ხუთშაბათს, ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცხინვალელ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, მოლაპარაკებაზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეგორ კოჩიევმა. მისი თქმით, პანდემიის და ეპიდემიური ვითარების გამწვავების მიუხედავად, შეხვედრა ყველა სანიტარული ნორმის დაცვით მაინც გაიმართა. კოჩიევმა ყურადღება ისევ ჩორჩანა -წნელისის მონაკვეთზე განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოზე გაამახვილა და მისი დემონტაჟი კიდევ ერთხელ მოითხვა.
„სამხრეთ ოსეთის დელეგაცია რამდენიმე შეხვედრის განმავლობაში აყენებს ქართული საგუშაგოს საკითხს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, სოფელ წნელისთან. ამ საკითხზე ინციდენტების პრევენციის ფარგლებში შვიდი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, ამაზე ვსაუბრობთ ყველა შეხვედრაზე, მაგრამ ჯერჯერობით ქართულ მხარეს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს სიტუაციის მოსაგვარებლად“, - განაცხადა კოჩიევმა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე საპოლიციო საგუშაგო სრულად აღიჭურვა და იქ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების თავმოყრა შეინიშნება.
კოჩიევმა ქართული მხარე უპილოტო საფრენი აპარატებით ოსური სოფლების დაზვერვაშიც დაადანაშაულა.
„ყოველთვის, როცა ქართულ მხარეს ვახსენებთ ამ ფაქტებს, ვამბობთ, რომ ასეთი ფაქტები არის პირდაპირი გზა ინციდენტისკენ. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან გავარკვიეთ, რომ დრონებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები უშვებენ, მაგრამ ფრენები ხშირად ქართველი პოლიციელების თვალთახედვის არეში ხვდება და ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, - დასძინა კოჩიევმა. მან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ გამოჩნდნენ და ხეებსა და ბუჩქებზე ახალი ნიშნულები დატოვეს. კოჩიევის თქმით, რუსეთის მესაზღვრეები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ გადასულან.
რაც შეეხება სტატისტიკას, კოჩიევის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოდან დაკავებულია ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ოცი დამრღვევი. მათგან ცხრა, ჯარიმების გადაუხდელად გააძევეს, ორი დაჯარიმდა, ექვსი კი სხვადასხვა დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიეცა.
სწორედ საქართველოს 6 მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვდა ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრაზე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის თქმით, შედგა ძალიან კონკრეტული დიალოგი, საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით. თუმცა, არანაირი კონკრეტული პასუხი მათთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.
„თითოეულ მათგანთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ, დაგვეკონკრეტებინა ე.წ. ბრალდებები, რაც მათ მიმართ არის ინკრიმინირებული, ბატონების კანიაშვილის და ნათაძის მიმართ, მათ ედავებიან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდას. რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობას, ეს საკითხი საგანგებოდ იქნა დასმული და მოვითხოვეთ განმარტებები მის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ოფიციალურად განაცხადეს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, რათა მის მიმართ იყოს გამოყენებული რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედება და გამორიცხეს ასეთის ალბათობა. ანალოგიურ ინფორმაციას ასევე ვიღებთ ცხელი ხაზის მეშვეობითაც“.
ირაკლი ანთაძის თქმით, ვინაიდან ეს ინფორმაცია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე იქნა მიწოდებული, რომელსაც საერთაშორისო წარმომადგენლობებიც ესწრებიან, ნაკლებსავარაუდოა, რომ ის სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს.
რაც შეეხება 6 დაკავებულის მიმართ შემდგომ პროცედურებს, ირაკლი ანთაძემ მიღებული პასუხის საფუძველზე განაცხადა, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ მზად მეტად კონკრეტული ინფორმაციის მისაწოდებლად.
„ჩვენთვის ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა და ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული მათგანი არ დაბრუნდება საკუთარ ოჯახში. კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ იქნებოდა სწორი, რათა არ გაჩნდეს არასწორი მოლოდინები. მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან სახლში“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
შეხვედრაზე, მთავარი აქცენტი, მისი თქმით, ასევე გაკეთდა ე.წ. ბორდერიზაციის თემაზე და არა მხოლოდ კირბალის კონტექსტში, არამედ მთლიანად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე დესტრუქციულ და უკიდურესად სახიფათო ქმედებებზე.
„კონკრეტულად კირბალთან დაკავშირებით, პირდაპირ მოვითხოვეთ გაეცათ პასუხი, რას ნიშნავდა ეს თეთრი მონიშვნები და მოვითხოვეთ დაედასტურებინათ ან უარეყოთ ის, რომ იქ ტარდება ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის მორიგი ტალღა. სამწუხაროდ, ჩვენ ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. რაც შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ საოკუპაციო ხაზის ამ სეგმენტზე, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ამგვარ პროცესებს. აღნიშნული საკითხიც აყვანილია საერთაშორისო პარტნიორების კონტროლზე და საოკუპაციო ხაზის მოცემული სეგმენტიც იქნება კონტროლქვეშ“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.
მისი თქმით, საუბარი შეეხო ასევე ჩორჩანასთან არსებულ საგუშაგო პუნქტს და შეხვედრაზე მეორე მხარემ ვერაფრით ახსნა, როგორ შეუძლია 12-კაციან პირად შემადგენლობას უსაფრთხოების გარემოს რისკის ქვეშ დაყენება.
ამასთან, ისაუბრეს გადაადგილების შეზღუდვის საკითხებზე, რაც პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.
ცხინვალის იზოლატორში ამჟამად საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აქვთ წაყენებული.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 4 მარტს გაიმართება.