Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ის, რაც დაწერეთ, რამდენჯერ გითხრათ?” - ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესის დასკვნითი ეტაპი


ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო სხდომა, 11 ოქტომბერი
ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო სხდომა, 11 ოქტომბერი

11 სექტემბერს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ისევ დედის, ნატალია ნაჭყებიას გამოკითხვით გაგრძელდა. დარბაზის ერთ მხარეს ნელი დოროყაშვილი იჯდა, მეორე მხარეს - ნიკოლოზ ბასილაშვილი ადვოკატებთან ერთად, შუაში კი მოწმედ მისული ყოფილი დედამთილი. 

“პროცესები რომ დასრულდება, აუცილებლად ვისაუბრებ”, - უთხრა ბასილაშვილმა ჟურნალისტებს, მისმა ყოფილმა ცოლმა, ნელი დოროყაშვილმა პროცესამდე კომენტარი არ გააკეთა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის სასამართლო პროცესები მისი დაწყების დღიდან ღიაა, რამდენჯერმე დაიხურა სხდომის მხოლოდ ის მცირე ნაწილი, რა დროსაც ყოფილი წყვილის მცირეწლოვან შვილზე მსჯელობდნენ.

დღეს პროცესს ესწრებოდნენ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები, თეონა გვაზავა და მალხაზ სალაყაია, ასევე, ბრალდების მხარე, პროკურორი ნათია გურული. საქმეს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა განიხილავს.

სხდომა დედის, ნატალია ნაჭყებიას დაკითხვით გაიხსნა. მას ისევ თან ჰქონდა ამობეჭდილი ფურცლების დასტა, რომელიც მისივე მტკიცებით, მასა და ნელი დოროყაშვილს შორის "მესენჯერით" მიმოწერას ასახავდა. ეს მასალები მოსამართლემ მტკიცებულებად არ ჩათვალა.

ნელი დოროყაშვილი მიმოწერის ნამდვილობას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მსგავსი რამ მის ტელეფონში არ მოიძებნება.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებისა და პროკურორის კითხვები, ძირითადად, 2020 წლის 21 მაისის, "მანქანასთან სავარაუდო ძალადობის" ეპიზოდს ეხებოდა. სწორედ ამ დროს დააკავა პოლიციამ ჩოგბურთელი და მას ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდება წარუდგინა.

ამ პერიოდში წყვილი გაშორებული იყო და ბავშვის ნახვის საათები განსაზღვრული ჰქონდათ. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნელი დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილს სახლში მიაკითხა. მაშინ მათი 4 წლის შვილი მამასთან იყო. ნელი დოროყაშვილი აცხადებს, რომ ამ დღეს ყოფილმა ქმარმა მასზე ორჯერ იძალადა.

“გააჩნია, რას ჩათვლით ძალადობად, თუ ჩათვლით ნელის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას, ნამდვილად იყო, ჩვენ მიმართ და ბავშვის მიმართაც. ნიკას მიერ არანაირი ძალადობა...", - ირწმუნებოდა პროცესზე ბასილაშვილის დედა, ადვოკატ თეონა გვაზავას შეკითხვის პასუხად, მოხდა თუ არა ძალადობა ორი წლის წინ?

"ყვირილი? შეძახილი? ხელის ქნევა? ფეხის ქნევა? თავში ჩარტყმა? თქვენ ზემოდან კარგად უნდა დაგენახათ" - კითხვა დააზუსტა ჩოგბურთელის მეორე ადვოკატმა."არც ხმამაღალი ნათქვამი, არც ყვირილი, არც შენიშვნის მიცემა აგრესიულად, მსგავსი არაფერი ყოფილა,” - უპასუხა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ.

ნატალია ნაჭყებიას ბასილაშვილის ადვოკატებმა ამ დღის დეტალურად გახსენება სთხოვეს:

ბასილაშვილის ადვოკატი: 2020 წლის 21 მაისს როგორ განვითარდა მოვლენები თქვენთან?

ნატალია ნაჭყებია: ნიკა წავიდა, ვიცოდით რომ ბავშვი უნდა მოეყვანა... მოვიდნენ ნიკა და ლუკასი. სამზარეულოში ვიყავი, ნიკა შემოვიდა და მითხრა, სადილი გამეწყო...წინა ვიზიტის დროს ნელიმ მას ისეთი მესიჯები მისწერა…

ბასილაშვილის ადვოკატი: რა მიწერა ნელიმ ნიკოლოზს?

ნატალია ნაჭყებია: ძალიან უხერხულია ჩემთვის ამაზე საუბარი. საშინელი შეურაცხყოფა იყო ჩემ მიმართ, საშინელი სიტყვებით მოხსენიება;

ბასილაშვილის ადვოკატი: რასთან ასოცირებული სიტყვები იყო?

ნატალია ნაჭყებია: შეურაცხმყოფელი, სულიერი, მორალური, ზნეობრივი... ამით იკვეთებოდა ის, რომ ადამიანს უნდოდა წყობიდან გამოვეყვანეთ ყველა. თავმოყვარე ადამიანს დედაზე ასეთ მესიჯს რომ წერ, ერთია გაქვს ემოციური მდგომარეობა, მეორე, ნორმალური ადამიანი განსაზღვრავდა რომ ამას მოჰყვებოდა ცუდი რეაქცია. ეს მესიჯები ემსახურებოდა იმას რომ ნიკა გამოეყვანა წყობიდან. ამის შემდეგ ნიკას სიმშვიდისკენ მოვუწოდე...

ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ კონფლიქტის მისეული, ნელი დოროყაშვილის მონათხრობისგან განსხვავებული ვერსია მოჰყვა.

"სახლში ვიყავით მე, ჩემი მეუღლე და კარლოტა [ნიკა ბასილაშვილის მეგობარი გოგო -რ.თ.] ნიკამ ჩამაყენა საქმის კურსში, რომ ნელი აპირებდა მოსვლას, მაგრამ აპირებდა საღამოს...

ნიკა და ლუკასი [ყოფილი წყვილის მცირეწლოვან შვილი - რ.თ.] გავიდნენ გარეთ. როდესაც მეორე სართულის კუთხეში მივედი, რაც გადაჰყურებს ეზოს პერიმეტრს, დავინახე სცენა, რომ მანქანის კართან დგას ნელი და ეჯაჯგურება, უნდა, რომ გააღოს. კარი დაკეტილია და ზის ნიკა მანქანაში. ეს რომ დავინახე, მივხვდი რომ უნდოდა სკანდალის მოწყობა. დამშვიდდი ნელიკო-მეთქი… ხელი ამიქნია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა”, - ჰყვება ის.

ადვოკატებმა და შემდეგ უკვე მოსამართლემაც, მოწმეს სთხოვეს, პირდაპირ ეთქვა, კონკრეტულად რა სიტყვა დაუძახა მას ნელი დოროყაშვილმა. ბასილაშვილის დედამ ამ სიტყვის ხმამაღლა წარმოთქმაზე უარი თქვა, თუმცა მოსამართლის შეთავაზებით, ფურცელზე დაწერა და მხარეებს წააკითხა.

“ის, რაც დაწერეთ, რამდენჯერ გითხრათ?” - დაინტერესდა ადვოკატი, რაზეც ქალმა პირდაპირ არ უპასუხა და თქვა: "ხმამაღლა თქვა, საკმაოდ”.

"ნიკა ეუბნებოდა სახლში არ შეხვიდეო, რატო შედიხარ ეზოშიო, ნელი ბავშვით ხელში წამოვიდა ეზოს მიმართულებით. ბავშვი არ ტიროდა. შემოვიდა სახლის მიმართულებით და გააგრძელა ჩხუბი. ვამშვიდებდი დაწყნარდი მეთქი, ვერ მივხვდი რა ჩანაფიქრი ჰქონდა. მივიდა წყაროსთან, მესმოდა ჩემი მეუღლის ხმა: "ნიკა სად არის? როგორ გაბედე აქ მოსვლა?". შესაბამისად, აქედანაც [იგულისხმება ნელი დოროყაშვილის მხრიდან] პასუხი იყო შეურაცხმყოფელი. ჩემმა მეუღლემ უთხრა პატრულს გამოვიძახებო, მობრუნდა ნელი და გამოვიდა. ჩამოვედი, დავკეტე ჭიშკარი და შემდეგ არ დამინახავს [რა მოხდა]", - იხსენებს ნატალია ნაჭყებია.

ის, ასევე ჰყვება, რომ ნიკას დაბრუნების შემდეგ, ადვოკატის რეკომენდაციით, მეზობლის სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ამოიღეს და პოლიციაში წარადგინეს: "იმის დასტურად, რომ ეს ქალბატონი მოვიდა სახლში და ბავშვის თანდასწრებით მოგვაყენა შეურაცხყოფა... მოხდა ისე, რომ იქ უკვე დახვდათ ნელი თავისი უფლებადამცველებით და მე გამაკვირვა ასე მოკლე დროში, როგორ მოახერხეს..."

ნატალია ნაჭყებიამ, ასევე თქვა, რომ კონფლიქტის დროს სტუმრად ჰყავდათ ბასილაშვილის მეგობარი გოგო კარლოტა, რომელმაც პანდემიის პერიოდი მათ სახლში გაატარა.

მისივე სიტყვებით, კარლოტა 21 მაისს სახლის მესამე სართულზე ვერანდაზე იყო, საიდანაც ასევე შესამჩნევი იქნებოდა კონფლიქტის სცენა, თუმცა ამის შესახებ გამომძიებლისთვის არ უთქვამს: "შეიძლება ვიფიქრე, რომ კარლოტა არ შემეწუხებინა, ენა არ იცოდა... მე მეგონა, მოუხდიდნენ ნიკას ბოდიშს და გაუშვებდნენ. პროცედურულად არაფერი ვიცოდით. ასეთი დეტალები, სიზუსტე თუ საჭირო იყო, არც მიფიქრია".

როგორ აღწერს ნელი დოროყაშვილი მანქანასთან ძალადობას?

30 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე, როდესაც დაზარალებულად ცნობილი ქალი, ნელი დოროყაშვილი დაკითხეს, მან დეტალურად გაიხსენა ბავშვის თანდასწრებით მომხდარი სავარაუდო ძალადობის შემთხვევა. მისი თქმით იგი ყოფილი ქმრის სახლში ბავშვის წამოსაყვანად მივიდა, ხოლო კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, როცა ყოფილმა მეუღლემ ბავშვი თავის მანქანაში ჩასვა.

ნელი დოროყაშვილი
ნელი დოროყაშვილი

“ბავშვი მე გადმოვიყვანე მანქანიდან და ნიკოლოზმა გამომგლიჯა ხელიდან. როცა დავინახე, რომ ტიროდა, ხმამაღლა დავუყვირე, დაებრუნებინა და მომცა მაშინვე…” - იხსენებს ნელი დოროყაშვილი.

30 სექტემბრის სხდომაზე ამავე ეპიზოდის ვიდეომტკიცებულებაც გამოიკვლიეს, კადრები ბასილაშვილების მეზობლის გარე კამერამ გადაიღო. იქ ჩანს ეზოდან გამოსული ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ყოფილ ცოლთან და ბავშვთან ერთად მანქანისკენ მიემართება.

ამ ეპიზოდში ბასილაშვილს ორჯერ ძალადობას ედავება ყოფილი ცოლი, ერთხელ მანქანასთან, მეორედ კი ეზოს გალავანთან ახლოს. პროცესზე ნელი დოროყაშვილმა თქვა, რომ ორივე შემთხვევაში ბასილაშვილმა მას გასაღებიანი ხელი მარჯვენა მკლავის შიდა მხარეს მოუჭირა და ასევე, ხელი ჩაარტყა თავში.

საქმეში დევს დაზიანების შესახებ ექსპერტიზის დასკვნა და სასწრაფო დახმარების ცნობაც.

ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო სხდომა დასკვნით ეტაპზეა.

24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მომდევნო სასამართლო სხდომა 13 ოქტომბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG