Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ - აქცენტები ბოლო სასამართლო სხდომებიდან


ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის სასამართლო სხდომა, 28 სექტემბერი
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის სასამართლო სხდომა, 28 სექტემბერი

საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის ნელი დოროყაშვილის სასამართლო დავა დასკვნით ეტაპზეა. პროცესი უკვე ორი წელია, გრძელდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის სასამართლო პროცესები ღიაა, დაიხურა სხდომის მხოლოდ ის ნაწილი, რა დროსაც მსჯელობა უნდა ყოფილიყო ყოფილი წყვილის არასრულწლოვან შვილზე.

27-28 სექტემბრის სხდომაზე, ნელი დოროყაშვილი ჩოგბურთელის სამმა ადვოკატმა გამოკითხა.

ამ სასამართლო სხდომებისას ნიკოლოზ ბასილაშვილი დარბაზში არ ყოფილა, ის პროცესში დისტანციურად მონაწილეობდა. პირველ დღეს სხდომა თითქმის 5, მეორე დღეს კი 10 საათს გაგრძელდა.

ნიუ-იორკის ეპიზოდი: სავარაუდო ძალადობა სასტუმროში

ადვოკატებმა სხდომის დასაწყისშივე ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ეპიზოდი და მასთან დაკავშირებული ვიდეომტკიცებულებები განიხილეს.

ქალი ჰყვებოდა, რომ 2018 წლის აგვისტოში ნიკოლოზმა მას თავსა და სხეულის სხვადასხვა არეში ჩაარტყა ჩოგნებით სავსე სპორტული ჩანთა, მანამდე კი “თმით ითრია”.

სასამართლოზე წარდგენილ ვიდეოებში ნელი დოროყაშვილის მიერ აღწერილი ძალადობის სცენა არ ჩანს. [პირველ ვიდეოში] ტელეფონი იღებს საწოლის ფრაგმენტს, შემდეგ [მეორე ვიდეოში] ჩანს ჩოგბურთელი, რომელიც ჩანთას ალაგებს და ისმის ნელი დოროყაშვილის ხმა: “ჩაალაგე ტანსაცმელი და წადი…” - ეუბნება ის ბასილაშვილს ანერვიულებული, ნამტირლაევი ხმით. ვიდეოში არ ისმის და არ ჩანს, რომ ქალის ამ ნათქვამზე ბასილაშვილმა რაიმე კომენტარი გააკეთა. ჩანაწერის ბოლოს ჩანს, როგორ იღებს ის ხელში ჩანთას სახელურით, შემდეგ კი გამოსახულება შავდება.

“ეს ვიდეო გადაღებულია ძალადობის ბოლოს. ძალადობა რომ დაესრულებინა, [ამიტომ] დავწექი საწოლში, რათა დაენახა, ადამიანი დაწვა, იძინებს…”, - ხსნის ნელი დოროყაშვილი.

ვიდეოების განხილვას სასამართლოში ასეთი დიალოგი მოჰყვა:

ბასილაშვილის ადვოკატი: როდესაც მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფაქტობრივი გარემოებები მობილურში აგესახათ, ძალადობა დაწყებულია, თქვენი ემოციური მდგომარეობა დამძიმებულია, განერვიულებული ხართ, ტირით. მაინტერესებს, რატომ არ ისმის თქვენი ტირილი [პირველ] ვიდეოში.

ნელი: ვარგებ ადგილს, რათა ისე გადავიღო, რომ არ შემამჩნიოს ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ბასილაშვილის ადვოკატი: და პარალელურად, არ ტირიხართ და გაწონასწორებული ხართ;

ნელი: რის დამტკიცებას ცდილობთ, რომ არ მომხდარა ძალადობა?

ბასილაშვილის ადვოკატი: რა თქმა უნდა!

ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესებს 3 ადვოკატი იცავს: მალხაზ სალაყაია, თეონა გვაზავა და, ირმა ჭკადუა, რომელიც საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრიცაა.

27-28 სექტემბრის პროცესებზე ნელი დოროყაშვილს, ძირითადად, კითხვებს თეონა გვაზავა უსვამდა. ადვოკატთა ასოციაციის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მას სისხლის სამართლის, დამატებით კი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაცია აქვს. გახმაურებული საქმეებიდან, თეონა გვაზავა წარსულში მოზარდ ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ინტერესებსაც იცავდა.

“მანამდე თმით მითრია, მქონდა შეწითლებები სხეულზე და თავი მტკიოდა რამდენიმე დღე. როდესაც ჩემოდანი მომხვდა თავში და სხეულზე, არ ვიცი, მოხრა მოვასწარი თუ არა, ფეხის ტერფში არ მომხვედრია, მაგრამ ფეხის სხვადასხვა ნაწილში მომხვდა… ინსტინქტურად ხელები ავიფარე... ყველაზე ძლიერი ტკივილი ვიგრძენი თავში”, - ჰყვება დოროყაშვილი. ადვოკატები იქვე ინტერესდებიან, რატომ არ ასახა ეს დაზიანებები მან ფოტოებზე. "ყოველთვის არ მქონდა საშუალება და სურვილი… იმდენად ცუდად ვიყავი, არ მიფიქრია”, - თქვა მან.

ნელი დოროყაშვილი ამბობს, რომ ჩხუბის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი სასტუმროდან გავიდა და ნომერში აღარ დაბრუნდა: “მეორე დღეს შემხვდა [სასტუმროში] და დამაიგნორა ლიფტში... [მარტო] დამტოვა უცხო ქვეყანაში”, - თქვა მან. ადვოკატის კითხვაზე "რატომ განიცდიდა მოძალადე ადამიანის წასვლას” ასე მტკივნეულად, ქალმა უპასუხა:

"იყო შემთხვევები, როცა ვრიგდებოდით. ალბათ, ეს ყველაფერი რომ გამეაზრებინა, მეც და ყველა ქალიც ძალადობას დაასრულებდა. მე კიდევ იმაზე ვღელავდი, რომ ამდენი ძალადობის მერე ვტიროდი მასზე. ვეუბნებოდი, რომ არ იმსახურებდა ჩემს ცრემლებს… მიჯაჭვულობა მქონდა თუ მიყვარდა, ალბათ, იმ მომენტში ეს შეგრძნება იყო. მქონდა სტოკჰოლმის სინდრომი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია”.

“რა გეცვათ… ძალადობის შემდეგ?”

გამოკითხვის დროს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა მოსამართლის ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტების შემდეგ, ნელი დოროყაშვილი წვეულებაზე წავიდა.

ბასილაშვილის ადვოკატი: რა გეცვათ წვეულებაზე?

ნელი: არ მახსოვს, რა მეცვა, რას მეკითხებით, 9 წლის უკან რა მეცვა?

ბასილაშვილის ადვოკატი: გეცვათ თუ არა მოკლე ქვედაბოლო და ღია ზედა?

ნელი: არ მახსოვს…

ბასილაშვილის ადვოკატი: ბასილაშვილის მხრიდან ჩემოდნის სროლამ, იქამდე ძალადობებმა გამოიწვია თავის ტკივილი, ჩაწექით საწოლში. ბასილაშვილის წასვლის შემდეგაც იწექით, ხო? თავს შეუძლოდ გრძნობდით?

ნელი: საწოლში არ ვიწექი, ძალადობის შემდეგ საწოლიდან ვეღარ უნდა ადგე? ძალიან ცუდად ვიყავი და მინდოდა, გავსულიყავი გარეთ, ჩამესუნთქვა ჰაერი და უფრო უარესად არ ვყოფილიყავი. სასტუმროს ნომერში რომ გამოვკეტილიყავი, უარეს მდგომარეობაში ჩავვარდებოდი.

ბასილაშვილის ადვოკატი: თუ გახსოვთ, სად იყავით?

ნელი: ბევრ ადგილას ვიყავი, გარეთ გავდიოდი, შევდიოდი სუპერმარკეტში, ნებისმიერ ადგილას ვცდილობდი, წავსულიყავი, რომ ჩემი თავი გამომეყვანა, რათა იქ მარტო დატოვებულად არ მეგრძნო თავი.

კორტებზე შეხვედრის ეპიზოდი

ნელი დოროყაშვილის მონათხრობით, 2019 წელს, მაშინ, როდესაც ქმართან ერთად უკვე აღარ ცხოვრობდა, მისი თხოვნით ამერიკაში ჩავიდა, რათა განქორწინების დეტალებზე პირადად ესაუბრათ.

“...ნიკოლოზმა დამირეკა და მთხოვა, მოდი, გთხოვ, მე როგორც მითხრეს, ადვოკატებს სოლიდური თანხა უნდა გადავუხადოო და [სამოქალაქო დავაზე] ჩვენით მოვრიგდეთ ისე, რომ არ უთხრა არც შენს ადვოკატებს, არც მშობლებსო. ჩავედი მოსალაპარაკებლად, რომ დაგვესრულებინა განქორწინება, ბავშვის დღეების განსაზღვრა და, ასევე ქონებრივი დავა”, - ჰყვება დოროყაშვილი.

ის იხსენებს, რომ ნიკოლოზს კორტებზე უნდა შეხვედროდა, შესვლის უფლების მიღებაში კი მეგობარი ჩოგბურთელი დაეხმარა, ვინაიდან ბასილაშვილს თამაში ჰქონდა და აკრედიტაციის გასაკეთებლად ვერ მოიცლიდა.

“კორტებზე შეხვედით თუ შეიპარეთ? როდის გაიგეთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაგიუქმათ აკრედიტაცია? დაცვის თანამშრომლებმა რატომ გამოგიყვანეს ტერიტორიიდან?“ - იკითხა სასამართლოზე ჩოგბურთელის ადვოკატმა.

ამ კითხვების შინაარსმა, ფორმულირებამ და ტონმა ნელი დოროყაშვილი იმდენად აღაშფოთა, რომ მან ადვოკატებს “პროვოკატორები” და “მატყუარები” უწოდა, იყო სიტყვიერი დაპირისპირება.

“ქალბატონო ნელი, ასე არ გამოვა, უნდა შევთანხმდეთ. კრიტიკული კითხვა დაისმევა. დაცვა ბრძანებს, რომ ბრალდებული უდანაშაულოა და მას ოჯახში ძალადობა არ ჩაუდენია. შესაბამისად, არ უნდა გაგიკვირდეთ ამგვარი კითხვები”, - მიმართა მას მოსამართლემ და სიტყვა მის ყოფილ მეუღლეს მისცა.

“2019 წელს [ნელი დოროყაშვილი] ჩუმად ჩამოვიდა და შემოვიდა მოთამაშეების “ლაუნჯიში”, 2 დღის შემდეგ სხვისი გაკეთებული აკრედიტაცია დავუბლოკე…”, - თქვა ჩართვაში ჩოგბურთელმა. ის და მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ნელი დოროყაშვილი ამერიკაში საკუთარი ინიციატივით ჩავიდა და ყოფილ მეუღლესთან შეხვედრის იმედით კორტებზე შეიპარა.

მანქანასთან სავარაუდო ძალადობის ეპიზოდი

ნელი დოროყაშვილი ბავშვის თანდასწრებით მომხდარ სავარაუდო ძალადობის კიდევ ერთ შემთხვევაზეც გამოიკითხა. 2020 წელს დედამ მცირეწლოვანი შვილის წამოსაყვანად ნიკოლოზ ბასილაშვილს სახლში მიაკითხა. ამ ეპიზოდის მიხედვით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბასილაშვილმა ბავშვი თავის მანქანაში ჩასვა.

“ბავშვი მე გადმოვიყვანე მანქანიდან და ნიკოლოზმა გამომგლიჯა ხელიდან. როცა დავინახე, რომ ტიროდა, ხმამაღლა დავუყვირე, დაებრუნებიდა და მომცა მაშინვე…”, - იხსენებს ნელი დოროყაშვილი.

სხდომაზე ამავე ეპიზოდის ვიდეომტკიცებულებაც გამოიკვლიეს, კადრები ბასილაშვილების მეზობლის გარე კამერამ გადაიღო. იქ ჩანს ეზოდან გამოსული ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ყოფილ ცოლთან და ბავშვთან ერთად მანქანისკენ მიემართება.

ამ ეპიზოდში ბასილაშვილს ორჯერ ძალადობას ედავება ყოფილი ცოლი, ერთხელ მანქანასთან, მეორედ კი ეზოს გალავანთან ახლოს. პროცესზე ნელი დოროყაშვილმა თქვა, რომ ორივე შემთხვევაში ბასილაშვილმა მას გასაღებიანი ხელი მარჯვენა მკლავის შიდა მხარეს მოუჭირა და ასევე, ხელი ჩაარტყა თავში. დაზიანების ადგილზე [მარჯვენა მკლავის შიდა მხარეზე] მან მოსამართლესაც მიუთითა. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა და სასწრაფო დახმარების ცნობაც.

ბასილაშვილის ადვოკატი: “ლუკას ბასილაშვილისთვის, [ყოფილი წყვილის შვილი - რ.თ.] თავისი მცირეწლოვნებიდან, ცელქობიდან, დედაშვილური ურთიერთობიდან გამომდინარე, ხომ არ არის დამახასიათებელი ჩქმეტა, ბრწკენა, რაც განერვიულებდათ და ამაზე მიგიწერიათ ოჯახის წევრებისთვის? ხომ არ გქონიათ ნატო ნაჭყეპიასთან [ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა - რ.თ.] ამაზე საუბარი?

ნელი: არა, მაგ ასაკში ასეთი რამ ბავშვს თუ ახასიათებს… არ ვიცი, შეიძლება ოდესმე მინაწერი მქონია, არ მახსენდება.

ბასილაშვილის ადვოკატი: ბავშვი გეჭირათ მარჯვენა ხელით, გასაღებიანი ხელი მომიჭირა და დამარტყაო, როგორ დაგარტყათ, როცა ბავშვი გეჭირათ?

ნელი: რომელ ნაწილში მივიღე დაზიანება, არ ვიცი, თუმცა პირველად, როცა ბავშვი გადმომყავდა მანქანიდან, დავიხარე და მარჯვენა მკლავში ვიგრძენი ტკივილი, ამ დროს ავტომატურად თავი მოვატრიალე და თავში ჩამარტყა.

ბასილაშვილის ადვოკატი: პირიქით, თავი რომ არ მიგერტყათ [მანქანისთვის], ნიკოლოზმა ამისთვის ხომ არ მიაყოლა ხელი და ჩარტყმად აღიქვით?

ნელი: არა, არ აღმიქვამს ეს ჩარტყმად.

ბასილაშვილის ადვოკატი: მოქნეული ხელი ჩაგარტყათ?

ნელი: მოქნეული იყო. მანქანაზე თავი არ მიმირტყამს, ნამდვილად მახსოვს.

როგორც ადვოკატი თეონა გვაზავა ირწმუნება, ვიდეოჩანაწერში არ ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მეუღლეზე ძალადობს. ჩოგბურთელის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ნელი დოროყაშვილის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და მტკიცებულებები ვიდეოჩანაწერის სახით ერთმანეთს არ ემთხვევა.

“იყავი სახლში”

ნელი დოროყაშვილის სიტყვებით, იგი ქორწინებამდე სწავლის გაგრძელებას გეგმავდა და ვერ წარმოედგინა, რომ მომავალი ქმარი ამას აუკრძალავდა.

“სანამ შეყვარებულები ვიყავით, არ მქონია განცდა, რომ იძალადებდა, ყველაფერზე ნალაპარაკები გვქონდა, ჩვეულებრივად ვფიქრობდი კარიერის გაგრძელებას”.

მისივე თქმით, ქორწინებაში ყოფნის დროს, ცესკოს "ქოლცენტრში" მუშაობდა, თუმცა ქმრის მოთხოვნით, სამსახური მიატოვა და ვერც მაგისტრატურის საფეხურზე შეძლო სწავლის გაგრძელება.

"მეუბნებოდა, მე არ ვარ საქართველოში, არ ვარ ბავშვთან, იყავი სახლში და ბავშვს მიხედეო".

"მისი [ნიკოლოზ ბასილაშვილის] მოთხოვნით მომიწია… სამსახურის დატოვება", - თქვა ნელი დოროყაშვილმა. ამაზე ადვოკატმა თეონა გვაზავამ ჰკითხა, სურდა თუ არა ნიკოლოზთან საზღვარგარეთ ცხოვრება? და როგორ აპირებდა ახალდაქორწინებული ადამიანი ქმართან თანაცხოვრებას, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი საზღვარგარეთ დადიოდა ტურნირებზე?

“ისე - როგორც სხვა ჩოგბურთელების ცოლები ცხოვრობენ”, - უპასუხა დოროყაშვილმა და ადვოკატს აუხსნა: “ისინი არიან რეალიზებულები თავისი კონკრეტული საქმით. ჩვენთვის პრობლემა არ იყო ონლაინურთიერთობა, ჩვენ ამას შეჩვეულები ვიყავით, [დაქორწინებამდე] წელიწად-ნახევარი ვცხოვრობდით ონლაინ. ჩემს სამსახურთან მქონდა საუბარი და შემიწყობდნენ ხელს, რომ ქმართან წავსულიყავი".

დოროყაშვილმა თქვა, რომ მასზე ძირითადი წნეხი ბავშვის დაბადების შემდეგ დაიწყო. როგორც ის ჰყვება, როცა ბავშვი გაჩნდა, დედამთილმა დაურეკა და გააფრთხილა, ნათესავებთან არ გაამხილო, რომ პატარა “დღენაკლული” იყოო.

“მითხრა, რომ ნათესავებთან ვერ ვიტყვი და ვინმემ თუ გკითხა, უთხარი, ბავშვი დაიბადა 4 კილოო. მომთხოვა, რომ ასე იყო საჭირო. როცა შევეპასუხე, მითხრა, რომ ვიყავი უზრდელი”.

მანვე გაიხსენა, რომ 2019 წელს, როდესაც ქმართან ურთიერთობა დაძაბულ ეტაპზე იყო, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე შვილის გაჩენა შესთავაზა.

“ჩვენ, შეიძლება, დავშორდეთ, მაგრამ ცუდი არ იქნება, მეორე ბავშვიც გააჩინოო”. ეს იმისთვის უნდოდა, რომ მე მქონოდა დამოკიდებულება მის მიმართ, უნდოდა მიჯაჭვული ვყოფილიყავი მასზე… უნდოდა, ისევ გამეგრძელებინა მორჩილებაში ყოფნა, ბრძანებების შესრულება”.

რას ამბობს ბასილაშვილის დაცვა და მისი ბრალმდებელი?

დაზარალებულ ქალს დაცვისა და ბრალდების მხარე 4 სხდომის განმავლობაში კითხავდა. 28 სექტემბრის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჩოგბურთელის ერთ-ერთმა ადვოკატმა თეონა გვაზავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ დასტურდება ის, რასაც ნელი დოროყაშვილი სასამართლო სხდომებზე ჰყვება.

საქმის პროკურორი და დაზარალებულის პოზიციის დამცველი ნათია გურული ამბობს - “ის, რომ ქალს ფიზიკური დაზიანებები ქონდა, სამედიცინო ექსპერტიზის კვლევით არის დადასტურებელი”.

პროკურორის თქმით, ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს უფლება აქვს მისცეს ჩვენება სასამართლოს, თუმცა უცნობია, გამოიყენებს თუ არა იგი ამ უფლებას.

მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულების შემდეგ ბრალდებისა და დაცვის მხარე წარადგენენ დასკვნით სიტყვებს, ბრალდებული საბოლოო სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც სასამართლო გამოიტანს განაჩენს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG