Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადლობა - რუსეთს?


ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე ოჯახის წევრებს ხვდება, 14 ივლისი, 2021 წელი.
ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე ოჯახის წევრებს ხვდება, 14 ივლისი, 2021 წელი.

368 დღის შემდეგ, ცხინვალის ციხიდან ზაზა გახელაძის გათავისუფლებამ საქართველოში დიდი სიხარული გამოიწვია, მაგრამ გაჩნდა შეკითხვები და ერთგვარი პროტესტის განცდაც, რუსეთისთვის გადახდილ მადლობასთან დაკავშირებით. 

14 ივლისს, როცა უკანონო პატიმარი ოჯახს დაუბრუნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავარი მადლობა გადაუხადა საქართველოს პატრიარქს, რაც ბევრისთვის იმის ნიშანი იყო, რომ გახელაძის გათავისუფლების ყველაზე ეფექტიან გზად პროცესში რუსეთის პატრიარქის ჩარევა იქნა აღიარებული. შემდეგ, მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას მხრიდან მადლობა წილად ხვდა უშუალოდ რუსეთსაც. ოფიციალური მადლობების ადრესატებს შორის არ აღმოჩნდა, მაგალითად - ევროკავშირი, რომელიც მუდმივად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული ადამიანების გამოხსნის პროცესში.

  • რატომ არის სახიფათო მადლობის გადახდა ადამიანების თავისუფლებით მოვაჭრე ოკუპანტი ქვეყნისთვის?
  • რა როლი შეასრულა რუსეთის პატრიარქმა კირილმა ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში?
  • გაცვალეს თუ არა გახელაძე გობოზოვში?

რუსეთის პატრიარქის როლი

ახლად გათავისუფლებულ ზაზა გახელაძეს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 14 ივლისს საოკუპაციო ხაზთან შეეგება და საკუთარი მანქანით წაიყვანა სახლში. მანამდე კი, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერმა მადლიერება გამოხატა.

„მადლობა პატრიარქს, მადლობა პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, სუს-ის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა მინისტრს... ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, - ამ თანმიმდევრობით დაასახელა პრემიერმა ღარიბაშვილმა მადლობათა ის ადრესატები, რომელთა ძალისხმევამაც შედეგი მოიტანა.

პრემიერმა აღნიშნა ასევე, რომ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა „ჩვენი პატრიარქის უშუალო ჩართულობით“. თავად ზაზა გახელაძემ მადლობა პატრიარქსა და მთავრობას გადაუხადა.

რაც საჯაროდ ითქვა და ვიცით - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს, კირილს საგანგებო წერილი 23 ივნისს გაუგზავნა, სადაც ის მას ზაზა გახელაძის საქმეში შუამდგომლობას სთხოვდა.

„თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ადრეც არაერთხელ დაგვეხმარეთ მსგავს სიტუაციებში, რის გამოც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ვიმედოვნებთ, ამჟამადაც, თქვენი შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს გააკეთებთ“, - ვკითხულობთ წერილში.

როგორც ცხინვალში აცხადებენ, მათ გადაწყვეტილებაზე, საბოლოო ჯამში, იმოქმედა სწორედ პატრიარქ კირილის შუამდგომლობამ, რაც, ლოგიკურად, მისთვის ილია მეორის მიერ მიწერილ წერილს მოჰყვა.

ამ ფაქტს აქტიურად აშუქებენ რუსულენოვანი მედიასაშუალებები. მათი მტკიცებით, ზაზა გახელაძე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ.-მა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, გახელაძის გათავისუფლება ბევრისთვის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.

  • საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარს, თებერვლის განაჩენით, 12.5 წელი ჰქონდა მისჯილი და ცხინვალის ციხეში ერთი წელი და სამი დღე გაატარა.
  • გახელაძეს ბრალი ჰქონდა წაყენებული რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - „სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ და „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“.
  • პატიმრის ოჯახის წევრები შეუსრულებელი დაპირებებით არაერთხელ დარჩნენ გაწბილებული და პროტესტსაც აქტიურად გამოხატავდნენ.
  • 23 ივნისს, ზაზა გახელაძის დაბადებს დღეს, უკვე ჩანდა, რომ მათი მოთმინების ფიალა აივსო და დაკავებულის მამა ცხინვალისკენ ფეხით გადაადგილებასაც გეგმავდა.
  • ოჯახმა 23 ივნისს დაგეგმილ კიდევ ერთ საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობაზე საბოლოოდ უარი განაცხადა. დაკავებულის მამამ პირდაპირ თქვა, რომ ისინი პატრიარქის თხოვნით გაჩერდნენ - „პატრიარქის თხოვნით, აღარ შევუერთდებით“.

რადიო თავისუფლების გორელ კორესპონდენტს, გოგა აფციაურს, რომელიც მუდმივად აშუქებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან გატაცებული ადამიანების პრობლემებს, პროცესში რუსეთის პატრიარქის ჩარევის კიდევ ერთი შემთხვევა ახსენდება, რომელიც 2014 წელს მოხდა.

„ცხინვალელი წყარო როგორც მიყვებოდა, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის პატრიარქი ჩაერია თეიმურაზ ჯერაპოვის (დიმიტრი სანაკოევის ალტერნატიული მთავრობის წარმომადგენელი) გათავისუფლების პროცესში. ის მძიმე მუხლით იყო გასამართლებული და ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებოდა. გახელაძის შემთხვევა "ერთგვარი მიქსია" - იყო რუსეთის პატრიარქის შუამდგომლობაც და თან გაცვლაც“, - ამბობს აფციაური.

მადლობა რუსეთს

გახელაძეს საოკუპაციო ხაზთან, პრემიერ-მინისტრთან ერთად, გორისა და ატენის მიტროპოლიტი - ანდრია გვაზავაც დახვდა. მადლობის ადრესატებს შორის მან პირდაპირ დაასახელა რუსეთი.

„მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის მხარეს, რომელმაც გაითვალისწინა ეს ერთობლივი ჩართულობა... და ოსურ მხარესაც, რომელმაც შეწყალების ფორმით ზაზა გახელაძე გაათავისუფლა და დაუბრუნა თავის ოჯახს“, - თქვა მიტროპოლიტმა.

რას ნიშნავს რუსეთისთვის გადახდილი მადლობა?

ამ პროცესში სახიფათო ასპექტებს ხედავს კოალიციის „დევნილთა უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი. ის შიშობს, რომ გატაცებული ადამიანის გათავისუფლებისთვის მადლობის გადახდა შემდგომი გატაცებების წახალისებასაც შეუწყობს ხელს.

„რისთვის ვუხდით მადლობას? იმისთვის, რომ ადამიანი გაიტაცა, უკანონოდ გაასამართლა და შემდეგ გაათავისუფლა? გაუმარჯოს ზაზა გახელაძესა და მის ოჯახს - დაუბრუნდათ სახლში, როგორ განიცდიდნენ... მაგრამ ყველაზე ცუდი არის ის, რომ რუსეთს მადლობა ადამიანით ვაჭრობაში გადავუხადეთ. წახალისებაა ეს ამ ქმედებების, აბა, რა არის... როცა უნდა დაიჭერს, მერე გაათავისუფლებს და მადლობასაც მიიღებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზურაბ ბენდიანიშვილი.

გახელაძის საქმეზე რუსეთი მუდმივად აცხადებდა, რომ მისი კომპეტენცია არ იყო და ამ საკითხზე ერთმანეთში უნდა ელაპარაკათ თბილისსა და ცხინვალს. ამასვე უმტკიცებდა ჟურნალისტებს ივნისის მიწურულს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო. ამ დროს საქართველოს საპატრიარქოდან უკვე გაგზავნილი იყო წერილი რუსეთის პატრიარქთან.

და მადლობა ევროკავშირს?

საერთაშორისო პარტნიორებსა და მათ შორის - ევროკავშირს, საქართველოს მთავრობის მეთაურის საჯარო მადლობა არ ერგო წილად.

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 15 ივლისს ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის (EUMM) ძალისხმევას უსვამს ხაზს. ასევე ტვიტერზე ვხვდებით ამ მისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებასაც, სადაც წერია, რომ გახელაძის გათავისუფლებისკენ მიმართული ძალისხმევა მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება ბატონი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, პოზიტიურ შედეგს, რომელიც ერთწლიანი უწყვეტი ძალისხმევის შედეგად დადგა, მათ შორის ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერგნეთის ფორმატში ფართო დისკუსიების გზით“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ „ტვიტერზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზურაბ ბენდიანიშვილი გვეუბნება, რომ ევროკავშირი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში თუ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ინტენსიურად ლობირებდა გახელაძის გათავისუფლების საკითხს. მისთვის ცნობილია, რომ ბრიუსელის მიერ გამოყენებული იყო სხვა არასაჯარო არხებიც.

„არსებული საჯარო მექანიზმების გარდა, არსებობს უამრავი არაფორმალური ბერკეტი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება, მაგრამ არასოდეს საჯაროვდება. ჩათვალეთ, რომ მუშაობის პროცესში ჩართულია ევროკავშირის ყველა ელჩი, რომლებიც აკრედიტებული არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და შეთანხმებული სამუშაო საკითხები მათი მეშვეობით მუდმივად დგას რუსეთის წინაშე.

ისინი ძალიან დიდ შრომას დებენ ამაში. ძალიან მნიშვნელოვანია საკითხის აქტუალიზაცია და ისინი ამას აკეთებენ. ასე იყო გახელაძის საკითხის შემთხვევაშიც. ევროკავშირის დახმარებით ძალიან ბევრი გატაცებული ადამიანი გათავისუფლებულა ისე, რომ პატრიარქი კირილი არ ჩარეულა და მისთვის მადლობის გადახდა არ გამხდარა საჭირო... ევროკავშირს მუდმივად ჰქონდა კომუნიკაცია ჩვენთანაც, რომ ჩვენი არხების საშუალებით მოგვეპოვებინა ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაში იყო ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში“, - გვეუბნება ბენდიანიშვილი.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ, პრემიერისგან განსხვავებით, მიტროპოლიტმა ანდრიამ 14 ივლისს ახსენა, რომ გახელაძის გათავისუფლების პროცესში ჩართული იყვნენ „საერთაშორისო ორგანიზაციები“. გახელაძის საკითხი მთელი წლის განმავლობაში ისმოდა სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნიდან.

პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი მუდმივად ცდილობდა, რომ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყანათა ლიდერების ყურადღება მიეპყრო.

გოგა აფციაური ჩვენთან საუბრისას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან გატაცებული ადამიანების უკან დაბრუნების რამდენიმე გავრცელებულ მეთოდს გამოყოფს:

  • მცირე დროით დაკავებულებს ე.წ. ადმინისტრაციული ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. ძირითადად, ჯარიმის მოცულობა 2000 რუბლს შეადგენს (დაახლოებით 85-90 ლარი).
  • ერთი წლის ვადით ე.წ. პირობით სასჯელის შეფარდება და გამოძევება - არსებული საკომუნიკაციო მექანიზმების გამოყენებით.
  • ხანგრძლივი საპატიმრო ვადით დაკავებულების გათავისუფლება არაფორმალური კავშირებისა და საერთაშორისო წნეხის შედეგად.
  • გაცვლა „ყველა ყველაზე“ ჰუმანიტარული მოსაზრებებით.

გოგა აფციაური გვეუბნება, რომ ზაზა გახელაძის შემთხვევა წარმოადგენდა ერთგვარ მიქსს - თან რუსეთის პატრიარქის შუამდგომლობა და თან გაცვლა.

გაცვლა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მედიაზე დაყრდნობით, რუსეთის მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ:

  • ცხინვალმა ზაზა გახელაძის სანაცვლოდ მოითხოვა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი პატიმრის, ვადიმ გობოზოვის გათავისუფლება;
  • გობოზოვი გახელაძემდე ცოტა ხნით ადრე გათავისუფლდა;
  • გახელაძეში მისი გაცვლა იმიტომ მოითხოვეს, რომ პატიმრის ახლობლებმა მისი გათავისუფლების თხოვნით ბევრჯერ მიმართეს სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს.

15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ვადიმ გობოზოვს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა უმასპინძლა. მან მადლობა გადაუხადა რუსეთის პატრიარქს და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია „შუამავლების მეშვეობით“ შედგა და შედეგმაც არ დააყოვნა.

რუსეთის მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებაც, რომ გობოზოვის დაპატიმრება მას შემდეგ მოხდა, რაც ქართულმა სპეცსამსახურებმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ნეიტრალური ტერიტორიიდან „გაიტაცეს“, საკონტროლო-გამშვები პუნქტის - „ზემო ლარსის“ სიახლოვეს.

სინამდვილეში ის, 2020 წელს, მკვლელობის ბრალდებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავეს.

რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის მედიასაშუალებები გობოზოვს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქედ“ მოიხსენიებენ, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები გობოზოვი რუსეთის მოქალაქეა. მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გოგა აფციაური ვარაუდობს, რომ გობოზოვის გათავისუფლება რუსეთის მოთხოვნა იყო.

შეესაბამება თუ არა გაცვლის ვერსია სიმართლეს?

ქართული მხარე არ ადასტურებს.

გოგა აფციაურის მიერ 14 ივლისს, პრემიერ-მინისტრისთვის გობოზოვთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ კი, ღარიბაშვილისგან შემდეგი განცხადება მოვისმინეთ:

„ძალიან ბევრ ვერსიას მოისმენთ, მაგრამ მე გთხოვთ ყველას, რომ ვერსიებს აღარ მოუსმინოთ და რომ ვერსიებს არ უნდა დავუჯეროთ და ჩვენ შევხედოთ შედეგს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG