ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფისმა უკრაინისთვის გამოყოფილი იმ სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, რომლითაც ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი ჩავიდა კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს.
ლონდონი უკრაინას დამატებით 54 მლნ გირვანქა სტერლინგის (63,5 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების შეიარაღებას გადასცემს.
კიევი მიიღებს 200 თანამედროვე მოთვალთვალე დრონს, ასევე ე.წ. კამიკაძე-დრონებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ტანკებისა და სხვა მძიმე ტექნიკის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, გაიგზავნება 850 ნანო-დრონი "Black Hornet -ი", რომლებიც ქალაქებსა და მცირე დასახლებებში მოწინააღმდეგის ძალების მოახლოების აღმოსაჩენადაა შექმნილი.
ჯონსონის ოფისის ინფორმაციით, დრონები დაახლოებით მობილური ტელეფონის ზომისაა, მათი მართვის დაუფლება 20 წუთშია შესაძლებელი.
„თითოეული დრონი ვიდეო და ფოტოგამოსახულებას გზავნის, რაც სახმელეთო დანაყოფებს ურბანული ტერიტორიების უსაფრთხოების დაცვის საშუალებას აძლევს", - ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ცოტა ხნის წინ ჩავიდა კიევში. უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები, როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინას გადასცემს საერთო ჯამში 3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას და აღჭურვილობას.