თუკი მელია თბილისის მერი გახდება და თავის დაპირებებსაც შეასრულებს, ყოველ წელს დედაქალაქი 100 თბილისელ სტუდენტს დაუფინანსებს სწავლას „მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში”, თბილისელი პენსიონერები ყოველთვიურად დამატებით 100 ლარს მიიღებენ, თბილისელი მოსწავლეები კი სკოლებში უფასოდ შეჭამენ.
მმართველი პარტია იმ დაპირებების გამო, რომელიც სცილდება ქალაქის მმართველობის ფარგლებს, კონკურენტს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს, მელია კი პასუხობს, რომ მომავალში ექნება საშუალება ახსნას, როგორ აპირებს ამ მიზნების მიღწევას მერის პოსტზე.
ყველაზე დიდი ვნებათაღელვა სკოლებში უფასო კვების შესახებ გაცემულმა დაპირებამ გამოიწვია. ზოგს ამ დაპირებამ განათლების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა გაახსენა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად თვლიდა მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგებას, ზოგს კი ახალგაზრდა ლეიბორისტების 2019 წლის მიმართვა. მაშინ პოლიტიკოსები პარლამენტს სთხოვდნენ სკოლებში ბავშვების ერთჯერადი კვება დაეფინანსებინათ. უფასო კვების იდეის გაჩენის შემდეგ ათობით მასწავლებელმა დაწერა, როგორ ყიდულობენ ისინი თავიანთი ფულით საკვებს ხელმოკლე მოსწავლეებისთვის, რომ გაკვეთილებზე ბავშვები მშივრები არ ისხდნენ. ჯერ კიდევ პანდემიამდე, UNICEF-ი ამბობდა, რომ საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ყოველი მეექვსე ბავშვი კი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. საქართველოში გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე (NAEC, 2019).
„ერთხელ მითხრა მოსწავლემ, დავალება იმიტომ ვერ დავწერე, მშიოდა და ვეცადე დამეძინაო. მას შემდეგ 25 წელი გავიდა. დღე არ გავა, არ გამახსენდეს”, - ეს ამბავი ყოფილმა მასწავლებელმა, ნატო ინგოროყვამ გაიხსენა დღეს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის” პანდემიამდე, 2019 წელს იკვლია, რამდენად ჯანსაღად იკვებებიან ბავშვები - საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში გამოკითხული მშობლების 36%-მა თქვა, რომ მათი შვილები სკოლაში საერთოდ არ იკვებებიან, 30%-მა კი აღნიშნა, რომ სკოლაში არ იყიდება ჯანსაღი პროდუქტი.
„კვლევის მნიშვნელოვანი მიგნება იყო ის, რომ მშობელთა 61%-ის აზრით, სკოლაში მოსწავლე ჯანსაღი საკვებით ოჯახმა და სახელმწიფომ ერთად უნდა უზრუნველყოს. კვების დაფინანსებას სახელმწიფოს ვალდებულებად მიიჩნევდნენ უმეტესად ის მშობლები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 500 ლარზე ნაკლები იყო”, - ამბობს მეგი კავთუაშვილი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი. ამ კვლევამ თბილისიც მოიცვა. აღმოჩნდა, რომ დედაქალაქის სკოლების სასადილოებშიც ძირითადად მშრალი საკვები, გაზიანი სასმელები და სასუსნავი (ჩიფსები, ტკბილეული) იყიდება.
2021 წელს მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, რომელიც საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროებას ეხება, ნათქვამია, რომ სასკოლო კვების მოდელის დანერგვა სჯობს ეტაპობრივად და პირველი ეტაპისთვის უნდა იყოს არჩეული ისეთი ადგილები, სადაც ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი მოსწავლეა. ამ დოკუმენტის ავტორები თვლიან, რომ სასკოლო კვების პროგრამა ხელმისაწვდომი უნდა იყოს სულ მცირე დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლისთვის, სოციალური სტატუსის მიუხედავად. სასკოლო კვების პროგრამა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადახვა ეროვნული მიზნის მისაღწევად გამოიყენება, რომელთა შორისაც, გარდა განათლების შედეგების გაუმჯობესებისა და სოციალური დახმარებისა, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, ჭარბწონიანობის შემცირება და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციაცაა.
ნიკა მელიას სამი დაპირება რეალურად ამომრჩევლის საკმაოდ დიდ ნაწილს ფარავს. საქსტატის 2020 წლის მონაცემებით:
- თბილისში საქართველოს პენსიონერების თითქმის მესამედი ცხოვრობს.
პენსიონერების რაოდენობა მთელ საქართველოში: 783 198
თბილისში მცხოვრები პენსიონერები: 229 198
- მოსწავლეების 34%, ანუ 200 000-ზე მეტი ბავშვი, თბილისში სწავლობს. სულ საქართველოში 592 900 მოსწავლეა, მათი 89,4% საჯარო სკოლებში დადის.
- სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოსწავლეების მეხუთედზე მეტი, 22,5% თბილისში ცხოვრობს.
- საქართველოში არსებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში დაახლოებით 158 000 სტუდენტი სწავლობს, მათგან 117 883 - ბაკალავრიატში. 2020-21 სასწავლო წლებში საქართველოდან სახელმწიფომ ჯამში 300 სტუდენტი წავიდა სხვა ქვეყანაში სწავლის გასაგრძელებლად. საქსტატის მონაცემებით, ამ წელს უცხოეთში სასწავლებლად წასვლა 289 სტუდენტმა შეძლო.
თბილისის მერია სტუდენტებზე ახლაც ხარჯავს ქალაქის ბიუჯეტს - თბილისი ყოველწლიურად მილიონ ლარს იხდის სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურში. 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ამ წელს ამ პროგრამით დაფინანსდა 600-მდე სოციალურად დაუცველი სტუდენტი. ასევე, 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდია გადაეცა 146 წარჩინებულ მაგისტრანტს.
2021 წლის 2 ოქტომბერს ნიკა მელიას, ცესკოს მონაცემებით, ხმა ამომრჩევლის 34%-მა, ანუ 163 484-მა ადამიანმა მისცა.
2 ოქტომბრამდე ნიკა მელიას კონკრეტულ ჯგუფებზე გათვლილი დაპირებები არ ჰქონია. „ნაციონალური მოძრაობა“ 2 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს, სადაც ამომრჩეველმა „უარი უნდა თქვას ოლიგარქის რეჟიმში ცხოვრების გაგრძელებაზე”. ანალიტიკოსები და საარჩევნო სისტემების სპეციალისტები რადიო თავისუფლებასთან პირველი ტურის შემდეგ აღნიშნავდნენ, რომ ამომრჩეველს კონკრეტული პროგრამა სჭირდება, რომ შეაფასონ, მოაგვარებენ თუ ვერა პარტიები მათ პრობლემებს.
იმ შემთხვევაში, თუკი პენსიონერების ნახევარი, მშობლების ნახევარი და სტუდენტთა ნაწილი მაინც ნიკა მელიას ახალ დაპირებებს დაიჯერებს და ამის გამო მას ხმას მისცემს, მისი ამომრჩევლის რაოდენობა გაორმაგდება.
„კალაძეს ვერავინ დაასწრებდა ამაზე საუბარს და ამის ინიცირებას”, - თქვა მამუკა მდინარაძემ, როცა ნიკა მელიას დაპირებებს აკრიტიკებდა. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მელიას პროგრამა ვერ გახდება დედაქალაქის მერის პროგრამა. პენსიებს ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, სკოლებს განათლების სამინისტრო მართავს. სტუდენტების საზღვრებს გარეთ სწავლას განათლების საერთაშორისო ცენტრი (განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი ორგანიზაცია) აფინანსებს.
„ნიკა მელიამ, მაგალითად, ისიც არ იცის, სკოლები ვის ბალანსზეა, პენსიას ვინ უმატებს და ეს საკითხები ჰგონია თვითმმართველობის გადასაწყვეტი და ისეთ საკითხებს ახმოვანებს, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია. იმხელა ტყუილია, ფეიქის იმ ხარისხის არის პენსიის გაზრდაზე საუბარი, სკოლებში კვებაზე, რომელიც მუშავდება უკვე და ასეთი მარტივი გადასაწყვეტი არ არის, თორემ კახა კალაძეს ვერავინ დაასწრებდა ამაზე საუბარს და ამის ინიცირებას. საზოგადოებაზე იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვთ, რომ ჰგონიათ, დააჯერებენ“, – ამბობს მდინარაძე.
„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ბატონ მელიას ისიც ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის, ეს არის განათლების სამინისტროს საქმე. მუნიციპალიტეტს რაც შეეხება, უამრავი მიმართულებით შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, არა ის ტყუილი დაპირებები, რაც ვნახეთ“, - ეს თავად კახა კალაძის რეპლიკაა კონკურენტის გზავნილებზე.
„ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს. საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმების და მათი პრობლემების გადაჭრის გზები! ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში - არა დადგმულ, არამედ რეალურ დებატებში - პირისპირ! ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე, ვისაუბროთ ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც პოლიტიკაზე მეტია!” - შესთავაზა მელიამ კალაძეს, რომელმაც კონკურენტის ახალი დაპირებების საპირწონედ 18 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამომრჩეველს მოუწოდებს, ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრონ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, ანუ ის, რასაც მოქმედი მერის თქმით, დღეს საქართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განასახიერებს.
ნიკა მელიას ხვალ, 20 ოქტომბერს პრეზენტაცია აქვს დაგეგმილი. ბანერებზე გამოკრულ დაპირებებს, დიდი ალბათობით, ის სხვასაც დაამატებს.