შეხვედრის დაწყებამდე იქ შეკრებილ ჟურნალისტებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ მათთვის გავლებული ამკრძალავი წითელი ლენტები მოიხსნებოდა, კარვამდე მისვლას შეძლებდნენ და იქ სხვადასხვა მხარეების წარმომადგენლებისგან შეხვედრის შესახებ უფრო მეტს შეიტყობდნენ. მოლოდინი მას შემდეგ გაჩნდა, რაც წინა შეხვედრის დროს მოლაპარაკების მონაწილეებმა კარავთან ჟურნალისტების დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ წითელი ლენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არც დღეს გაუხსნია. სადამკვირვებლო მისიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განგვიმარტა, რომ მუშაობა ისევ ძველ ფორმატში მოგვიწევდა, თუმცა ამის მიზეზი არ აუხსნია. ძველი ფორმატი კი იმას ნიშნავს, რომ ქართველი ჟურნალისტები საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს ერგნეთის საპოლიციო საგუშაგოზე დაველოდებოდით კომენტარისთვის, ცხინვალელი ჟურნალისტები კი ასევე ლენტის მიღმა ოსური ჯგუფის ხელმძღვანელს დაელოდებოდნენ ინტერვიუსთვის.
წითელი ლენტით ე.წ ნეიტრალურ ზონაში დადგმული კარვის გზაა გადაკეტილი. ეს გზა თითქმის სამი წლის წინ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების წევრების თითქოსდა კომფორტისთვის გადაკეტეს, ამას კორონავირუსის პანდემიაც დაემთხვა და მას შემდეგ აღარც გახსნილა. კარავში კი საქართველოს, რუსეთის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს წარმომადგენლები კონფლიქტის ზონაში მოხდარი ინციდენტების განსახილველად იკრიბებიან ხოლმე.
რა მოთხოვნები ჰქონდა ქართულ მხარეს?
შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და უკანონო ბორდერიზაცი იყო.
„ვიმედოვნებთ, ყველა უკანონო პატიმრობაში მყოფი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს. ასევე, განხილვის მთავარ საკითხს წარმოადგენდა უკანონო ბორდერიზაციის საკითხი, რაც პირდაპირ ბმაშია ისეთ პროცესებთან, როგორიც უკანონო დაკავება და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაა. ცენტრალური ხელისუფლების პოზიციაა, აღიკვეთოს ეს მახინჯი პრაქტიკა და თავისუფალი გადაადგილება არ იყოს შეზღუდული. ცენტრალური ხელისუფლება არ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას და მოუწოდებს ყველა მონაწილეს, მათი მხრიდანაც ანალოგიური პრაქტიკა იქნას გამოყენებული“, - უთხრა ირაკლი ანთიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ამჟამად ცხინვალის ციხეში ე.წ სასჯელს საქართველოს 4 მოქალაქე იხდის, მათ შორის არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე. გასული ორი თვის განმავლობაში ე.წ საზღვართან საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, მათი გათავისუფლება კი ოპერატიულად მოხერხდა. გათავისუფლებულ მოქალაქეების მიმართ ოკუპირებულ ცხინვალშო არც სასამართლო ჩატარებულა და არც ე.წ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოუხოვიათ.
რა მოთხოვნები ჰქონდა ოსურ მხარეს?
ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ინტერვიუ მისცა ცხინვალელ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ოსური დელეგაციის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო უაისტა (წნელისი)-ჩორჩანის მონაკვეთზე განთავსებული ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღების საკითხი.
„აქამდე ჩვენ ჯერ ვერ მივედით კონსენსუსამდე და გამოსავალი არ არის. თუმცა, სამხრეთ ოსური მხარე ყველა შეხვედრაზე აყენებს ამ საკითხს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მივიდეთ ორმხრივად მისაღებ გადაწყვეტამდე. პოსტი უნდა მოიხსნას და გაიყვანოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან. შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პოსტი არანაირ დატვირთვას არ ატარებს. ისინი სულ ამაზე საუბრობენ. ყოველ ჯერზე ხაზს ვუსვამთ იმას, რომ რადგან ის არანაირ დატვირთვას არ ატარებს, მისი იქ განთავსება აბსოლუტური უაზრობა იყო" - განაცხადა ეგორ კოჩიევმა.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი თვეში ათი დღით ახალგორის გზის გახსნის საკითხსაც შეეხო, კოჩიევის თმით, ეს არის მათი ხელისუფლების მხრიდან ჰუმანიტარული ნაბიჯი და შემხვედრ ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც ელოდება.
„ლენინგორის (ახალგორი) და ჯავის რაონების მცხვრებთა გადასვლის გამარტივება გამშები პუნქტების გავლით. თვეში ერთხელ 10 დღით მათ საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა აქვთ, ვინც სამედიცინო დახმარებისთვის მიდის, ზოგი ნათესავებთან მიდის ან პირიქით. დღეს ეს საკითხიც განვიხილეთ. სამხეთ ოსურმა მხარემ თქვა, რომ ეს კეთილი ნების ნაბიჯია, სამხრეთ ოსური მხარის ჰუმანიტარული ნაბიჯია ახლა ჩვენ საპასუხო ნაბიჯებს მოველით, წნელისის საკითხის ჩათვლით.
საქართველოს ხელისუფლება ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას არ აპირებს და ამის შესახებ ირაკლი ანთაძემ ხაზგასმით აღნიშნა, მისი თქმით საპოლიციო საგუშაგო, ადგილზე სტაბილურობის და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად არის განთავსებული.
”გაჟღერებულ იქნა ასევე ცნობილი თემა, ჩორჩანაში ქართული პოლიციის სტანდარტულ პოსტთან დაკავშირებით და მათ კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული პოსტი, დაკომპლექტებული ჩვეულებრივი პოლიციელებით, რომელთაც აქვს სტანდარტული საპოლიციო აღჭურვილობა და მათ ერთადერთი დანიშნულება ეს არის უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მომავალი წლის 17 იანვარს არის დაგეგმილი. ინციდენტების ან სხვა გართულების შემთხვევაში, შესაძლოა რიგგარეშე შეხვედრაც დაინიშნოს.