Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი

82 მომხრე, 2 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ". საკითხის განხილვას წინ უძღოდა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა ამ კანონპროექტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი სტრუქტურული ხარვეზების, უფლებამოსილებების და კოორდინაციის თვალსაზრისით.

13 ივნისს პარლამენტში კენჭისყრამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, კანონპროექტს მიიღებენ, თუმცა ის არ ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. „ქართული ოცნება" დაელოდება ევროკომისიის პოზიციას და თუკი 12 პირობიდან ერთ-ერთი - დეოლიგარქიზაცია - აღარ იქნება ჩამონათვალში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, უარი თქვას კანონზე.

„ჩვენ ვენეციის კომისიას გავუგზავნეთ დასკვნისთვის შესაბამისი ცვლილებების პროექტი, რომელიც უკავშირდება დეოლიგარქიზაციას. ვენეციის კომისიამ დაამტკიცა განახლებული დასკვნა, 12 ივნისის თარიღით. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც იქნა ჩვენი მხრიდან შეტანილი წარმოდგენილ საკითხში, ყველა ძირითად საკითხთან დაკავშირებით, არის ასახული. უბრალოდ, ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ პერსონალური მიდგომა, რომელთან დაკავშირებითაც მას ჰქონდა მოსაზრებები, რომ ჩვენ დაგვეკონკრეტებინა და დავაკონკრეტეთ, ახლა ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, ამ პერსონალურ მიდგომაზე საერთოდ უარი ითქვას. ეს არის, ეს ერთი საკითხი. ჩვენ სწორებას ვაკეთებთ ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე - ჩვენ განგვესაზღვრა ეს ერთი პუნქტი შესასრულებლად. ამიტომ, სასპეკულაციო სივრცე რომ არ დარჩეს, მიზანშეწონილია, რომ ჩვენ ეს პროექტი მივიღოთ კანონად. შეიქმნა მოცემულობა, რომ ევროპულმა კომისიამ აღნიშნა: ეს პუნქტი არის შესასრულებელი. მან უკრაინას, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი, მოუწოდა, რომ დაეწყო მიღებული კანონის აღსრულება. ახლა ვენეციის კომისია, ევროპული სტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაყოფი უკრაინასაც ეუბნება, რომ ის კანონი, რომელზეც ევროპულმა კომისიამ უთხრა, რომ აღსრულებულიყო, გააუქმონ. რეალურად გვაქვს მოცემულობა ორ ევროპულ სტრუქტურას შორის კოლიზიის, - განმარტა ოხანაშვილმა და დაამატა, - ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორება გავაკეთოთ ევროპულ კომისიაზე, კანონი მივიღოთ, რომ სასპეკულაციო სივრცე არ დარჩეს, თუმცა არ ავამოქმედოთ გამოქვეყნებისთანავე. თუ ევროპული კომისია იტყვის, რომ ჩვენთან მოხსნილია [დეოლიგარქიზაციის თემა], მაშინ ის დათქმა [აღარ იქნება აქტუალური], რომ 2024 წლის 1 მარტამდე ამოქმედდეს. ჩვენ შეგვიძლია, საერთოდ გავაუქმოთ ეს კანონი, თუკი ევროპული კომისია მოხსნის ამ პუნქტს".

12 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი სტრუქტურული ხარვეზების, უფლებამოსილებების და კოორდინაციის თვალსაზრისით.

ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის, მისი რეკომენდაციების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მისი დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მასში საუბარი არ არის პერსონალიზებულ მიდგომაზე ან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე, არამედ მიზნად განსაზღვრულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოფხვრა.

ევროკომისიის პრიორიტეტი # 5: "განხორციელდეს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოსაფხვრელად".

2022 წლის ნოემბერში, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ და რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა.

2023 წლის 13 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ, რასაც წინ უძღოდა პირველი მოსმენით მიღებულ პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა.

მეორე მოსმენისთვის მომზადებული კანონპროექტი ისევ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.

XS
SM
MD
LG