ავტორი: ვიტალი შარია
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში აღშფოთდნენ რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი მელნიკოვის გამოსვლაზე მედიაში. მელნიკოვი გამოვიდა წინადადებით, „ახალმა რუსეთმა მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი - მოლდოვისთვის გადაცემა“. გაჩაღდა დისკუსია იმის თაობაზე, მართლა არის თუ არა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანაშემწე. ამ საკითხზე გთავაზობთ „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტის, ვიტალი შარიას სტატიას.
მიმდინარე კვირაში აფხაზურ საინტერნეტო თანამეგობრობაში ემოციური გამოხმაურებების ტალღა მოჰყვა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, ალექსეი მელნიკოვის 21 იანვრის გამოსვლას, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მომხმარებელმა გამოაქვეყნა ფეისბუკში. მოგვიანებით ეს ბლოგი „ეხო მოსკვის“ საიტზე გამოჩნდა სათაურით „აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. უარი ვთქვათ აღიარებაზე“. ამასთან, ავტორი პუბლიცისტადაა დასახელებული. აი, ამ ტექსტის რამდენიმე ფრაგმენტი:
„2021 წლის აგვისტოში შესრულდა ‘დამოუკიდებლობის’ 13 წლისთავი. როგორია მისი შედეგები? რის გაკეთება მოახერხა რუსეთის დიპლომატიამ იმისთვის, რომ მიეღწია ამ ‘სახელმწიფოების’ აღიარებისთვის თუნდაც მსოფლიო თანამეგობრობის ნახევრის მიერ? ვერაფრის. რუსეთის რამდენიმე სატელიტისა და კლიენტის გარდა, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი არავის უღიარებია. ამასთან, ისინი რუსეთისგან ყოველწლიურად იღებენ ფინანსურ დახმარებას და ამ დახმარებას ბოლო არ უჩანს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის პროექტი წარუმატებელ გადაწყვეტილებად უნდა იქნეს მიჩნეული. კიდევ ერთი ასეთი ‘ჩამოკიდებული’ ტერიტორიაა დნესტრისპირეთი. ახალი რუსეთის წინაშე ობიექტურად დგას ამოცანა, შეწყვიტოს წარუმატებელი და ძვირად ღირებული არათუ ექსპერიმენტი, არამედ ჩიხში შესული არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკა და მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი მოლდოვისთვის გადაცემა“.
შემდგომ ფეისბუკში მოტანილი იყო მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, სადაც კერძოდ აღნიშნული იყო: „მელნიკოვი ალექსეი იურის ძე - პოლიტიკოსი, ეკონომისტი, პუბლიცისტი. სახელმწიფო დუმის 1-3 მოწვევის დეპუტატი. დაიბადა 1964 წლის 8 აპრილს. დაამთავრა მოსკოვის მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომისტი“.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ წლებში როგორც აფხაზეთის საზოგადოებას, ისე სახელმწიფო სტრუქტურებს, არაერთხელ ჰქონდათ აღშფოთებული რეაქცია რუსეთის ცალკეული პოლიტიკოსების - ჟირინოვსკის, პრილეპინისა და ნაკლებად ცნობილთა - მოწოდებაზე, აფხაზეთი, რამდენიმე სხვა მცირე ზომისა და სხვადასხვა სტატუსის მქონე სახელმწიფოსთან ერთად, შეყვანილ იქნეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. მაგრამ ამ შემთხვევაში აღიარების გადახედვაზე წინადადება, რუსეთის ნაციონალ-პატრიოტების წარმოდგენებისგან განსხვავებით, დაკავშირებულია საქართველოს შემადგენლობაში „დაბრუნებასთან“.
ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ექსპერტმა ლიანა კვარჩელიამ „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის ლიბერალურ წრეებში ხშირად განაზოგადებენ პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა კონფლიქტს:
„ჯერ ერთი, მიმაჩნია, რომ რუსეთი პატივს სცემს საკუთარ გადაწყვეტილებებს და, საერთოდ, ეს - აღიარების უკან წაღება - დარტყმაა რუსეთის რეპუტაციისთვის. ჩემი აზრით, ეს ნაკლებსავარაუდოა. მეორე, რაც იქცევს ყურადღებას და, სხვათა შორის, ადრეც იქცევდა, არის ის, რომ, დიდად სამწუხაროდ, რუსეთის ლიბერალურ წრეებში არცთუ ცოტანი არიან ადამიანები, რომლებიც თავს არ იტკივებენ ჩვენს კონფლიქტთან, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებული დეტალების შესწავლით. ისინი ერთი და იმავე საზომით უდგებიან ერთსა და იმავე ვითარებას. თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ვითარებებს საკუთარი სპეციფიკა, საკუთარი თავისებურებები ახასიათებთ. ჩვენ ერთ რიგში გვაყენებენ დნესტრისპირეთთანაც, ყირიმთანაც და დონბასთანაც. ეს არასწორია“.
კვარჩელიამ გაიხსენა ის, რომ ასეთივე ზედაპირული შეხედულება, როცა ორმაგ სტანდარტს მისდევდნენ და ხალხის ნებას შერჩევით ეკიდებოდნენ, რუსეთის ლიბერალური საზოგადოების ნაწილს სამი ათწლეულის წინათაც ჰქონდა. მაგრამ, მაგალითად, ანდრეი სახაროვი, გალინა სტაროვოიტოვა ხალხებს სიმაღლის მიხედვით არ ალაგებდნენ, მათ თანასწორებად მიიჩნევდნენ. დიახ, დღევანდელ აფხაზეთში ბევრი პრობლემაა, მაგრამ უბრალოდ ერთად მუშაობაა საჭირო მათ გადასაწყვეტად. და რას მოიტანდა ისეთების „შორსმჭვრეტელი“ წინადადება, როგორიც მელნიკოვია? რა მოჰყვებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებაზე უარს და სამხედრო ბაზების გაყვანას? კვლავ აგიზგიზდებოდა ცეცხლი იქ, სადაც უკვე გიზგიზებდა 90-იანების დასაწყისში და კვლავ საჭირო გახდებოდა რუსეთის სამშვიდობო ძალების შეყვანა.
განხილვაზე აღიბეჭდა რუსეთში შიდაპოლიტიკური ბრძოლის გამწვავებაც. ფეისბუკში მელნიკოვი დასახელებული იყო როგორც ალექსეი ნავალნის თანაშემწე და მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში. ბუნებრივია, სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში არაერთი კომენტარი ეძღვნება მის კავშირს ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან: „სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ თავად ნავალნი გამოდიოდა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის აღიარების მოწოდებით და ამას მოწმობს მისი ინტერვიუ ქსენია სობჩაკთან“, გვახსენებს ერთ-ერთი მომხმარებელი. „ალექსეი მელნიკოვი არ არის ნავალნის თანამებრძოლი და არც არასოდეს ყოფილა. ის არის პარტია ‘იაბლოკოს’ წევრი, რომელი პარტიიდანაც იქნა დუმაში არჩეული. ამჟამად ადამიანის უფლებების დაცვით არის დაკავებული“, წერს მეორე.
„ეხო კავკაზამ“ მიმართა მოსკოველ პოლიტოლოგს, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის თანამშრომელ ვლადიმირ ნოვიკოვს. აი, რა მოსაზრება გამოთქვა მან:
„ბატონი მელნიკოვი არის პოლიტიკოსი პარტია ‘იაბლოკოდან’, საკმაოდ აქტიური ბლოგერია. და რაღაცაზე აქვს პრეტენზია რუსეთის პოლიტიკაში. ამ შემთხვევაში გამახსენდა სსრკ-ს კგბ-ს უკანასკნელი თავმჯდომარის, კრიუჩკოვის მიერ ვიღაცაზე ნათქვამი სიტყვები: ‘ის ჯერ მზად არ არის დიდ პოლიტიკაში შესასვლელად’. იქნებ ბატონმა მელნიკოვმა არ იცის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე დარეგულირების შესახებ ამგვარი იდეები მუდამ განიხილებოდა რუსეთში 2008 წლის ომამდე? მაგრამ ამ პრინციპის საფუძველზე პრობლემის მოგვარების მცდელობებმა არავითარი შედეგი არ გამოიღო. რატომ მიაჩნია მას, რომ ამან შეიძლება ახლა მოიტანოს რაიმე შედეგი? და მთავარი, რაც არის აქ გასაოცარი: მისი ამოსავალია თეზისი, რომ ეს ვითარებები - როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის - ქართულ-რუსული ურთიერთობების პირდაპირი შედეგია. ანუ ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უარს ეუბნება, იყვნენ კონფლიქტის მხარეები და არა რუსეთის მხარის ‘უფასო დანამატი’, როგორც თავად ეჩვენება“.
(ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში გამოიყენება)