Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ჭამენ და რა უნდა ჭამონ ბავშვებმა სკოლის ბუფეტში


ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ერთობლივ შეხვედრაზე სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ობიექტებში არსებული მდგომარეობა განიხილეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლამდე სასწავლო დაწესებულებათა ბუფეტებში არც ერთი შემოწმება არ ჩატარებულა. რას და როგორი ხარისხის საკვებს იღებენ მოსწავლეები სკოლებსა და ბაღებში?

თინა წიკლაურის ორი შვილიშვილი თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე საჯარო სკოლის მოსწავლეა. თინას თქმით, მისი შვილიშვილები სკოლის ბუფეტით არ სარგებლობენ, ისინი დილით საუზმობენ და თან აუცილებლად მიაქვთ საკვები. თინა ამბობს, რომ სკოლის ბუფეტს არ ენდობა:

„ასე მგონია, რომ სკოლის ბუფეტის საკვები სრულფასოვანი ვერ იქნება და ამიტომაც არ მინდოდა, რომ ჩემს შვილიშვილებს ეს საკვები მიეღოთ. მეგობრებთან ერთად როცა შედიოდნენ ბუფეტში, მეუბნებოდნენ, რომ გამხმარი ლობიანი და ხაჭაპური იყიდება, სხვა ტკბილეული კი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე გარეთ, მაღაზიაში“.

საქართველოს სკოლებისა და საბავშვო ბაღების საკვებ ობიექტებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა 2013 წლამდე არ შესწავლილაო, ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. 2015 წელს საჯარო და კერძო სკოლა-ბაღებში 910 ინსპექტირება ჩატარდა, გამოვლინდა თვისებრივად ერთნაირი დარღვევები ჰიგიენასთან მიმართებით, ასევე საკვების ხარისხთან დაკავშირებით, რის გამოც დაიხურა 4 სკოლის ბუფეტი. სკოლებში პრობლემაა ჯანსაღი და სუფთა სასმელი წყალი, ასევე ხშირად ვერ დგინდება, რამდენად სუფთა წყალზეა მომზადებული თავად საკვები. სწორედ ჯანსაღი და დაბალანსებული კვების უზრუნველსაყოფად საჭირო რეკომენდაციები შეიმუშავეს შეხვედრაზე, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის მინისტრები ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, შეხვედრაზე შეიმუშავეს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთაც უახლოეს მომავალში მიაწვდიან სკოლების ადმინისტარციასა და პერსონალს:

„სკოლის თანამშრომლებს უნდა ავუხსნათ ბავშვთა ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპები, უნდა მოხდეს ბავშვებისთვის სასურველი და აუცილებელი პროდუქტების დიფერენცირება და იმ პროდუქტების გამოყოფა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს ბავშვმა. მნიშვნელოვანია კვების ბლოკების მოწესრიგება და ძირითადი პროცესის დარეგულირება და, ასევე, სკოლების სუფთა და უსაფრთხო სასმელი წყლით უზრუნველყოფა“.

2013 წლამდევითარების გასაანალიზებლადმასალაც კი არ არსებობდაო, განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. მისი თქმით, ვერ ვიტყვით, რომ ვითარებაამჟამად გამოსწორებულია და სწორედ ამიტომაც შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებითაც მოსალოდნელია ვითარება გამოსწორდეს. ამასთან,მომზადდება ჩამონათვალი იმ პროდუქტებისა, რომელიც არ უნდა მოხვდეს სკოლაში. თუმცა ამ ეტაპზე, განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის თქმით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს სასმელი წყალი და, სკოლების განლაგების გამო, მაგალითად, მაღალმთიანი რეგიონებისთვის დღეს არსებული სქემით სარგებლობის შესაძლებლობა. სკოლები და საბავშვო ბაღები ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ მომზადებული საკვები პროდუქტებით მარაგდებიან:

„შევთანხმდით იმაზე, რომ ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც უნდა მოვაგვაროთ, უკავშირდება წყალს... მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის ძალიან რთულია დააინტერესონ ბიზნესოპერატორი, ამიტომ ჩვენ ვისაუბრეთ კონსოლიდირებულ მიდგომაზე და თუ ეს მიდგომა არ იმუშავებს, მაშინ ელემენტარული [საკვები] ვაუჩერი ან დაფინანსება გაჩნდება, რაც იქნება სავალდებულო“.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ახლა უკვე შესაძლებელია საუბარი სკოლის რაციონში შესატანი პროდუქტების სიაზე, მაშინ როცა ცოტა ხნის წინ საერთოდ წარმოდგენა არავის ჰქონდა საკვებ ობიექტებში არსებულ მდგომარეობაზე.

2009 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ნახევარ მილიონ ქალს და ბავშვს აღენიშნება კვების დეფიციტი. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, ამის მიზეზი ყოველთვის სოციალური ფაქტორი როდია, მთავარი პრობლემა მაინც ჯანსაღი კვებისადმი დამოკიდებულებისა და ცოდნის უქონლობაა. მაია ქურციკიძის თქმით, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ამ მიმართულებითაც გაამახვილონ ყურადღება:

„მაგალითად, რკინადეფიციტი ბავშვების 23 %-ში აღინიშნება. ეს დეფიციტი ზრდაში ჩამორჩენას და მცირეწონიანობას იწვევს და, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, ეს პირდაპირ უკავშირდება ბავშვის გონებრივ განვითარებას და მის უნარებს ისწავლოს და მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია. სწორი და დაბალანსებული კვება არის ბავშვის შემეცნებითი უნარების განვითარების წინაპირობა“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, თითოეულ სკოლაში საკვებ ობიექტებში გამოვლენილი დარღვევების გამო გაცემულია საშუალოდ 8-10 რეკომენდაცია, მათ შორის, იმის თაობაზე, რომ შედგეს ასაკობრივი მონაცემების მიხედვით დაბალანსებული კვების განრიგი და სკოლაში არ მოხვდეს არაჯანსაღი საკვები.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG