ინფორმაცია და ვიდეოკადრები, მაჩაბლის გათავისუფლების შესახებ სუსმა გაავრცელა. მცირე ვიდეოკომენტარში ლევან მაჩაბელი ამბობს, რომ მას ცხინვალის ციხეში ცუდად არ ექცეოდნენ და მისი გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგად მოხდა.
რადიო თავისუფლება ლევან მაჩაბელს დაუკავშირდა. მან დაკავების და გათავისუფლების დეტალებზე საუბარი არ ისურვა, მხოლოდ ცხინვალის ციხის კიდევ ერთი პატიმრის მამუკა ჩხიკვაძის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ცხინვალის ციხეში მას ცუდად არ ეპყრობოდნენ.
„არ ყოფილა არც ცემა და არც სხვა დამამცირებელი მოპყრობა. ხანდახან რაღაც რომ მჭირდებოდა, მეხმარებოდნენ კიდეც. მე ე.წ. საზღვრის კვეთის გამო 6-თვიანი სასჯელი მომცეს, თუმცა იქაურ ციხეში გატარებული ერთი დღე დღე-ნახევრად ითვლება. მე და მამუკა ჩხიკვაძე სხვადასხვა კამერებში ვიყავით, ვხედავდი ხოლმე. კარგად არის, მხნედ არის, ვარჯიშობს, სავარაუდოდ, ეგეც მალე გამოვა. შეიძლება მალე ამნისტია გამოაცხადონ და გამოუშვან“.
ლევან მაჩაბელი 26 მარტს დააკავეს, როგორც თვითონ ამბობს, ეს ოკუპირებულ არცევში მოხდა. დე ფაქტო „კაგებემ“ ეს დაკავება მაშინვე პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენა და მაჩაბელი დივერსიის მცდელობაში დაადანაშაულა. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ასევე იტყობინებოდა, რომ ლევან მაჩაბელს სურვილი ჰქონდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წასულიყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი უთხრეს და ამის შემდეგ გადაწყვიტა, ზიანი მიეყენებინა ცხინვალში მყოფი რუსი ჯარისკაცებისთვისო.
„როდესაც მას ჯანმრთელობის პრობლემების გამო უარი უთხრეს, მაჩაბელმა გადაწყვიტა არალეგალურად შესულიყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მოეწყო პროვოკაცია რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსული სამხედრო კონტინგენტის წინააღმდეგ. ამოღებულია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ აღნიშნული პირის მიერ წინასწარ მომზადებულია ვიდეოები, რომლებშიც იგი მიმართავს საქართველოსა და უკრაინის ხელმძღვანელობას, ასევე ქართველ სამხედროებს, პირდაპირ აცხადებს, რომ „რუსებს დაარტყამს“ ქართული მხრიდან. სოფელ ქერედან მაჩაბელი დაუბრკოლებლად გაუშვა და მის დასაკავებლად არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - განმარტავდნენ დე ფაქტო „კაგებეში".
ლევან მაჩაბლის გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - წერია განცხადებაში.
დე ფაქტო რეჟიმის პატიმრობაში ამ დრომდე რჩება კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, მამუკა ჩხიკვაძე, რომელსაც ე.წ. საზღვრის კვეთის გარდა, ცხინვალი ნარკოტიკების შენახვა-გადატანასაც ედავება. მამუკა ჩხიკვაძის მეგობრები და თანამებრძოლები საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მეგობრის გათავისუფლების თხოვნით მათ საქართველოს საპატრიარქოს, პრემიერ-მინისტრს და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 12 დეკემბერს დააკავეს სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს. 14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა. ჩხიკვაძის მეგობარი ნათია გუმბერიძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებსაც გეგმავდნენ, თუმცა ოჯახისგან მხარდაჭერა ვერ მიიღეს.
„პასუხისმგებლობა სახელმწიფოს, მთავრობას ეკისრება, მაგრამ სამწუხაროდ მთავრობა უმოქმედოა. ჩვენ, მამუკას მეგობრებს და გარკვეულ ადამიანებს გვქონდა მოთხოვნა, რომ ინფორმაცია მიგვეღო, გვაინტერესებდა მამუკას მდგომარეობა. შემდეგ გვქონდა მოწოდება საპროტესტო აქციის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ მისი ოჯახის წევრები ჰყავთ გაჩუმებული მთავრობის წარმომადგენლებს თუ ვის, არ ვიცი. ატყუებენ, რომ თითქოს მამუკას ორ თვეში დაუბრუნებდნენ და ჩვენ რომ აქციები ჩაგვეტარებინა და რამე მოსვლოდა იქ მამუკას, იქნებოდა ჩვენი ბრალი“, - ამბობს ნათია გუმბერიძე.
მამუკა ჩხიკვაძეს 2022 წლის მაისში, ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, როგორც ჩხიკვაძის ბიძამ, შმაგი ჭანკვეტაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, მამუკას ცხინვალში ადგილობრივი ადვოკატი ჰყავს, რომელმაც ეს განაჩენი გაასაჩივრა. აგვისტოში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა და ჩხიკვაძეს 3 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალად ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ნარკოტიკული საშუალების, კერძოდ, მარიხუანის კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს. შმაგი ჭანკვეტაძე იმასაც აცხადებს, რომ ოჯახის წევრებს ცხინვალში შესვლის და პატიმრის მონახულების საშუალება მისცეს.
„ყველა ჩართული ვიყავით მოლაპარაკების პროცესში, ევროპელ დამკვირვებლებთან ერთად. მამუკამ იქ (ცხინვალში) ადგილობრივი ადვოკატი აიყვანა, გაასაჩივრეს და ე.წ. სასჯელი შეუმსუბუქეს. დიდი რაოდენობით ნარკოტიკზე ედავებოდნენ, ეს აბსურდი და შეთითხნილი თემა იყო. სასამართლომ მას სამი წელი და რვა თვე დაუტოვა სასჯელად. ხშირად ტყუილი ვრცელდება იმის შესახებ, რომ მამუკა ნაწამები და ნაცემია. დაახლოებით ერთი თვის წინ ოჯახის წევრებმა მოახერხეს შესვლა ცხინვალში და შეახვედრეს მამუკას. ჯანმრთელად არის , არანაირი ცემის კვალი მას არ ეტყობა. მას და და დეიდა შეახვედრეს. ცხინვალიდან გავიგეთ, რომ ამნისტიის გამოცემა იგეგმება და შეიძლება მამუკა მალე განთავისუფლდეს, თუმცა დაზუსტებით ჯერ არ ვიცით“, - უთხრა შმაგი ჭანკვეტაძემ რადიო თავისუფლებას.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ გასული წლის 12 დეკემბერს გახდა ცნობილი. ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მანამდე ის ჯერ შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან ნახეს.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა სექტემბერში იგეგმება. მასზე დისკუსია უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზეც გაიმართება.