აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეხმაურება ჩეჩნეთში კიდევ ერთხელ გაჟღერებულ ინიციატივას საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესახებ.
ელჩ დეგნანის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელებამდე, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები.
"როგორც მითხრეს, საბჭოთა პერიოდის, 1970-იანი წლების პროექტზეა საუბარი, თუმცა, რაც არ უნდა იყოს, სანამ რუსეთი რაიმე გზებზე, პროექტებსა თუ დაპირებებზე დაიწყებს საუბარს, მანამდე უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. თუ გსურთ გაიგოთ რუსეთის გულწრფელობა ნებისმიერი მისი დაპირებისა თუ განცხადების მიმართ, საკმარისია შეხედოთ, თუ რას აკეთებენ იმისათვის, რომ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ - მათ არცერთი ეს ვალდებულება არ შეუსრულებიათ", - უთხრა ელჩმა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში 17 მარტს.
ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ წამოიჭრა, რაც 15 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში საგანგებო ვიზიტით ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქისა და რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირების გაფართოებულ შეხვედრაზე ამ გზის საჭიროებაზე ისაუბრეს.
ჩეჩნეთ-საქართველოს გზის მშენებლობის პერსპექტივებზე განცხადებას ავრცელებს ინფრასტრუქტურის სამინისტროც. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გზის მშენებლობის საკითხი არასოდეს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში.
„გვსურს ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას. გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში და შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით არის მცდარი.
საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, ვთხოვთ ქართულ მედია საშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მიაწოდონ მოსახლეობას ქართულ მხარესთან გადამოწმებული პოზიციაც“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.