აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და გამოაცხადა კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის თაობაზე - ყველაზე დიდისა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
შეერთებული შტატები, როგორც ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, უკრაინას გადასცემს საერთო ჯამში 3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას და აღჭურვილობას. ეს, მისი თქმით, უკრაინას საშუალებას მისცემს, მიიღოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო სისტემები და ჭურვები, უპილოტო საფრენი აპარატები და რადარები თავდაცვისთვის.
ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებიდან აშშ-მა უკრაინას 10,6 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. მისი უდიდესი ნაწილი გამოიყო უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
დახმარების ახალ პაკეტში, როგორც მოსალოდნელია, შევა შეიარაღება, რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთი-ორი წლის შემდეგ აღმოჩნდეს ბრძოლის ველზე, განუცხადეს AP-ს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ვაშინგტონი უკრაინაში სულ უფრო მეტად არის ორიენტირებული გრძელვადიან კამპანიაზე. კერძოდ, შესაძლოა უკრაინას გადაეცეს სამი ტიპის დრონები, ასევე აღჭურვილობა, რომლის მიზანია, „დაეხმაროს უკრაინას საშუალო და გრძელი ვადით თავდაცვის სისტემის ფორმირებაში.“
როგორც ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინელებმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში „მსოფლიო შთააგონეს თავიანთი არაჩვეულებრივი სიმამაცითა და თავისუფლებისკენ სწრაფვით. ისინი მტკიცედ აღუდგებიან ძალით რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას“. ბაიდენის სიტყვებით, აშშ „დღეს და მუდამ“ უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს და აცხადებს, რომ „სიბნელეს“, რომელიც სდევს თან ავტორიტარულ რეჟიმებს, არ ძალუძს თავისუფლების ალის ჩაქრობა, რომელიც ანათებს თავისუფალი ადამიანების სულებს“. უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს მსოფლიოს სხვა ლიდერებმაც, მათ შორის რუსეთის მოკავშირემ, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, და თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.