Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყველაზე ბევრი იყვნენ ჩეჩნები, ინგუშები, დაღესტნელები“, - ვინ როგორ გამორბოდა საქართველოში


ზემო ლარსი, 29 სექტემბერი.
ზემო ლარსი, 29 სექტემბერი.

პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნები მოხალისეთა ჯგუფებში ერთიანდებიან. ისინი ცდილობენ დაეხმარონ ჩეჩნებსა და ჩრდილოკავკასიელებს, რომლებიც რუსეთის მიერ გამოცხადებული მობილიზაციისგან გამორბიან. „კავკაზ რეალიის“ კორესპონდენტი გაესაუბრა ადამიანებს, რომლებმაც საზღვრის გადმოკვეთა მოახერხეს.

მათ მართლაც დასჭირდათ დახმარება. სექტემბრის ბოლოს საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოკავკასიელებს მასობრივად ეუბნებოდა უარს ქვეყანაში შემოსვლაზე. მიზეზებს არ ასახელებდნენ. ხალხის შემოშვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოხალისე ოსმან გორგიშვილი კორესპონდენტს უყვება, რომ აქტივისტებმა მაშინვე მოახერხეს ჰუმანიტარული დახმარების მოგროვება, მაგრამ: „შევაგროვეთ თანხა და იმ ხალხს დავუკავშირდით, ვინც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში იყო გაჩერებული. შევიტყვეთ რა სახის საკვები, წამალი სჭირდებოდათ. ვიყიდეთ, მივიტანეთ, მაგრამ მესაზღვრეებმა მოხალისეები არ გაატარეს. გვეუბნებოდნენ, კარგადაა ყველაფერი, საჭმელი და წყალი საკმარისად აქვთო“.

მოხალისეები იძულებულები გახდნენ ყუთები იმ მძღოლებისთვის გაეტანებინათ, რომლებიც საზღვრის გავლით ზემო ლარსისკენ მიემართებოდნენ. ისინი ამ ყუთებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე დარჩენილებს აძლევდნენ.

„ბევრი უკვე რამდენიმე დღე იყო იქ. ჰუმანიტაარული კატასტროფა დაიწყო. ხალხს საკვები და წყალი არ გააჩნდა, არც დასასვენებელი ადგილი. 26-27 სექტემბერს 500-მა კაცმა ერთად მოიყარა თავი. წამომსვლელებისგან ვიცოდით, რომ მხოლოდ კავკასიელებს აგზავნიდნენ 222-ე კაბინეტში დამატებითი გამოკითხვისთვის. თითქმის ყველა, ვინც ამ კაბინეტში მოხვდა, პასუხობდა, რომ არ სურს უკრაინაში ხალხის დასახოცად წავიდეს. სამ-ოთხჯერ უთხრეს უარი. მაგრამ ხალხი რუსეთში მაინც არ ბრუნდებოდა. ყველაზე ბევრი იქ ჩეჩნები, ინგუშები და დაღესტნელები იყვნენ“.

მათ, ვინც საქართველოში გადმოსვლა მოახერხა მოხალისეები დაეხმარნენ.

„ჯგუფი გადმოვიდა ჩეჩნების, 10 კაცი, ექსტრემალურ სიტუაციაში მოუხდათ წამოსვლა. ღამის გასათევს და ტრანსპორტს ვეძებთო. „მინივენი“ დავუქირავეთ, რომ თბილისის ბინამდე ჩასულიყვნენ.

ჩამოსულებიდან ნაწილი თბილისსა და ბათუმში დარჩენას ფიქრობს, ნაწილი რამდენიმე დღით პანკისის ხეობაში გავუშვით, სხვა თავშესაფარი არსად ჰქონდათ. უმეტესობა უბრალოდ ტრანზიტით მიდის თურქეთში. ძირითადად იმ ასაკის მამაკაცები არიან, რომლებსაც გაწვევა ეხებათ“, - ჰყვება მოხალისე.

„ჩეჩნებსა და ინგუშებს შანსი თითქმის არ აქვთ“

ჩეჩნეთის მკვიდრი რუსლანი თბილისში დროებით იმყოფება. რუსეთში მოხუცი მშობლები, მეუღლე და ბავშვი დატოვა. მისი სოფლის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინაში საბრძოლველად 150 ადგილობრივის მობილიზებას აპირებდნენ. რუსლანს მობილიზაცია ასაკით ეხება, თან ადრე ჯარშიც მსახურობდა.

„ჯერ ასტრახანში წავედი. ყაზახეთში მინდოდა გადავსულიყავი. 4 დღე ვიდექი ხერგილში. მერე უცებ საზღვარი დაიხურა და არც ის იცოდა ვინმემ, როდის გააღებდნენ. სახლში დავბრუნდი და რაღაც დროის განმავლობაში ვიმალებოდი. შემდეგ ოსეთში გავემგზავრე. მანქანიდან ველოსიპედზე გადავჯექი, თმა შევიჭერი, წვერი გავიპარსე. ზემო ლარსში გავიგე, რომ ჩეჩნებს და ინგუშებს საზღვარზე შანსი თითქმის არ აქვთ. წყალი მქონდა, საჭმელი - არა. ბევრი უკვე რამდენიმე დღის მშიერი იყო. მიწაზე ისხდნენ ან იწვნენ, ბავშვები ტიროდნენ“, - იხსენებს რუსლანი, რომელმაც საზღვარზე ორი დღე დაჰყო, - „უკან გამობრუნებულები გვაფრთხილებდნენ: „ 222-ე კაბინეტში არ შეხვიდეთ! რაც გინდათ ის ქენით, მიწაზე გაწექით, იტირეთ, ოღონდ იქ არ შეხვიდეთ, თორემ ნამდვილად აღარ გაგიშვებენ ან დღეები მოგიწევთ მოცდა. წადით კაბინეტში N111!“ მაგრამ როგორც კი მესაზღვრეს პასპორტი მივაწოდე და დაინახეს ჩაწერა სად მქონდა, მაშინვე 222-ე კაბინეტში გამიშვეს“.

რუსლანი ამბობს, რომ მესაზღვრეები ითხოვდნენ წარმოედგინათ თვითმფრინავის ბილეთი (უკანა გზა საქართველოდან) ან რამე მტკიცებულება, რომ ტრანზიტით მიდიან.

„შეგიყვანენ, ორიოდე შეკითხვას დაგისვამენ და დერეფანში გიშვებენ: იქ დაგველოდეთო. რაღაც დროის მერე ისევ გიძახებენ. მერე ისევ გალოდინებენ. ვეუბნებოდით, რომ სანამ ჯარში გაგვიწევდნენ სახლებიდან გამოვიქეცით. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მესაზღვრეებს ეს ესმოდათ და გვითანაგრძნობდნენ, მაგრამ თავად ამ თემაზე არ საუბრობდნენ“, - ჰყვება ჩეჩნეთის მკვიდრი. ის საქართველოში ძმასთან ერთად ჩამოვიდა. რამდენიმე საათით პასპორტები ჩამოართვეს. ღამე პირდაპირ იატაკზე დაფენილ მუყაოზე ეძინათ. გვერდით ქალები იწვნენ ბავშვებთან ერთად. ზოგი უკვე ერთი კვირა იყო იქო.

რიგში ზედახორა იმართებოდა. დროდადრო ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. ზოგი შეუძლოდ ხდებოდა: ვიღაც დაეცა, ვიღაცამ ფეხი გადაიბრუნა. სამედიცინო დახმარებას ვერავის უწევდნენ.

რუსული ნომრები საზღვარზე თითქმის არ იჭერდა, მაგრამ ვიღაცა ქართულ სიმ-ბარათებს ჰყიდდა. რამდენიმემ შეიძინა და ვიდეოების ჩაწერა დაიწყეს, შველას ითხოვდნენ.

თბილისში ჩატარებული აქციის შემდეგ მესაზღვრეები საგრძნობლად სწრაფად ამუშავდნენ.

„როდესაც საჭმელი ყველას გამოელია, ყიდვა კი საზღვარზე შეუძლებელი იყო, ერთმა კაცმა ვიდეო ჩაწერა, აჩვენა რაც ხდებოდა, თან ჩეჩნურად ჰყვებოდა“, - აგრძელებს რუსლანი. – „ამის მერე საქართველოდან დახმარება შემოგზავნეს. საჭმლის გარდა იქ ბავშვების საფენები და წამლებიც იყო“.

ბევრი აღნიშნავს, რომ რაც ჰქონდათ ყველაფერი ჯერ კიდევ საზღვრამდე, ჩრდილოეთ ოსეთში პოლიციელების ქრთამებში დახარჯეს: „პოლიციელები რიგში ადგილებს ყიდნენ. ძალიან დიდი ფული, 100-150 ათასი რუბლი ღირდა. ამ თანხის სანაცვლოდ მანქანას საზღვართან ახლოს მიუშვებდნენ. ყაზახეთში რომ მინდოდა გადასვლა იქაც იგივე ხდებოდა“, - ამბობს რუსლანი.

„რუსეთში მაინც არ დავბრუნდებით“

ბერგმანი ქართული ჯგუფის მოხალისეა. ჰყვება, რომ მას ძირითადად ჩეჩნები მიმართავენ, მაგრამ იცნობს სხვა ჯგუფის აქტივისტს, რომელიც ადიღელებს ეხმარება.

„პანკისელებმა თქვეს, რომ მზად არიან განურჩევლად ეროვნებისა ყველას უმასპინძლონ. რუსი გოგო იყო, მასაც არ უშვებდნენ და ნეიტრალურ ზონაში იდგა. ბოლოს მაინც გამოატარეს. დაბრუნდა, რომ ჩვენი თანამემამულეებისთვის მოხალისეებისგან პროდუქტები, წამლები გადაეცა“, - იხსენებს ბერგმანი.

მისი თქმით, მათ ასევე დაეხმარათ ევროპაში არსებული ჩეჩნური უფლებადაცვითი ასოციაცია „ვაიფორდი“, საქართველო-რუსეთის საზღვარზე დარჩენილებისთვის თანხა შეაგროვა.

„როდესაც ხალხს ველაპარაკებოდი, ვეუბნებოდი, ბოლომდე იდექით-მეთქი. ვურჩევდი, ქართველი მესაზღვრეებისთვის თავშესაფარი ეთხოვათ, რომ საქმეში იურისტები ოფიციალურად ჩართულიყვნენ. კანონის მიხედვით, ასეთ დროს ქვეყანა ვალდებულია მოთხოვნა განიხილოს. შევეხმიანე ქართველ უფლებადამცველებს. მითხრეს, რომ მონიტორინგს აკეთებენ, საზღვრისკენ მიდიან. ხმა გავარდა, მედიამ გააშუქა“... - ჰყვება მოხალისე.

ბოლოს აქტივისტები საზღვარზე 30 სექტემბერს იყვნენ. ვინც იქ იდგა უკვე ყველა გამოუშვეს, მაგრამ ხალხს დახმარება მაინც სჭირდება, ტრანსპორტით ან რჩევით.

„ძველებურად მონიტორინგით ვართ დაკავებულები“, - ამბობს ბერგმანი, - „თუ კიდევ იქნება ჩეჩნების ჯგუფი, რომელსაც არ უშვებენ, გავიგებთ და ხალხიც მისახმარებლად წამოვა“.

საზღვარზე გაშვებასთან დაკავშირებით საქართველოს სპეცსამსახურები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, რაც ჭორებისთვის კარგ ნიადაგს ქმნის.

„ვიღაცამ ინტერნეტში პროვოკაცია შემოაგდო, საქართველოში მუსლიმებს არ უშვებენო. ეს არასწორია. თბილისში ბევრი ნიქაბიანი ქალი დადის მშვიდად. მუსლიმანური ქვეყნებიდან უამრავი ხალხი ჩამოდის. პანკისის ხეობაშიც თავისუფლად ცხოვრობენ მუსლიმები. შესაძლოა საქართველოს მთავრობა ცდილობდა შემოსულებში კადიროველები გამოერჩია. კარგი იქნება, თუ საქართველო ამ ხალხს მართლაც გამოხშირავს. მაგრამ ისინი წლებია აქ დაბრკოლების გარეშე ჩამოდიან. ყველას სიცრუის დეტექტორზე ხომ ვერ გაატარებ“, - განმარტავს ბერგმანი.

„მეც მომაკითხავენ“

ალიმი ინგუშეთის მკვიდრია. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საზღვარზე არსებული ვითარების კადრები გაავრცელა. ალიმმა იქ 5 დღე დაჰყო. ახლა ის, მისი ძმა და 18 წლის ვაჟი უსაფრთხოდ არიან. უნდათ საქართველოდან ევროპაში წავიდნენ და რამდენადაც შეეძლებათ უკრაინას დაეხმარონ.

„ჩემი ბიჭი 18 წლისაა. გაიწვიეს. როსტოვის ოლქშია ჩაწერილი, მაგრამ სოფელში ცხოვრობს. საცხოვრებელ ადგილას რომ მოაკითხეს, ხელი მოვკიდე მას, ძმასაც და საქართველოსკენ წამოვედი. ზემო ლარსთან 8 საათი ვიდექით ხერგილში. რუსეთის საზღვარი უჩვეულოდ ჩქარა გავიარეთ. სხვა დროს რამდენიმე საათი მკითხავდნენ ხოლმე როგორც ზემო ლარსში, ისე რუსეთის ნებისმიერ აეროპორტში. ახლა კითხვაც კი არ დაუსვამთ“.

ალიმმა ძმასთან ერთად გადაწყვიტა, რომ არცერთ შემთხვევაში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად არ წავიდოდნენ.

„მგონია მობილიზაციის შემდეგ ტალღაზე მეც მომაკითხავენ. ამის გამო ზუსტად ვიცოდით, რომ ქართველი მესაზღვრეების უარის მიუხედავად რუსეთში არ დავბრუნდებოდით. საქართველოს გამშვები პუნქტის წინ 4 საათი ვიდექით. თოვლჭყაპია, ქარი ქრის. ქართველებმა N222 კაბინეტში წაგვიყვანეს. იქ უამრავი ხალხი იყო. საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომლები - მათგან ამას არ ველოდი - სხედან და ყურადღებას არ აქცევენ, ახალგაზრდა ხარ, მოხუცი, ინვალიდი, ბებია, ბაბუა“... - იხსენებს ალიმი.

12 საათი იცადეს. რიგმა ღამის პირველ საათზე მოუწიათ. მოკლედ გამოჰკითხეს და საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს. მიზეზებში ასეთი რამ იყო მითითებული: „ქვეყნის კანონმდებლობასთან დაკავშირებული სხვა მიზეზები“.

ლარსი
ლარსი

ალიმს იატაკზე ეძინა, მის ძმასა და ვაჟს - მანქანაში. ათასზე მეტი კაცი ერთი ტუალეტით სარგებლობდა. შემდეგ ერთი ინგუში კავკასიელ ბლოგერებს დაუკავშირდა, საქართველოში, თურქეთში, ინგუშეთში. სოციალურ ქსელში ჩეჩნურ-ქისტური ჯგუფები მოძებნა. ღამის მესამედი ის და კიდევ რამდენიმე ასეული ჩრდილოკავკასიელი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გზავნილებს წერდა, ცდილობდნენ გამოსავალი ეპოვათ.

„როდესაც უკვე გამოშვება დაიწყეს, ვფიქრობდი, დაღლილობისგან თბილისამდე ვერ ჩავაღწევ-მეთქი. ერთი მოხალისე დამეხმარა, ჩემი მანქანის საჭეს მიუჯდა და ჩამოგვიყვანა. სამი დღე ადგილობრივთან ვცხოვრობდით, ასაკოვან ჩეჩენ ქალთან. ჩვენ სამნი სამზარეულოში ვიყავით და კიდევ ორი მობილიზაციას გამოქცეული - გვერდითა ოთახში“.

  • ჩეჩნეთში ეძებენ იმ პირებს, რომლებიც მობილიზაციას გაერიდნენ. ამ კატეგორიაში ხვდებიან ადამიანები რომლებმაც: ბოლო პერიოდში საზღვარგარეთის პასპორტის ასაღებად დაწერეს განცხადება; სურთ რეგისტრაციის ადგილის შეცვლა; იმ პირების ახლობლები, რომლებიც გაწვევას აპროტესტებენ - მათი ომში წაყვანა პრიორიტეტია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში გაწვევა შეიძლება არც ეკუთვნოდეთ.
  • მას შემდეგ, რაც დაღესტანში მობილიზაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ყველა უკანონოდ გაწვეულს სახლში დააბრუნებს.
  • ადმინისტრაციებისა და სამხედრო კომისარიატების დაწვა, პოლიციელებთან დაპირისპირება, ომის საწინააღმდეგო მოწოდებები მესინჯერებში - ასეთი რეაქცია ჰქონდათ სამხრეთ რუსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებს მობილიზაციის გამოცხადებისას. „კავკაზ რეალიის“ მიერ გამოკითხული აქტივისტები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ ომში მასობრივი გაწვევა პროცესს კიდევ უფრო გაამძაფრებს.
XS
SM
MD
LG