საპრეზიდენტო არჩევნებში თურქეთის პრეზიდენტის, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ 69 წლის ლიდერის - ერდოანის მთავარი კონკურენტია ოპოზიციური „ალიანსის“ კანდიდატი, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ.
ზოგიერთი გამოკითხვით, ქილიჩდაროღლუს ახლა მეტი ემხრობა, ვიდრე ერდოანს. თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოცემის, ონლაინგაზეთ Hürriyet-ის მიხედვით - რომელიც ადრე ოპოზიციურად ითვლებოდა, მაგრამ ბოლო წლებში მასზე კონტროლი მმართველი პარტიის მომხრეების ხელში გადავიდა - მაისის დასაწყისში არსებული მდგომარეობით, ვერცერთი კანდიდატი ვერ აგროვებს 50%-ს, რომელიც საჭიროა გამარჯვებისთვის.
თუმცა, ერდოანის შანსები უფრო მაღალია, მას 48,6% აირჩევდა. ქემალ ქილიჩდაროღლუს, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერს კი - 44,1%. მუჰარემ ინჯეს (სამშობლოს პარტია) - მოკრძალებული შედეგი 4,3% აქვს; ხოლო მეოთხე კანდიდატს, მემარჯვენე ნაციონალისტური „წინაპრების კავშირის“ ლიდერს, სინან ოღანს, რომელიც დასავლეთის მიმართ კრიტიკითაა ცნობილი, - მხოლოდ 3%.
სხვა გამოკითხვები, რომლებიც დამოუკიდებელმა SER-AR-მა ჩაატარა, 3 მაისის მდგომარეობით აჩვენებს, რომ ოპოზიცია უფრო პოპულარულია: ქილიჩდაროღლუს 52,7% უჭერს მხარს, ერდოანს - 44,3%, ინჯეს - 1,4%, ოღანს - 1,6%.
მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის პოზიციები არჩევნების წინ ძლიერად შეარყია ორმა ფაქტორმა. პირველი - წელს, 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრა იყო, რომლის შედეგადაც დაზარალდა 11 პროვინცია. უკანასკნელი მონაცემებით, ამ ტრაგედიას 50,7 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, მთლიანობაში, მისი შედეგები შეეხო 15,7 მილიონ ადამიანს. მათი ნაწილი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სტიქიის ზონა და ნათესავებთან გადასულიყო.
ქვეყნის ხელისუფლების მისამართით ისმოდა ბრალდებები იმის შესახებ, რომ ვერ გაართვეს თავი სამაშველო ოპერაციების ორგანიზებასა და ჩატარებას.
კრიტიკის ქარცეცხლის საპასუხოდ, ხელისუფლებამ ჯერ ტვიტერი გამორთო - სწორედ იქ ქვეყნდებოდა ვიდეოები კატასტროფის ადგილებიდან, რომლებშიც სახლების ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ნათესავები ითხოვდნენ მათთვის ტექნიკისა და მაშველების გაგზავნას. შემდეგ ერდოანი გამოვიდა საჯარო განცხადებით და აღიარა, რომ ოპერაცია ისე ვერ ჩატარდა, როგორც საჭირო იყო.
ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის გამო, სხვა ქალაქებსა და რეგიონებში 3,3 მილიონი ადამიანი გადავიდა, მათგან ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაცია 1,5 მილიონმა მოახერხა. აპრილის ბოლოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ, ვინც სტიქიის ზონა დატოვეს, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული პრობლემები არ უნდა ჰქონდეთ, თუმცა არ დაუზუსტებია, ეს ყველა ამომრჩეველს ეხებოდა თუ მხოლოდ მათ, ვინც (ახალ საცხოვრებელ ადგილზე) ახლა გატარდა რეგისტრაციაში.
სინამდვილეში კი, მათ, ვინც თავიანთი მეგობრებისა და ნათესავების სახლებში აღმოჩნდნენ ახალ საცხოვრებელ ადგილზე, ხმის მიცემა არ შეუძლიათ.
თურქეთის მკვლევარი, სანდრო ბაკურაძე რადიო თავისუფლებას განუმარტავს, რომ ეს, თეორიულად, ოპოზიციის ამომრჩეველი, პრინციპში, მთავრობით უკმაყოფილო მოქალაქეები, დიდი შანსია, რომ მაინც ვერ გახდება ის მასა, რომელიც მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის არჩევნების შედეგებში რამდენიმე მიზეზით.
„ერთი მხრივ, მთავრობა იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და სხვა ადგილას რეგისტრაციის გადატანა გართულებულია. და ამას უკავშირდება მთელ რიგ იურიდიულ უფლებებზე უარის თქმა. მაგალითად, უარის თქმა სოციალურ შემწეობაზე, რის გამოც მიწისძვრით დაზარალებულები იძულებული არიან უარი თქვან საარჩევნო ჩაწერის გადატანაზე სხვა ოლქში, მაგრამ ჩნდება მატერიალური პრობლემები, - რთულია იქ ჩასვლა ხმის გამოსაყენებლად. ზოგიერთ მათგანს სამსახურის თუ სხვა მიზეზების გამო ფიზიკურად არ აქვს იქ ჩასვლის შესაძლებლობა“, - ამბობს სანდრო ბაკურაძე და ამატებს, რომ ოპოზიციური ძალები ცდილობენ ამ პრობლემის გადაჭრას უფასო ტრანსპორტის უზრუნველყოფით ცდილობენ, მაგრამ მაინც რთულია უკან ჩასვლა. ბაკურაძე ლაპარაკობს მეორე დეტალზეც, რომელიც მიწისძვრით დაზარალებულ იმ არეალებს ეხება, სადაც ერდოანის პოზიცია ისედაც ძლიერი იყო.
„ხელისუფლება აქტიურად იყენებს პროპაგანდას, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება, მაშინ დანგრეული სახლების სანაცვლოდ ახალი არაფერი არ აშენდება და ეს პროპაგანდა, ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით, მუშაობს იმ მხრივ, რომ ამ რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობის საკმაო ნაწილი ღიად ვერ ბედავს ოპოზიციური აზრის დაფიქსირებას კამერების წინ“, - არჩევნებზე რა იქნება და როგორ, ძნელი სათქმელია, ამბობს სანდრო ბაკურაძე, თუმცა, მოელის, რომ ამ მოქალაქეების საკმაო ნაწილი, სავარაუდოდ, ვერ გაბედავს ოპოზიციისთვის ხმის მიცემას, ამ მხრივ, დიდი ქალაქების მოსახლეობა უფრო თავისუფალია არჩევანის გაკეთებაში.
ვინ არის ქემალ ქილიჩდაროღლუ?
თურქეთის ოპოზიციის წინამძღოლ ქემალ ქილიჩდაროღლუს ერდოანის ანტიპოდად მიიჩნევენ: ერთი ჩაფიქრებული ინტელექტუალია უჩარჩოო სათვალით, მეორე კი - ხმაურიანი პოპულისტი.
74 წლის ქილიჩდაროღლუ თურქი სოციალ-დემოკრატების - თურქეთის სახელმწიფოს დამაარსებლის, ქემალ ათათურქის პარტიის, რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარეა. მისი ხელმძღვანელობით სეკულარულმა სახალხო პარტიამ კონსერვატორებიც და გარიყული ქურთებიც მიიზიდა.
ქემალ ქილიჩდაროღლუ აღმსარებლობით ალევიტია. წარმოშობით ქურთია, თუმცა თავის იდენტობაზე, როგორც წესი, არ საუბრობს. ის ისტორიული დერსიმის მეამბოხე რეგიონიდან, დღევანდელი თუნჯელის პროვინციიდანაა.
მან ეკონომიკა ისწავლა და სოციალური დაზღვევის უწყებას ედგა სათავეში. მის მიმართ კრიტიკულები თვლიან, რომ აკლია ქარიზმატულობა, თუმცა ასევე თვლიან, რომ დროთა განმავლობაში ესეც ისწავლა.
მალე გამოჩნდება, დაძლევს თუ არა ოპოზიციის ლიდერი ერდოანის პოპულიზმს.
ზოგიერთი მიმომხილველი, მის ალევიტობას ნაკლად მიიჩნევს არჩევნებისთვის, სხვები პირიქით - სწორედ ქურთების მიზიდვას ასახელებენ უპირატესობად. არჩევის შემთხვევაში ის პირველი ალევიტი პრეზიდენტი იქნება.
2019 წელს ქემალ ქილიჩდაროღლუს პარტიის წარმომადგენლებმა მოახერხეს დიდ ქალაქებში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში, მერების თანამდებობების დაკავება, სადაც დასრულდა ერდოანის პარტიის ლიდერობა წლების განმავლობაში.
დასავლეთის პრესამ მამაცი და გაბედული საქციელი უწოდა 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რეპრესიულ პოლიტიკურ გარემოში, ანკარიდან სტამბოლამდე 420-კილომეტრიანი მსვლელობის მოწყობას, როდესაც ქილიჩდაროღლუმ სახალხო პარტიის დეპუტატების დაპატიმრების მიმართ პროტესტი ასე გამოხატა. სანდრო ბაკურაძე ამბობს, ამ ამბის გარშემო დასავლეთში რეაქცია გადაჭარბებული იყო. ის აღიარებს, რომ ქილიჩდაროღლუს საკუთარ შეცდომებზე სწავლაც შეუძლია და მოთმინების უნარიც აქვს, მაგრამ ეს სიმამაცის გამოვლენა „უფრო კონიუნქტურის მოტანილია და ძალიან ბევრ სიტუაციაში მან ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომ თურქეთის ამ მდგომარეობაში ჩავარდნას ძალიან შეუწყო ხელი“.
ბაკურაძეს მაგალითად მოჰყავს, როგორ დაუჭირა მხარი სწორედ ქილიჩდაროღლუმ ხალხთა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების დაკავებას, თუმცა იქვე განაცხადა - ანტიკონსტიტუციური ქმედებაა, მაგრამ მაინც ვემხრობიო. ბაკურაძე ამას იმით ხსნის, რომ ეს იყო პრაგმატული ნაბიჯი და თურქეთის ოპოზიციის წინამძღოლს ეშინოდა, მისი პარტია, სხვათა მსგავსად, ტერორიზმთან არ გაეიგივებინათ. და სწორედ ეს იყო ქილიჩდაროღლუს ყოყმანის მთავარი მიზეზი. მაშინ, ხელისუფლება და უშუალოდ ერდოღანი, აქტიურად იყენებდნენ მის წინააღმდეგ ამ რიტორიკას და ქილიჩდაროღლუც საკმაოდ უარყოფითად რეაგირებდა. თან 2016 წლის 15 ივლისის შემდგომ შექმნილი პოლიტიკური რეალობაც თავისას აკეთებდა და ქილიჩდაროღლუც უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცა.
მას მერე, დღემდე, ქილიჩდაროღლუ ეფექტიანად მოქმედებს და მისი ახლანდელი წინასაარჩევნო კამპანიაც ამას ადასტურებს, თქვა სანდრო ბაკურაძემ, რომლის თანახმად, პოპულიზმის დონეზე ერდოანთან პოლემიკაში არშესვლით, ის ახერხებს პოპულიზმთან ბრძოლას.
„ქილიჩდაროღლუმ წინა პლანზე გადმოწია რეალური პრობლემები და მას უკავშირდება ის ფორმულა, რამაც სტამბოლი და ანკარა, სხვა დიდ ქალაქებთან ერთად, მოაგებინა ოპოზიციას“. ის არ არის ოფიციალური ლიდერი, ამბობს ბაკურაძე, ის დე ფაქტო ლიდერია, „რომლის ლეგიტიმაცია ემყარება მისი, ასე ვთქვათ, მომრიგებლის და არბიტრის პოზიციას“.
სანდრო ბაკურაძე ქილიჩდაროღლუს „ორმაგ უმცირესობას უწოდებს“ მისი რელიგიური კუთვნილებისა და ეთნიკური წარმოშობის გამო, „ქილიჩდაროღლუს სოფელში, არაქურთი ფიზიკურად არ ცხოვრობს“, გვეუბნება თურქეთის მკვლევარი და გვიხსნის, რომ რეგიონში, საიდანაც არის ოპოზიციის ლიდერი, 1937-1938 წლებში ქურთთა დიდი აჯანყება მოხდა, რომელიც ქემალ ათათურქის ბრძანებით, სასტიკად ჩაახშეს. ამ აჯანყების ჩახშობას და იქიდან ქურთთა ძალით დეპორტაციას, ზოგიერთი მკვლევარი გენოციდად, სხვები - ეთნოციდად აფასებენ. ისტორიული დერსიმის რეგიონში წლების წინ მომხდარ 2011 წელს ერდოანმა „თანამედროვე თურქული ისტორიის ყველაზე ტრაგიკული და მტკივნეული მოვლენა“ და ბოდიში მოიხადა.
რაც შეეხება რელიგიას, ქილიჩდაროღლუს ალევიტობას, ბევრი ფიქრობდა, რომ ამის გამო ოპოზიციას არ ეყოლებოდა მომხრეები, მაგრამ „მიუხედავად თურქეთში არსებული სექტარიანული პრობლემისა, ამომრჩევლის დიდი ნაწილი ბევრად უფრო პრაგმატულია და როცა საქმე ეხება ეკონომიკურ პრობლემებს, საგარეო და შიდა პოლიტიკურ კრიზისებს და ასე შემდეგ, აქ კონკრეტული კანდიდატის რელიგიური აფილაცია ისე მნიშვნელოვანი აღარ არის“, - ამბობს ბაკურაძე და განმარტავს, რომ მათ, ვინც რელიგიურ მიკუთვნებულობას ამ შემთხვევაში ყურადღებას აქცევს, „ასეც და ისეც ერდოანის ამომრჩეველია და მათზე მუშაობას დიდი აზრი არ აქვს“.
ხახვი, ინფლაცია და "პუტჩის კარტი"
გიულისთან გიურბი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ოტო ზურის სახელობის ინსტიტუტის პროფესორ-ასისტენტი, თვლის, რომ ახლა ოპოზიციას უკეთესი შანსი აქვს, ვიდრე წინა წლებში. „შანსები ძალიან დიდია იმისა, რომ მთავარი ოპოზიციური კავშირი ამჯერად გაიმარჯვებს“, უთხრა მან გერმანიის რადიოს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. პოლიტოლოგი ეკონომიკურ ვითარებას და მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრისას მთავრობის უნიათობას მიიჩნევს ორ მნიშვნელოვან ფაქტორად, რაც იმოქმედებს თურქეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებაზე კენჭისყრის დროს. „ერდოანი და მისი სამართლიანობისა და განვითარების პარტია ამ მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში კეთილდღეობას და ეკონომიკის აღმავლობას ესწრაფოდა და ახლა პირიქითაა. ეს ხალხის დიდ უკმაყოფილებას იწვევს“, - ამბობს გიურბი.
ბევრს წერენ და ლაპარაკობენ მეორე ფაქტორზე, რომელიც თურქი ამომრჩევლის განწყობაზე მოქმედებს, - ეს არის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ფასები ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა - 105%-ს მიაღწია.
მაგალითად, საქართველოს მსგავსად, დიდი აღშფოთება გამოიწვია თურქეთში ხახვის ფასებმა ამ გაზაფხულზე. მის გარეშე თურქული სამზარეულო წარმოუდგენელია, საშუალოდ, ერთ ადამიანზე წელიწადში 21 კგ ხახვი გამოიყენება, როგორც თურქეთის სასოფლო-სამეურნეო უწყების საბჭომ გამოთვალა.
იქვე გაარკვიეს, რომ ერთი წლის განმავლობაში, ხახვზე ფასი 600%-ით გაიზარდა და ახლა მისი ფასი 1,5 დოლარს უტოლდება.
კრიტიკის საპასუხოდ, ერდოანმა განაცხადა, რომ მისი ამომრჩეველი თავის ლიდერს „არც ხახვში და არც კარტოფილში“ არ გაცვლის.
სურსათის ფასების ზრდასთან ერთად, მკვეთრად იზრდება საცხოვრებლის ფასებიც. ოფიციალური მონაცემებით, ისინი „სულ რაღაც“ ორ-ნახევარჯერ გაძვირდა - საცხოვრებლის ფასების ინდექსი თებერვლისთვის (გამოქვეყნებულთაგან უკანასკნელი) 140%-ით გაიზარდა.
დაახლოებით ამდენითვე, ხელისუფლების დათვლებით, გაიზარდა (ბინის) ქირის ფასებიც: მაგალითად, სტამბოლში - 140%-ით. და ეს მიუხედავად მოქმედი კანონმდებლობისა: ის განსაზღვრავს ზღვარს, რომლის ზემოთაც გამქირავებლები ვერ გაზრდიან ქირის საფასურს - 2023 წლის ივლისამდე ის 25%-ს შეადგენს.
ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს ეკონომიკურ ჩავარდნაში.
როგორც ერდოანის ოპონენტები თვლიან, მას ჩვევად აქვს, ინფლაციის საკითხი არა ეკონომიკური ზომებით, არამედ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელების გადაყენებით გადაჭრას - ორ წელიწადში უკვე სამი გაათავისუფლა.
ბოლოს იყო საით ერდალ დინჩერის გათავისუფლება, 2022 წლის იანვარში. Financial Times-ი წერდა, რომ ერდოანი არ იყო კმაყოფილი მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ფასების ზრდის შესახებ.
მმართველი პარტია და თავად ერდოანი თურქეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე არ ლაპარაკობენ და, მიმომხილველების აზრით, ამის ნაცვლად, ცდილობენ „პუტჩის კარტი“ გაათამაშონ: მათი მთავარი გზავნილია, რომ ოპოზიციის გამარჯვება ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალებას, რომლის თავიდან აცილებაც მოხერხდა 2016 წელს.
ერდოანის თქმით, ხელისუფლების ცვლილებას ელოდებიან ტერორისტები - ისინი, ვინც ახლა ციხეში არიან და ისინიც, ვინც საზღვარგარეთ გაიქცნენ.
ამის საპირწონედ, ახლანდელი ლიდერი მოსახლეობას სთავაზობს „ნდობისა და სტაბილურობის კლიმატის“ შენარჩუნებას, რომლის არსებობის პირობებშიც, ახალგაზრდობას ექნება საკუთარი საცხოვრებელი: ერდოანმა სოციალური ქსელების საშუალებით პირობა დადო, რომ მთავრობა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს იმ პროგრამის დახმარებით, რომელსაც „ჩემი პირველი სახლი, ჩემი პირველი მიწა“ ჰქვია. ქილიჩდაროღლუმ, ამ ვითარებაში, თავის წინასაარჩევნო კამპანიაში პირობა დადო, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების უცხოელებისთვის მიყიდვას აკრძალავს სულ მცირე ხუთი წლით, სანამ ფასები არ დაეცემა.
გაყალბდება არჩევნები?
სანდრო ბაკურაძე ამბობს, რომ ერდოანისთვის არჩევნების გაყალბება დღეს უფრო რთულია, ვიდრე ოცი წლის წინ და ამის მთავარი მიზეზი ურბანიზაციაა.
თურქეთის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს ქალაქებში, სადაც ოპოზიცია იქნება ეს, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ მეთვალყურეები, კარგად არიან ორგანიზებული და მათთვის იოლია ხმების მიცემის პროცესის გაკონტროლება და არჩევნების ისე გაყალბება, რომ მან ზეგავლენა მოახდინოს შედეგზე, რთულია. ბაკურაძე იქვე განმარტავს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგალითად, ვითარება ისეთ პროვინციებში, როგორიცაა შანლიურფა, სამხრეთში, სირიის საზღვართან, სადაც ტომობრივი ურთიერთობები დღესაც განსაზღვრავენ სოციალურ სტრუქტურას: „ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ აქ, მაგალითად, რომელიმე სოფელში მიდის ადგილობრივი არაბული თუ ქურთული ტომის შეიხი და 200 თუ 300 კაცის მაგივრად აძლევს ხმას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას. ეს იმდენად არის ნორმალიზებული, რომ ამაზე არც ლაპარაკობს არავინ“.
„გაყალბების შანსები არის, მაგრამ ეფექტური გაყალბების შანსი არის მაშინ, თუ ძალიან მცირე სხვაობა იქნება“ - ამბობს ბაკურაძე.
სხვა კანდიდატები
ორი მთავარი პრეტენდენტის, ერდოანის და ქილიჩდაროღლუს გარდა, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სხვებიც მონაწილეობენ.
ერთ-ერთი, რომელმაც უარი თქვა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე ოპოზიციურ პარტიებთან, არის მუჰარემ ინჯე, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ახლა, 2018 წელს ერდოანთან არჩევნებში დამარცხებულ პოლიტიკოსს იმაში ადანაშაულებენ, რომ ის მმართველი ძალის მიერ „დასმულია“ და მისი მთავარი ამოცანა ქილიჩდაროღლუსთვის ხმების წართმევაა.
თურქული სოციალური ქსელების მომხმარებლები და ანალიტიკოსები ყურადღებას მიაპყრობენ იმაზე, რომ მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის კრიტიკის ნაცვლად, ინჯეს მთავარ ოპოზიციურ კანდიდატზე აქვს ყურადღება გადატანილი და, მაგალითად, აცხადებს, რომ ქილიჩდაროღლუს თითქოს „გიულენის მოძრაობასთან“ ჰქონდეს კავშირი. გიულენის მიმდევრებს ანკარა ტერორისტებად თვლის.
მეოთხე კანდიდატი, რომელსაც სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, შანსი აქვს მოიპოვოს 1,5%-დან 3%-მდე, არის სინან ოღანი, წარმოშობით აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი, რომელმაც რუსული ენაც იცის. ის მხარს უჭერს გაწონასწორებულ ურთიერთობებს აშშ-სა და დასავლეთთან და სირიის ტერიტორიულ მთლიანობას.
თუ შეიცალა ხელისუფლება, თუ გაიმარჯვა ოპოზიციამ, თუ ასე მოხდა, რადიკალური ცვლილებები, სანდრო ბაკურაძის აზრით, არ არის მოსალოდნელი, მაგრამ ბევრი რამ მაინც განსხვავებული იქნება: „ტოტალიტარული ტენდენციები და პირად ცხოვრებაში ჩარევის და სოციალური ინჟინერიის არცთუ წარმატებული მცდელობები, რაც ერდოანის ხელისუფლებას ახასიათებდა, დიდწილად დასრულდება“, - მოელის ის, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში თურქეთი კვლავ დამოუკიდებელი გზით ივლის, თუმცა კორექტირება მოუწევს, მაგალითად, სირიის მიმართ პოლიტიკაში. „არსებული სტატუს-კვოს პირობებში, თურქეთი, რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში უფრო სოციალურ-ლიბერალური პოლიტიკა [გატარდება] და ალკოჰოლის მიღება თუ რელიგიური საკითხები და ასე შემდეგ, უფრო ლიბერალურად იქნება ხელში აღებული, პოლიტიკური კუთხით, პირიქით, ახალი პოლიტიკური კრიზისისკენ მიექანება“- ბაკურაძის აზრით,
მკვლევარი რაიმე სერიოზული ცვლილება საქართველოს მიმართ პოლიტიკაში არ მოელის.