რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის დელეგაცია იმყოფება. როგორც ოპოზიციურ აფხაზეთის "სახალხო მოძრაობაში" ამბობენ, მხარეებმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი უნდა განიხილონ.
„ამჟამად კომისია მუშაობს, განიხილება საკითხები, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოსთვის. მოვუწოდებთ მთავრობას, ერთობლივი კომისიის საქმიანობა აწარმოოს ღიად და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, ვინაიდან ტერიტორიის მიკუთვნებულობის საკითხი ჩვენი ხალხისთვის უკიდურესად მგრძნობიარეა“, - ნათქვამია „სახალხო მოძრაობის“ განცხადებაში.
2019 წელს, რუსეთის ელჩმა სოხუმში ალექსეი დვინიანინმა განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთს საზღვაო სივრცის სადემარკაციო შეთანხმების ხელმოწერა შესთავაზა, „ვინაიდან ჯერ სახმელეთო საზღვრის საკითხის გადაწყვეტა ვერ ხერხდება“. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში დიპლომატმა დაადასტურა, რომ დაურეგულირებელი რჩება „მხოლოდ სოფელ აიბღის საკითხი“.
2020 წლის ნოემბერში, მდინარე ფსოუს გასწვრივ, სოფელ აიბღის და კრასნოდარის ტერიტორიაზე, ადლერის რაიონის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, აფხაზეთში, ფასდებოდა ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად.
საქართველოს ხელისუფლება სოფელ აიბღას უწოდებს „რუსეთის ანექსიის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს“.