მათემატიკა - 30 ლარი;
ქართული (პირველი ნაწილი ) - 10 ლარი;
ინგლისური ლიტერატურა, გრამატიკა და რვეული, სულ - 27 ლარი;
ბუნება (ორივე ნაწილი) - 20 ლარი;
რუსული - 30 ლარი.
მერის ოჯახში ორი მოსწავლეა - მე-4 კლასელი დათო და მე-5 კლასელი საბა. მერი მათი ბებიაა. ოჯახში მხოლოდ ბავშვების ბაბუა მუშაობს, ისიც საზღვარგარეთ. თვეში ერთხელ გამოგზავნილი თანხა მერიმ ყველაფერზე უნდა გაანაწილოს, ანუ ხუთმა კაცმა დღეში 20-30 ლარი უნდა იმყოფინოს.
„ძველი, ნახმარი სახელმძღვანელოები ვიყიდე, მაგრამ თითო მაინც 30 ლარი დაჯდა. უფროსის წიგნები ზოგი კი გამოადგა უმცროსს, მაგრამ რამდენიმე ახლის ყიდვა მაინც მომიხდა. კიდევ რვეულები, ფანქრები... სადღაც 50 ლარის მაინც გინდა დასაწყისისთვის, რომ თითო-თითო მაინც ჰქონდეთ“, - ითვლის მერი.
ორივე ბავშვის სახელმძღვანელოები, თავისი რვეულებით, ოჯახს სულ მცირე სამასი ლარი დაუჯდა. ბავშვები ადვილად ვერ სწავლობენ, ჰიპერაქტიურები არიან, „24 საათი უნდა ეჯდე, რომ რამე გაიგონ“. უკეთესი განათლება რომ მიეღოთ, კერძო სასწავლებელში შეიყვანეს, უფროსი კი, ფსიქოლოგის რჩევით - სპორტზეც, რომ როგორმე ენერგია დაეხარჯა და სამეცადინოდ მაგიდასთან ჯდომა არ გასძნელებოდა. კერძო სკოლაში თვეში 300 ლარია გადასახადი, ორ ბავშვზე - 600 ლარი. ეს წელიწადში 5 400 ლარი გამოდის.
„უმცროსს ხერხემლის პრობლემა აქვს, ექიმმა გვირჩია ცურვაზე სიარული, მაგრამ ამდენ რამეს უკვე ვეღარ ვწვდები და არ დამყავს“, - ამბობს მერი. ამდენ რამეში კი, უკვე ჩამოთვლილის გარდა, იგულისხმება: „თეთრი პერანგი, შავი შარვალი, ფეხსაცმელები... ორ-ორი მაინც ხომ უნდათ, რომ ერთი გარეცხო, მეორე ჩააცვა. ჩანთა 100 ლარზე ნაკლები არ ღირს. ჰალსტუხები შარშან სკოლამ დაურიგათ, დღეს 15 ლარი გადაგვახდევინეს თითოში. სკოლის ჟილეტები... ბავშვების სკოლამდე ჩაყვანა-ამოყვანა სულ მცირე 2 ლარი ჯდება, ხან - 4 ლარიც. ბავშვებისთვის უფასოა, მაგრამ მშობელი თავისას ხომ იხდის? თუ გახანგრძლივებულში დატოვე, იქ კიდევ კვების 100 ლარი ემატება“.
მარიამი წელს მე-9 კლასში გადავიდა. ისიც კერძო სკოლაში დადის და მისი განათლება წელიწადში 4800 ლარამდე ჯდება. თუმცა, პარალელურად მაინც სჭირდება რეპეტიტორებთან მომზადება. მაგალითად, წელს ინგლისურში უნდა მოემზადოს და თვეში 100 ლარი გადაიხადოს.
მარიამს ახალი წიგნები აქვს, 21 სახელმძღვანელო 300 ლარი დაუჯდა, კლასიკური ტანსაცმელი, რომლის ჩაცმაც დიდად არ უხარია, მაგრამ სკოლაში სთხოვენ - 400 ლარი; ჩანთა 200 ლარი - თუმცა, წელს არ უყიდია, შარშანდელი მაქვსო. რვეულები, კალმები და ასე შემდეგ - 150 ლარი.
ანუ უხეშად რომ ვიანგარიშოთ, მხოლოდ სკოლაში წასასვლელად მარიამს სულ მცირე 900 ლარი სჭირდება. რაც შეეხება საჭმელს:
„5 ლარი ყოველდღე - კვირაში 25 ლარი. რას ვიყიდი, გააჩნია. სკოლის გვერდით არის მაღაზია, სანამ სკოლაში ვართ, იქ ვყიდულობთ ხოლმე რაღაცებს, რომ გული არ წაგვივიდეს. გაკვეთილების დასრულების შემდეგ (3:10 საათზე მიმთავრდება) შეიძლება სადმე გავიდეთ, ხან პარკში, ხან მაკდონალდში, ხან შაურმებზე, გააჩნია რა გვინდა. თუ ვინმეს ფული არა აქვს, მეგობრები ვყიდულობთ, მეც ბევრჯერ მიყიდია“.
გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების სპეციალისტი მაკო ყუფარაძე ამბობს, რომ საქართველოში პირველ-მეორე კლასში თითქმის ყველა ბავშვი მიდის, უფროს კლასებში კი ბავშვების რაოდენობა მცირდება. უფრო ხშირად ეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ხდება. აქ ბავშვები ხშირად იმიტომაც აცდენენ, რომ სეზონური სამუშაოებისას მშობლებს ეხმარებიან.
ამასთან, ყველას აქვს თუ არა საშუალება სკოლაში ბავშვს სადილის ფული გაატანოს? ამ მხრივ კონკრეტული კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ:
„ხშირად ჩავდივართ რეგიონების სკოლებში, სადაც თითქმის ყველა, მასწავლებელი იქნება თუ დირექტორი, აღნიშნავს, რომ ხშირად ბავშვები გაკვეთილზე პასიურად სხედან, რადგან ან თავი სტკივათ, ან მუცელი. ხშირად ბავშვს ექიმის კაბინეტშიც კი აგზავნიან. მაგალითად, კახეთში ექიმებს და მასწავლებლებს თან პური დააქვთ, რომ ბავშვებს, რომლებმაც საუზმობა ვერ მოასწრეს, უწილადონ“, - მაკო ყუფარაძე ამბობს, რომ საქართველოში სახელმწიფო ვალდებულია, ბავშვს უფასო ზოგადი განათლება მიაწოდოს, - „და თუ მოსწავლე ამ უფლებით იმის გამო ვერ სარგებლობს, რომ შია, ამაზე სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეაქცია“.