სწორედ ამას გულისხმობს რუსეთის საგარეო უწყების მორიგი უკანონო ინიციატივა - საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის შესახებ.
საქართველოს უარის მიუხედავად, საზღვრების უკანონო დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი ცალმხრივად უკვე დაძრულია და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე რუსეთი აქტიურად მუშაობს ცხინვალსა და სოხუმთან.
- რის მიღწევას ცდილობს მოსკოვი და რას უკავშირდება ამჯერად მისი ინიციატივა?
- რას შეიძლება მიაღწიოს და სადამდე შეიძლება მივიდეს რუსეთის ხელისუფლება, საქართველოს გვერდის ავლით?
დემარკაციის საკითხი რუსეთის მხარეს ჟენევაში სხვა დროსაც არაერთხელ წამოუყენებია, თუმცა ამჯერად, უკანონო საზღვრების დემარკაციის პროცესში, როგორც ჩანს, მთავარი როლის შესრულებას გეგმავს და მის მიერ ოკუპირებულ ორ რეგიონს ამ პროცესში მხოლოდ მხარდამჭერებად მოიხსენიებს.
„რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, რუსული მხარის შეთავაზებაა, რომ დაიწყოს საზღვრის დემარკაციის პროცესი საქართველოსა და აფხაზეთსა და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, რასაც მოჰყვება დემარკაცია. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 54-ე რაუნდის შემდეგ გამოაქვეყნა.
სადავო აიბღა და სხვა "საზღვრები"
პროცესები ამ მიმართულებით უკვე კარგა ხნის დაძრულია. მოსკოვს წლებია, დაწყებული აქვს შეთანხმების პროცესი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებულ ოკუპირებულ ტერიტორიებთან საკუთარი საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე, რაც ასევე მკაფიოდ ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს.
თუმცა, მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთთან საკუთარი "სასაზღვრო" გაუგებრობაც აქვს.
- რუსეთი კვლავაც ცდილობს, რომ მთლიანად შეიერთოს სოფელი აიბღა - ერთადერთი დასახლებული და ამდენად - მიმზიდველი ტერიტორია მდინარე ფსოუს მიმდებარე კონკრეტულ მონაკვეთზე.
- 2020 წელს, აფხაზეთში ოპოზიციურმა ძალებმა ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასეს მდინარე ფსოუზე სოფელ აიბღის აფხაზეთის მონაკვეთისა და კრასნოდარის ადლერის რაიონის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა.
- ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საზღვრის ამ მონაკვეთით იყო დაინტერესებული ახლახან რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასული დელეგაცია და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ საკითხს ვერც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აუვლიდა გვერდს, 13 ოქტომბერს მოსკოვში გამართული შეხვედრების დროს.
თბილისი სოფელ აიბღას უწოდებს „რუსეთის ანექსიის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს“ და, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საკითხი ჟენევის მოლაპარაკებათა 54-ე რაუნდის ფარგლებშიც დასვა.
სოხუმი და ცხინვალი, მოსკოვის მხარდაჭერით, განსაკუთრებით - 2008 წლის ომის შემდეგ, სხვადასხვა ინტენსივობით ცდილობდნენ საქართველოსთან დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხის წინ წაწევას და მაისში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სპეციალური კომისიაც შეიქმნა.
რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სადემარკაციო-სადელიმიტაციო ერთობლივი კომისიის ბოლო, მე-6 სხდომა 27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაიმართა ცხინვალში. მოსკოვი იუწყება, რომ ამ სხდომაზე 2022 წლის გეგმები დასახეს და გადაწყდა ასევე, რომ შემდეგი სხდომა რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარდება.
პარალელურად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როგორც ჟენევის, ისე ერგნეთის შეხვედრების ფორმატში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სადემარკაციო-სადელიმიტაციო ერთობლივი კომისიის შექმნა არაერთხელ შესთავაზეს.
რუსეთის მიზნები და ნატო
- რა უნდა რუსეთს განგრძობადი "ბორდერიზაციის" ფონზე?
- არის თუ არა დემარკაციის მიზანი საქართველოს მეტი ტერიტორიის მითვისება?
- არსებობს თუ არა კონკრეტული მოთხოვნები?
ცხინვალში მიმდინარე დისკუსიებით თუ ვიმსჯელებთ, დემარკაციის პროცესი მათ 1922 წელს შექმნილ და 1990 წელს გაუქმებულ "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის" დეკრეტსა და დეკლარაციებთან შესაბამისობაში წარმოუდგენიათ. სავარაუდოდ, ეს საქართველოს იმაზე დიდ ტერიტორიას მოიცავს, ვიდრე ამ ეტაპზე რუსეთის მავთულხლართებით არის შემოფარგლული.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ „ისინი რაღაც საბჭოთა რუკებით ხელმძღვანელობენ“, რომლებითაც ელემენტარული დაინტერესებაც კი საქართველოს წაგებიან პოზიციაში ჩააყენებს.
„აი, გეუბნება რუსეთი - მე მაქვს რაღაც რუკა, ვთქვათ, 1940 წლის და შენ თუ არ მოგწონს, მოიტანე შენი რუკა... ის თანახმა იქნება, დათმოს რაღაც ტერიტორიები, მთავარია, რომ საქართველო მოლაპარაკებებზე დაიყოლიოს. ამით ის გითრევს მოლაპარაკებებში უტიფრად და ცინიკურად...
რუსეთის შემოთავაზებაში ახალი არაფერია - ამის მცდელობა იყო ჩემამდეც [სახელმწიფო მინისტრობამდე], ჩემს დროსაც და ახლაც არის... რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ უნდა წამოვეგოთ და რასაც ის ცალმხრივად გააკეთებს, აბსოლუტურად ყველაფერი უკანონო იქნება საერთაშორისო სამართლით“, - გვეუბნება ზაქარეიშვილი.
კონფლიქტოლოგის შეფასებით, რუსეთი ასეთი მცდელობებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გულის მოგებასაც ცდილობს, რადგან მათ „რეალურად სხვას ვერაფერს სთავაზობს და დაპირებული აღიარების პროცესიც გაყინულია“.
„წავლენ იქამდე, სადამდეც მივუშვებთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.
მისი შეფასებით, რუსეთი საქართველოში იმგვარი რეალობის შექმნას ცდილობს, „როდესაც მის ტერიტორიაზე სამი სახელმწიფოა და ისინი ერთმანეთს შორის საუბრობენ“, ხოლო „ამ ილუზიის შექმნას ისიც ეყოფა, რომ მხარეები ერთად დასხდნენ და დაიწყონ დიალოგი საზღვრებზე, როგორც სუვერენულმა სახელმწიფოებმა“.
ექსპერტები, დიდ სურათში, რუსეთის ყოველ მოქმედებას საქართველოს ნატოსკენ სწრაფვასა და ალიანსის მიერ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხის გააქტიურებას უკავშირებენ.
ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ დემარკაციასთან დაკავშირებული შეთავაზება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოში დაძაბულ შიდაპოლიტიკური პროცესებზე „ნავთის დასხმასაც“ ისახავდეს მიზნად.
პარალელურად, კრემლის თანამოაზრეები რუსეთში ხედავენ იმის საფრთხესაც, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება „მძინარე“ საქართველოს გამოღვიძებასა და ნატოში გაწევრიანების ხაზის გაძლიერებაზე მიანიშნებდეს.
ნატოსთან დაკავშირებული აქცენტი მუდმივად იკვეთება რუსეთის საგარეო უწყების მიერ ჟენევის რაუნდების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებებში.
სწორედ ნატოს საპირწონედ ითხოვს რუსეთი თბილისსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის „ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმების დადებას“. ასე იყო 54-ე რაუნდზეც.
„ამ ამოცანის იმპერატიულობა იზრდება თბილისის ნატოში შეთრევის მიზნით დასავლეთის აქტიური ძალისხმევის ფონზე, რაზეც მეტყველებს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარული სამხედრო წვრთნების ჩატარება, ალიანსის ბოლოდროინდელი მრავალეროვანი მანევრების „მტკიცე სული - 2021“-ის ჩათვლით“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
თბილისის რეაქციები
დემარკაციასთან დაკავშირებული შეთავაზება მოსკოვმა ჟენევაში 12-13 ოქტომბრის რაუნდზე რომ გაახმაურა, ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებაც ადასტურებს. ტექსტში ვკითხულობთ, რომ:
„სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა“.
განცხადებაში ლაპარაკია „დე ფაქტო ანექსიის“ პროცესზეც და მათ შორის, სოფელ აიბღასთან მიმართებითაც.
„სოფელ აიბღას ნაწილის უკანონო მიერთებისა და რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთის ცალმხრივი დელიმიტაცია-დემარკაციის მცდელობა“, - წერია ტექსტში.
განსხვავებული იყო თუ არა რუსეთის ბოლო „შეთავაზება“ წინამორბედი განცხადებებისგან? თუკი ტექსტებს შევადარებთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი თავის ინიციატივას პირველად უწოდებს „შეთავაზებას“ და ეს საკითხი რუსეთის საგარეო უწყებამ ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წინასწარ, 8 ოქტომბერსაც განიხილა.
დამატებითი განცხადებები საქართველოს საგარეო სამინისტროს 14 ოქტომბერს აღარ გაუკეთებია და რადიო თავისუფლებამ უწყებაში ვერც დამატებითი კომენტარების მოპოვება შეძლო.
- „ჩვენ სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია დასამთავრებელი გვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 14 ოქტომბერს.
- „რუსეთი ბევრ რამეს აცხადებს და ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად იმ პოლიტიკას, რომელსაც ჯერჯერობით შედეგი მოაქვს და ყველანაირად შევეცდებით და შევძლებთ მივაღწიოთ იმ შედეგსაც, რომ მათ საბოლოოდ შევუშალოთ ხელი ყველა არაკანონიერ ქმედებაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ 14 ოქტომბერს.
აბსურდულობის მიუხედავად, ექსპერტები ფიქრობენ, რომ თბილისმა ყოველ ჯერზე განგაში უნდა ატეხოს რუსეთის მიერ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციასთან დაკავშირებულ თითოეულ მოთხოვნასა თუ გადადგმულ ნაბიჯებზე.
„საქართველოს მთავარი საფრთხეა ანექსიის პროცესი. ამიტომ ყველაფერზე, რაც რუსეთის მხრიდან გამოვლინდება, უმწვავესი რეაქცია უნდა გვქონდეს და მაქსიმალურად უნდა გავახმაუროთ, რომ ანექსია შეჩერდეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებიც მიხვდნენ, რა ხაფანგში არიან“, - გვეუბნება კოალიციის „დევნილთა უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი.
რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის ფონზე, ოპონენტები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევას მუდმივად არასაკმარისად და სუსტად თვლიან.