Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადარჩენიდან გამარჯვებამდე


მწყობრიდან გამოსული რუსული სამხედრო ტექნიკა კიევის ცენტრალურ ქუჩაზე 20 აგვისტო, 2022 წ.
მწყობრიდან გამოსული რუსული სამხედრო ტექნიკა კიევის ცენტრალურ ქუჩაზე 20 აგვისტო, 2022 წ.

საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ უკრაინას მრავალი სირთულის გადატანა უხდებოდა, მაგრამ დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავზე ქვეყანა აღმოჩნდა რეალობაში, რომელსაც ერთი წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა. 2022 წლის 24 აგვისტოს დილიდან მთელი უკრაინის მასშტაბით საომარი განგაშის სიგნალი ისმოდა, ხოლო უკრაინის არმია, რომელიც ტრადიციულად კიევის ცენტრში აღლუმზე უნდა მდგარიყო, 182-ე დღეა იგერიებს ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში შეჭრილ რუსეთის ჯარებს.

„დღეს ჩვენ ორ მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ. პირველია დამოუკიდებლობის, საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავი და მეორე თარიღია - ომის მე-6 თვე, თარიღი, რომლის დადგომასაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, არცერთი ჩვენგანი არ ელოდა. და განსაცვიფრებელია, რომ ჩვენ ამდენ ხანს გავუძელით, გადავრჩით და ამის შესახებ უკვე შეგვიძლია ლაპარაკი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინის პარლამენტის, „ვერხოვნა რადის“ დეპუტატმა. ოპოზიციური პარტია „ჰოლოსის“ თავმჯდომარემ, კირა რუდიკმა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერატიული ვითარება ფრონტის ხაზზე კვლავაც ძალიან რთულია, განვლილ პერიოდში უკრაინის დამცველებმა არათუ შეძლეს კიევამდე მოსული მოწინააღმდეგის უკუგდება, არამედ ქვეყნის გადარჩენის და გამარჯვების რწმენაც გააჩინეს.

„მე ვუსურვებ ყველა ჩვენგანს, რომ ირწმუნოს უკრაინის გამარჯვება, ვირწმუნოთ იმისა, რომ სიკეთე ნამდვილად ძლევს ბოროტებას, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ნათელი ძალის მხარეს, ხოლო სინათლე ნამდვილად ძლევს ბოროტებას. დამიჯერეთ, ჩვენ დავამარცხებთ ორკებს... მორდორის (რუსეთი - რედ.) ქვეყანა დაინგრევა ცალკეულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებად და ჩვენ თქვენთან ერთად ვიხილავთ ამ ნგრევას“, - განაცხადა თავის მისასალმებელ სიტყვაში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა.

რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებაში უკვე ეჭვი აღარ ეპარება „კოლექტიური დასავლეთის“ არაერთ ლიდერს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, რომელიც ამის სათქმელად და უკრაინელთათვის ბრიტანეთის მხარდაჭერის გამოსახატავად 24 აგვისტოს მესამედ ჩავიდა კიევში.

„მე მჯერა, რომ უკრაინას შეუძლია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ომში“, - დაწერა ტვიტერში ბორის ჯონსონმა.

ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გამოაცხადა კიევისთვის აქამდე უდიდესი სამხედრო დახმარების შესახებ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებული ძალების როგორც თავდაცვით, ისე შეტევით პოტენციალს.

„ექვსი თვე, რომელმაც შეცვალა ისტორია“

ექვსი თვის წინ, როდესაც რუსეთმა რამდენიმე მიმართულებით ელვისებური შეტევა წამოიწყო მეზობელი სუვერენული სახელმწიფო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასამხობად და მისი შეიარაღებული ძალების გასანადგურებლად, რასაც უწოდებდა „დენაციფიკაციასა“ და „დემილიტარიზაციას“, დასავლეთის ბევრი სადაზვერვო და სპეცსამსახური შიშობდა, რომ რუსეთი დასახული მიზნის მიღწევას შეძლებდა.

„თქვენ გახსოვთ, რომ ომის პირველ დღეებში არც ერთი სადაზვერვო სამსახური ორიოდე კვირაზე მეტ დროს არ გვაძლევდა, მაგრამ ექვსი თვეა ჩვენ კვლავ ვდგავართ და კვლავ ვუწევთ მტერს წინააღმდეგობას. და ეს არის უკრაინელი ხალხის განსაცვიფრებელი სიმტკიცის შედეგი, რამეთუ პუტინის არმია არ ებრძვის მხოლოდ უკრაინის არმიას, ისინი ებრძვიან თითოეულ უკრაინელს, რომელიც მათ წინააღმდეგობას უწევს“, - ამბობს კირა რუდიკი.

26 თებერვალს გამოცემა Washington Post-ი წერდა, რომ აშშ მზად იყო რუსეთის „ნომერ პირველი სამიზნის“, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევაკუაციისთვის, მაგრამ ის უარს აცხადებდა კიევის დატოვებაზე.

უკრაინასთან ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ კიევშია, ხოლო უკრაინის დედაქალაქი მოწინააღმდეგისათვის უკვე მიუწვდომელია. ნიშანდობლივია, რომ 24 აგვისტოს, უკრაინის სახელმწიფო დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავზე, კიევის ცენტრში იმ რუსული საბრძოლო ტექნიკის „აღლუმი“ მოეწყო, რომლის უმრავლესობა უკრაინის დამცველებმა სწორედ კიევის ოლქში გაანადგურეს და ნადავლის სახით ხელთ იგდეს.

მაგრამ 24 თებერვლის შემდეგ რუსეთს არაერთი უკრაინული ქალაქი და სოფელი აქვს ოკუპირებული ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში და, შესაბამისად, როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, ქვეყანა არ აპირებს ამ ვითარებასთან შეგუებას და მზად არის ბოლომდე ბრძოლისთვის.

„ამ ექვსი თვის განმავლობაში, ჩვენ შევცვალეთ ისტორია, შევცვალეთ მსოფლიო და შევცვალეთ ჩვენი თავი... ჩვენი თავის პატივისცემა დავიწყეთ. გავიაზრეთ, რომ ნებისმიერი დახმარების და მხარდაჭერის მიუხედავად, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ჩვენ გარდა არავინ იბრძოლებს. და გავერთიანდით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ თავის მიმართვაში.

უკრაინის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად დიდია რუსეთთან ომში ჩაფლული ქვეყნისადმი საერთაშორისო დახმარება. 24 აგვისტოს კიევში ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინას დამატებით 54 მლნ გირვანქა სტერლინგის (63,5 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების შეიარაღებას გადასცემს.

კიევი მიიღებს 200 თანამედროვე მოთვალთვალე დრონს, ასევე ე.წ. კამიკაძე-დრონებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ტანკებისა და სხვა მძიმე ტექნიკის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, გაიგზავნება 850 ნანოდრონი „Black Hornet“ -ი, რომლებიც ქალაქებსა და მცირე დასახლებებში მოწინააღმდეგის ძალების მოახლოების აღმოსაჩენადაა შექმნილი.

უკრაინის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავზე, კიევისათვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომლის ადმინისტრაციამ უკრაინას 10,6 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. თანაც ამ დახმარების უდიდესი ნაწილი გამოიყო უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, შეერთებული შტატები, როგორც ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, უკრაინას გადასცემს საერთო ჯამში 3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას და აღჭურვილობას. ეს, მისი თქმით, უკრაინას საშუალებას მისცემს, მიიღოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო სისტემები და ჭურვები, უპილოტო საფრენი აპარატები და რადარები თავდაცვისთვის.

„ერთიანი ფრონტით მოქმედება გამარჯვების საფუძველია“

შეიარაღებით დახმარება უკრაინისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ბრძოლის ველზე მთავარი მოტივირებული არმიის ყოლაა.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა და ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფებში გაერთიანებულმა მოხალისეებმა ექვსი თვის განმავლობაში დაამტკიცეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის არმიასთან გამარჯვებამდე აპირებენ ბრძოლას.

„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორი არმია გყავთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჩვენი მიწაა. და მისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - განაცხადა რუსეთის გასაგონად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის მსგავსად ფიქრობენ უკრაინის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც დროებით მორატორიუმი გამოაცხადეს შიდასაპარლამენტო დებატებზე და ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის თავდაცვასა და გამარჯვებაში.

„უკრაინელი ხალხი არის ერთიანი. საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც გამოჩნდა, ჩვენ შევძელით დაგვევიწყებინა ის განსხვავება, რაც მანამდე გვქონდა. რაც შეგვეხება პოლიტიკოსებს, ჩვენ ომის პირველსავე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევეცდებოდით ერთიანობის დემონსტრირებას და, რამდენ ხანსაც ეს შესაძლებელი იქნებოდა, პოლიტიკურ თემებზე მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ვიკამათებდით. თქვენ ალბათ გესმით, რომ ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან პოლიტიკური დებატები დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვიმოქმედოთ როგორც ერთიანმა უკრაინულმა გუნდმა. და რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს ეს, ომის დაწყების მეექვსე თვეს კვლავ ვახერხებთ ამას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ფრონტით მოქმედება გამარჯვების საფუძველია“, - ამბობს უკრაინის პარლამენტის, „ვეხროვნა რადის“ დეპუტატი და უკრაინის პროევროპული და მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია „ჰოლოსის“ (ხმა) თავმჯდომარე.

კირა რუდიკი საპარლამენტო საქმიანობას უთავსებს რამდენიმე ფუნქციას: მუშაობს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიმართულებით და ცდილობს იმის მიღწევას, რომ კარსმომდგარი ზამთრის წინ უკრაინამ არა მხოლოდ სამხედრო, არამედ მეტი ფინანსური დახმარება მიიღოს. თანაც არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე, არამედ რუსეთის რეჟიმის წარმომადგენლებისა და მათთან დაახლოებული ოლიგარქების მიერ საზღვარგარეთ გატანილი თანხებიდან.

„ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა რუსი მოქალაქეებისა და რუსეთის ბანკების გაყინული თანხების განბლოკვა, რათა ის უკრაინას მოხმარდეს. ჩვენ გველოდება ძალიან რთული შემოდგომა და ზამთარი, ჩვენი მოკავშირეებისგან უკიდურესად გაჭირდება უკრაინისათვის დამატებით თანხებისა და დამატებითი დახმარების მიღება. ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ამ ხალხს დამატებითი ხარჯების გაღება კი არ უნდა მოვთხოვოთ უკრაინის დასახმარებლად, არამედ პუტინი უნდა ვაიძულოთ, რომ გადაიხადოს მაღალი ფასი იმ ომის გამო, რომელიც მან გააჩაღა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჯამში 500 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ქონებაა დაყადაღებული და დარწმუნებული ვარ, რომ მისი მიღება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება“, - ამბობს კირა რუდიკი.

მომავალი ზამთარი უკრაინისათვის რთული რომ იქნება, ამაზე ნატოს გენერალურმა მდივანმაც გაამახვილა ყურადრება.

„მოდის ზამთარი, რომელიც ძნელი იქნება. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის გამომფიტველი, მტანჯველი ომი. ესაა ნებისყოფისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების ბრძოლა. ჩვენ უკრაინას გრძელვადიან პერიოდში უნდა დავეხმაროთ, რათა მან ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ“, -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 23 აგვისტოს, „ყირიმის პლატფორმის“ ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს.

მაგრამ ომის მეექვსე თვის თავზე რომელიმე მხარის ან გამარჯვებაზე, ან დამარცხებაზე საუბარი საკმაოდ რთულია.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის თანახმად, რუსეთი „აძლიერებს თავდაცვას“ უკრაინის სამხრეთში, ამასთან, განაგრძობს აღმოსავლეთში, დონბასში, უკრაინის პოზიციებზე დარტყმებს, მაგრამ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მან მხოლოდ 10 კილომეტრით შეძლო წინ წაწევა თავის „ყველაზე წარმატებულ მიმართულებაზე“.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომელმაც ვლადიმირ პუტინს ბოლოს 3 ივლისს უკარნახა სამხედრო წარმატების შესახებ, 24 აგვისტოს, ტაშკენტში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (ШОС) წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, რუსეთის არმიამ უკრაინაში შეტევის ტემპი იმიტომ შეანელა, რომ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლს ერიდებაო.

მაგრამ უკრაინის ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ რუსი სამხედროების მოქმედებების შედეგად უკრაინაში მუდმივად იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა და ნადგურდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG