ეს შეხვედრა პირველია მას შემდეგ, რაც მაისში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების სათავეში ახალი „პრეზიდენტი“ ალან გაგლოევი მოვიდა .
შეხვედრის დასრულების შემდეგ , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ჟურნალისტებს უთხრა, რომ განიხილეს წინა, 12 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტები.
ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია ე.წ. საზღვართან დაკავებული 7 მოქალაქე. მათ შორის, 2021 წლის დეკემბერში დაკავებული მამუკა ჩხიკვაძე და 2022 წლის მარტში დაკავებული ლევან მაჩაბელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან.
„მთავარი განხილვის საკითხი იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ბედი. რაც შეეხება კონსენსუსს, ამაზე საუბარი შეგვეძლება მაშინ, როდესაც ჩვენ მათ გადმოვიყვანთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე როგორც ეს იყო სხვა შემთხვევებში, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შვიდ უკანონო პატიმარს...ვცდილობთ, მივაღწიოთ პროგრესს“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.
ჟურნალისტების შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა რომ ახალმა, ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ქართველი პატიმრები „შეწყალოს“, ირაკლი ანთაძემ უპასუხა, რომ ამის შესახებ არაფრი იცის.
ერგნეთის შეხვედრის დღის წესრიგში კვლავ იყო საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები.უკანონო ბორდერიზაცია ბოლო ხანს ისევ გადავიდა აქტიურ ფაზაში და მოიცვა შიდა ქართლის, პრაქტიკულად, ყველა მუნიციპალიტეტი, განსაკუთრებით, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები. ანთაძის თანახმად, ბოლო პერიოდში საოკუპაციო ძალებმა აღმართეს მეტალის კონსტრუქციები, გაავლეს ხნულები და განაახლეს ბარიერები.
ოსურმა მხარემ კი კვლავ მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნა. ამის შესახებ ცხინვალელ ჟურნალისტებს უთხრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა. მისი თქმით, სამშაბათს სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ხაზთან მომხდარ ინციდენტებზე.
„არაკანონიერი საგუშაგოს საკითხი მისი განთავსების დღიდან, ყოველ ჯერზე დგება დღის წესრიგში, მიმდინარეობს ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და ყოველ ჯერზე სამხრეთი ოსეთი პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტს ვთავაზობთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მისი გადაჭრის პირველი ნაბიჯი ჩვენი ტერიტორიიდან საგუშაგოს გატანაა“, - შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა ოსური მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
კოჩიევმა განმარტა, რომ ბოლო შეხვედრის შემდეგ (დაახლოებით ორ თვეში) ე.წ. სახელმწიფო საზღვარი საქართველოს თორმეტმა მოქალაქემ დაარღვია.
„ყველა მათგანი ჯარიმების გარეშე გააძევეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან. ოთხ დამრღვევს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა და ასევე გააძევეს ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიიდან“, - თქვა მან.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა. პროცესს ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება, მანამდე მხარეები კონსულტაციებს ცხელი ხაზის მეშვეობით გააგრძელებენ.