Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნიკოლოზ ბასილაშვილი თავად იყო ფსიქოლოგიური ტანჯვის მსხვერპლი" - სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნა განიხილა


ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი, 17 ოქტომბერი
ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი, 17 ოქტომბერი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ადვოკატები მოწმეების დაკითხვას ასრულებენ. დღეს, 17 ოქტომბრის სხდომაზე გამოკითხეს ექსპერტი, რომელმაც დაადგინა, რომ ჩოგბურთელზე ყოფილი ცოლი ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

ჩოგბურთელის წინააღმდეგ საქმის განხილვის მიწურულს ადვოკატებმა თავად დაზარალებულად ცნობილ ნელი დოროყაშვილს დასდეს ბრალი ქმარზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში. ეს დასკვნა აქამდე საქმეში არ იდო, თუმცა მოსამართლემ ის განსახილველად მიიღო.

ჟურნალისტები არ დაასწრეს ფსიქოლოგისა და ექსპერტების ჩვენებას, სხდომაზე ის ეპიზოდები უნდა განეხილათ, სადაც წყვილის არასრულწლოვანი შვილი ფიგურირებდა. დაკითხულთაგან ერთ-ერთი, ნათია წერეთელი ასკვნის, რომ ბასილაშვილი წლების განმავლობაში განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ადვოკატის თქმით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა 2020 წელს დაინიშნა, თუმცა დასკვნა მხოლოდ ახლა მიიღეს. მისი ჩატარება ბასილაშვილის ადვოკატებმა ალტერნატიულ საექსპერტო დაწესებულებას დაავალეს.

"ერთ-ერთი ეპიზოდი ბრალდებაში შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებას. შესაბამისად, დღევანდელი დასკვნით, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად შეუძლია პირს განახორციელოს ფსიქოლოგიური ტანჯვა იმ შემთხვევაში, თუ თვითონაც იყო ფსიქოლოგიური ტანჯვის მსხვერპლი და ამას განიცდიდა წლების განმავლობაში", - უთხრა ადვოკატმა თეონა გვაზავამ ჟურნალისტებს.

"კატეგორიულად" არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა თავხელიძე. მისი თქმით, ეს დოკუმენტი აქამდე სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა და დღემდე არც ბრალდების მხარე არ იცნობდა:

"საქართველოში, სამწუხაროდ, ფსიქოლოგია არაა რეგულირებადი, ლიცენზირებადი პროფესია და ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ლიცენზირებადია ფსიქოლოგის პროფესია, ეს ფსიქოლოგი ლიცენზიას დაკარგავდა, რადგან ამ ფსიქოლოგს ნამუშევარი და შეფასებული ჰყავს ამავე საქმეში დაზარალებული, ამავე საქმეში მან ბრალდებული შეაფასა. ეს უხეში დარღვევაა სტანდარტების", - უთხრა ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა ანა თავხელიძემ ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ.

ბასილაშვილის მეგობრის ჩვენება

დაცვის ერთ-ერთი ბოლო მოწმე, რომელიც ამ საქმეზე იკითხება, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი, კონსტანტინე ლანჩავა იყო. მას აშშ-ში მომხდარ სავარაუდო ძალადობის ეპიზოდზე დაუსვეს კითხვები.

კონსტანტინე ლანჩავა სასამართლოს ფლორიდიდან ჩაერთო. მისი განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილს ბავშვობიდან იცნობს და მასთან მეგობრობს.

ლანჩავამ ჩვენების მიცემა პირდაპირ 2018 წლის 28 აგვისტოს გახსენებით დაიწყო.

ეს ის დღეა, როდესაც ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში სავარაუდო ძალადობა მოხდა. ნელი დოროყაშვილის მტკიცებით, ამ დღეს ქმარმა ის თმით ითრია, შემდეგ კი ჩოგნებიანი ჩანთა ჩაარტყა.

კონსტანტინე ლანჩავამ გაიხსენა 2018 წლის 28 აგვისტო, როდესაც იგი ნელი დოროყაშვილს საკუთარ დაბადების დღეზე შეხვდა.

"საღამოს მარტო ნელი მოვიდა დაბადების დღეზე და ნიკა იქ არ ყოფილა. ცოტა ხანში, ნელიმ დაიწყო საყვედურები ნიკას დედის მიმართ, რამდენჯერმე ვთხოვე, გაჩერებულიყო, არ იყო სასურველი ადგილი ამისთვის."ნიკას დედას ჩვენი დაშორება უნდაო" - ეს ტექსტი მახსოვს. ამის შემდეგ ვიყავით ვერანდაზე, დროს ვატარებდით, რამდენიმე ჭიქა დავლიეთ... ნელიმ მითხრა, ნიკა გაბრაზებულია და გთხოვ მაპოვნინეო, დამეხმარე მოძებნაშიო".

ბასილაშვილის ადვოკატი: იქნებ, მოახსენოთ სასამართლოს, ქალბატონი ნელი როგორ გამოიყურებოდა?

კონსტანტინე ლეჟავა: მე, როგორც მახსოვს, ჩვეულებრივად, მხიარულად, ვერთობოდით, ვატარებდით დროს.

ბასილაშვილის ადვოკატი: სურათები ხომ არ გადაგიღიათ?

კონსტანტინე ლეჟავა: გადავიღეთ რამდენიმე...

ბასილაშვილის ადვოკატი: რამე ფიზიკური ძალადობის კვალი?

კონსტანტინე ლეჟავა: არა.

ბასილაშვილის ადვოკატი: კიდევ რამე ხომ არ გთხოვათ?

კონსტანტინე ლეჟავა: არა, მხოლოდ დამეხმარე, [ნიკა] მაპოვნინეო.

ამ მოწმის დაკითხვისას ადვოკატები ცდილობდნენ მოსამართლე იმაში დაერწმუნებინათ, რომ ამ დღეს მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ ნელი დოროყაშვილს არც ფიზიკური და არც ემოციური ტრავმები არ ჰქონდა.

ნიუ-იორკის ეპიზოდი: როგორ აღწერს ნელი დოროყაშვილი სასტუმროში ძალადობას

ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი სავარაუდო ძალადობის ეპიზოდი და მასთან დაკავშირებული ვიდეომტკიცებულებები სასამართლომ წინა სხდომებზეც განიხილა.

ქალი ჰყვებოდა, რომ 2018 წლის აგვისტოში ნიკოლოზმა მას თავსა და სხეულის სხვადასხვა არეში ჩაარტყა ჩოგნებით სავსე სპორტული ჩანთა, მანამდე კი “თმით ითრია”.

"მქონდა შეწითლებები სხეულზე და თავი მტკიოდა რამდენიმე დღე. როდესაც ჩემოდანი მომხვდა თავში და სხეულზე, არ ვიცი, მოხრა მოვასწარი თუ არა, ფეხის ტერფში არ მომხვედრია, მაგრამ ფეხის სხვადასხვა ნაწილში მომხვდა… ინსტინქტურად ხელები ავიფარე... ყველაზე ძლიერი ტკივილი ვიგრძენი თავში”, - ჰყვებოდა ნელი დოროყაშვილი სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მომდევნო სხდომა 19 ოქტომბერს პროკურატურის საბოლოო სიტყვით გაგრძელდება.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
  • ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩოგბურთელს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG