Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვს თბილისამდე გზა სჭირდება? "ეფესბემ" ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვარზე კონტროლი შეასუსტა


საილუსტრაციო ფოტო: ჩეჩნეთის რესპუბლიკა, რუსეთი
საილუსტრაციო ფოტო: ჩეჩნეთის რესპუბლიკა, რუსეთი

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა(ФСБ) ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვარზე კონტროლი შეარბილა. სპეცსამსახურების ბრძანებით, სასაზღვრო ზონისგან გამოყოფილია ტერიტორია, სადაც ისტორიული ობიექტებია განლაგებული. მათი მონახულება შეუთანხმებლადაა შესაძლებელი.

რადიო თავისუფლების პროექტ "კავკაზ რეალიის" ჟურნალისტი შეეცადა გაერკვია, რა დგას ამ შემსუბუქების უკან და აისახება თუ არა ეს ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოს შორის გადაადგილების გამარტივებაზე.

"ეფესბეს" განმარტებით, ჩეჩნეთის მაღალმთიან იტუმ-კალის და შაროის ოლქების რამდენიმე სოფელთან სასაზღვრო ზონაში შეზღუდვები მოიხსნა. კერძოდ, გამარტივდა გადასასვლელი კურორტ ვედუჩისა და ცოი-პედეს ისტორიულ კომპლექსში, რომელიც „მიცვალებულთა ქალაქის“ სახელითაა ცნობილი.

შუა საუკუნეების ეს ნეკროპოლისი ერთ-ერთი უდიდესია ჩრდილოეთ კავკასიაში და რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი. აქ არის XIII-XV საუკუნეების 42 სამარხი. აკლდამების ზემოთ რუსი სამხედროების მიერ დანგრეული საბრძოლო კოშკი დგას.

ისტორიული ობიექტი საქართველოს საზღვრიდან სულ რაღაც ერთ კილომეტრში მდებარეობს. შაროის რაიონის სოფელ კესელოიში არსებული ნაშთები საქართველოს საზღვრიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. აქედან უახლოესი გასასვლელი ჩეჩნეთის მყინვარის, თებულოს მთისკენაა. ქედის მეორე მხარეს კი თუშეთია. 2018 წელს თებულოს მთაზე იმ ჩეჩენი მთამსვლელების ასვლის შესახებ გახდა ცნობილი, რომლებიც წვრთნას გუდერმესის ე.წ. რუსული სპეცრაზმის უნივერსიტეტში გადიოდნენ.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელობას არაერთხელ გამოუხატავს სურვილი საქართველოს სიახლოვეს სასაზღვრო ზოლის შევიწროების შესახებ. 2020 წელს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა ეს თემა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის რესპუბლიკური სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ევგენი ტრუხანოვთანაც განიხილა. მან განმარტა, რომ სასაზღვრო ზონაში შემავალი სოფლების მცხოვრებლებს გადაადგილება ეზღუდებათ, მათთვის ახლობლების მონახულებაც კი გართულებულია.

გროზნომ შეზღუდვის ზომების შემსუბუქება წარმოაჩინა, როგორც ჩეჩნეთის მთიან ნაწილში ტურიზმის განვითარებისთვის პირობების შექმნის წინაპირობა. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ასპექტი - საქართველოსთან საზღვარი შევიწროებულია რაიონში, სადაც 1990-იან წლებში, იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, მეზობელ სახელმწიფოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გაიჭრა, აქ ოფიციალური გამშვები პუნქტები არ არის.

შორი საზღვარი

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა სურვილი ცოი-პედში რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ორგანიზების შესახებ. თბილისში ამ საკითხზე უკანასკნელად კომენტარი 2022 წლის მარტში გააკეთეს. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ არასოდეს განუხილავთ და არ განიხილავენ საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხს.

ახალი გადასასვლელის გახსნის აუცილებლობას ჩეჩნური მხარე რუსეთ-საქართველოს შორის ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთის გავლით მოქმედი ერთადერთი გამშვები პუნქტის არასტაბილურობით ხსნის.

ჩეჩნეთზე გამავალი შეთავაზებული გზა კი, მათი თქმით, მთელი წლის განმავლობაში სტაბილურია და არ არის დამოკიდებული ამინდზე, არ არის სიმაღლის ცვალებადობა და ზვავსაშიშროება ან ქვათა ცვენა, შატილის ტერიტორიაზე გამავალი მცირე მონაკვეთის გარდა.

საქართველოსკენ გადასასვლელის გახსნის სურვილი დაღესტანსაც აქვს. მაჰაჩყალაში წუნთის რაიონში ავარო-კახეთის მიტოვებული გზის აღდგენა სურთ.

რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მარშრუტის ერთ-ერთ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოებიც კი დაიწყო ისე, რომ ამ საკითხზე თბილისის მოსაზრებით არ დაინტერესებულა.

საქართველოს დამატებითი პრობლემები არ სჭირდება რუსეთიდან ახალი გამშვები პუნქტების გახსნით, მით უფრო ჩეჩნეთიდან, ამბობს თბილისში არსებული ორგანიზაცია Open Caucasus Media-ს აღმასრულებელი დირექტორი დომინიკ ცაგარა.

ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის გამშვები პუნქტის გახსნის საკითხი ვიწრო საექსპერტო ჯგუფებს მიღმა არასოდეს განხილულა. პირდაპირი გასასვლელი ჩეჩნეთს გარე სამყაროსთან კავშირის შესაძლებლობას მისცემდა დიდი კრიზისის შემთხვევაში, როგორიცაა ახალი ომი. საქართველოს კი არ აინტერესებს ასეთი პუნქტი“, - განაცხადა ცაგარამ.

რუსეთთან ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ იმ ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ, რომლებსაც თბილისი ოკუპირებულად მიიჩნევს - ესენია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები, აცხადებს, "საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის" ანალიტიკოსი გელა ვასაძე და აღნიშნავს: "მე საქართველოსა და ჩეჩნეთს, ინგუშეთს, დაღესტანს შორის ახალი გზების არსებობის მომხრე ვარ. მაგრამ ეს რუსეთის მოქმედი რეჟიმის პირობებში არ მოხდება."

საქართველოს თავის ტკივილი

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს სამშობლოს დატოვება, მათმა ნაწილმა საქართველოს მიაშურა.

უამრავი ჩრდილოკავკასიელი, რომლებიც გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსის" წინ მრავალკილომეტრიან რიგში იდგნენ, ნეიტრალურ ზონაში რჩებოდა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ქართველი მესაზღვრეები მათ დამატებით ამოწმებდნენ, რაც ხშირად ქვეყანაში შესვლაზე უარით მთავრდებოდა. მსგავსი პრობლემების შესახებ, მეტწილად, სწორედ ჩეჩნები საუბრობდნენ. სექტემბრის ბოლოს საქართველოში შესვლის საშუალება მისცეს საზღვარზე ჩარჩენილ ყველა ჩრდილოკავკასიელს.

დომინიკ ცაგარას განცხადებით, ამ რეგიონის მუსლიმებისთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის პოლიტიკა ახალი არ არის და თითქმის 10 წელია არსებობს.

"რუსეთმა არაცივილიზებული მთიელისა და ისლამისტი ტერორისტის ხატი შექმნა. პრორუსი ჩრდილოკავკასიელების - კადიროველების საკითხს კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა შემოაქვს. ჩრდილოეთ კავკასიელ მუსლიმებთან ურთიერთობა იმდენად ბუნდოვანი და სარისკოა, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და უფლებადამცველები მესაზღვრეების დისკრიმინაციის საკითხის წამოწევას ერიდებიან“, - განმარტა OC Media-ს დირექტორმა.

გელა ვასაძის თქმით, საქართველოს საზღვარზე რუსეთიდან გამოქცეული ჩრდილოკავკასიელებისთვის დაბრკოლებების შექმნით, საქართველოს ხელისუფლება თავის საზიანოდ მოქმედებს, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელმაც 2010 წელს ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის უვიზო რეჟიმიც შემოიღო.

„დღეს საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს უკუღმა აკეთებს, ეს სულელურია! შეიძლება მოსკოვიდან გარკვეული სიგნალები ყოფილიყო, რომ ადამიანები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას აკრიტიკებენ, თბილისში პოულობენ მხარდაჭერას, განსაკუთრებით უკრაინაში გაჩაღებული ომის ფონზე. ამას შეეძლო ეიძულებინა ოფიციალური თბილისი შეეზღუდა ჩრდილოკავკასიელების შემოსვლა. მომავალში ამას უარყოფით შედეგები ექნება კავკასიის ხალხებს შორის ურთიერთგაგებისთვის“, - დარწმუნებულია "საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ ანალიტიკოსი.

მობილიზაციას გამოქცეული ჩეჩნეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკების მცხოვრებლების დასახმარებლად პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნების ჯგუფები არსებობს. "კავკაზ რეალიიმ" ისინიც ჩაწერა, ვინც საზღვრის გადაკვეთა შეძლო და ისინიც, ვინც მათ ამაში დაეხმარა.

ჩეჩნეთში მობილიზაციას გაქცეულებს ეძებენ. ამ სიაში მოხვდნენ ისინი, ვისაც საზღვარგარეთის პასპორტის ასაღებად განცხადება ჰქონდა დაწერილი, ვისაც რეგისტრაციის მისამართის შეცვლა სურდა, მათი ნათესავები, ვინც გაწვევას აპროტესტებდა - უპირატესად სწორედ ისინი მიჰყავთ საომრად, მათ შორის ისეთები, ვისაც ასაკით გაწვევა არ უწევს.

XS
SM
MD
LG