ცხინვალი და სოხუმი ამ დღეს ტრადიციულად დიდი შემართებით ზეიმობენ, თუმცა დღემდე არც მოსკოვის მიერ დაპირებული განვითარება იგრძნობა და არც საერთაშორისო აღიარების ილუზია გამართლებულა.
- რას უპირებს რუსეთი საქართველოს რეგიონებს?
- რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რას ფიქრობენ ადგილობრივები?
- რა იზიდავთ თბილისისკენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან?
რუსეთი როგორც გადამრჩენელი, მარჩენალი და განგრძობადი მშვიდობის გარანტი - 26 აგვისტო ის დღეა, როცა ოკუპირებული ტერიტორიების ადგილობრივი ხელისუფალნი გაასმაგებული ენთუზიაზმით აქებენ რუსეთს. ასე იყო დღესაც.
- „მხოლოდ რუსეთთან ერთად ხედავს ჩვენი ხალხი თავის ხვალინდელ დღეს, უსაფრთხო მომავლის რწმენასა და სამშობლოს აყვავებას. მხოლოდ რუსეთს უკავშირებს თავის ბედს ჩვენი ხალხი“, - თქვა 2021 წელს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ.-მა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.
- „რუსეთის მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარება გადაუჭარბებლად იქცა ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად. ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა მშვიდობა, უსაფრთხოება და განვითარების შესაძლებლობები“, - თქვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ.
„დამოუკიდებელ ქვეყნებად“ აღიარების წლისთავი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველ წელს აღინიშნება და ეს დღე სადღესასწაულო უქმე თარიღადაც არის გამოცხადებული.
წელს, პანდემიის გამო განსაკუთრებული მასობრივი ღონისძიებები სოხუმში აღარ დაუგეგმავთ, მაგრამ ცხინვალში კონცერტიც კი გამართეს ბევრისთვის სრულიად უცნობი „კავკასიის ვარსკვლავების“ მონაწილეობით.
რას ზეიმობენ?
ადგილობრივი ლიდერების ოფიციალური განცხადებებით, 26 აგვისტოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „საერთაშორისო აღიარების“ დღე აღინიშნება, მაგრამ არავინ ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ „საერთაშორისო დამოუკიდებლობა“ ბუნებაში არ არსებობს.
რუსეთის შემდეგ, მთელი ამ 13 წლის განმავლობაში, ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა მხოლოდ 4-მა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს ნაბიჯი თითქოს ვანუატუმ და ტუვალუმაც გადადგეს, მაგრამ მათ საბოლოოდ - აღიარება უკან წაიღეს.
ცხინვალისა და სოხუმის განცხადებებში ვანუატუ და ტუვალუ ისევ მოძველებულ ჩამონათვალში რჩებიან.
26 აგვისტოს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწემ, მაქსიმ ღვინჯიამ მედიის წარმომადგენელს უთხრა, რომ „რამდენიმე ქვეყანა პრაქტიკულად მზად არის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის“, მაგრამ ქვეყნების უმეტესობას „პირველი ნაბიჯის გადადგმის ეშინია“, დასავლეთისგან და განსაკუთრებით - შეერთებული შტატებისგან მოსალოდნელი წნეხის გამო.
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად ცნობს გაერო. კვლავინდებურად არაღიარების პოლიტიკას მისდევენ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებიც.
ბოლო წლებში აშშ-მ სპეციალური სანქციებიც დააკანონა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან უკანონო კავშირებში იქნებიან მხილებული.
სამხრეთ ოსეთის ოცნებას რუსეთთან ბოლომდე შერწყმა და მის ნაწილად ქცევა წარმოადგენს; ხოლო აფხაზეთს დამოუკიდებლობის იდეა უფრო ეძვირფასება და სამოქალაქო საზოგადოებამ, პარტიების ნაწილთან ერთად, წლების წინაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთთან გაფორმებულ სტრატეგიულ ხელშეკრულებაში არ მოხვედრილიყო სიტყვა „ინტეგრაცია“.
- მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთთან 2014 წელს გააფორმა ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“.
- მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან 2015 წელს გააფორმა ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“.
რუსეთის იმედად?
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებს თავის გასატანად დიდი არჩევანი არა აქვთ. სხვადასხვა წყაროს ცნობით:
- რუსეთის ფედერაციამ 2020-2022 წლებში ოკუპირებული ტერიტორიებისთვის 7 მილიარდი რუბლი (98 მილიონი დოლარი) გამოყო. ეს თანხა გამიზნულია როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე საბიუჯეტო დაფინანსებისთვის და საინვესტიციო ხელშეწყობისთვის;
- 2021 წელს აფხაზეთის დაფინანსება - დაახლოებით 27 მილიონი დოლარის ეკვივალენტს შეადგენდა; ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთისა - დაახლოებით 25 მილიონი დოლარის.
ცხინვალშიც და სოხუმშიც კარგად იციან, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მომავალი ძირითადად რუსეთის კმაყოფილებაზეა დამოკიდებული.
ასევე, ყველასათვის ნათელია ისიც, რომ, მაგალითად, დიდწილად სწორედ რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული აფხაზეთის შემოსავალი ციტრუსების რეალიზაციიდან თუ ტურიზმიდან. მოსკოვს ამ „ონკანის“ გადაკეტვაც ნებისმიერ დროს შეუძლია.
ოკუპირებული ტერიტორიების დაფინანსების დამტკიცებისას, რუსეთის დუმაში გვინახავს საკმაოდ შეურაცხმყოფელი დებატებიც, დახმარების დამადლების მკაფიო ელფერით.
ასე იყო მაგალითად 2011 წელს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს იმავე სხდომაზე, როცა რუსმა დეპუტატებმა 49 წლით დააკანონეს რუსეთის სამხედრო ბაზების უკანონო ფუნქციონირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ჩვენ ისევ ვაჭმევთ აფხაზეთს ცალმხრივ რეჟიმში: 2009-2010 წლებში ხარჯი, დაახლოებით, 8 მილიარდი იყო, 2011 წელს კი – დაახლოებით, 5 მილიარდი... მაშინ, როცა ასეთი თანხები არცკი დასიზმრებია ჩვენი ფედერაციის ზოგიერთ სუბიექტს“, - ასე ბრაზობდა მაშინ, მაგალითად, დეპუტატი ვალერი სელეზნიოვი და მსგავსი განწყობები არც სხვებმა დააკლეს.
სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, რუსეთს წინააღმდეგობა აფხაზეთში არაერთხელ შეხვდა - მიწების, სანატორიუმებისა თუ სხვა სახის უძრავი ქონების მისაკუთრების მცდელობების დროს.
ბოლო პერიოდში, სოხუმში მწვავე დისკუსიაა გაჩაღებული ენგურის კასკადის ჰესის რეაბილიტაციის პროცესში რუსული კომპანიის შემოყვანასთან დაკავშირებით. ამ თემაზე ასლან ბჟანიას ოპოზიციაც უპირისპირდება და არც მთავრობასთან აქვს საქმე კარგად.
ექსპერტების მიერ ისედაც ქვეყნის დაქცევაში დადანაშაულებულ პრემიერ ალექსანდრ ანქვაბს ბჟანიამ რამდენიმე დღის წინ უთხრა, რომ - თუკი უფრო ხელსაყრელ ინვესტორს ვერ იპოვის და არც მის წინადადებას დაეთანხმება, ისინი ერთად ვერ იმუშავებენ.
შემოდგომაზე აფხაზეთში, როგორც ჩანს, კიდევ ერთი მასობრივი მღელვარებაა მოსალოდნელი.
„ახლა რუსი ტურისტების რაღაც ნაწილი მიიღო აფხაზეთმა და თითქოს ხალხმა სული მოითქვა - რაღაც შემოსავალი გაუჩნდა ამით. მაგრამ ტურისტული სეზონის შემდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყება“, - აცნობა რადიო თავისუფლებას ადგილობრივებისგან კარგად ინფორმირებულმა წყარომ.
რატომ არ ვითარდებიან? რატომ არ არის პროგრესი?
აფხაზეთის მსგავსად, ეს მოცემულობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არა რუსეთს, არამედ ჯერჯერობით ისევ მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებას ბრალდება - „ხელისუფლება ჭამს მოსკოვის მიერ გადმორიცხულ ფულს“.
თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას კიდევ ერთი წყარო ეუბნება, აფხაზეთში უკვე იმასაც ბევრი ატყობს, რომ რუსეთი რეალურად განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებსა და პროგრამებს უშლის ხელს.
თვალი დანარჩენი საქართველოსკენ
ადგილობრივი წყაროების მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მრავალი წლის განმავლობაში დაპირებული განვითარება არც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას ეტყობა და არც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს.
ხალხი პრობლემებით კიდევ უფრო დამძიმდა და ჩაკეტილი, მოწყენილი ცხოვრების მიმდევარი გახდა.
„ნებისმიერი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ - რა გინდა, რა არის შენი სურვილი, გიპასუხებთ - გზა იყოს გახსნილი, საქართველოსთან თავისუფალი მიმოსვლა იყოსო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მისი განმარტებით, თბილისში თავისუფლად ჩამოსვლის ნატვრა ძირითადად გართობასა და შოპინგს უკავშირდება.
თუმცა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა იოლი არ არის. გზა ძირითადად მხოლოდ ჭირისუფლებისა და პაციენტებისთვის იხსნება.
თამარ მეარაყიშვილი გვეუბნება, რომ ავადმყოფობის დროს ნებართვა, წესით, მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებების დროს უნდა გაიცეს, მაგრამ - გარკვეულ შემთხვევებში იწერება „ყალბი ცნობებიც“ და სამკურნალოდ ან სამშობიაროდ გადმოსვლას სხვებიც ახერხებენ ხოლმე.
ცხინვალის რეგიონიდან პაციენტების გადმოყვანა გაცილებით უფრო რთულია, აფხაზეთთან შედარებით. რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, სოხუმი ხელს პრაქტიკულად არავის უშლის და პაციენტები თბილისში, მაგალითად, კანის სოკოვანი დაავადებებისა და კბილების სამკურნალოდაც ჩამოდიან.
გვარები ცხადია არ სახელდება, მაგრამ თბილისს არცთუ იშვიათად სტუმრობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები.
ოფიციალური ინფორმაციით:
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული თითოეული პაციენტის მკურნალობის ყოველწლიური ლიმიტი 15 ათასი ლარით განისაზღვრება. თუმცა არის შემთხვევები, როცა სახელმწიფოს დამატებითი ხარჯის გაწევაც უწევს.
- ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა არც პანდემიის პერიოდში შეწყვეტილა და უფასო სერვისით ისარგებლა ოკუპირებული ტერიტორიების 1 400-მდე მკვიდრმა.
ოკუპირებული ტერიტორიების მოქალაქეებს საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს უფასო ვაქცინაციას საქართველოს ნებისმიერ კლინიკაში. რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ვაქცინაციის ამ სერვისის მიმართ ინტერესი, აფხაზეთისგან განსხვავებით, თითქმის საერთოდ არ გამოვლენილა ცხინვალის რეგიონში.
ცხინვალის რეგიონში ასევე არ არის ინტერესი რუსეთის მიერ იქ გაგზავნილი სამამულო წარმოების ვაქცინა - „სპუტნიკის“ მიმართ.
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დახმარების შეთავაზება აფხაზეთის მიმართულებით უფრო იოლია, ვიდრე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.
„აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთათვის გაწეულ იქნა საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო პარტნიორების დახმარება 4 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის, პანდემიით გამოწვევების დასაძლევად. სამწუხაროდ, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მსგავსი დახმარების გაწევა დღემდე შეუძლებელია ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო რეჟიმის მიდგომის გამო“, - განაცხადა 4 აგვისტოს, 10-წლიანი გეგმის წარდგენისას, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების განვითარების მიზნით ამოქმედებულმა „მშვიდობის ფონდმა“ დაიწყო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ბიზნესპროექტების დაფინანსება და უკვე დაიწყო 11 პროექტის განხორციელება. დამატებით, შემოსულია 80-ზე მეტი ახალი განაცხადი.