ჩეჩნეთის ხელისუფლება კვლავ ალაპარაკდა საქართველოსთან გზის მშენებლობის აუცილებლობაზე.
„ერთი კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ამიტომ გროზნო-შატოი-იტუმ კალე-შატილის გზის მშენებლობას ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს“, - განაცხადა ჩეჩნეთის ეკონომიკური, ტერიტორიული განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა რუსტამ შაპტუკაევმა.
მისი სიტყვებით, ჩეჩნეთის მთავრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობით არაერთგზის მიმართა ფედერალურ ცენტრს. შაპტუკაევი ამბობს, რომ ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს „ეს საკითხი საგანგებო კონტროლზე აქვს აყვანილი“.
„ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის განკარგულებით, ეს საკითხი პრიორიტეტების კატეგორიაშია. დღეისათვის ჩეჩნეთის მთავრობის მიერ გაწეულია სამუშაო ამ გზის მშენებლობის აუცილებლობის დასაბუთების თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს „ჩრდილო-სამხრეთის“ სატრანსპორტო კვანძის გაფართოებას ისეთი დიდი კვანძის ჩათვლით, როგორიც არის იტუმ კალე-შატილის მარშრუტი“, - დასძინა შაპტუკაევმა.
„გროზნო-ინფორმი“ წერს, რომ შაპტუკაევმა გზის მშენებლობის ვადებთან დაკავშირებულ შეკითხვასაც უპასუხა.
"ამ ეტაპზე კონკრეტული ვადები განსაზღვრული არაა. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში განისაზღვრება. კითხვაზე კი, თუ რომელი უწყებები მიიღებენ მშენებლობაში მონაწილეობას, პასუხის გაცემას შევძლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამის დირექტივას მივიღებთ“, - დასძინა მან.
„გროზნო-ინფორმის“ თანახმად, "რუსეთ-საქართველოს შორის გზის მშენებლობა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს, გაამყარებს საერთაშორისო კავშირებს და შეამცირებს სასაქონლო გადაზიდვის სატრანსპორტო ხარჯებს რუსეთიდან სომხეთში, აზერბაიჯანში, ირანში, საქართველოსა და თურქეთში“.
თბილისში არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხი საქართველოს მხრიდან არასოდეს დამდგარა დღის წესრიგში.
მარტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ტყუილი უწოდეს ინფორმაციას, რომ საქართველო ამ პროექტის განხორციელებას უშვებს.
ჩეჩნეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი რუსეთის უშიშროების საბჭოს მარტის სხდომაზეც განიხილეს, რომელიც გროზნოში ჩატარდა. უწყების ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა და ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ისაუბრეს გზის „სტრატეგიულ“ მნიშვნელობაზე უცხო ქვეყნების ბაზრებზე გასასვლელად.
"როსავტოდორის" ხელმძღვანელმა რომან სტაროვოიტმა 2018 წელს გზის მშენებლობის შესაძლებლობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი დეპარტამენტი იმუშავებს ჩეჩნეთიდან საქართველოში ავტომაგისტრალის ფედერალური მნიშვნელობის ობიექტების სიაში შეყვანის საკითხზე.