Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ 2 წელია მუშაობენ სკოლებში უფასო კვების საკითხზე - რას გულისხმობს ის


ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ნათქვამს იმის შესახებ, რომ მისი უწყება ორი წელია მუშაობს სკოლებში უფასო კვების საკითხზე, თუმცა რას გულისხმობს კონკრეტულად ეს მუშაობა, რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში ვერ დაუკონკრეტეს.

დღეს ზუგდიდში ეკატერინე ტიკარაძემ მედიის კითხვაზე, რომელიც სკოლებში უფასო კვებას შეეხებოდა, თქვა:

"ჯანდაცვის მიერ განხილული და დამუშავებული პროექტი ეხება... რა თქმა უნდა, უფასო იქნება ეს კვლევა.

ჩვენთვის პრიორიტეტია ჯანმრთელი ცხოვრების წესი დანერგვა. ჯანსაღი კვება არის ერთ-ერთი მთავარი, რაც ადამიანის ჯანმრთელობას განაპირობებს. მნიშვნელოვანია ბავშვების ადრეულ ასაკშიც სწორი განვითარება და სწორედ ეს პროექტია განხილული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

ინტენსიურად ვიმუშავებთ როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე UNICEF-თან. მათთან ერთად პროექტი დეტალურად გაწერილია როგორც კვების მენიუს, ასევე ფინანსურ ნაწილში. ორი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ეს უკვე განხილულია".

ტიკარაძის ამ კომენტარს წინ უსწრებდა თბილისის მერის განცხადება 20 ოქტომბერს "იმედის" ეთერში, სადაც მან თქვა, რომ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში იმაზე ადრე შეიტანა განსახილველად კანონპროექტი სკოლებში უფასო კვების თაობაზე, ვიდრე ამ ინიციატივით მელია გამოვიდოდა. კალაძის კონკურენტის, ნიკა მელიას ერთ-ერთი დაპირება თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეების უფასო კვებით უზრუნველყოფაა - მმართველი პარტია ამ ინიციატივას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება სკოლებში ბავშვების კვება.

საქართველოს პარლამენტის გვერდზე მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა არ იძებნება, ჯანდაცვის სამინისტროში კი ვერ პასუხობენ კითხვას, რა სახის დოკუმენტზე ან პროექტზე მუშაობს სამინისტრო უკვე ორი წელია.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა გაეროს ბავშვთა ფონდის ოფისს, რომელიც მინისტრმა ახსენა. UNICEF-ში გვითხრეს, რომ 2019 წლიდან ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად მართლაც მუშაობენ სკოლებში უფასო კვების პროექტზე, რომელიც რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია, რაც არაერთ საკანონმდებლო ცვლილებას, საჭიროებების კვლევას, სტრუქტურებს შორის გამართულ მუშაობას საჭიროებს. ხელშესახები შედეგი, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს, არის კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მიერ მომზადებული კვლევა სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების შესახებ და მზაობა სახელმწიფო უწყებების მხრიდან, გაგრძელდეს მუშაობა ამ საკითხზე. შექმნილია ასევე განახლებადი სისტემა, რომელიც სკოლების ინფრასტრუქტულ მზაობას ასახავს - ეს სისტემა ამ დროისთვის შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი და საჯარო არ არის. UNICEF-ში ამბობენ, რომ 2019 წელს დაწყებულ პროცესს ართულებს და ანელებს პანდემია, თუმცა ყველა უწყებიდან გამოყოფილია საკონტაქტო პირები და მუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელსაც ყველა აქტორი უნდა გაჰყვეს.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ისინი მუშაობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო კვების სისტემის გამართვაზე და არა რომელიმე ერთ ქალაქზე.

ამ პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევის მიხედვით:

  • საქართველოში გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე (NAEC, 2019).
  • მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 11% სოციალურად დაუცველია.

    სოციალურად დაუცველ მოსწავლეთა წილი არათანაბრად არის განაწილებული რეგიონების მიხედვით. სოციალურად დაუცველთა წილი მოსწავლეთა საერთო რაოდენობაში ყველაზე მაღალია რაჭა-ლეჩხუმში (37%).

  • დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ერთ მოსწავლეზე სასკოლო კვების პროგრამებზე წლიური საშუალო დანახარჯის გათვალ-ისწინებით (42 აშშ დოლარი) საქართველოში უნივერსალური (ყველა მოსწავლეზე გათვლით) პროგრამის განხორციელების წლიური ხარჯი დაახლოებით 70 994 154 ლარს შეადგენს.
  • საქართველოს სკოლების უმეტესობაში (75%) არ ფუნქციონირებს ბუფეტი. იმ სკოლების უმეტესობაში, რომლებშიც ფუნქციონირებს ბუფეტი, მხოლოდ მზა საკვები იყიდება.

XS
SM
MD
LG