ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა სტრასბურგის სასამართლო რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაკავებული მოქალაქის გამო პასუხს სთხოვს. ევროპულმა სასამართლომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარედ რუსეთი წინა გადაწყვეტილების დროს უკვე აღიარა. სწორედ ამ გადაწყვეტილებით ისარგებლა „ანტისაოკუპაციო მოძრაობამ“ და მისმა ადვოკატმა მამუკა ჩხიკვაძის საქმის მასალებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. პასუხი უკვე მიიღეს. სასამართლო რუსეთის ფედერაციას შემდეგი შინაარსის წერილს უგზავნის.
სასამართლომ გადაწყვიტა რუსეთის მთავრობას მოსთხოვოს, 54-ე მუხლის მე-2 (ა) მუხლის მიხედვით, წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
არის თუ არა მამუკა ჩხიკვაძე ამჟამად დაკავებული? თუ ეს ასეა, მთავრობას შესთავაზა სასამართლოს წარუდგინოს ინფორმაცია მისი დაკავების გარემოებების შესახებ, პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი, პატიმრობის პირობები, და მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე, წარადგინოს მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი.
მთავრობას ეთხოვა ამ ინფორმაციის წარდგენა 2022 წლის 4 იანვრამდე.
„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ პრეცედენტული პოზიცია, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქის შესახებ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. მაშინ, როდესაც სტრასბურგი რუსეთში კითხვებს აგზავნიდა, ცხინვალში ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, სადაც მამუკა ჩხიკვაძეს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. დავით ქაცარავას ინფორმაციით, ჩხიკვაძის საქმეში ნარკოტიკული ნივთიერებაც გაჩნდა.
„მამუკა ჩხიკვაძეს უკვე შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. გუშინ ჩატარდა ე.წ. სასამართლო ცხინვალში. მას ორი მუხლით ედავებიან. ერთი - ეგრეთ წოდებული საზღვრის კვეთა და მეორე - მარიხუანას კონტრაბანდა. მარიხუანა ზოგადად ჩნდება ხოლმე საქმეში მაშინ, როდესაც ოკუპანტებს სჭირდებათ ჩვენი მოქალაქეების გრძელვადიანი დაკავება“, - ამბობს დავით ქაცარავა.
ის რაც სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს, სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა, - ასეთია ყოფილი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის პოზიცია. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლება უფრო ქმედით ნაბიჯებს უნდა დგამდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
„სამწუხაროდ, არ იქნა გამოყენებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი და განსაკუთრებით ყველაზე ეფექტური სწორედაც რომ სტრასბურგია და რეალურად დღეს მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, პრაქტიკულად პრეცედენტი შეიქმნა, რომ მსგავს შემთხვევებში ყველაზე ეფექტური დამცავი მექანიზმი ადამიანის უფლებების სასამართლო იქნება. ამიტომ არის ძალიან დიდი მნიშვნელობის ეს პრეცედენტი. ეს ალბათ მოახდენს გავლენას უკვე შემდგომ სხვა მსგავს შემთხვევებზე“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი. ყოფილი სახალხო დამცველის ორგანიზაციამ 17 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართა და მოუწოდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობით მეტად დაინტერესდეს.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:
„დაუყოვნებლივ გაატაროს ზომები, ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის დასაზუსტებლად და საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად.
საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გელა გოჭოშვილის, მამუკა ჩხიკვაძის და ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. აუცილებელია, ცხინვალში საოკუპაციო ძალების მხრიდან სიტუაციის გაუარესების ტენდენციაზე ხაზგასმა და საერთაშორისო საზოგადოებასთან პროაქტიული მუშაობა, ზემოაღნიშნული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებისთვის“.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ 12 დეკემბერს გახდა ცნობილი, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკლე ცნობა გაავრცელა. ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მანამდე ის ჯერ შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან ნახეს. 14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან.
ყოფილი ჯარისკაცის მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობას საგანგაშოდ მიიჩნევენ ნათესავები და „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრები. ნათესავების და თანამებრძოლების ინფორმაციით, ჩხიკვაძეს სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან. მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ჩხიკვაძის მიმართ ფიზიკური ზემოქმედება უარყო, მის ნათესავებს და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ამის არ სჯერათ. გარდა ამისა, მათთვის შემაშფოთებელია დე ფაქტო კაგებეს განცხადება, სადაც მინიშნება სამხედრო დანაშაულის ბრალდებაზეა.
„იმ პირებს, ვინც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში მონაწილეობდა და ასევე მონაწილეობდა დონეცკში, ლუგანსკსა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებში ნაციონალისტური და ტერორისტული ორგანიზაციების შემადგენელობაში, უნდა ახსოვდეთ, რომ სამხედრო დანაშაულები უნდა იყოს და იქნება დასჯილი, მიუხედავად იმისა, როდისაა ის ჩადენილი“, - წერია კაგებეს მიერ გავრცელებულ ტექსტში და სწორედ მამუკა ჩხიკვაძის მიმართ გამოთქმულ პოზიციად აფასებენ როგორც მისი ნათესავები, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები.
ჩხიკვაძის ნათესავები ახლა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პასუხს ელოდებიან. მათ ცხინვალში ბარათი უკვე გაგზავნეს. ამ ორგანიზაციამ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩხიკვაძე უნდა მოინახულოს და მისგან საპასუხო წერილი წამოიღოს.