Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე წერილი გაუგზავნა


ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი გაუგზავნა.

წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს, ილია მეორე კირილეს სთხოვს, უშუამდგომლოს ზაზა გახელაძეს, იმისთვის, რომ ის პატიმრობიდან გათავისუფლდეს და ოჯახს დაუბრუნდეს.

„თქვენო უწმიდესობავ,

მოგესალმებით პატივისცემით და გაწუხებთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ დახმარებისათვის მოგვმართეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები გახელაძე ზ.მ. გასული წლის ზაფხულში სანადიროდ იმყოფებოდა თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხის და ცხინვალის რეგიონთან არსებული დროებითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაკავებული იქნა რუსეთის ფედერაციის მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეთა მიერ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად იგი ცხინვალის იზოლატორშია და მისჯილი აქვს 12.5 (!) წელი. ეს არის მეტად მძიმე განსაცდელი როგორც პირადად მისთვის, ისე მისი მშობლების, მეუღლის და არასრულწლოვანი შვილებისათვის.

მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს, რათა იგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს. კარგად გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათავალისწინებელია, რომ გახელაძე იქ გაუცნობიერებლად მოხვდა.

მისი გათავისუფლება იქნება სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო.

თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ადრეც არაერთხელ დაგვეხმარეთ მსგავს სიტუაციებში, რის გამოც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ვიმედოვნებთ, ამჟამადაც, თქვენი შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს გააკეთებთ.

აღვავლენთ ლოცვებს თქვენი კეთილდღეობისა და ღვთისათნო მსახურებაში განმტკიცებისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულით

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი".

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა უარი თქვეს 23 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობაზე. „პატრიარქის თხოვნით, აღარ შევუერთდებით", - განაცხადა ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქვემოჭალელი ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. მოგვიანებით გახელაძეს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვისაც. 2021 წლის თებერვალში, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

უკანონო პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების არაერთ დაპირებას ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ, შედეგი დღემდე არ მოჰყოლია, ამიტომ 23 ივნისს, ზაზა გახელაძის დაბადების დღეს საპროტესტო აქცია დაგეგმეს, მიხეილ გახელაძე კი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას აპირებდა.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო ფორმატთან ერთად გამოყენებულია სხვა, არაფორმალური მექანიზმებიც.

22 ივნისს, მიხეილ გახელაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, სოფელ ქვემო ჭალაში, გახელაძეების ოჯახში კი იმყოფებოდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი დამიანე. ოჯახთან სასულიერო პირების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავდა რუსეთის პატრიარქს.

XS
SM
MD
LG