Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნისიების რვეული ბავშვებისთვის - სკოლებში უფასო კვება ოცნებად რჩება 


ბავშვები სკოლის ბუფეტში
ბავშვები სკოლის ბუფეტში

უფასო კვება სკოლაში - ეს იდეა უკვე ორი წელია ყველას მოსწონს, თუმცა ის ისევე შორსაა განხორციელებისგან, როგორც წლების წინ.

„მე კერძო სკოლებში ვმუშაობ, მაგრამ ჩემი შვილიშვილები საჯარო სკოლაში სწალობენ. ჩემი რძალი, სამი შვილის დედა ვერ ახერხებს, ბავშვებს საუზმე ყოველდღე გაატანოს. ბავშვებს უთქვამთ, [შიმშილისგან] მუცელი ამტკივდა, თავი ამტკივდაო. არათუ საჯარო, კერძო სკოლებშიც კი, სადაც ორჯერადი კვებაა, 12 საათისკენ უკვე მშიას და დავიღალეს გაიძახიან“, - ამბობს მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი.

2021 წელს მოძრაობა „ხმამ“ 27 მასწავლებელი გამოკითხა, ისინი, ვინც 2017-2021 წლებში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვდნენ. პედაგოგები ამბობენ, რომ ბავშვებს სკოლაში ხშირად შიათ - ნაწილი საჭმლის წაღებას ვერ ახერხებს, ნაწილი - ყიდვას.

ბავშვები დილით ხშირად ვერ ან არ საუზმობენ, სადილი არც სკოლაში მიაქვთ, ან მიაქვთ და სხვების თანდასწრებით ჭამა ერიდებათ, მაშინ როდესაც მათი სადილი კლასელებისას ჩამოუვარდება.

მოძრაობა „ხმის“ წარმომადგენელი ვახტანგ ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კვლევისას თითქმის ყველა მასწავლებელმა გაიხსენა ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც მის სკოლაში მოსწავლემ შიმშილისგან გონება დაკარგა.

ნინო თბილისის საჯარო სკოლაში ასწავლის. მათ სკოლაში ბუფეტი არაა, ბავშვები ძირითადად სახლიდან წაღებულ შოკოლადსა და ორცხობილებს ჭამენ. მათთან სწავლა ცხრის ნახევარზე იწყება და ბავშვები არათუ საუზმეს, ხანდახან სკოლაში მისვლასაც ძლივს ასწრებენ.

„იშვიათად მშობელმა ბავშვს (უმცროსკლასელს) კოტლეტი და პური ან კოტლეტი და პიურე გამოატანოს. ჩხირები, კანფეტები და მაღაზიაში ნაყიდი რაღაცები მოაქვთ. სულ იცმუცნებიან. თუ ვინმეს არ აქვს ამის ფული, სხვა უწილადებს, ისიც, თუ ნორმალური კლასია. თუ არა და, იქნება მშიერი. მეც მიდევს უჯრაში შოკოლადები და ვაძლევ. ბავშვი კი არ მეტყვის, მაგრამ სხვა რომ ჭამს და ეს რაღაცნაირად გახედავს, ესე იგი ამასაც უნდა“, - უთხრა ნინომ რადიო თავისუფლებას.

„შეიძლება ჩვენ შვილებს შიოდეთ“

2021 წლის სექტემბერში მოძრაობა „ხმამ“ სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით კამპანია წამოიწყო. ამ მოძრაობას პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფიც მიუერთდნენ, ძიძები, სტუდენტები, მწერლები...

ჩვენ ბავშვების ყოველდღიური შიმშილობის მოწმეები ვართ და მათთან ერთად გვტანჯავს შეურაცხყოფის და უმწეობის განცდა“, - წერენ მასწავლებლები თავიანთ მიმართვაში, განცხადებას 153 პედაგოგი აწერს ხელს.

„ჩვენ ვართ ძიძები, ჩვენ ვზრუნავთ აღსაზრდელებზე, ამავე დროს კი ჩვენს შვილებს ზრუნვა აკლიათ... სახლიდან იმაზე ადრე გვიწევს გასვლა, ვიდრე შვილები სკოლაში წავლენ. ხან 24-საათიან ცვლაში ვშრომობთ. დროის ან საკვების დანაკლისის გამო შეიძლება ჩვენ შვილებს შიოდეთ“, - წერია საქართველოს ძიძების ასოციაციის განცხადებაში.

უფასო კვებას ითხოვენ საბავშვო მწერლები და ილუსტრატორებიც.

„შარშან მესტიაში და ახალქალაქში გვქონდა ბავშვებთან შეხვედრა, პიესა უნდა დაეწერათ. რომ ვკითხეთ, რაზე გინდათ დაწეროთო, ერთ-ერთი თემა სწორედ სკოლაში უფასო კვება იყო. არსებობს სკოლების ნისიების რვეულები, რომლებშიც ბავშვების ვალები წერია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ.

განსხვავებული სკოლა, განსხვავებული მოდელი

ექსპერტი განათლების საკითხებში, თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ ეს არ არის იოლად განსახორციელებელი. სკოლებში ბუფეტები თითქმის აღარ დარჩა, ბევრგან თავისუფალი ოთახიც აღარ არის, რომ იქ სამზარეულო მოაწყო. მეტიც, იმ სკოლებში, რომლებიც ორ ცვლაში მუშაობენ, დასვენებები მხოლოდ 5-10 წუთია, სადილობას კი 20 წუთი მაინც უნდა. ორ ცვლაში დიდი დასვენების მოწყობა კი ნიშნავს, რომ მოსწავლეები სახლში დაღამებულზე წავლენ.

„კვლევა ჩავატარე უსაფრთხო კვებაზე და აღმოჩნდა, რომ ბავშვები პროდუქტის საყიდლად შეიძლება სკოლის გარეთაც გავიდნენ. ამიტომ სკოლაში ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს საკვები ადგილი, მაგრამ როგორ? თუ ამ საკითხს ცენტრალიზებულად გადავწყვეტთ, ეს წაგებული თამაში იქნება, რადგან სკოლები განსხვავებულია. კორუფციისა და ნეპოტიზმის ალბათობაც მაღალია, - ამბობს თამარ მოსიაშვილი, - შეიძლება სახელმწიფომ მხოლოდ სოციალურად დაუცველი ბავშვები დააფინასოს, ან სკოლამ იპოვოს სპონსორი, ან სკოლაში საჭმელი შედარებით იაფი იყოს, ისე როგორც ეს უნივერსიტეტებშია“.

მოძრაობა „ხმა“ დაჟინებით ითხოვს, უფასო კვება ყველამ მიიღოს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების ბაზა არასრულია და მასზე დაყრდნობა არ შეიძლება.

სამზარეულოდან - ფორტიფიცირებულ ორცხობილამდე

ანასტასია 6 წლისაა, თბილისში პირველ კლასში სწავლობს. დილით საუზმესაც უმზადებენ და საჭმელს თანაც ატანენ, მაგრამ ყოველდღე მაინც ხუთ ლარს ითხოვს, ფრი უყვარს.

ბავშვები თბილისის 161-ე სკოლაში
ბავშვები თბილისის 161-ე სკოლაში

„კარგს არაფერს ყიდულობენ, ტკბილეულობას უფრო, გატანებული კონტეინერი კი სავსე მოაქვს უკან სახლში. ფულს რომ არ ვაძლევთ, სახლის ყველა კუთხეში ხურდას ეძებს. უფასო კვება თუ იქნება, ეცოდინება, რომ რაც სკოლაშია, ის უნდა ჭამოს. ფულიც დაგვეზოგება. თან ყველას ხო არ არა აქვს საშუალება?! ზოგი ვერ ატანს ფულს ბავშვს. იდეალური გამოსავალი იქნება ყველასთვის“, - ფიქრობს ანასტასიას დედა ნინო ენდელაძე.

ვახტანგ ნაცვლიშვილი ამბობს, რომ იმ სკოლებში, სადაც ამის საშუალება აქვთ, შეიძლება საჭმელი ადგილზე მომზადდეს, სადაც არა აქვთ - გამზადებული მიიტანონ: „არის ისეთი სკოლებიც, სადაც ზამთარში გაუვალი გზების გამო მზა საკვებსაც ვერ მიიტან. ასეთ დროს შესაძლებელია ბავშვებს ფორტიფიცირებული საკვები დაურიგდეთ, ვიტამინებით გამდიდრებული ორცხობილა ან მსგავსი პროდუქტი“.

რას ამბობენ დირექტორები?

იმის გასაგებად, თუ რამდენად სჭირდებათ ან რამდენად მზად არიან სკოლები უფასო კვების დასანერგად, რადიო თავისუფლებამ ათამდე სკოლაში დარეკა.

თბილისის 161-ე სკოლა ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდია - 2700 ბავშვი სწავლობს. აქ ბუფეტი აქვთ, მაგრამ მხოლოდ პატარებისთვის. დაახლოებით 50 კვადრატული მეტრის ფართის ოთახში სამზარეულო და სასადილოა მოწყობილი, 5 მაგიდით და დახლით. კანფეტებისა და ფუნთუშების გვერდით იქვე დამზადებული პროდუქტებიც იყიდება, ყველაზე მეტად ბავშვებს შემწვარი კარტოფილი, ლობიანი და პიცა უყვართო, გვეუბნებიან.

161-ე სკოლაში კერძებს ადგილზედაც ამზადებენ.
161-ე სკოლაში კერძებს ადგილზედაც ამზადებენ.

სკოლის დირექტორი მიხეილ მინდაძე გვიხსნის, რომ სკოლები ფართს იჯარით გასცემენ, სასადილოს მოსაწყობად კი განათლების სამინისტრო აცხადებს ტენდერს. კვების სტანდარტებიც წინასწარაა განსაზღვრული.

მიხეილ მინდაძე, თბილისის 161-ე სკოლის დირექტორი: „კომპანიებისთვის თავიდან ძალიან მიმზიდველია ეს ამდენი ბაშვი, მაგრამ ტენდერის დროს კონკურენცია მაღალია და ხარჯიც იწევს. თან მერე ირკვევა, რომ ბუფეტში ყველა არ დადის.

ბუფეტს ვთხოვთ ხოლმე, რაღაც ისეთიც ჰქონდეთ მენიუში, რასაც სოციალურად დაუცველი ბავშვიც იყიდის. ამას გაგებით ეკიდებიან... უფასო კვება ცუდი როგორ შეიძლება იყოს, მთავარია როგორ გააკეთებენ“.

მზია ოსეფაიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუტურის სკოლის დირექტორი: „დაწყებით კლასებში, რა თქმა უნდა, უფრო შიათ, დიდებს არა. ჩვენ გვაქვს ბუფეტი, მაგრამ მაგიდები გვიდგას, რომ ბავშვებს თუ მოუნდათ, ლამაზად დასხდნენ და ჭამონ, ოღონდ თვითონ თუ აქვთ საჭმელი. აქ რომ გააკეთო ან იყიდო, ისეთი ბუფეტი არ გვაქვს“.

თეა გაბელაია, ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლის დირექტორი: „სამინისტრო როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ისე გავაკეთებთ. ყველა გამოწვევისთვის მზად ვართ. ჩემს სკოლაში არის ბუფეტი, ოთახი გავეცი იჯარით და იქ გააკეთეს. საჭმელს ადგილზე დიდებისთვისაც აკეთებენ და ბავშვებისთვისაც“.

მარინე დავითულიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის სკოლის დირექტორი: „ჩემს სკოლაში მხოლოდ რვა ბავშვია, ბუფეტი არ გვაქვს, გარშემო ცხოვრობენ აქვე. არ მქონია ისეთი შემთხვევა, რომ ვინმე შიმშილისგან ცუდად გამხდარიყოს“.

რა დაჯდება სკოლაში სადილობა?

გაეროს ბავშვთა ფონდმა ქართული სკოლებისთვის შეადგინა მენიუ, რომელიც ათამდე კერძზეა გათვლილი, მაგალითად, ყველის 245-გრამიანი სენდვიჩი, 306 კალორიით (ინგრედიენტებია: ყველი, პური, პომიდორი, კვერცხი და მწვანე ხახვი).

ამ მენიუში ასევე არის ლობიანი ბოსტნეულით, მაკარონი ყველითა და ბოსტნეულით, ჩახოხბილი, ბოსტნეულის სუფი...

ბუფეტი თბილისის 161-ე სკოლაში
ბუფეტი თბილისის 161-ე სკოლაში

ამ მენიუზე დაყრდნობით „ხმამ“ დაითვალა, რომ მოსწავლისთვის განკუთვნილი ერთი ულუფა 2.27 ლარი ღირს. უფასო სასკოლო კვება ბიუჯეტს წელიწადში 198 მილიონ ლარამდე დაუჯდება, ხოლო თუ პროგრამა მხოლოდ დაწყებითი საფეხურების მოსწავლეებს შეეხებათ - 106 მილიონ ლარამდე.

2022 წელს განათლების მაშინდელმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში თქვა, რომ სამინისტრო უფასო კვების კონცეფციაზე მუშაობაში ჩაერთვებოდა. თუმცა, ამის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. თუ რა კეთდება ახლა ამ მიმართულებით, ამ კითხვაზე სტატიის მომზადების პროცესში განათლების სამინისტროსგან პასუხი ვერ მივიღეთ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG