშირებული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომების კომპლქესი, „რათა შეაჩეროს [კონცენტრირებული ზეგავლენის] გამანადგურებელი შედეგი, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისთვის“.