Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეცვალეს "დეოლიგარქიზაციის" კანონპროექტში ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ


საილუსტრაციო ფოტო: ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის წინ, 24 ივნისი, 2022 წელი
საილუსტრაციო ფოტო: ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის წინ, 24 ივნისი, 2022 წელი

პარლამენტს განსახილველად დაუბრუნდა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ვენეციის კომისიამ შეაფასა და ინიციატორ "ქართულ ოცნებას" შენიშვნებით დაუბრუნა. 12 აპრილს პროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.

მმართველი გუნდი ცდილობს, კოლეგები და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ პროექტი, რომელიც "უკრაინული კანონიდან თარგმნეს", კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად განაახლეს. თუმცა ახალი ვერსია, შესაძლოა, ისევ გაიგზავნოს კომისიაში.

ვის მიიჩნევენ ოლიგარქად?

კანონპროექტით, ამისათვის ერთდროულად სამი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო:

  1. პირი უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  2. ახდენდეს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედიაზე;
  3. ფლობდეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს.

კანონპროექტიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომლითაც ოლიგარქი, სხვა ნებისმიერ 2 პირობასთან ერთად, შეიძლება ყოფილიყო ისიც, ვინც ფლობს ბაზარზე დომინანტურ საწარმოს.

#1 პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა

ამ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს ის, ვინც:

  • სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირია, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი, დეპუტატი, მუნიციპალიტეტის მერი ან მთავრობის წევრი;
  • პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი ან მისი აღმასრულებელი ან მაკონტროლებელი ორგანოს წევრი;
  • საარჩევნო მიზნის მქონე ფიზიკური პირი;
  • შემომწირველი, თუ მისი შეწირულება ბოლო 1 წელში აღემატება 30 000 ლარს;
  • ბოლო საერთო ან შუალედურ არჩევნებში გაიღო 30 000 ლარზე მეტი ხარჯი საარჩევნო კამპანიისთვის;
  • არსებობს სხვა აშკარა მტკიცებულება, რაც ადასტურებს, რომ იგი ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობდა.

#2 მედიაზე ზეგავლენა

ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს ის, ვინც:

  • არის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან რადიომაუწყებლის წილის მესაკუთრე ან თანამესაკუთრე;
  • არაპირდაპირ ფლობს მედიის წილს. არაპირდაპირი ფლობა ნიშნავს იმას, რომ ეს წილი მისი თანხმობის გარეშე ვერ გასხვისდება;
  • არსებობს სხვა აშკარა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს რომ იგი ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში მედიაზე ზეგავლენას ახდენდა.

#3 აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური რესურსი

ამ ნაწილის დაკმაყოფილებისთვის, პირის ქონების საერთო ღირებულება (რაზეც საკუთრების უფლება აქვს ან არაპირდაპირ ფლობს), მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საარსებო მინიმუმს 1 000 000-ჯერ აღემატება.

ვინ გადაწყვეტს, ვინ იქნება ოლიგარქი?

კანონპროექტის შეცვლილი ვერსიით, პირის ოლიგარქად ცნობაზე გადაწყვეტილებას ახალშექმნილი ანტიკორუფციული ბიურო მიიღებს.

წინა ვერსიით, ოლიგარქების რეესტრი მთავრობას უნდა შეექმნა, პირვანდელ ვარიანტში კი ეს უფლება პარლამენტს უნდა ჰქონოდა. მაშინ, "ქართულ ოცნებაში" ამბობდნენ, რომ უკრაინულ მოდელშიც "აღმასრულებელი" ეწერა ოლიგარქების განმსაზღვრელ ორგანოდ და მათაც ასეთივე ჩანაწერი ჰქონდათ.

"ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ პოლიტიზებული არ უნდა იყოს პირის ოლიგარქად მიჩნევის პროცესიო", - ასე ახსნა ბოლო ცვლილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ირწმუნება, რომ რამდენიმე კვირის შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის და უწყებათაშორისი საბჭოს წინაშე და ის არაპოლიტიზებული იქნება.

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის 12 პუნქტის ფარგლებში შეიქმნა. მისი ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, კონკურსის გზით შეარჩიეს, საბოლოოდ კი პრემიერ-მინისტრმა დანიშნა.

რა პროცედურა იქნება საჭირო ოლიგარქად აღიარებისთვის?

"დეოლიგარქიზაციის" განახლებული კანონპროექტით, ანტიკორუფციული ბიურო ოლიგარქად ცნობის პროცედურას დაიწყებს, თუკი ამ თხოვნით მიმართავს მთავრობის რომელიმე წევრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი, ეროვნული ბანკი, სუს-ი და კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

ამის შემდეგ, ბიუროს შეეძლება, მოიძიოს ყველა საჭირო დოკუმენტი თუ ინფორმაცია, მათ შორის - პერსონალური მონაცემები.

მოკვლევის შემდეგ, პირის ოლიგარქად ცნობაზე ანტიკორუფციულ ბიუროში საჯარო სხდომა გაიმართება.

კანონპროექტის განახლებულ ვერსიაში დამატებულია სასამართლო მექანიზმი, ანუ "ოლიგარქს" ერთთვიან ვადაში შეეძლება ბიუროს გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში. ბიუროს გადაწყვეტილება ძალაში ვერ შევა მანამ, სანამ საქმის განხილვა ორივე ინსტანციაში არ დასრულდება.

მეორე მხრივ, თუკი ბიუროს გადაწყვეტილებას არავინ გაასაჩივრებს, ერთთვიან ვადაში იგი ძალაში შევა.

სად გამოქვეყნდება ინფორმაცია ოლიგარქებზე?

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნილ "ოლიგარქთა რეესტრში", ანუ "ოლიგარქებზე" ინფორმაციის გასაჯაროებისთვის შექმნილ საინფორმაციო, საკომუნიკაციო სისტემაში.

რა ინფორმაცია გამოქვეყნდება "ოლიგარქზე"?

ოლიგარქთა რეესტრში რეგისტრირდება შემდეგი ინფორმაცია:

  • ოლიგარქად ცნობილი პირის გვარი და სახელი;
  • პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება;
  • კონტაქტის დეკლარაცია;
  • მითითება იმაზე, რომ პირის ოლიგარქად ცნობა და რეესტრში შეყვანა თავისთავად არ ნიშნავს, რომ ეს პირი დამნაშავე ან სამართალდამრღვევია.

როდის გამოქვეყნდება ინფორმაცია "ოლიგარქზე?

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღეში.

"ოლიგარქად" აღიარებულს აუკრძალავენ პოლიტიკაში ფულის დაბანდებას?

"ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობის რისკებად" შეაფასა ვენეციის კომისიამ "ოლიგარქებად" აღიარებული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო კამპანიებისა თუ მანიფესტაციების დაფინანსების აკრძალვა. ამას ითვალისწინებდა კანონპროექტის ძველი ვერსია.

"ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიის შენიშვნის პასუხად, განახლებული პროექტიდან სრულად ამოიღო პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო, სხვა კამპანიებისა და დემონსტრაციების დაფინანსების აკრძალვის შესახებ ჩანაწერი.

"აქ ვენეციის კომისიამ დაინახა შესაძლო რისკები უფლებების შელახვის... ეს საკითხი საერთოდ ამოვიღეთ, ანუ პირი თუ იქნება ოლიგარქად ცნობილი, მას შეეძლება დაფინანსება", - თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 12 აპრილის კომიტეტის სხდომაზე.

მაშ, რა აეკრძალება "ოლიგარქს"?

ერთადერთი რამ - პრივატიზების პროცესში მყიდველად მონაწილეობა. თუკი "ოლიგარქი" ამ პირობას დაარღვევს, მას გადახდილი ან გადასახდელი თანხის ორმაგი ოდენობით დააჯარიმებენ.

კიდევ რა შედეგი აქვს "ოლიგარქად" ცნობას?

"ოლიგარქთან" კომუნიკაციის შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეებმა, თანამდებობის პირებმა კონტაქტების დეკლარაციები უნდა წარადგინონ ანტიკორუფციულ ბიუროში. კონტაქტში იგულისხმება "ოლიგარქთან" უშუალოდ საუბარი, შეხვედრა, ტელეფონით ან სხვა საშუალებით.

"კონტაქტის დეკლარაციის" წარდგენა არ ევალება "ოლიგარქის" მეუღლეს, ნათესავს, გერს, და-ძმას, მეუღლის ნათესავს ან "ოლიგარქთან" მუდმივად მცხოვრებ პირს. ასევე, დეკლარაციის ვალდებულება არ ექნება მას, ვისაც "ოლიგარქთან" კონტაქტი ექნება საჯარო ღონისძიებაზე, ან არანაკლებ 50 ადამიანის თავშეყრისას.

რას ამბობს ვენეციის კომისია დასკვნაში?

კანონპროექტის განახლებამდე, ვენეციის კომისიას არაერთი შენიშვნა ჰქონდა "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან.

"კანონის თვითნებური გამოყენების რისკი უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რომ დამტკიცების შემთხვევაში მისი გამოყენება მოხდება ოპოზიციის წინააღმდეგ", - ნათქვამია ტექსტში.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მთავრობას ჭარბ გავლენას ანიჭებს და პოლიტიკური ანგარიშსწორების შესაძლებლობას აძლევს, "ბუნდოვანი კრიტერიუმების" გამო და ასევე "პერსონალური მიდგომის" გათვალისწინებით, კანონპროექტის ამ სახით დამტკიცებამ შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა "დასახული მიზნების შესრულების ნაცვლად".

ვენეციის კომისიამ, ზოგადად "დეოლიგარქიზაციის" საკითხის დასარეგულირებლად რეკომენდაცია გასცა, რომ საჭიროა საკითხს სისტემურად მიუდგნენ, რაც მოიცავს:

  • სასამართლო სისტემის სტრუქტურული რეფორმების გატარებას, მისი დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის განმტკიცების მიზნით;
  • ოლიგარქების გადამეტებული ზემოქმედების კონტროლს კონკურენციის სფეროში, სადაც ასევე იგულისხმება, მაგალითად, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გაუმჯობესება;
  • ახლად შექმნილი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს გაუმჯობესება;
  • მედიამფლობელობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სხვა.
დეოლიგარქიზაცია, ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში რიგით მე-5 და ერთ-ერთი ყველაზე სადავო პირობა იყო.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG